სლავიანსკის ჩაბარება და მოულოდნელი საფრთხეები საქართველოსთვის

სლავიანსკის ჩაბარება და მოულოდნელი საფრთხეები საქართველოსთვის

   თვეების მანძილზე ნატანჯ დონბასურ ქალაქებში - სლავიანსკსა და კრამატორსკში კვლავ უკრაინის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. დონბასელმა მებრძოლებმა აღნიშნული ქალაქები უმძიმესი ბრძოლების შემდეგ დატოვეს.

   რას უნდა მოასწავებდეს უკრაინული ჯარის მიერ სლავიანსკისა და კრამატორსკის დაკავება? შეიძლება იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის ბედი უკვე გადაწყდა? ნუთუ რუსეთმა პოზიციები დათმო და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ნოვოროსიის მომხრეები მიატოვა? დაბოლოს, რა საფრთხეები ჩნდება საქართველოსათვის, რაზეც ჩვენ უკვე სტატიის სათაურში მივანიშნეთ?

   მე ჩემს ვერსიას შევთავაზებ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, არსებული ფაქტების ანალიზიდან გამომდინარე. პირველი ფაქტი, რომელიც იქცევს ყურადღებას: სლავიანსკზე უკრაინული შენაერთების ტოტალურ საარტილერიო შეტევას, რომლის შემდეგაც იქნა დატოვებული ქალაქი, წინ უსწრებდა პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ისევ პოროშენკომ გააუქმა 30 ივნისს.  მანამდე მემარჯვენე სექტორის მიერ კიევში ორგანიზებულ იქნა საპროტესტო აქციები, ცეცხლის შეწყვეტის გაუქმების მოთხოვნით. პოროშენკომ თავისი გადაწყვეტილება ამ აქციების შედეგად თუ არა, დროის თვალსაზრისით, მათ შემდეგ მიიღო. რაც შეეხება სლავიანსკისა და კრამატორსკის დატოვებას დონბასელი მებრძოლების მხრიდან,  ყურადღებას იქცევს ის, რომ ამ ქალაქებიდან ევაკუაციისას მებრძოლებს თითქმის არ ჰქონიათ დანაკარგი ცოცხალ ძალაში, ასევე მინიმალური ზარალი განიცადეს მათ საბრძოლო შეიარაღების თვალსაზრისით. მართალია, ამას თავად დონბასელები ამბობენ და რუსული მასმედია ავრცელებს, მაგრამ ეს რომ სიმართლე არ იყოს, უკრაინული მხარე სიამოვნებით გაავრცელებდა დახოცილი სეპარატისტების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას, ეს კი არ მომხდარა.

   ამ ფაქტებიდან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურად ჩნდება ვერსია, რომ სლავიანსკისა და კრამატორსკის ჩაბარება შეგნებულად მოხდა. დონბასელი მებრძოლების ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი) აცხადებს, რომ სლავიანსკიდან და კრამატორსკიდან უკანდახევა სამხედრო თვალსაზრისით მიზანშეწონილია, ძალების რაციონალური გამოყენების მიზნით. მებრძოლები ახლა საკუთრივ დონეცკსა და ლუგანსკს უკეთ გაამაგრებენ, ბევრად უფრო დიდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქებს, ვიდრე სლავიანსკი და კრამატორსკია. მაგრამ გარდა სამხედრო მიზანშეწონილობისა, მე პირადად პოლიტიკურ გარიგების შესაძლებლობასაც ვვარაუდობ, კერძოდ: უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მემარჯვენე ძალების მხრიდან დიდი ზეწოლა განიცადა, პოროშენკო ამიტომ ყველანაირად ცდილობს, გამოვიდეს ოლიგარქის ამპლუადან და დაიმკვიდროს ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური მმართველის იმიჯი, რომელიც ქვეყანას აერთიანებს და იქ წესრიგს ამყარებს. აღნიშნული მიზეზით, პოროშენკოს ჰაერივით სჭირდებოდა საკუთარი თავის ასოცირება სამხედრო წარმატებებთან. სწორედ ეს მოხდა სლავიანსკში, პოროშენკომ თავის პერსონას მიაწერა ეს გამარჯვება - სლავიანსკში უკრაინული დროშა პოროშენკოს ბრძანების საფუძველზე აღიმართა და სწორედ ასე გაპიარდა მასმედიაში (პოროშენკოს ისედაც ავადმყოფური მიდრეკილება აქვს თვითრეკლამისაკენ).

   მაგრამ სავარაუდებელია, რომ ასეთი „გამარჯვება“ პოროშენკოს რუსებმა აჩუქეს და სლავიანსკიდან მეამბოხეთა გაყვანა შეთანხმებით მოხდა. ეს მით უფრო საფიქრებელია, რომ პრესაში მათთვის კორიდორის გაკეთების შესახებ ცნობებიც გაჩნდა. რუსეთს ეს პოლიტიკურად სავსებით აწყობს, რადგან პოროშენკოს საშუალება ეძლევა, უკეთ გაუძლოს მემარჯვენეების ზეწოლას მომავალში და კვლავ აღადგინოს ცეცხლის შეწყვეტა, სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვისა და მისი გერმანელი კოლეგის შტაინმაიერის ერთობლივი მოწოდება, აღდგეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, შემთხვევითი არ არის. გამოდის, რომ რუსეთმა პოროშენკოს მისცა შანსი, ღირსეულად გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან და „გამარჯვებულის“ პოზიციიდან ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში, ყოველ შემთხვევაში, შეწყვიტოს ცეცხლი და გაითვალისწინოს არსებული რეალობა.

   რამდენად რეალისტურია რუსეთის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ პოროშენკო ამ სიგნალს მიიღებს და სწორად აღიქვამს, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, რუსები შეცდნენ და არასგზით არ უნდა დაეშვათ დონბასელი მებრძოლების უკან დახევა, თუმცა ჯერ-ჯერობით ამის მტკიცება არ შეიძლება.

   ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ირიბ მოქმედებებს როგორც უკრაინაში, ისე სხვა რეგიონებში, მათ შორის, კავკასიაში. აშშ მთავარი ამოცანაა, საქართველოში არ დაუშვას რუსეთთან პოლიტიკური დაახლოების სულ უფრო მზარდი საზოგადოებრივი განწყობების რეალიზება. აშშ ტრადიციულად არც ისლამისტების მხარდაჭერაზე იტყვის უარს - როდესაც ისლამისტები ებრძვიან რუსეთს, ისინი „კარგი ისლამისტები“ არიან. იგივე ითქმის სირიის, ერაყის, ავღანეთის, ლიბიის და სხვა ქვეყნების მაგალითებზე - ამერიკა ლოიალურად, ან, სულ ცოტა, ნეიტრალურად არის განწყობილი იმ ისლამისტების მიმართ, რომლებიც ვაშინგტონისთვის არასასურველ სახელმწიფოებსა და მთავრობებს ებრძვიან. რასაკვირველია, ამერიკელებმა 11 სექტემბრის მერე იციან, რომ ისლამისტების ნაწილი ადრე თუ გვიან მათაც დაუპირისპირდება, მაგრამ ამას უფრო ეგუებიან, ვიდრე მსოფლიო ბატონობის მოჩვენებით წარმოდგენაზე უარის თქმას. შესაბამისად, ისლამისტურ ფაქტორს აშშ პოლიტიკურ იარაღად იყენებს კავკასიის რეგიონში, რათა რუსეთის პოზიციები შეასუსტოს.

   წესით და რიგით, ქართველი ადამიანისათვის გაუგებარი არ უნდა იყოს, რომ ისლამისტური საშიშროება ცალკე, როგორც ასეთი, ან მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, ვერ იარსებებს. იგი პირველ რიგში საქართველოსთვის წარმოადგენს საფრთხეს. შეერთებულ შტატებს ეს, რა თქმა უნდა, არ აინტერესებს. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენ, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა, უნდა გავამახვილოთ ყურადღება მოცემულ საფრთხეებსა და რისკებზე. სწორედ ამ მიზნით, ევრაზიის ინსტიტუტმა 4 ივლისს, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან ერთად, თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „ისლამისტური იდეოლოგია და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები“. კონფერენციის მონაწილე ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა, საქართველოში მცხოვრები ტრადიციული რელიგიური უმცირესობის (კერძოდ, ისლამის) წარმომადგენლებმა, ხაზგასმით აღნიშნეს ისლამის აგრესიული ვერსიის გააქტიურება რეგიონში, რომელიც გარე ძალების მიერ იკვებება. რუსეთის სტრატეგიული ინსტიტუტი ისლამიზმის პრობლემებს სკრუპულოზურად შეისწავლის. ამ საბიუჯეტო ინსტიტუტის წარმომადგენელმა (რომელიც სტრუქტურულად რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება) ა. ატაევმა ჩატარებული კვლევების ერთი ნაწილი წარადგინა ქართული საზოგადოების წინაშე, რომელიც ისლამისტების მხრიდან სოციალურ ქსელებში გაშლილ აქტიურობებს მოიცავდა. სამწუხაროდ, საქართველოში არათუ მსგავი კვლევები, არამედ საერთოდ არანაირი პოლიტოლოგიური კვლევა არ ტარდება სახელმწიფოს მხარდაჭერით. მხოლოდ ის ინსტიტუტები მუშაობენ, რომლებსაც აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები აფინანსებენ და თავიანთ ჭკუაზე ამუშავებენ კიდეც. ამიტომ ევრაზიის ინსტიტუტი ეცდება, რუს კოლეგებთან თანამშრომლობის გზით, ასეთი ტიპის კვლევები საქართველოშიც განახორციელოს. ეს მით უფრო საშური საქმეა, რომ მრგვალ მაგიდაში მონაწილე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა, რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა, შესანიშნავმა და ღრმად განსწავლულმა სასულიერო მოღვაწემ და უსათნოესმა პიროვნებამ - მეუფე იოანემ (გამრეკელი) განაცხადა: „დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ამგვარი პრობლემების მოგვარება ჩვენ, ქართველებს, არ გვიწევდა, ამას ჩვენს ნაცვლად აგვარებდნენ. დღეს ჩვენ ყველას, საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს, საკუთარი ინტერესები გვაქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ, მაგრამ ერთმანეთის გარეშე მაინც არ შეგვიძლია ცხოვრება“.

 

 გულბაათ რცხილაძე

წყარო: გაზეთი "საქართველო და მსოფლიო" - იხ. 9 ივლისი, 2014.