ქართველების გამოძევება გერმანიიდან „ასოცირების“ დღესასწაულზე

ქართველების გამოძევება გერმანიიდან „ასოცირების“ დღესასწაულზე

  ბავარიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია იუწყება, რომ გასულ სამშაბათს (ე. ი. ახალ დიდ ქართულ ეროვნულ „დღესასწაულის“ - ე. წ. ევროასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე სამი დღით ადრე)

ბავარიის ქალაქ ჰამელბურგიდან 21 წლის ქართველი ქალი სამი მცირეწლოვანი ბავშვით, პოლიციის ძალით პოლონეთში გააძევეს, სადაც მათი ბედი გაურკვეველია. ბავარიის პოლიციის განცხადებით, ქართულმა ოჯახმა თავშესაფრის თხოვნა პოლონეთში უნდა გააფორმოს.

  გაძევება 6 პოლიციელის მიერ განხორციელდა, სამანქანო გზით. საინტერესო ის არის, რომ პოლიცია არ დაელოდა ქალის მეუღლისა და ბავშვების მამის მოძებნას, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის გამოჩენისას გაიქცა. ასე რომ, მცირეწლოვანი ბავშვები და ახალგაზრდა ქალი ოჯახის უფროსის გარეშე გააძევეს. პოლიციის ქმედება ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაამართლა.

  ეს ფაქტი უბრალოდ სიმბოლოა იმისა, რომ საქართველოს არაფერი კარგი ამ „ასოცირებით“ არ მოელის. რა თქმა უნდა, ამ ხელშეკრულების ზედმეტად დრამატიზებაც არ ღირს, მაგრამ მისი გაფეტიშება და ქვეყნის ხსნად წარმოჩენა ბევრად უფრო დიდი უტვინობა და მეტიც, დანაშაულია. საქართველოს არც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ელის ევროპის მხრიდან, არც სხვა რაიმე სახის რეალური მხარდაჭერა. ასოცირების ხელშეკრულება, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნავდით, საქართველოში ბიუროკრატიისთვის არის მომგებიანი - იმ ბიუროკრატიისა, რომელიც ნათესაობრივი პრინციპით ირჩევა, საკუთარ თავს უზარმაზარ პრემიებს უნიშნავს და ამავე დროს, ქვეყნის მართვის სადავეები თითქმის უკვე გაშვებული აქვს ხელიდან.