საქართველო საქართველოსთვის

გურამ მუჩაიძე

ღვთის ნებით, საქართველოს განესაზღვრა ადგილმდებარეობა, რომელიც მას ევრაზიის კარიბჭედ აქცევს. ევრაზიული სივრცის დაუფლება მთელ მსოფლიოზე კონტროლის დამყარების წინაპირობაა.

ამ გარემოებამ განსაზღვრა საქართველოს ისტორიული ბედ-იღბალი. უხსოვარი დროიდან დასავლეთის და აღმოსავლეთის სახელმწიფოები ებრძოდნენ ერთმანეთს ევრაზიაში შეღწევისათვის საქართველოს გავლით. საქართველოში თითქმის მუდმივად ენთო ომის ცეცხლი.

სწორედ ამ გეოპოლიტიკური მიმზიდველობით აიხსნება ის, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, საერთო ჯამში, სულ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი დაღი დაასვა ქართველთა ეთნოფსიქოლოგიას, რაც გამოიხატება ქვეშევრდომობისკენ ერთგვარ მისწრაფებაში. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოახერხა აშშ-მ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მორიგი სიუზერენის სტატუსის მოპოვება.

ამერიკელები ეშმაკურად იყენებენ პიროვნების თავისუფლების და ადამიანის უფლებების ლოზუნგს, საქართველოს შესანარჩუნებლად საკუთარი გავლენის სფეროში. ჩვენს ქვეყანაში ფორმალური დემოკრატიის დანერგვამ, როცა ხელისუფლებაში მხოლოდ ფულის საშუალებით შეიძლება მოხვიდე, საშუალება მისცა მათ შეექმნათ მეხუთე კოლონა, მმართველი და მთელი რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით.

სხვადასხვა ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების საშუალებით ამ პარტიების დაფინანსებამ ისინი კონკურენციის გარეთ დააყენა. თავისუფლების ლოზუნგების საფარქვეშ ამერიკელებმა საქართველოში შექმნეს სტრუქტურები, რომლებშიც შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ინტელექტუალები, რელიგიური მისიონერები. ისინი ამზადებენ ნიადაგს ეროვნული თვითშეგნების ჩასახშობად და მართლმადიდებლობის დასასუსტებლად.

აშშ, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, მაინც არ იყვანს სრულ უზრუნველყოფაზე პატარა საქართველოს - თავის ერთგულ, მაგრამ გაჭირვებაში მყოფ მოკავშირეს და მეგობარს. ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის. აშშ საქართველოს დახმარებას უწევს იმ მინიმუმის ფარგლებში, რაც საკმარისია არსებული რეჟიმის შენარჩუნებისთვის. მათ აინტერესებთ საქართველო მხოლოდ როგორც საშუალება, იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეაღწიონ ევრაზიულ სივრცეში. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმის პროამერიკული ორიენტაცია ამავე დროს ანტირუსულიცაა. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სათანადოდ ვერ აფასებს ცეცხლთან თამაშის შესაძლო შედეგებს, რაც შეიძლება გამოიხატოს საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობიობის სრულ განადგურებაში.

რუსეთმა, თავის მხრივ, ჯერ ვერ აითვისა დახვეწილი ამერიკული ტექნოლოგიები საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. ის კვლავინდებურად ამჯობინებს მათრახის პოლიტიკის გამოყენებას. ამის დასტურია სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები. ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი მარიონეტების საშუალებით, ამერიკელებმა მოახერხეს ერთმანეთისთვის დაეჯახებინათ ერთმორწმუნე ერები - რუსები და ქართველები.

ეს იყო სირცხვილი ჩვენი ქვეყნებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი), მეორე კი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოს მარიონეტულ რეჟიმს ამის გამო ღვთის რისხვა არ ასცდება.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამაც ცოდვა ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მიეცა ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც გააჩაღეს ომი, მათ დასაჯეს უდანაშაულო ქართველი ხალხი, წაართვეს რა მას გეოგრაფიული არეალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ---