ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს

ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს

მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ახალი სენსაციის განხილვაში არიან. კოალიციური ძალების კადაფის ლიბიაზე თავდასხმა ჭარბი გულმოდგინებით, თანაც მაზოხიზმის აშკარა გამოვლინებით

მიეწოდება მაყურებელს. „ახია მასზე, პირწავარდნილ ჯალათსა და საკუთარი ხალხის მჩაგვრელ კადაფიზე. ის უნდა დაისაჯოს ლიბელთა გენოციდისათვის“, - გაისმის დასავლურ მედიაში. ცხადია ამის მსმენელს, მითუმეტეს ბი-ბი-სი-ს, სი-ენ-ენ-ის, სხვა ტელეკომპანიების ვიდეო კადრების მნახველს ზედმიწევნით ანტიკადაფური განწყობა დაეუფლება, რაც დასავლური მედიის უპირველესი ამოცანაა.

პოლიტიკაში ჩახედულთ კარგად მოეხსენებათ ფართო საზოგადოებაზე, მითუმეტეს გაუთვითცნობიერებელზე პროპაგანდის ზეგავლენის ეფექტიანობა. სწორედ მისმა ძალამ დაარწმუნა მსოფლიო 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებაში. უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა რუსეთს მტკნარი სიცრუის შეცვლისათვის, თუმცა არა მთლიანად, დღესაც ბევრს ჰგონია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

კოალიციის თავდასხმამდე დასავლური მედია მიზანმიმართულად ამზადებდა საზოგადოებას ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ. აცხადებდა, რა სასტიკ სადამსჯელო ოპერაციებზე ამბოხებულ ლიბიელთა წინააღმდეგ, ბენგაზის მშვიდობიანი რაიონების დაბომბვაზე და სხვა.

ანტიკადაფური პროპაგანდის ოკეანეში ერთობ განსხვავებულად გამოჩნდა რუსეთის მედიის წარმომადგენლების, ტელეკომპანია RTVI-ზე გამოსვლა. გასულ კვირას გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ კორესპონდენტმა ალექსანდრე კოცმა, ტელეარხ „ზვეზდას“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა ვიაჩესლავ კრისკევიჩმა, გაზეთ „ვრემია ნოვოსტეის“ ანალიტიკოსმა, არაბისტმა ელენე სუპონინამ სრულიად განსხვავებული, ჩემის აზრით, მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდეს მაყურებელს თვალით ნანახი ლიბიის შესახებ.

მათ არ შეუქიათ კადაფი და მისი პოლიტიკა, არ გამოუყვანიათ ის, როგორც უმანკო კრავი, მაგრამ არც ის უთქვამთ, თუ რა სისასტიკით ეპყრობა ის ამბოხებულ ლიბიელებს. ჟურნალისტები გაოცებას გამოხატავდნენ დასავლური მედიის ერთობ გაზვიადებული, მიკერძოებული ინფორმაციის გამო. ისინი არც ასეულობით დახოცილ ამბოხებულთა შესახებ ლაპარაკობდნენ, ვინაიდან რაოდენობა გადაჭარბებულია.

ურთიერთსაწინააღმდეგო ამბების შემხედვარეს უმალ ებადება კითხვა, მაინც რა ხდება ლიბიაში? არის თუ არა კადაფი ისეთი, როგორადაც დასავლეთის მედია მოიხსენიებს მას?, რამდენად გამართლებულია საერთაშორისო კოალიციის თავდასხმა ლიბიაზე და ხდება თუ არა ამ თვალსაზრისით მშვიდობიან ლიბიელთა კადაფისაგან გადარჩენა?

ვიდრე შევეხებოდეთ აღნიშნულ საკითხებს, თვალი გადავავლოთ ქვეყანას, რომლის სახელიც მჭიდროდ უკავშირდება მისი ლიდერის მოამარ კადაფის სახელს.

ლიბიის მოვლენებიც ისე განვითარდა, როგორც დანარჩენი არაბული ქვეყნების. ყველაფერი დაიწყო მშვიდობიანი ქუჩის საპროტესტო აქციებით, რომლის ინსპირატორად ინტერნეტს მიიჩნევენ. უშიშროების ძალების მკაცრმა პასუხმა ერთობ გააღვივა რევოლუციური განწყობა. რევოლუციონერთა ტალღამ, განსაკუთრებით ლიბიის აღმოსავლეთი მოიცვა. ამბოხებულთა ხელში ზედიზედ გადადიოდა ქალაქები, მათ შორის დედაქალაქ ტრიპოლის შემდეგ, მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი ბენგაზი. ლიბიის ხელისუფლების მარცხი იმდენად თვალშისაცემი გახდა, რომ დაბეჯითებით აცხადებდნენ კადაფის დაცემის გარდაუვალობას.

რაც უფრო სწრაფად ვითარდებოდა არაბული გამოღვიძება, მით უფრო ნათელი ხდებოდა არაბ ლიდერთა სურვილი უმკაცრესი ზომების გატარებით გადაერჩინათ საკუთარი ტყავი.

ტუნისში მშვიდობიან დემონსტრაციას ცეცხლი დაუპირისპირდა. მსგავსს ჰქონდა ადგილი ეგვიპტეში, მაგრამ დაინახეს რა ამ მეთოდის უშედეგობა, ბენ ალიმ და მუბარაქმა თავს გაქცევით უშველეს. ანალოგიური ვითარება შეიქმნა ლიბიაშიც, თუმცა, როგორც ჩანს, არც ვარაუდმა გაამართლა და არც ტუნის-ეგვიპტის მაგალითებმა. კადაფი გაცილებით მაგარი გამოდგა, ვიდრე გაქცეულები. აჯანყებულთა წარმატებას მან შეიარაღებული ძალების მობილიზაცია შეაგება „ლიბიის თითოეული სახლის გაწმენდა“ ექსტრემისტი მუსლიმანებისა და ალ კაიდას ტერორისტებისაგან“.

შეუიარაღებელ ამბოხებულთა მიერ სამხედრო საწყობების ხელში ჩაგდება, ადგილობრივი ხელისუფლების გაძევება, რევოლუციური მართველობის გამოცხადება, თავისთავად მეტყველებს კადაფის რეჟიმის „პირსისხლიანობაზე“ და თუ რამდენიმე ამბოხებული დაეცა ბენგაზის სამხედრო საწყობის ბულდოზერით აღების დროს, ნაკლებად ნიშნავს „მშვიდობიან აჯანყებულთა“ ჟღლეტას, როგორც ამას დასავლეთის მედია მოიხსენიებს. საინტერესოა, რა ზომებს მიმართავენ ამერიკელი ან ფრანგი სამხედრო საწყობის გუშაგები მსგავსი თავდასხმის შემთხვევაში?

ცხადია კადაფისთვის უცხო არ არის პოლიტიკური დევნა, გადამეტებული სიმკაცრე, რეპრესიები. ამის წყალობითაა ის ქვეყნის სათავეში 41 წლის განმავლობაში. მაგრამ განა უკეთესი ვითარებაა ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, იემენში, სხვაგან, ამერიკელთა ხელში ნაგოგმანებ მონარქიებში?

კადაფი ისეთივეა, როგორიც 1969 წელს იყო, როდესაც რევოლუციის სათავეში მონარქიას ამხობდა. ის ისეთივეა, როგორც 2 წლის წინათ, როდესაც დიდი რვიანის მიწვევით ლაკვილის (იტალია) სამიტს ესწრებოდა. მაშინ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, პრემიერებისა და პრეზიდენტების სახით, ერთ მაგიდასთან კადაფისთან ერთად განიხილავდნენ მსოფლიო ვაჭრობისა და სასურსათო პრობლემების საკითხებს. ნათქვამია - სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, მაგრამ რამდენად მისაღები უნდა ყოფილიყო „ზედემოკრატიული“ დასავლეთისათვის მიუღებელთან ჩახუტება? თანაც ხანგრძლივი „ზასოსით“, თითქმის ნახევარსაუკუნოვანით?

დასავლელი პოლიტოლოგები ხშირად ასეთ „ჩახუტებას“ სხვა რამით ხსნიან. მათ მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ ქვეყნის იზოლაციას სჯობს მისი მსოფლიო პროცესებში ჩართვა - გამოსწორების მიზნით, მიუხედავად იმისა, გულს გირევს თუ არა ტირანი. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ხშირად ისეთს ამბობენ, როგორსაც ინგლისური „ეკონომისტი“ - აშშ და საბჭოთა კავშირი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ვაჭრობდა ერთმანეთთან გაქანებული „ცივი ომის“ დროს. გარე სამყარო ელაპარაკება ჩრდილო კორეის მკვლელ რეჟიმს ბირთვული იარაღის თაობაზე“.

„გამოსწორება“ მხოლოდ ერთს ნიშნავს - ისეთივე აზროვნებას, როგორიც არის ნიუ-იორკში ან ლონდონში. ვაშინგტონს აწყობს წვრილთვალა ჩინელის, შავი აფრიკელის, არაბის, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ბინადართა ამერიკელივით ლაპარაკი, ისე, როგორც სააკაშვილი, რომ უქცევს, მასავით აზროვნება, მისი ცხოვრებით ცხოვრება.

„მისი აზრით, მისი მიდგომა, რელიგიური რწმენა და პოლიტიკური შეხედულებანი ყველაზე კარგია, ხოლო სხვებისა გაცილებით დაბლა დგას. ეს შეზღუდულობაა გონებისა“, - ასე წერდა ამერიკელი ჯეკ ლონდონი (მარტინ იდენი).

ამერიკელები, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საკუთარი მწერლების გამონათქვამებს. მათ პრაგმატიზმი უფრო ხიბლავთ. როდესაც მას და ევროპელ პარტნიორებს ნავთობი უნდათ, რა სათაკილოა ტირანთან ურთიერთობა? და მან თვალი დახუჭა კადაფის ხალხის მიერ ბერლინის ღამის კლუბის აფეთქებაზე, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, ლიბიელი დიპლომატის მიერ ბრიტანელი პოლიციელი ქალის მკვლელობაზე და სხვა.

ამერიკელთა მტკიცებით, 1990 წელს კადაფიზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმა სწორედ დიქტატორის გამოფხიზლებას და მსოფლიო პროცესებში ჩართვას ემსახურებოდა. და მართლაც კადაფის მიერ წარმოებულმა ახალმა პოლიტიკამ ჯოხისა და თაფლაკვერას ნაცადი მეთოდის წარმატების დამადასტურებელი მაგალითებიც აჩვენა მსოფლიოსა, მათ შორის ლიბიის მიერ ბირთვული და ქიმიური იარაღის შექმნაზე უარის თქმა, ტერორისტული აქტების სპონსორობიდან ხელის აღება და სხვა.

კადაფი სანატრელი სტუმარი გახდა ევროპელთათვის. განსაკუთრებული „ძმობა“ შეიქმნა ლიბია-იტალიას, ლიბია-საფრანგეთს შორის. დათბა ურთიერთობა ამერიკასთანაც. კადაფიმ სხვა პოლიტიკური თამაში დაიწყო, რომლის მძიმე შედეგს დღეს იმკის. მან ვერ გათვალა, რომ ეგზომ განსხვავებულს, დასავლეთი ძმად არ იგულებდა, რომ დასავლელთა მიზანი კადაფის ყურადღების მოდუნება და მასზე საბოლოო იერიშის მიტანა იყო.

დასავლელი „პარტნიორებისათვის“ ფულის მიცემა, ზოგიერთის (სარკოზის) საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, მან მჭიდრო თანამშრომლობის გარანტიად ჩათვალა. პოლიტიკაში ასეთი, იშვიათობაა, რაც დადასტურდა კიდევაც. „ძმობის“ კვალის წასაშლელად (იქნებ ფულის) პირველი სარკოზი იყო, ვინც ლიბიაზე სამხედრო თავდასხმა მოითხოვა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კადაფი ნანობს ბირთვული პროგრამის გაუქმებას. ბირთვულ იარაღიანებს ასე ხელაღებით არ ეპყრობიან.

ევროპის სახელმწიფოებმა ლამის ცოცხალი რიგი შექმნეს ლიბიის დასაბომბად, თუმცა მათ არ იციან, რას მოიტანს ამ ქვეყანასთან დაპირისპირება, ვინაიდან ლიბია, მართალია მეზობელ არაბებთან ერთად არაბული სახელმწიფოა, მაგრამ განსხვავებული. მისი ტერიტორია უდიდესია, ისევე, როგორც სიმდიდრე, მოსახლეობა მცირე - 6,5 მილიონი, თან გაცილებით ნაკლები ეროვნული მრწამსით, ვიდრე მეზობლები.

ლიბიის ისტორიაც საკმაოდ მძიმეა სხვა არაბულ ქვეყნებთან შედარებით. მისი მოსახლეობის მეოთხედი შიმშილით და სხვადასხვა სახის დაავადებებით გაწყდა იტალიელთა 30-წლიანი ოკუპაციის დროს. 1969 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პოლკოვნიკმა კადაფიმ არაბული სამყაროსათვის უცხო პოლიტიკურ-სოციალური რეფორმები გაატარა. მან შექმნა უნივერსალური მესამე თეორია - განსხვავებული სოციალიზმისა და კაპიტალიზმისაგან - ბედუინური სოციალიზმი - ბიუროკრატიის განადგურებით, მდიდართა საკუთრების კონფისკაციით, „სახალხო კომუნების“ შექმნით და სხვა.

კადაფის რეფორმებმა მძლავრი ოპოზიცია გააჩინა. ჩამოგდებული მეფის მომხრეებმა და საკუთრებაჩამორთმეულმა ბობოლებმა ყველა ღონეს მიმართეს კადაფის გასანადგურებლად. 22 თავდასხმა განხორციელდა პოლკოვნიკზე, თუმცა უშედეგოდ. ათეული წლის განმავლობაში ოპოზიციას თვალი არ მოუხუჭავს, მასთან აქტური კავშირი დაამყარა აშშ-ს ცსს, რომლის მთავარი მიზანი იყო სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების ტრიპოლის წინააღმდეგ აბუნტება.

მთავარი ბუნტის თავი კირენაიკაა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის თვლიდა თავს ქვეყნის დასავლეთისგან დამოუკიდებლად. მოგვიანებით კადაფიმ შეცვალა პოლიტიკა. დაინახა რა, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებული საწარმოები მოგებას არ იძლეოდა, მან დააბრუნა კერძო საკუთრება, უარი თქვა რადიკალურ სოციალიზმზე, მიიწვია უცხოელი ინვესტორები.

საერთაშორისო სანქციები, შემოღებული მის წინააღმდეგ, გაუქმებული იქნა მას შემდეგ, რაც მან აღიარა დანაშაული, პასუხისმგებლობა აიღო ორი სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებაზე, გადაიხადა კომპენსაცია და 2 დამნაშავე გადასცა ევროპულ მართლმსაჯულებას.

სოციალური თვალსაზრისით ლიბია ედემად მოსჩანს დანარჩენ არაბულ სამყაროსთან შედარებით: უფასო საცხოვრებელი ბინები, ავტომანქანები, განათლება და სამედიცინო მომსახურება, თვიური საშუალო ხელფასი - 500 დოლარი. არის თუ არა ლიბიაში უმუშევრობა? არის და ის გამოწვეულია ლიბიელთა მოჭარბებული ქედმაღლობით. ლიბიელი თაკილობს შავ სამუშაოს, მას არ უნდა მეეზოვეობა, ამიტომაც ლიბიაში თითქმის 2 მილიონი გასტარბაიტერი იყო მეზობელი არაბული ქვეყნებიდან. ლიბიელი უმუშევარი სახელმწიფო დახმარებას იღებს.

ლიბიის უცხოური რეზერვები 140 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 6 მილიონი ლიბიელისათვის 140 მილიარდი დოლარის სარეზერვოდ ქონა თავდაჯერობას მატებს ქვეყნის ხელისუფლებას. კადაფიმ განაცხადა, რომ მისი იდეოლოგია თეორიულად ნამდვილი დემოკრატიაა, მაგრამ რეალობაში „ძლიერი ყოველთვის მართავს“. „მე შევქმენი ლიბია და მე ვიქნები ის, ვინც მას დაანგრევს“, - ბრძანა კადაფიმ.

არავის ეპარება ეჭვი, რომ კადაფის გარეშე დარჩენილ ლიბიაში არეულობა ან დაპირისპირება უცხო იქნება. ექსცენტრულობით, თეატრალური მანერებით, მკვახე შეპასუხებით გამორჩეულმა პოლკოვნიკმა საკუთარი პიროვნების წინააღმდეგ განაწყო არაბული ქვეყნების ლიდერები, არაბული ქვეყნების ლიგა, სხვები, მაგრამ ეს საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს?

გასაოცარი სისწრაფით ამოქმედდა სისხლს მოწყურებული დასავლური სამხედრო მანქანა. გუშინდელი მწარე გაკვეთილების (ერაყი და ავღანეთი) სრული იგნორირებით, აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა ინგლის-საფრანგეთმა ულტიმატუმის შემდეგ დროც არ მისცეს ლიბიას მოფიქრებისათვის. ზედიზედ განხორციელებულმა ღამის დარტყმებმა დიდი ზიანი მიაყენეს სამოქალაქო ობიექტებს. 60-ზე მეტი ადამიანია დახოცილი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წარმომადგენლები.

პრეზიდენტი ობამა მტკიცედ აცხადებს, რომ თავდასხმა ხალხის გადასარჩენად ხორციელდება, მაგრამ სინამდვილეში სწორედ უდანაშაულო ხალხი ეწირება კოალიციის თავდასხმას. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა განაცხადა - ის, რისთვისაც ბომბავენ ლიბანს - კადაფის ჩამოგდებაა. აშშ-ი აგრძელებს მისთვის ჩვეულ პოლიტიკას - არასასურველი ლიდერების ძალით ჩამოშორებას. მაგალითების მოღვანა შორს წაგვიყვანს.

გარკვეული შეღავათები ვრცელდება იმ ლიდერებზე, რომლებიც არც დემოკრატიულები არიან და ადამიანის უფლებებსაც სისტემატურად არღვევენ, მაგრამ შინაურებად ითვლებიან. ის, რაც არ შეიძლება კადაფისათვის, შეიძლება საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, იორდანიის, ყატარის, სხვა არაბული სახელმწიფოების მონარქებისათვის. მათი ყოფნა ქვეყნის სათავეში ასატანია, კადაფის - აუტანელი.

ლიბიაზე თავდასხმამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ სუსტს ანადგურებენ. ხომ არ გამოიწვევს ეს აგრესია მესამე ქვეყნების და არა მარტო მათ სურვილს, შექმნან ატომური იარაღი? ლიბიაზე თავდასხმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გახალისებული კოალიცია სხვაზე, მაგალითად ირანზე ხომ არ მოაწყობს თავდასხმას? რა ხანია ირანზე ე.წ. წერტილოვან საჰაერო დარტყმას ამუშავებს აშშ-ი და ისრაელი.

ლიბიაზე თავდასხმა, ირანზე დიდი თავდასხმის გენერალური რეპეტიციაა.

ლიბიაზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ გააშიშველა დასავლეთის ნამდვილი სული და მტაცებლური ბუნება. ასეთი ვერავის ეტყვის, აგრესორი ხარო.

გაეროს უშიშროების საბჭოზე თავის შეკავებით, რუსეთმა ჩიხში მოაქცია დასავლეთი, მისცა მას საშუალება, მკაცრად გააკრიტიკოს ის. ლიბიაზე თავდასხმამ წამგებიანი ქულები შესძინა სარკოზის, ბერლუსკონის, განსაკუთრებით ობამას. კონგრესმენებმა უკვე დაიწყეს პრეზიდენტის კრიტიკა სამხედრო ოპერაციაში მილიონობით დოლარის ყრისათვის.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით გააქარწლა მსოფლიოს მშვიდობისმოყვარეთა იმედი, ავანსად გაცემული პრემია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

დღევანდელი ობამა ის არ არის, ვინც სხვაგვარი პოლიტიკის გატარებას პირდებოდა მსოფლიოს. ობამა ისეთივეა, როგორც ომში ხელგასვრილი წინამორბედები, ოღონდ ბერლუსკონის ხუმრობის არ იყოს „დაზაგრული“ ფერის. როგორც ჩანს ერთი მერცხალი, თანაც შავი, ამერიკულ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მითუმეტეს ქორებით მოჭარბებულ გარემოში.

ლიბიაზე თავდასხმა გამაფრთხილებელი მაგალითია რუსეთისათვის. მის გონებაში მტკიცედ უნდა ჩაჯდეს დევიზი - ცეცხლთან (დასავლეთთან) თამაში იწვევს ხანძარს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი