ნეოკოლონიალიზმის ახალი სახე

ნეოკოლონიალიზმის ახალი სახე

ლიბიაში მიმდინარე პროცესების ანალიზისთვის ურიგო არ იქნება, გავიხსენოთ, რა მოხდა ერაყში. იქაც, როგორც ლიბიაში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სახელით დაიწყო ინტერვენცია.

მართალია, დღეს უკვე ყველამ იცის, რომ არავითარი მასობრივი განადგურების იარაღი ერაყში არ ყოფილა, ხოლო აშშ-მ ურცხვად შეიყვანა შეცდომაში გაეროს უშიშროების საბჭო და მსოფლიოს საზოგადოებრიობა, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი ამერიკული სამხედრო ინტერვენციისთვის. თუმცა ერთი განსხვავება მაინც არის; ერაყში სამხედრო ოპერაციაზე უშიშროების საბჭოს სანქცია არ მიუცია. აშშ და დიდმა ბრიტანეთმა გაეროს წესდების დარღვევით დაიწყეს სამხედრო ინტერვენცია. ლიბიის შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭომ იმგვარი რეზოლუცია მიიღო, რომ გზა გაუხსნა ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას. თუ 2003 წელს აშშ-მა კოალიციის შექმნა პოსტფაქტუმ დაიწყო, ახლა ევროპული სახელმწიფოები იმთავითვე აღმოჩნდნენ ჩართული "ლიბიელი ხალხის გადარჩენის" ჰუმანისტურ მისიაში.

თუ მსოფლიოს მართვად მედიას დავუჯერებთ, ლიბიელი ხალხი სოციალური გაჭირვებისა და კორუფციის გამო (ეს ფორმულა გამოიყენება აფრიკული რევოლუციების გასამართლებლად სრულიად განსხვავებულ ქვეყნებში) დაუპირისპირდა ყადაფის რეჟიმს. სხვათა შორის, თავის დროზე სადამ ჰუსეინის შესახებაც იმავეს ამბობდნენ. არადა, საერთაშორისო სანქციების შემოღებამდე ერაყს რეგიონში საუკეთესო ჯანდაცვისა და განათლების სისტემა ჰქონდა, არაბულ სამყაროში ყველაზე მაღალი მაჩვენებელით (89%). სამაგიეროდ, სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, 2006 წლისათვის ბავშვების ორი მესამედი სკოლაში არ დადიოდა.  დაიხვრიტა 300 მეცნიერი, რამდენიმე ფაკულტეტის დეკანი. 2007 წლის თებერვლისათვის დაღუპული იყო 2.000 ექიმი, 12.000 ქვეყნიდან გაიქცა. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მონაცემებით ერაყიდან ყოველდღიურად 3.000 ადამიანი გარბოდა. 2007 წლის აპრილში 4 მილიონმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა.” ერაყში სურსათისა და სასმელი წყლის დეფიციტია, სამედიცინო დახმარება ხელმიუწვდომელია, იმპორტირებული დემოკრატია კი "სექონდ ჰენდის" ტანსაცმელს უფრო წააგავს.

ისევე, როგორც ერაყში, ლიბიაშიც ისეთი სოციალური პირობები იყო, რომ ხალხის აჯანყების წარმოდგენა მეტად რთულია: 6-მილიონიან ლიბიაში ჯანდაცვა და განათლება უფასოა; უცხოეთში ლიბიელის განათლების ხარჯს სახელმწიფო იხდის; ბინაზე გადასახადი არ არსებობს; წყალი და ელექტროენერგია უფასოა; 1 ლიტრი ბენზინი 14 ცენტი ღირს; ბინასა და მანქანაზე კრედიტი უპროცენტოა; მთელ ქვეყანაში მოქმედებს უფასო აფთიაქების ქსელი; ახალდაქორწინებულებს სახელმწიფო 64.000 აშშ დოლარს აძლევს ბინის შესაძენად; ბიზნესის წამოწყებისთვის ერთჯერადი დახმარება 20.000 დოლარია; ოჯახის თითოეული წევრისთვის სახელმწიფო დოტაციის სახით 1.000 აშშ დოლლარს გამოყოფს; ყოველ ახალდაბადებულს სახელმწიფო 7.000 დოლარს ჩუქნის; უმუშევრობის დახმარება 750 დოლარია; ავტომობილის შეძენისას ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს, ხოლო სამხედროებისთვის – 65%-ს. /საიტის რედაქციისაგან: ეს ციფრები ბოლო დროს ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება, თუმცა არ არის რეალური წყაროებით ცალსახად დადასტურებული და გარკვეულ ეჭვს იწვევს, რომ რეალური სურათი ლიბიაში ბევრად უფრო "პროზაული" იყო. მაგრამ ის ნამდვილად უდავო ფაქტია, რომ ლიბიის მოსახლეობა მთელი აფრიკის კონტინენტთან შედარებით გაცილებით უფრო უკეთესად ცხოვრობდა, თუნდაც ამერიკის მოკავშირე მუბარაქის ეგვიპტეს ან აფრიკის კონტინენტის წიაღისეულით ასევე მდიდარ სხვა არაბულ ქვეყნებს რომ შევადაროთ/.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ინფორმაცია შოკის მომგვრელი უნდა იყოს. ყველას კარგად ახსოვს, რომ სოციალური "უპატრონობა" საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სულ უფრო მძაფრდება. სახელმწიფომ ეტაპობრივად თქვა უარი ყოველგვარ ვალდებულებაზე საკუთარი მოსახლეობის მიმართ. რას უქადის "დემოკრატიული რევოლუცია" ლიბიელ ხალხს, ქართველებმა კარგად უნდა იცოდნენ.

წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ლიბიის შესახებ მაყურებელს აბნევს; ერთის მხრივ, ყადაფი საკუთარ ხალხს ანადგურებდა, ხოლო მეორეს მხრივ, ევროპული საავიაციო დარტყმების შედეგად, იგივე ხალხი იბომბება. რა თქმა უნდა, ინტერვენცია სწორედ იმ ადამიანებისადმი ზრუნვით მართლდება, რომლებიც ევროპული ბომბების ქვეშ იღუპებიან! ასე იყო იუგოსლავიაში, ასე იყო ერაყში, ასეა ლიბიაშიც.

თვითმხილველების მონათხრობით, ქვეყანაში, სადაც ნავთობისგან მიღებული შემოსავლები ბავშვიდან მოხუცამდე, ყველაზე ნაწილდება, უეცარი ამბოხება სრულიად არამოტივირებულად გამოიყურება. უკანასკნელი მსხვილი პროექტი, რომელიც ყადაფიმ განახორციელა, სასმელი წყლის საჰარის მიწისქვეშა რეზერვუარებიდან 4 მეტრის დიამეტრის მილსადენით გადმოგდება იყო, რომელმაც საბოლოოდ მოაგვარა ლიბიაში სასმელი წყლის პრობლემა. ბინებით არამარტო ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უცხოეთიდან ჩამოსული მუშახელიც უზრუნველყოფილია. სხვათა შორის, ის შავკანიანი "ბოევიკიც", რომელსაც ყველა ტელეარხი უჩვენებდა, ნიგერიიდან ჩამოსული მუშა იყო. ფაქტობრივად, ლიბიელები ან პრესტიჟულ სამსახურში მუშაობენ, ან ვაჭრობენ, ან სულაც არ მუშაობენ, რადგან ფაქტობრივად, ყველა ხარჯს სახელმწიფო უფარავს.

ის, რასაც მსოფლიო მედია აშუქებს, როგორც საერთო-ლიბიურ აჯანყებას, სინამდვილეში ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონში, კირენაიკაში დაიწყო, რომელიც ისტორიულად უპირისპირდებოდა ტრიპოლის. ექსპერტები იქაურ სეპარატიზმზეც მიუთითებენ. კირენაიკის დედაქალაქში, ბენღაზში ხალხი ქუჩებში გამოვიდა, რათა პატივი მიეგო რამდენიმე წლის წინ, მუჰამედის კარიკატურების გამო გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთათვის, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ამ "ხსოვნის მიტინგით" დაიწყო ყველაფერი. თუმცა, გაურკვევლი რჩება, როგორი ორგანიზებულობით და სინქრონულად გაიმართა მიტინგები სხვადასხვა ქალაქებში და ვინ დაამზადა ასე ოპერატიულად ათასობით მონარქიული სამფერა დროშა?

სხვათა შორის, თურქეთისთვის წართმევის შემდეგ, ამ სახით ლიბია მეოცე საუკუნის 20-იან წლებში იტალიამ შექმნა. მის აღმოსავლეთ ნაწილში კი სენუსიტების რელიგიური ორდენი იტალიელი დამპყრობლების წინააღმდეგ წლების განმავლობაში იბრძოდა იარაღით ხელში. ორდენის მეთაური, - იდრისი მათ მეფედ აირჩიეს, ვიდრე იგი 1969 წელს ყადაფიმ არ დაამხო.

ექსპერტებს არც ის გამოპარვიათ, რომ ძირითად მოტივს საპროტესტო გამოსვლებში ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. დღემდე ეს თანხები იმ სოციალურ სისტემას ხმარდებოდა, რომელზეც ზემოთ მივუთითეთ. სხვადასხვა ტომების წარმომადგენლებს უფრო "სამართლიანი" განაწილება სწყურიათ. მათ პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ნავთობის შემოსავლებით ვერ სარგებლობენ. არც პოლიტიკურ ძალაუფლებაზე იტყოდნენ უარს. მაგრამ რატომ უნდა აძლევდეს ხელს ევროპასა და ამერიკას ერთი ყადაფის ნაცვლად მრავალი ემირი?

ლიბია, როგორც არაერთი კოლონია, ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა. აფრიკულ კონტინენტზე განვითარებული კონფლიქტები სწორედ ამგვარმა ხელოვნურმა ერთობებმა გამოიწვია. გათავისუფლების შემდეგ შიდა ტომობრივმა დაპირისპირებებმა უამრავი სისხლისმღვრელი კონფლიქტი გამოიწვია. ჩვენთვის ეს თემა განსაკუთრებით გასაგები უნდა იყოს; როდესაც ჩვენ რუსეთის მიერ ჩადებულ "შენელებული მოქმედების ნაღმებზე" ვსაუბრობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითქმის მთელი აფრიკული კონტინენტი ამგვარი ნაღმებით აღმოჩნდა დაძეძგილი.

სიტყვა "ნეოკოლონიალიზმი" ნაჩქარევად ამოიღეს თანამედროვე პოლიტიკური ლექსიკონიდან. გაეროს 1960 წლის 15 დეკემბრის დეკლარაცია კოლონიური ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ ამ ხალხების თავისუფლებასა და თვითგამორკვევას ამკვიდრებდა, რასაც სულაც არ შეუშლია ხელი განვითარებული ქვეყნებისთვის, რომ ცეცხლითა და მახვილით შეენარჩუნებინათ გავლენა ყოფილ კოლონიებზე.

 

კოლონიების საზღვრებში შიდა დაპირისპირებებით მანიპულირება დღემდე რჩება ძველი იმპერიული ფორმულის  - "დაყავი და იბატონე" რეალური განხორციელების ინსტრუმენტად. ლიბიის შემთხვევაშიც, ცენტრალიზებული ხელისუფლების ნაცვლად, სხვადასხვა საემიროების გაჩენა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ლიბიის ნავთობის გადასანაწილებლად. ამიტომაც არის, რომ ერაყის მაგალითზე "ჭკუანასწავლი" ევროპული სახელმწიფოები ნაჩქარევად ჩაერთვნენ სამხედრო ინტერვენციის პროცესში. განსაკუთრებით აქტიურობს საფრანგეთი, რომელმაც ერაყის კამპანიაში ჩაუბმელობის გამო იქაურ ნავთობზე კონტროლი სრულიად დაკარგა. სამაგიეროდ, სრული კონტროლი აშშ-მა შეიძინა.

ყადაფის დამხობის შემთხვევაში ევროპა არაფერს აგებს; ახალ ლიბიურ ხელისუფლებასთან (ან რამდენიმე სუბიექტთან) ნავთობზე ახალი მოლაპარაკებები გაჩაღდება, ხოლო მისი შემოსავლები რამდენიმე კლანსა და "განვითარებულ" ქვეყნებს შორის გადანაწილდება. ლიბიაში აღარც უფასო განათლება იქნება და აღარც უფასო ჯანდაცვა. და რა თქმა უნდა, ყოველივე ეს "ხალხის" სახელით გაკეთდება.

ნეოკოლონიალიზმი ქრესტომათიული განმარტებით, წარმოადგენს განვითარებული ქვეყნების ჩარევას განვითარებადი ქვეყნების საქმეებში. არაპირდაპირი ზემოქმედების იარაღად ხშირად მსხვილი კორპორაციები გამოიყენება, რომლებიც ისევე უმოწყალოდ ძარცვავენ ყოფილ კოლონიებს, როგორც ამას კოლონიალიზმის ეპოქაში მეტროპოლიები აკეთებდნენ. ცხადია, ამ `ჰუმანურ~ საქმეში მათ ყოველთვის აქვთ საკუთარი ქვეყნების მთავრობათა მხარდაჭერის გარანტია. ამ პროცესების ფასს ყოფილი კოლონიების მოსახლეობა საკუთარ ტყავზე გრძნობს: მდიდრები სულ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი ღატაკდებიან.

ნანა დევდარიანი