დასავლეთი შორი გზიდან უვლის ირანს

დასავლეთი შორი გზიდან უვლის ირანს

უკვე მერამდენე დღეა კოალიცია კადაფის ბომბავს. ამერიკელთა მტკიცება, რომ მათი მიზანი კადაფის განადგურება არ არის, ისეთივე ტყუილია, როგორც ბევრი სხვა რამ. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა „დამცველი“ დასავლეთი,

სწორედ ადამიანებს ართმევს სიცოცხლეს. ოფიციალური ტრიპოლის განცხადებით, საჰაერო თავდასხმებს ასზე მეტი მშვიდობიანი ლიბიელის სიცოცხლე შეეწირა. დასავლეთი იმასაც ამტკიცებს, რომ სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ ლიბიაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმები წარმატებულად შეაფასა და ისიც აღნიშნა, რომ აპირებს მასში საკუთარი ძალების მოქმედების შემცირებას. დასავლეთის უკიდეგანო მხარდაჭერით გამხნევებული მეამბოხეები კვლავ იბრუნებენ დაკარგულ ქალაქებს და ომახიანად აცხადებენ, რომ კადაფის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. მათი დასავლეთის მიმართულებით სვლა აფიქრებინებს ყველას, რომ ადრე, თუ გვიან ტრიპოლიც დაეცემა და მასთან ერთად მოამარ კადაფის 41-წლიანი მმართველობა.

ძნელია იმის ვარაუდი, როდის ექნება ამას ადგილი ან საერთოდ ექნება თუ არა. უარეს შემთხვევაში, არაბული სამყარო ლიბიის სახით მიიღებს თავის ხანგრძლივ სამოქალაქო ომს, არეულობას, ტომთა ერთმანეთთან დაპირისპირებას, გაუსაძლის სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს. ლიბიაც ისეთივე რიგითი არაბული ქვეყანა გახდება, სადაც სოციალური პრობლემები გამოუსწორებელ თემად იქცევა, თუნდაც დემოკრატიული მეამბოხეების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ომგამომვლილი ლიბია მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ქვეყანაში ნორმალური ვითარების შექმნას.

ტუნისსა და ეგვიპტეში სახალხო აჯანყების სპონტანურობამ საგონებელში ჩააგდო დასავლეთი, უპირველესად აშშ-ი. ამ ქვეყნებში მიმდინარე ფარული რევოლუციური დუღილი გამოუცნობი გამოდგა დასავლური საიდუმლო სამსახურებისათვის. მათ გამორჩათ ხალხის მოთხოვნებისათვის ჯეროვანი ყურადღების მიქცევა. გონს მოსული დასავლეთი სხვაგვარად უდგება ლიბიის, სირიის, სხვა ქვეყნებში მიმდინარე ამბოხების საქმეს. ამ ქვეყნებში სერიოზული დატვირთვით ამოქმედდა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო.

ის, რომ ცსს მუშაკები მრავალი წლის განმავლობაში კადაფის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ მოქმედებას აწარმოებდნენ, თვით ამერიკული პრესა აღიარებს. დიდია მათი წვლილი ლიბიის ლიდერის წინააღმდეგ სეპარატისტული სულისკვეთების გაღვივებაში. კადაფის, ისე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის ლიდერს, ჰყავდა და ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც. მოწინააღმდეგეთა შორის მრავლად არიან კადაფის მიერ დამხობილი მეფე იდრისის მომხრეები, ბიზნესჩამორთმეული ლიბიელი ბობოლები. სწორედ მათთან გაიბა დასავლური კავშირები და თანაც იმ დროს, როდესაც ლიბიამ უარი თქვა ბირთვული და ქიმიური იარაღის შექმნაზე, ტერორისტულ აქტებზე, ლიბიაში დაუშვა უცხოური ინვესტიციები, პარტნიორულ-მეგობრული ურთიერთობები დაამყარა ევროპის ქვეყნებთან და აშშ-თან.

დასავლეთისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო კადაფი - მაშინ, როდესაც თვითმფრინავებს აფეთქებდა და მაშინაც, როდესაც ევროპელთა მიწვევით იქ მიემგზავრებოდა. დასავლეთისათვის მისაღები იყო და არის ერთი - მკვდარი კადაფი.

ცხადია ძნელია ჩაწვდე დასავლურ მზაკვრობას, რომელსაც მუდამ მომღიმარი სახე ფარავს. სწორედ ამ მოჩვენებით ღიმილს, ყალბ გულახდილობას გადაყვა რევოლუციის ბელადი. დასავლეთისადმი ყურადღების მოდუნებამ მიიყვანა ის და მისი ხელისუფლება ჩიხურ მდგომარეობამდე. დასავლური სპეცსამსახურების ეფექტიანი მოქმედება სახეზეა. მათი ინფორმაციით და ზუსტი პარამეტრებით, მიმდინარეობს ლიბიის სამხედრო ობიექტების განადგურება, მძიმე ტექნიკის, მათ შორის ტანკების აფეთქება და სხვა.

ამერიკული პრესის მიხედვით, ობამას ადმინისტრაცია მზად იყო მეამბოხეთა დასახმარებლად ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების გასაგზავნად, ისე, როგორც მათთვის კადაფის გაყინული ანგარიშებიდან 32 მილიარდი დოლარის გადასაცემად იარაღის შეძენის მიზნით. მეამბოხეთა წარმატება აქტიურ დახმარებას უნდა მიეწეროს.

დასავლური მედიის პროპაგანდის წყალობით, ძნელად თუ მოიძებნება ლიბიის ლიდერის დამცველი. არიან ისეთები, რომლებიც არ იწონებემ კოალიციის მოქმედებას, თუმცა აუგად მოიხსენიებენ კადაფის.

ლიბიის წინააღმდეგ დაწყებულმა სამხედრო კამპანიამ აზრთა სხვადასხვაობა გააჩინა რუსეთის მმართველ ტანდემში. პრემიერ-მინისტრმა პუტინმა დაგმო კოალიციის ქმედება და ის შუასაუკუნეების ჯვაროსნულ ლაშქრობას შეადარა. პუტინს უმალ გასცა პასუხი მედვედევმა. მან დაიწუნა ასეთი შედარება და სიფრთხილისკენ მოუწოდა „შემქმნელს“ - განცხადებამ ცივილიზაციათა დაპირისპირება შეიძლება გამოიწვიოსო. შემდეგ მან ილაპარაკა იმაზე, თუ რა დირექტივა მისცა რუსეთის წარმომადგენელს გაეროს უშიშროების საბჭოში. დირექტივა ასეთი იყო, რუსეთს ვეტოს უფლება არ უნდა გამოეყენებინა, მას თავი უნდა შეეკავებინა და „გაეტარებინა“ რეზოლუცია. ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებით, მან კოჭი გაუგორა ობამას ადმინისტრაციას, რითაც თავისთავად ჩააგდო რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყნის როლში.

კრემლის დათმობამ ძალაუნებურად ჩიხში შეიყვანა მედვედევის მეგობარი ობამა. ის, რომ მისთვის იოლად არ ჩაივლის ლიბიური ეპოპეა - ნათელია. კონგრესის წევრთა განცხადებები ამის დასტურია.

რუსეთის პოზიცია არცთუ მომგებიანი გამოდგა არაბულ სამყაროშიც. ასე, რომ „თავშეკავება“ სამომავლოდ მთელ რიგ პრობლემებს შექმნის. „თავშეკავებამ“ უკვე მოიტანა არასასურველი შედეგები - 100-ზე მეტი ლიბიელის სიკვდილი, ნგრევა, გაურკვეველი მომავალი და რაც არანაკლებ სავალალოა - საკუთარი თავის წინააღმდეგ გალაშქრება.

მარტივი ლოგიკაა - თუ სეპარატიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კადაფი დამნაშავეა, მაშინ დამნაშავეა ჩეჩნეთის წინააღმდეგ მებრძოლი კრემლი, ტიბეტის ამბოხების ჩამხშობი პეკინი, სეპარატიზმის წინააღმდეგ მომართული საქართველო და სხვა.

პრეზიდენტ მედვედევის განცხადებაში ჩანდა ჭარბი თავდაჯერება, რაც ადასტურებს ვერსიას, რომ მოსკოვში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს პირდაპირ უთხრა მას, რომ ამერიკისთვის მიუღებელია პუტინის გაპრეზიდენტება. თუ რა უპასუხა პუტინმა სტუმარს, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მისი გაღიზიანება ლიბიასთან დაკავშირებულ განცხადებაში გამოჩნდა. რით უფროა ნაწყენი პუტინი - ბაიდენის მიერ მისთვის ამის თქმით, თუ შემდეგ საჯარო განცხადებით? საიდუმლოს გახმოვანება დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ის არჩევნებში აღარ მიიღებს მონაწილეობას.

თავის მხრივ ბაიდენის განცხადება უდავოდ შეურაცხმყოფელია ისეთი დიდი ქვეყნისათვის, როგორიც რუსეთია. სამწუხაროდ, ამ დიდ ქვეყანაში გორბაჩოვიდან დაწყებული მედვედევით დამთავრებული სახეზეა გაურკვეველი ლიბერალიზმისაკენ გადახრა - ბევრი ლიბერალიზმი, ცოტა „დერჟავნიკობა“, აშშ-ს ადმინისტრაციისათვის მისაღები ნაბიჯების გადადგმა, რუსეთისთვის სასიცოცხლო და ნაცადი პოლიტიკიდან გადახვევა, ძველი რეგიონული მეგობრების გაცვლა (ირანი) ახალ „მეგობრებში“. სწორედ იმათში, ვინც ძალას არ იშურებს თვით რუსეთის ფუნდამენტის მოსარყევად. მრავალი რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია ემსახურება ამ საქმეს - ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული და მორალურად მხარდაჭერილი.

თანამედროვე ამერიკული ნეოკოლონიალიზმისათვის დამახასიათებელია სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ხელის ფათური, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცების საბაბით სხვა ქვეყნების ხელისუფალთა წინააღმდეგ რევოლუციური ტალღის აგორება, მისთვის მიუღებელი ხელისუფალის პოლიტიკიდან ჩამოშორება, არასასურველი ქვეყნების პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. ამ საქმეში მილიონობით დოლარი იხარჯება, ისევე, როგორც ძალა და ენერგია.

30 წელზე მეტია ვაშინგტონი იბრძვის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. მას თვალში არ მოსდის ამ ქვეყნის დამოუკიდებელი პოლიტიკა, საგრძნობი მიღწევები ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, მისი როლის ზრდა ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. ვაშინგტონს მასზე ჩამოკიდებული, სუსტი ირანი აწყობს და როდესაც ამ „კეთილშობილურ“ საქმეში ოფიციალური თეირანის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება კადაფისა და ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჟადს ერთ სიბრტყეში იხილავს.

ლიბიის მიმდინარე მოვლენებმა გადაფარა დასავლეთის მედიაში აჰმადინეჟადის მოჭარბებული ლანძღვა, მაგრამ „საშიში“ ირანი (ამერიკელთა განცხადებით) კვლავ ნომერ პირველი მტერია. ირანის ბირთვული კვლევის საკითხიც უბრალოდ საბაბია - ირანზე მოსალოდნელი შეტევის ნიადაგის შემზადებისათვის.

დასავლურ მედიაში არცთუ იშვიათად შეიძლება წააწყდეთ მოსაზრებას ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ბევრი მიიჩნევს, რომ ლიბიაზე კოალიციური თავდასხმა ირანზე თავდასხმის გენერალური რეპეტიციაა. ლიბიის ხელისუფალთა წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული სამხედრო აგრესია აშშ-სა და კოალიციას თავისთავად შეუქმნის გამარჯვების ილუზიას, თანაც ყველას მიმართ, მათ შორის ლიბიაზე და სამხედრო თვალსაზრისით ერთად აღებულ არაბულ სამყაროზე მძლავრი ირანის მიმართ. ის, რომ ირანის წინააღმდეგ აგორებული აგრესიის შედეგები ნაკლებად ადარდებს აშშ-ს, ცხადია. მისთვის, როგორც ჩანს ვითარების არევაა საჭირო და არეულში, ისე, როგორც მღვრიე წყალში თევზის ჭერა.

ირანული ტალღის აგორება კარგა ხანია მიმდინარეობს დასავლური სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობით და ფინანსებით. დასტურად საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მრავალდღიანი ოპოზიციური გამოსვლებიც კმარა. ანტისახელმწიფო დემონსტრაციების ტალღამ ამასწინათაც გადაუარა ირანს.

დღესაც ისე, როგორც გუშინ დასავლური მედია ყბადაღებული ღაღადებს ამ ქვეყნის ხელისუფალთა მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ოპოზიციური ლიდერების საშინაო პატიმრობაზე და სხვა. არადა ხელისუფლების დამცველი მოსახლეობის მიერ „საშინაო პატიმრობიდან“ გათავისუფლებულ ოპოზიციონერებზე მოსალოდნელ თავდასხმას დასავლეთი მთლიანად ირანის ხელისუფალთ მიაწერს. ოპოზიციონერებს, სხვაგვარად მოაზროვნე ირანელთა მცირე ნაწილის გარდა, სახელმწიფოს მოღალატეებად და მტრებად აღიქვამენ და რომ არა სახელმწიფოს მხრიდან ოპოზიციონერთა სახლების გაძლიერებული დაცვა, რასაც დასავლეთი უკმეხად „საშინაო პატიმრობად“ ნათლავს, კარგა ხანია ხალხი მკაცრ განაჩენს გამოუტანდა მათ.

დასავლეთმა მეთოდურად მიხედა ირანის საქმეს. შორი გზიდან უვლის მას - სირიაში ამბოხების აგორებით. სირია ახლო აღმოსავლეთში ირანის მეგობარი ქვეყანაა. სირიაში პოლიტიკური ვითარების ცვლა, ხელისუფლებიდან ბაშარ ასადის ჩამოშორება, დიდი დანაკარგი იქნება ოფიციალური თეირანისათვის.

32 წელია ვაშინგტონი ვერ ეგუება რევოლუციურ ირანს, რომელმაც ზურგი შეაქცია ამერიკულ მონობას და საკუთარი განვითარების საქმეში წარმატებული ნაბიჯები გადადგა. „1979 წლის 10-11 თებერვალი შაჰის მმართველობის საბოლოო დამხობის დღეებად გადაიქცა და მასთან ერთად ქვეყანაში თვითმყრობელობა და უცხოეთის ბატონობა მოისპო. ეს დიდი გამარჯვება და ისლამური მმართველობის გარიჟრაჟი მოასწავებდა მუსლიმი ხალხის დიდი ხნის სანუკვარი საწადილის საბოლოო გამარჯვებას“, - აღნიშნულია ირანის კონსტიტუციის შესავალ ნაწილში და იქვე ვკითხულობთ: „ისლამის თვალსაზრისით, მმართველობა ერთპიროვნული, ჯგუფური, კლასობრივი ან დიქტატორული საწყისიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ ერთმორწმუნე და თანამოაზრე ადამიანების პოლიტიკური მრწამსის კრისტალიზაციაა. ხელს უწყობს თვითორგანიზაციას, რათა საკუთარი გონებრივი და ღვთაებრივი სრულყოფის გზით მიაღწიონ საბოლოო მიზანს. რევოლუციური განვითარების პროცესში ჩვენი ხალხი განთავისუფლდა დესპოტიზმის დანაშრევებისაგან, განიწმინდა უცხოური იდეოლოგიის ნაზავისაგან ისლამურ იდეურ და მსოფლმხედველობით საწყისებს დაუბრუნდა“.

მიიღებდა ასეთ ირანს აშშ-ი? ცხადია არა. მასზე გაცილებით მძიმედ მოქმედებს კონსტიტუცია, ვიდრე ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. ბირთვული პროგრამა საბაბია ნებისმიერ დროს მის წინააღმდეგ შეტევის განსახორციელებლად. ისე, როგორც ლიბიის წინააღმდეგ, რახანია ირანის მიმართულებით ადგილი აქვს ცსს აქტიურ მუშაობას დასავლეთში მყოფ შაჰის მომხრეებთან იმ ბობოლა ირანელებთან, რომლებმაც ქონება დაკარგეს. „ეკონომიკური საფუძვლების განმტკიცების შინაარსი გულისხმობს ადამიანის ზრდისა და სრულყოფის პროცესში მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და არა გამდიდრებას და მოგებას, როგორც ეს სხვა ეკონომიკურ სისტემებშია ჩადებული“ - აღნიშნულია კონსტიტუციის შესავალ ნაწილში.

ცხადია ირანსა და ლიბიას შორის განსხვავება დიდია, განსაკუთრებით საკუთარ ხალხთან მიმართებაში. ამიტომაც დაგმო ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ კადაფის მოქმედება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა მიიჩნია, რომ კოალიციის თავდასხმამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა.

ამ ორ ქვეყანას აქვს საერთოც ეს ნავთობი და გაზია, თანაც მაღალი ხარისხის. კადაფისა და ირანის პოლიტიკური სისტემის დამხობით აშშ-ს უდიდესი შანსი უჩნდება - ხელი აფათუროს ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე არეგულიროს მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ექსპორტი. ლიბიაში ის ახლოსაა საკუთარ სურვილთან, რაც შეეხება ირანს - ჯერ კიდევ შორია, თუმცა ვინ იცის სიხარბით შეპყრობილი დასავლეთი რას და როდის მოიმოქმედებს?

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი