საქართველოს „სინგაპურიზაციის“ ბლეფი ანუ საქართველო რევოლუციისთვის მზად არ არის

საქართველოს „სინგაპურიზაციის“ ბლეფი ანუ საქართველო რევოლუციისთვის მზად არ არის

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ძველი ქართული გამოთქმა, ერთობ გაცვეთილი, ყავლგასული თუ ესოდენ მოადგებოდა თანამედროვე საქართველოს და მის ხელისუფლებას, ძნელი დასაჯერებელი იყო.

ნაცთა ექვსწლიანმა „მოღვაწეობამ“ აშკარად დაგვარწმუნა იმაში, რომ ძველი გამოთქმები ჩამოსაწერი არ არის.

საქართველოს ხელისუფლება იმ იშვიათი ქვეყნების ხელისუფალთა შორის პირველობას არავის უთმობს, სადაც დაპირებას და სიტყვას ფასი არ აქვს. აქაური ხელისუფლება რევოლუციით მოცული არაბული ქვეყნების დონემდეც ვერ “ქაჩავს”. გადახედეთ ტუნისის, ეგვიპტის, ბაჰრეინის, სხვების წლიურ ეკონომიკურ მატებას და უმალ დარწმუნდებით ამაში. ერთ სულ მოსახლეზე ცხოვრების დონით ეს ქვეყნები, განსაკუთრებით ბაჰრეინი, გაცილებით მაღლაა, ვიდრე სხვები, მით უმეტეს საქართველო. ტუნისისა და ეგვიპტის პრეზიდენტებმა ბევრი გააკეთეს საკუთარი ქვეყნისათვის, თუმცა არასაკმარისი, რაც ხალხის აღშფოთების საბაბად იქცა.

 

აჯანყებული არაბული ქვეყნების პრობლემები ერთმანეთსაც წააგავს და განსხვავებულიცაა. თუ ეგვიპტესა და ტუნისში კვების პროდუქტებზე ფასების მატება, უმუშევრობა, სოციალური უთანასწორობა, ხელისუფალთა კორუმპირებულობა აღშფოთების მთავარი საფუძველი იყო, ბაჰრეინსა და ლიბიაში - უკმარისობის გრძნობა. ბაჰრეინში შიიტმა უმრავლესობამ ვეღარ აიტანა სუნიტთა (უმცირესობა) მმართველობა, ისევე, როგორც ლიბიაში მცხოვრებმა უფრო მრავალრიცხოვანმა ტომებმა მცირერიცხოვან კადაფთა ბატონობა.

 

არაბები მარტო კუჭისათვის არ გამოსულან ქუჩაში, მათ საკუთარ შეურაცხყოფად მიიჩნიეს ხელისუფალთა მრავალწლიანი მმართველობა.

 

არაბული ქვეყნების პრობლემები ქართულის იდენტურია. კუჭის პრობლემა, ხელისუფლების მხრიდან ხალხის სისტემატური შეურაცხყოფა, ტყუილი, არაადამიანური დამოკიდებულება, ყოველგვარ საზღვრებს ლახავს, მაგრამ საზოგადოება დუმს. ის სეირივით უყურებს არაბთა რევოლუციას, თუნდაც სომხეთის მიტინგებს, და შესაბამისი დასკვნები არ გამოაქვს.

 

საქართველო არ ჰგავს არაბულ ქვეყნებს, არც სხვებს. ტუნისის ამბავი თუ უმალ აირეკლა არაბულ სახელმწიფოებზე, სხვა ქვეყნებზე, საქართველოს ძვრა ვერ უყო.

 

ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნელის“ გამოთვლით, საქართველო მოსალოდნელ რევოლუციათა ოცეულშია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ძნელია იმის დაჯერება, რომ არაბული მოვლენები აქაც იჩენს თავს. საზოგადოება ამისათვის მზად არ არის.

 

არაბულ ჯანყს ინტერნეტსაც აბრალებენ, რაც გამორიცხული არ არის. „დღეს სხვა დროა“, როგორც ჟენევაში გამოსვლისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა თქვა, „მკვეთრად განსხვავებული დედაჩემის დროსაგან“. ინტერნეტის ინფორმაცია უმალ აღწევს ადრესატამდე. ინტერნეტმა დარაზმა არაბები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მიაწოდა რა მას ინფორმაცია, როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე სხვის შესახებ და ქარიზმატული ლიდერის, ოპოზიციის დახმარების გარეშე გამოიყვანა ქუჩაში.

 

ინტერნეტის მოხმარების თვალსაზრისით, საქართველო მკვეთრად ჩამოუვარდება არაბულ ქვეყნებს. დედაქალაქის გარდა ინტერნეტი იშვიათი, თან ძვირი ხილია, რაც არ არის გასაკვირი ხელმოკლეობით გამორჩეულ საქართველოში. რაც შეეხება თბილისის ინტერნეტის მომხმარებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, მათ არც პოლიტიკა აინტერესებთ, არც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები, მით უმეტეს არაბეთში. უმეტესობა თავს თამაშებით ან სხვა მსუბუქი ჟანრით ირთობს.

 

რაც მართალია, ხელისუფლებამ შეძლო საზოგადოების გამოთაყვანება ფუქსავატური ხასიათის სატელევიზიო გადაცემებით, მათ შორის საზოგადოებაში ჭარბი პოპულარობით მოსარგებლე ჭორიკანა ქალთა შოუებით. ტელევიზიები მაღალ დონეზე ასრულებენ სახელისუფლებო შეკვეთას. ეკრანებზე სისტემატურად აღიბეჭდება საამური, არ არსებული ცხოვრება, საზეიმო განწობილება. როგორ ჰგავს ამით თბილისი ტრიპოლის. ამ უკანასკნელში სახელმწიფო ტელევიზია პერმანენტულად გადასცემს გასართობ პროგრამებს, კონცერტებს, მოამარ კადაფისა და მისი უფროსი ვაჟიშვილის გამოსვლებთან ერთად.

 

არც ერთ ხელისუფლებას ისე გულმოდგინედ არ მოუთხრია საკუთარი თავი, როგორც სააკაშვილისას. დღე ისე არ ჩაივლის, ხალხს ახალი გასამწარებელი ექსპერიმენტი არ შესთავაზოს. მაგრამ ხალხი დუმს. დუმს ოპოზიციაც. ერთის შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ექსპერიმენტებს ხელისუფლება სპეციალურად იგონებს იმის დასადგენად, აიტანს თუ არა ხალხი ამას. ხალხი იტანს. იტანს სისტემატურ ტყუილ დაპირებებს, შეურაცხყოფას, ხორცზე, პურზე, კვების პროდუქტებზე, ბენზინზე, ტრანსპორტზე ფასების მატებას. დაპირება - არ გაიზრდებაო, უმალ საწინააღმდეგოდ სრულდება.

 

საზოგადოება, რომელიც ესოდენ იოლად იტანს ხელისუფალთა ტყუილებს, იოლად გადაიტანს სინგაპურად გადაქცევის ახალ ბლეფს.

 

სააკაშვილის უცხოეთში ხეტიალი ძვირად უჯდება ქვეყანას, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ხარჯებიდან გამომდინარე, ისე იქ ნანახის საქართველოზე მორგების გამო. მრავალი ასეთი ექსპერიმენტი დაატეხა თავს „ნოვატორმა“ პრეზიდენტმა ქვეყანას. გახსოვთ ალბათ, მისი ახირება აეროპორტის თბილისთან მატარებლით დაკავშირების თაობაზე. ათასობით დოლარი გადაიყარა პროექტში, თუმცა მატარებლის პირველი გაშვების შემდეგ, ის აღარავის გახსენია, ისე, როგორც ძველ ქალაქში გადებული არსად მიმავალი ხიდი ან თბილისის ქუჩების თავზე გადადგმული რკინის უფუნქციო ურჩხულები. სპეციალისტთა აზრით, ეს პროექტები მარტო ავადმყოფური ახირება არ არის, საკუთარი ჯიბისათვის ფულის შოვნის ნაცადი გზაა.

 

ორი წელია სინგაპურით ვაღამებთ და ვათენებთ. სინგაპურიზაციის ცხოვრებაში გატარებისათვის სააკაშვილმა დელეგაცია აფრინა ცხრა ზღვას იქით მდებარე ქალაქ-სახელმწიფოში. ნანახით გაშტერებული ქობალია-კუბლაშვილის დუეტი ისე აღფრთოვანებით გვიყვებოდნენ სინგაპურისა და საქართველოს მსგავსების ამბავს, უნებლიედ სარკეში ჩავიხედე - თვალების ჭრილის დასადგენად. განსაკუთრებით ენაწყლიანობდა პალიკოდ წოდებული - მაინც როგორ ვგავართ ერთმანეთსო, გვიმტკიცებდა კანონმდებელი. თურმე სინგაპურს, ისე, როგორც საქართველოს, არც ნავთობი ჰქონია და არც გაზი, მაგრამ წარმატებით ცხოვრობს. პალიკოს კარგი ცხოვრების საწინდრად მხოლოდ ნავთობი და გაზი მიაჩნია. ის წამითაც არ უშვებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - ჭკუას. სინგაპურს არა აქვს წიაღისეული, მაგრამ აქვს ის, რაც საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს - ჭკუა.

 

სინგაპურელ ჩინელსა (იქ მოსახლეობის 70% ჩინელია) და ქართველს შორის, როგორც მენტალურად, ისე გარეგნულად დიდი განსხვავებაა. სინგაპურს სხვა ისტორია აქვს, განსხვავებული საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან. ცხოვრებისდამი დამოკიდებულებაც სხვაგვარია, არა ისეთი, როგორც საქართველოში.

 

მალაიზიიდან გამოყოფის შემდეგ ქვეყანას (0.6 ათასი კვ. კილომეტრი, მოსახლეობა 4.5 მილიონი) სათავეში ჩაუდგა პრაგმატულად მოაზროვნე პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ. ცნობისათვის, საბჭოთა კავშირის დროს, 70-იან წლებში ის საქართველოშიც იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. სწორედ მაშინ მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი მას და მესაუბრა იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც ჩემზე სინგაპურმა მოახდინა. თითქმის 25 წლის განმავლობაში ირჩევდნენ მას პრემიერ-მინისტრად და ამ ხნის მანძილზე მან შესძლო სინგალ-ის (მიტოვებული, მარტო) და პუა-რისაგან (პუა-ღარიბი) წარმატებული სახელმწიფო აეშენებინა. ჩემში გაოცება გამოიწვია იმ მასშტაბურმა მშენებლობამ, რასაც ადგილი ჰქონდა რეფორმების დასაწყისში. მას შემდეგ, გარკვეული პერიოდულობით, სამჯერ მომიხდა ამ ქვეყანაში ყოფნა. ყოველი ახალი ვიზიტისას, თვალნათელი იყო გარდაქმნები.

 

სინგაპურელთა წარმატების საფუძველი პრაგმატული აზროვნება და არაკორუმპირებულობაა. სინგაპურის ხელისუფალთათვის მიუღებელია ისეთი აზროვნება, როგორითაც გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლება.

 

სინგაპურში ადგილი არა აქვს მდიდარისა და ღარიბის ისეთ დაშორებას, როგორც ჩვენში. იქ ხელისუფლების წარმომადგენელი თავს უფლებას არ მისცემს, ათჯერ და მეტად დიდი ხელფასი დაინიშნოს, როგორც აქ. არც იმას იკადრებს, ჰყავდეს ახლო ნათესავებისგან შემდგარი ბიზნეს გარემო. იქ კანონი არ არის მორგებული ხელისუფლებაზე - ყველას ეხება, თანამდებობის პირსაც და რიგითსაც. სინგაპურში მკაცრად ისჯება კანონის დამრღვევი. შეღავათები არ ვრცელდება ხელისუფლებასა და მის ნათესავებზე.

 

სინგაპურელი ჩინელები, მალაელები, ინდოელები, სხვები თავს სამშობლოში გრძნობენ. ყველა მათგანის ენა - სახელმწიფო ენაა. არც ერთი მათგანი არ გრძნობს თავს შევიწროებულად. ყველა ისინი მუყაითად, რაც მთავარია, რაციონალურად შრომობენ. სამუშაო საათებში, გარდა უცხოელებისა, სინგაპურელის ნახვა რესტორნებში გაგიჭირდებათ, თბილისის რესტორნებიდან განსხვავებით, სადაც ნებისმიერ დროს ნემსი არ ჩავარდება. არც სადღეგრძელოები ისმის ამ ქვეყანაში. ალკოჰოლური სასმელების მიღებაში ისინი უაღრესად ზომიერები არიან. სინგაპურელი არ იფურთხება ქუჩაში ისე, როგორც ქართველი, არ ანაგვიანებს მას არც სიგარეტის ნამწვავით, არც საღეჭი რეზინით, ვინაიდან, 500 სინგაპურული დოლარის გარდა, ჯარიმის სახით, მან იცის, რომ სინგაპური სამშობლოა. ეს გრძნობა საქართველოში კარგა ხანია, წაშლილია.

 

სინგაპურში არა მარტო ნავთობისა და გაზის დეფიციტია, არამედ მიწის. ეს ის ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ითვისებს ზღვას - სტაცებს რა მას დიდ ტერიტორიებს ახალი სახლების მშენებლობისათვის. ცნობისათვის, ყველა სინგაპურელი უზრუნველყოფილია ან საკუთარი ბინით, ან სახლით.

 

სინგაპურის ხელისუფლება არავის მიჰყიდის მიწას ისე, როგორც ამას აქ აქვს ადგილი. ის თვალის ჩინივით უფრთხილდება ერთ გოჯსაც და მასზე გახარებულ ხეს. სინგაპურმა შეძლო ჯუნგლების გაშენება საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, იქ უნიკალური ჯიშის ცხოველების მოშენება და ტურიზმის ობიექტად გადაქცევა. სინგაპურის საფარი მსოფლიოშია ცნობილი. იქ ბუნებისადმი დამოკიდებულება უმაღლეს დონეზეა აყვანილი, რითაც მკვეთრად განსხვავდება ბედკრული საქართველოსგან.

 

სინგაპურში ვერც კი წარმოიდგენენ ისეთ ბარბაროსობას, რასაც საქართველოში აქვს ადგილი - ვაკის პარკის ხელოვნური ტყის გაჩეხვის, მის ნაცვლად საცხოვრებელი სახლების და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების წამოჭიმვიდან გამომდინარე. ასეთი ზერელე დამოკიდებულება საკუთარი ბუნებისადმი იქ მიუღებელია. სინგაპური ყოველდღიურად შენდება. იქ თვალს ვერ მოკრავთ დაუმთავრებელ მშენებლობას - თბილისში, რომ ურჩხულებივით გამოიყურება. სინგაპურში არ არის ოღრო-ჩოღრო, ორმოებიანი ქუჩები, სიბინძურე ან ტალახი, ისეთი, როგორიც საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით, თბილისში. სინგაპურში შესანიშნავად არის მოწყობილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრეები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე.

 

სინგაპურისთვის უცხოა მეზობელი ქვეყნებისადმი ქიშპი და მტრობა, სხვადასხვა სახის ავანტიურისტული გეგმების ქსოვა, ყოყოჩობა. ის წყნარად, ყვირილის გარეშე აშენებს თავის ცხოვრებას, სხვისთვის სამაგალითოს, შესაშურს.

 

სინგაპურის ხელისუფლებამ ზედმიწევნით რაციონალურად გამოიყენა ქვეყნის ადგილმდებარეობა. ქალაქი-სახელმწიფო დასავლეთ-აღმოსავლეთის გზასაყარზეა, სატრანზიტოა, როგორც გემებისათვის, ისე თვითმფრინავებისათვის. სინგაპურის საზღვაო პორტი უდიდესია მსოფლიოში და არაფრით ჩამოუვარდება ნიუ-იორკისას. გარდა სატვირთო გადაზიდვისა, პორტი ემსახურება ტურისტებს, კრუიზით მოგზაურებს. უამრავი ხუთვარსკვლავიანი, სხვა დონის სასტუმროები, მაღალი მომსახურება მილიონობით ტურისტს იზიდავს.

 

სინგაპური ცნობილია დახვეწილი საბანკო სისტემით. იქ ვერ ნახავთ ისეთ აღვირახსნილობას, რასაც ქართული ბანკები კადრულობენ, განსაკუთრებით ლარის დოლართან, ევროსთან, სხვა ვალუტებთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც დოლარი მთელს მსოფლიოში მყარდება, აქ პირიქითაა. ვინმეს მოუვა აზრად, სულ რაღაც ერთ კვირაში დოლარი 180 ლარიდან 170-ამდე ჩამოიყვანოს?

 

სინგაპურში თავში არავის მოუვა საკუთარი ხალხის ისე გამწარება, როგორც ამას საქართველოში ხელისუფლების მხრიდან აქვს ადგილი.

 

ტერიტორიით პატარა, მაგრამ აღმშენებლობით ვებერთელა სინგაპურის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა მისი საქართველოსთან სიახლოვის დადგენა შეუძლებელია. მაინც რატომ ჰგონიათ ვერიკოს და პალიკოს ორი ქვეყნის იდენტურობა? რა ნიშნით გვაახლოებენ ისინი? ამ თემაზე მომავალშიც ბევრი დაიწერება. სააკაშვილის მიერ დაქოქილი ექსპერტობაც იტყვის თავის სიტყვას, მაგრამ ამით საქართველო სინგაპურად ვერ გადაიქცევა. ან რატომ უნდა გადაიქცეს, განა მას არაფერი აქვს თავისი? სწორედაც, რომ აქვს, მაგრამ ამას სინგაპურით და სხვა ქვეყნით დაბრმავებული ხელისუფლება ვერ ხედავს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი