ორი სუპერ-სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება

საერთაშორისო მოვლენებიდან გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სტრატეგიული დამკვრელური ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების დადება იყო აშშ-რუსეთს შორის.

ხელშეკრულებას გასული წლის გაზაფხულზე მოეწერა ხელი, ხოლო წლის მიწურულს აშშ-ს სენატმა გაუკეთა მას რატიფიკაცია. რუსეთის დუმამ ჩაატარა ხელშეკრულების პირველი მოსმენა. იანვარში ის დარჩენილ ორ მოსმენასაც მოაწყობს და მოახდენს ხელშეკრულების რატიფიკაციას.

აშშ-ს სენატის მიერ პრეზიდენტ ობამას მოწოდებაზე თანხმობის შეგებება ნათლად მოწმობს, რომ ამერიკის პრეზიდენტი არც ისეთი სუსტია, როგორადაც ზოგიერთი ამერიკელი და უცხოელი ექსპერტი თვლის. მათი სკეპტიციზმი შუალედურ არჩევნებში მარცხის შემდეგ გაჩნდა. ბევრი თვლიდა, რომ ხელშეკრულებას რატიფიკაცია არ ეწერა. პრეზიდენტს, მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა დაყოლიებისათვის არაერთი სატელეფონო საუბარი მოუწია, შედეგიც სახეზეა - ხელშეკრულებას მოსალოდნელზე მეტმა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი.

ხელშეკრულების მიხედვით, ორივე მხარეს 611 რაკეტმატარებელი დარჩება 2769 საბრძოლო ბლოკით. ბირთვული ქობინების რაოდენობა არ აღემატება 1550-ს. პირველი ხელშეკრულებიდან ბოლომდე, ბირთვული იარაღი 24 ათასიდან 1550-მდე შემცირდა, რაც თვალსაჩინო მიღწევაა. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება თვალნათლივ მიანიშნებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთდამოკიდებულების გამოსწორებაზე. ვაშინგტონის მიერ წამოწყებულ „გადატვირთვას“ შედეგი მოაქვს.

სტრატეგიულ ხელშეკრულებასთან ერთად ვაშინგტონმა სიტყვა შეასრულა და 2015 წლისათვის გადადო ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება. გარდა ამისა რუსეთს შესთავაზეს მონაწილეობა მიიღოს ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაში. თეთრი სახლი და კრემლი თანამშრომლობენ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ავღანეთი, ახლო აღმოსავლეთი, ბირთვული გაუვრცობლობა, ტერორიზმთან ბრძოლა, ნარკოტრეფიკი, მეკობრეობა.

შემცირდა ვნებათა ღელვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, განსაკუთრებით, უკრაინასთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიმართებაში. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან რუსეთს ბარიერი არ შეექმნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო. აშშ-ს გარკვეულმა წრეებმა ინტერესი გამოთქვეს რუსეთში მშენებარე სამეცნიერო ცენტრის სკოლკოვს ჩამოყალიბებაში და სხვა. ორი წლის განმავლობაში მიღწეული საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა სულაც არ გამოირიცხება მეტოქეობა ან დაპირისპირება.

ორ სახელმწიფოს შორის ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებას, როგორც ფარულს, ისე ღიას მომავალშიც ექნება ადგილი, რაც არ არის გასაკვირი, მაგრამ მთავარი არის დადებითი ბალანსის დაცვა ნეგატიურსა და პოზიტიურს შორის.

საკამათო საკითხების ნუსხაში მთავარია - ირანის ბირთვული პროგრამა, საქართველოს პრობლემა, ნატოსთან ერთად რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში რუსეთის მონაწილეობა, 2015 წელს აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსება. კრემლის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ი 2015 წელს მაინც განალაგებს რუსეთის საზღვრის სიახლოეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, მოსკოვის მხრიდან პასუხი ადეკვატური იქნება, რაც თავისთავად გამოიწვევს გამალებულ შეიარაღებას.

არც ნატოს მხრიდან აღმოსავლეთით გაფართოებას აქვს დასმული წერტილი. ლისაბონში, მიუხედავად ნატოს მხრიდან რუსეთის მიმართ გადადგმული რევერანსული ნაბიჯებისა, რუსეთს არ მიუღია სრული გარანტია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში არშეყვანის თაობაზე. ყბადაღებული განცხადება „ნატოს კარი ღიაა“, გამაღიზიანებლად მოქმედებს რუსეთზე, ისევე, როგორც აშშ-ს, მთლიანად დასავლეთის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. არც ცენტრალურ აზიაში შექმნილი მეტოქეობა ხიბლავს რუსეთს. ამ რეგიონის ქვეყნების მთავრობები მეტოქეობით გამოწვეულ შანსს ხელიდან არ უშვებენ და მაქსიმალურად ცდილობენ ხან ერთს და ხან მეორეს დაცინცლონ სარგებელი.

აშშ-ი გააგრძელებს კასპიის ზღვის ენერგეტიკული რესურსების ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით პროექტის განხორციელებას. ისე, როგორც 2010 წელს, წელსაც გაგრძელდება ორ პროექტს - „ნაბუკოსა“ და „სამხრეთის დინებას“ შორის დაპირისპირება.

შუალედურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ აშშ-ს დემოკრატიული ადმინისტრაცია შეეცდება ნაკლები რადიკალური ინიციატივებით გამოვიდეს. პრეზიდენტმა ობამამ დარჩენილი ორი წლის განმავლობაში უნდა გაითვალისწინოს რესპუბლიკელთა სურვილებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება მეორე ვადით თეთრ სახლში მისვლა. არც ის არის გამორიცხული, რომ მოსკოვის მიმართ მოჩვენებით მაინც პოლიტიკა გამკაცრდეს. აშშ-ი შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთმა უნდა შეძლოს ზოგ რაღაცაზე თვალის დახუჭვა, ვინაიდან მისი მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები უდავოდ ბევრს დაუშავებს ობამას პოლიტიკურ მომავალს, არადა ობამა სწორედ ისაა, რაც ასერიგად აწყობს კრემლს. წინააღმდეგ შემთხვევაში სულაც არ არის გამორიცხული რადიკალური რესპუბლიკელების აღორძინება.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები სერიოზული გამოცდა იქნება ობამასა და დემოკრატებისათვის. დამარცხების შემთხვევაში რესპუბლიკელები მოვლენ, რომლებიც მძაფრად აკრიტიკებენ რუსეთს ადამიანის უფლებათა დარღვევაში და საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით მეზობლების მიმართ. ეს ძალები წარმატებით თანამშრომლობენ არა მარტო რუსეთში არსებულ ანტისამთავრობო ძალებთან და ე.წ. ლიბერალებთან, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან. საქართველო მომავალშიც შეასრულებს გარკვეული ამერიკული წრეების და სპეცსამსახურების წვეტიანი სადგისის როლს რუსეთის საჯდომისათვის. ამის არაერთი მაგალითი არსებობს - ანტირუსული პროპაგანდით დაწყებული, სერიოზული ძირგამომთხრელი ქმედებით დამთავრებული.

გასული წელი გამოირჩეოდა მსგავსი სიუხვით. მათი მიზანი იყო და იქნება რუსეთისათვის პრობლემების შექმნა ჩრდილოეთ კავკასიაში, იქ მცხოვრებ ხალხთა შორის ანტირუსული განწყობის გაღრმავება, მათი დარაზმვა რუსეთის ხელისუფალთა წინააღმდეგ. გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა რუსულენოვან ტელე- რადიო მაუწყებლობას, აღიჭურვა რა ის უახლესი ტექნიკით. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ჩამოყალიბებაში აქტიურად არიან ჩართული უცხოელებიც. ტელერადიოს შექმნას რუსეთის ხელისუფლება სწორედ ისე აღიქვამს, რა დანიშნულებაც მას აქვს. აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება სააკაშვილისადმი ან მისი განცხადებებისადმი - მოლაპარაკების თაობაზე, არის ცალსახად ნეგატიური.

ერთიანი კავკასიური სახლი, კავკასიური კონფედერაცია, ჩრდილო კავკასიელთათვის საქართველოში შემოსასვლელი ვიზების გაუქმება, ჩერქეზთა და დიდოელთა დაცვა - აი ის საკითხები, რომლებიც სააკაშვილმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, თანაც უცხოური ტრიბუნიდან.

აღნიშნული თემები თითქოს კეთილშობილური საქმეებისათვის არის გამიზნული, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ჩანაფიქრი. ჩრდილო კავკასიელთა ერთიან კავკასიურ სახლში მიპატიჟება რომ რუსეთიდან მათ ჩამოშორებას ემსახურება, თავისთავად ნათელია, მაგრამ არანაკლებ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებსაც. ყველა ეს პროექტი უპირველესად საქართველოს კიდევ უფრო დასუსტების, საბოლოო ჯამში კი გაქრობის მომასწავებელია.

სომხეთის გარდა, საქართველოს „მეგობარი“ მუსლიმანური სახელმწიფოები და რუსეთში არსებული ავტონომიური ფორმირებები აკრავს. საერთო ჯამში, ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, მართლმადიდებლური პატარა ქვეყანა ასჯერ მასზე დიდი მუსლიმანური რესურსის წინაშეა. თუ რა შედეგს მოიტანს „ერთიან კავკასიურ ოჯახში“ შექმნილი ვითარება, ძნელი გამოსაცნობი არ არის.

არანაკლებ საეჭვოა საქართველო-თურქეთის გარიგება თურქეთში არსებული ქართული კულტურისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით. ქართულ საზოგადოებას გასული წლის ბოლოს მიახარეს, რომ თურქები ძეგლებს აღადგენენ, საქართველოს ოთხ კუთხეში, მათ შორის თბილისში, მეჩეთების აშენების სანაცვლოდ. ვერ ვიტყვი, რომ გარიგება სარგებლიანია საქართველოსთვის. თურქეთში სავალალო მდგომარეობაში არსებული ქართული ძეგლების აღდგენის საკითხი იუნესკოს უნდა გადაეწყვიტა და არა თურქეთს. ვერც ზოგიერთ ექსპერტს დავეთანხმები - მერე რა მოხდა აჭარაში ხომ ისედაც შენდება მეჩეთებიო. ერთია, როდესაც ხელისუფალთა წაყრუებით შენდება და მეორეა, როდესაც თვით ხელისუფლება იღებს მონაწილეობას ამ საქმეში. საინტერესოა მეჩეთების მასშტაბებიც. „მეგობარი“ თურქეთი, რომ სათავისოდ ფიქრობს და სამომავლოდ კავკასიაში და არა მარტო აქ პოზიციების განმტკიცებაზე ოცნებობს, არახალია, მაგრამ გასარკვევია, რაზე ოცნებობს საქართველოს ხელისუფლება, მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე?

საქართველოს ორიენტაციას მრავალმხრივობა უნდა ახასიათებდეს. თუმცა გასულ წელს, ისე, როგორც წინა წლებში დივერსიფიკაციას ადგილი არ ჰქონია, ერთი გამონაკლისის - ირანის გარდა და ისიც ვაშინგტონთან ფარული ვაჭრობის შედეგად. ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება წინგადადგმული ნაბიჯია და სამომავლოდ უდავოდ წაადგება ორივე ქვეყანას, განსაკუთრებით საქართველოს. ირანის პოტენციალი თითქმის ყველა დარგში თვალსაჩინოა და საზრიანი ხელისუფლების შემთხვევაში ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას.

მეზობელი ირანი გასულ წელსაც ინარჩუნებდა ვაშინგტონის და დასავლეთის მთავარი გამაღიზიანებლის როლს. ირანის ბირთვული პროგრამა ჯერაც მოუგვარებელია - ასე მიიჩნევს ვაშინგტონი. ვაშინგტონმა ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ შეესუსტებინა მოსკოვ-თეირანის ურთიერთობა, დაიყოლია მოსკოვი ანტიირანული სანქციების მიღების საქმეში. გაეროს უშიშროების საბჭომ გასულ წელს ახალი სანქციები დააწესა, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახა ირანის შიდა ცხოვრებაზე. ირანის ხელისუფლება იძულებული გახდა გადაედგა ერთობ არაპოპულარული ნაბიჯი, მოსახლეობისათვის სუბსიდიების გაუქმებასთან დაკავშირებით.

სუბსიდიები ირანის შაჰის, რეზა ფეჰლევის დროიდან არსებობს და უნდა ითქვას, რომ ამით უფრო მეტად შეძლებულები სარგებლობდნენ, ვიდრე საშუალო და დაბალი ფენები. სუბსიდიების გაუქმება სულაც არ ნიშნავს ღარიბი ფენებისათვის მატერიალური დახმარების გაუქმებას. მას ისინი მომავალშიც მიიღებენ, მაგრამ მხოლოდ ღარიბები და არა მდიდრები. რეფორმების შედეგად ფასები გაიზარდა ბენზინზე და აქედან გამომდინარე კვების პროდუქტებზე, თუმცა მომატებულიც კი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ს და რუსეთს სერიოზული განსჯის საგანი იყო და მომავალშიც გაგრძელდება. რუსეთი ნაკლებად იზიარებს აშშ-ს შიშს ირანის სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით. გასული წლის ბოლოს, ბრიუსელში გაიმართა ნატო-რუსეთის მოლაპარაკება ლისაბონში დასახული გეგმის განხორციელებისათვისა ანუ როგორ უნდა მოხდეს ანტისარაკეტო ევროპულ სისტემაში რუსეთის ჩართვა. მხარეთა შორის სერიოზული განსხვავება არსებობს ირანის რაკეტების საფრთხესთან დაკავშირებით. რუსეთი მიიჩნევს, რომ ირანის რაკეტების მიერ გამოწვეული „საფრთხე“ პირობითია და შორს არის რეალობისაგან. რუსი სამხედროების მიხედვით, თეირანს არ აქვს ისეთი რაკეტები, რომლებიც ევროპის დედაქალაქებამდე მიაღწევენ და მომავალი 15 წლის განმავლობაში მსგავსი არც ექნება. ის, რაც ირანს აქვს, არის მოდერნიზებული საბჭოთა რაკეტები Scad-D და საზღვაო P-27, რომელიც მას ჩრდილო კორეამ გადასცა. ეს უკანასკნელი დაფრინავს 3000 კილომეტრის მანძილზე, მაგრამ აღნიშნული რაკეტების ბაზაზე სტრატეგიული რაკეტების მშენებლობა შეუძლებელია.

ირანის ხელისუფალთა გადაწყვეტილებით, ახალი წლის დასაწყისშივე ირანის ბირთვული კვლევების ობიექტების დასათვალიერებლად მიწვეული იყვნენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის წარმომადგენლები. თუ რა დასკვნებს გააკეთებენ ისინი, მალე გამოჩნდება, მაგრამ ირანის მხრიდან კეთილი ნების გამოვლინების მაგალითი სახეზეა.

მიმდინარე წელს ისე, როგორც მოსკოვის, თეირანის მიმართაც ვითარების მკვეთრ გამწვავებას ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ექნება. ობამასთვის იოლი არ იქნება რუსეთის მიმართ გადატვირთვით დასახული გეგმების ცხოვრებაში გატარება. რესპუბლიკური კონგრესი თავისას იტყვის. თუმცა მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარება, ეკონომიკური კრიზისი და სხვა ფაქტორები აიძულებს ოფიციალურ ვაშინგტონს ეძებოს მოსკოვთან დაახლოების გზები. აშშ-ს ესაჭიროება რუსეთთან ურთიერთობა, კონფრონტაცია მისთვის ძნელად გადასატანი იქნება, რაც მხედველობაში უნდა მიიღოს ქართულმა პოლიტიკამ.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი