აშშ, ტუნისის რევოლუცია და ახლო აღმოსავლეთი

ტუნისის რევოლუციამ მსოფლიოს უმალ შეახსენა არასტაბილური რეგიონი, არაბ-ისრაელის პერმანენტული დაპირისპირება, არაბულ სამყარაშო არსებული პრობლემები.

სამი წელია მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი უმკაცრესად უსწორდება ისეთი ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებს, როგორებიცაა აშშ-ი, იაპონია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რუსეთი, სხვები და რა გასაკვირია, რომ მან მუსრი გაავლოს ე.წ. მესამე სამყაროს, სადაც კორუფცია, უმუშევრობა, პირველი მოხმარების საქონელსა და კვების პროდუქტებზე ფასების მატება, ინფლაცია, მძიმე სოციალური პირობები ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული. ეს „სიკეთეები“ არც საქართველოსთვის არის უცხო, ოღონდ ტუნისელთაგან გვანსხვავებს ამტანობა და ჭარბი „აკადემიზმი“. ტუნესელები, ისევე, როგორც მათ დღეში ჩავარდნილი სხვები, მოუთმენლები არიან, ისინი ვერ ეგუებიან იმას, რასაც ჩვენ. ტუნისელებმა თითზე ჩამოსათვლელ დღეებში მოითავეს პრეზიდენტი. ქართველები „მყარი“ არგუმენტებით ვიმშვიდებთ თავს და თითს აშშ-ნ ვიშვერთ - იმან უნდა წაიყვანოსო. იქედან კი მარტივი ჭეშმარიტება ისმის - სხვის საქმეში არ ვერევითო. სჯერა ვინმეს ამის? ცხადია არა, უპირველესად თვით პოლიტიკურ ამერიკასაც.

ამერიკა მხოლოდ მაშინ იხსენებს ქვეყანას და ხალხს, როდესაც სხვა არაფერია დარჩენილი. აშშ-ს პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ტუნისელთა ამბოხი. სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, ვინაიდან ტუნისის რევოლუციაში არსად ჩანდა ანტიამერიკულად განწყობილი ოპოზიციური ძალების ქმედება. სახალხო ამბოხის გაკიცხვა შეუძლებელი იყო.

აშშ-ი საქართველოს მოსახლეობას იგნორირებს. მას არ მოეწონა ხალხის არჩევანი, დაუწუნა მას ეს ქცევა, სანაცვლოდ მხარი დაუჭირა საკუთარ „ჯილას“, ნაადრევი მილოცვით. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მრავალმა ქარტეხილმა გადაუარა ქვეყანას - ანტისამთავრობო მიტინგებიდან, მასობრივი დემონსტრაციებიდან, ქუჩების გადაკეტვიდან დაწყებული, ცხინვალის ომით დამთავრებული, მაგრამ ამერიკის მხრიდან საქართველოს რეჟიმისადმი დამოკიდებულება დაღმასვლის ნაცვლად აღმასვლით აღინიშნება.

სხვას ვერაფერს იტყვი ბოლო თვენახევრის განმავლობაში გამართული ორი მაღალი დონის შეხვედრის შემხედვარე. აშშ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის პრაქტიკული შედეგი - ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლაა. ისედაც „აკადემიურად“ განწყობილ ქართველობას ხელისუფლების შეცვლის იმედი დღითიდღე უფერმკრთალდება.

აშშ-ს პოლიტიკა თავიდან ბოლომდე საკუთარ ინტერესებს ემსახურება და თუ ამ ინტერესების ცხოვრებაში გატარებაში ვინმე სხვას შეაქვს წვლილი, ფასდაუდებელ საქმედ ფასდება.

სააკაშვილი აწყობს ვაშინგტონს იმ საქმიდან გამომდინარე, რასაც ის აკვარახჭინებს. სააკაშვილის რეჟიმი კავკასიაში იანკის მყარად ფეხგადგმის საწინდარია. მარტო ათასობით ამერიკელი მასწავლებლის ჩამოყვანა რად ღირს, ენის სწავლებასთან ერთად იქაური ცხოვრების წესის პროპაგანდა, შეძლებდა ამას სხვა? სააკაშვილის გარდა ვერავინ. სააკაშვილი, ამერიკის რესპექტაბელური აუდიტორიის წინაშე თავსაც კი იქებს „საშური“ ექსპერიმენტისათვის. წამით წარმოვიდგინოთ, ობამას რომ ეთქვა ქართული ენის შესასწავლად ამერიკაში ათასობით ქართველი ჩავიყვანეთო. რა კმაყოფილებით აღიქვამდნენ საქართველოში?

აშშ-ს სჭირდება მხარდაჭერა, განსაკუთრებით ამ რეგიონში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მის საგარეო პოლიტიკას დიდი ვერაფერი წარმატება მოაქვს.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ტუნისის მოვლენებს ვაშინგტონი გამადიდებელი შუშით და შეპარული შფოთითაც აკვირდება. რევოლუციის საფუძველი ისეთია, მის მეგობარ მეზობელ არაბულ ქვეყნებსაც რომ აწუხებთ. ეგვიპტე, ალჟირი, იორდანია, სხვა არაბული სახელმწიფოები, ცნობილები მარადიული პრეზიდენტებით, მონარქიებით, აგრეთვე კორუფციით, დაბალი სოციალური პირობებით, ტუნისის სინდრომის პოტენციური გამზიარებლები არიან. ამას წინათ არაბული ქვეყნების დოჰის კონფერენციაზე ჰილარი კლინტონმა ვრცლად ილაპარაკა კორუფციის მომაკვდინებელ მეტასტაზებზე, ოღონდ ერთია იმოქმედებს თუ არა ეს შეგონება მსმენელზე?

კორუფციის თემა, სხვა მტკივნეულ თემებთან ერთად რეგიონის აქილევსის ქუსლადაა ქცეული, ისე, როგორც ომისა და მშვიდობის საკითხი - ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებიდან გამომდინარე. არც ომი და არც მშვიდობა - ასეთი ვითარებაა დღეს ამ რეგიონში. მერყევი სიტუაციის შეცვლა, ცხადია ომისკენ, ყოველ წუთსაა შესაძლებელი.

ომის დაწყების ნაპერწკლად ირანის ბირთვული პროგრამა მოიაზრება. დასავლეთის მიხედვით, ირანი ყველანაირად ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას, ხოლო ისრაელი ცდილობს ხელი შეუშალოს ამას. უშედეგოდ დასრულდა ექვსეულის შეხვედრა ირანთან ქ. სტამბოლში. ირანის წარმომადგენელმა ჯალილიმ შეთანხმებისათვის დაწესებული სანქციების მოხსნა მოითხოვა. რა ზომებს მიმართავს ექვსეული საპასუხოდ - მიმავალი გვიჩვენებს.

ომის გამომწვევი სხვა ნაპერწკალიც არსებობს - გამალებული შეიარაღება, რასაც ადგილი აქვს 2006 წლის ლიბანის ომის შემდეგ. ჰესბოლა, ვისაც მაშინ ისრაელი ეომებოდა, ირანის მოკავშირეა, დღეს ორივე მხარე - ისრაელი და ჰესბოლა, ინტენსიურად ემზადება გადამწყვეტი მეორე რაუნდისათვის, რაც გაცილებით სისხლისმღვრელი იქნება, ვიდრე 2006 წლის.

2005 წელს ლიბანში და 2009 წელს ღაზის სექტორში ისრაელის ცოცხალი ძალის დანაკარგი მინიმალური იყო. დასავლელ ექსპერტთა მონაცემებით, 2006 წლის ომის შემდეგ ირან-სირიამ 50 ათასი ჭურვითა და რაკეტული სისტემით აღჭურვა ჰესბოლა, გაცილებით შორი რადიუსის, ვიდრე 2006 წლის, რაც შესაძლებლობას მისცემს ჰესბოლას შავ დღეში ჩააგდოს ისრაელის მოსახლეობა.

ექსპერტები გამუდმებით აცხადებენ, რომ ირანი, ჰესბოლა და ჰამასი, ისე, როგორც ადრე აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელის სახელმწიფოს არსებობა მათთვის მიუღებელია, თუმცა ჩემის აზრით, ექსპერტთა განცხადებაში ჭარბობს პროპაგანდა. დავუშვათ - ეს ასეა, გამომწვევი მიზეზი ხომ ისაა, რასაც ისრაელის ოკუპაცია ჰქვია?! სწორედ ეს არის ის ჟანგბადი, რაც ასულიერებს ისრაელის მოწინააღმდეგეებს და რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს ისრაელი პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციას, მით უფრო ეულად დარჩება ის მსოფლიოში.

პრობლემების მოგვარების ობამასეული გეგმა ჩიხშია შესული. ისრაელზე გავრცელებული პრესი - პალესტინელთა ტერიტორიებზე ახალმშენებლობათა შეწყვეტისათვის ისრაელმა მხოლოდ რამდენიმე თვით გაიზიარა, რის შემდეგ უკანონო მშენებლობა უწინდებურად გაახურა. ამან ობამას ადმინისტრაციას არაბთა თვალში უნდობლობა შესძინა.

ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოსათვის, ენერგეტიკის თვალსაზრისით, თაფლით სავსე კასრია, ამასთანავე აუწერელი პოლიტიკური თავსატკივარი. ორივე თემას მჭიდროდ უკავშირდება აშშ-ი, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, მაგრამ საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა ამ ქვეყნის გავლენა მსოფლიოში ერთიორად შეამცირა. ახლო აღმოსავლეთში ეს ტენდენცია გაცილებით გამოკვეთილია.

ისტორიას ჩაბარდა ერაყ-კუვეიტის ომის პერიოდი. მაშინ რეგიონის მონარქები და მარადიული პრეზიდენტები თეთრი სახლის პოზიციას უყოყმანოდ იზიარებდნენ. ნაკლები იყო ირანის გავლენაც. 1991 წელს მადრიდში აშშ-ს და არაბთა სამიტის დროს, ყველა ისინი, მორჩილად მომლოდინენი ვაშინგტონის დირექტივების, ერთ რიგში იყვნენ ჩამწკრივებული. 2001 წელს ავღანეთში შეჭრამ, 2003 წელს ერაყში ამერიკული ჩექმის გამოჩენამ კარდინალურად შეცვალა ვითარება.

ომებმა გააცარიელეს აშშ-ს ხაზინა, შეამცირეს მეგობართა რაოდენობა, გაზარდეს მოწინააღმდეგთა რიცხვი. ისეთი მოკავშირეც კი, როგორიც ისრაელია, რომელმაც ბოლო დეკადაში ამერიკული სამხედრო დახმარების სახით 27 მილიარდი დოლარი მიიღო, მორჩილების ნაცვლად სისტემატურ წინააღმდეგობას უწევს აშშ-ს.

მეორე მოკავშირე ეგვიპტე, საკუთარ ჭკუაზეა. მან ფაქტიურად უარი თქვა ობამას შეგონებაზე დემოკრატიასთან დაკავშირებით და არც ერთი უცხოელი დამკვირვებელი არ დაუშვა ამასწინათ ჩატარებულ არჩევნებში.

არასახარბიელი ვითარებაა ერაყში, სადაც აშშ-ა ოფლი, სისხლი და დიდი ფული ღვარა. არჩევნების შემდეგ, 9 თვის განმავლობაში ძლივს ჩამოყალიბდა მთავრობა, სადაც ირანული სულისკვეთება სჭარბობს ამერიკულს.

რაც შეეხება ირანს, აშშ-ს ყველაზე მოურჯულებელ მტერს, ის ბირთვულ ამბიციებში უკანდახევას არ აპირებს. მას არც ეკონომიკური სანქციები აფერხებს და არც ვაშინგტონ-თელ-ავივის სამხედრო მუქარა.

თვით ობამას პირადი პოპულარობა არაბებს, საერთოდ მუსლიმანებს შორის ისეთი აღარ არის, რაც ორი წლის წინათ. მაშინ ერთ-ერთი ირანელი დიპლომატი ტრიუმფალურად მეუბნებოდა ობამას მეორე სახელი ჰუსეინიაო. თუ წინათ არაბები აუგად იხსენიებდნენ ამერიკის პოლიტიკას, მაგრამ დადებითად ამერიკელ ხალხს, დღეს ორივეს ერთად აძაგებენ. მათში პოპულარობით სარგებლობს რეგიონის ის ლიდერები, რომლებიც ამერიკა-ისრაელის წინააღმდეგ გამოდიან. გასულ წელს ასეთად თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი მიიჩნიეს. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჟადიც. ერთ დროს აშშ-ს დამჯერი მოკავშირე, ნატოს წევრი თურქეთი ნეგატიურადაა განწყობილი ვაშინგტონის მიმართ, რაც საყოველთაო გამოკითხვამაც დაადასტურა. თურქეთის მოსახლეობის 60% თვლის, რომ ქვეყნის პირველი მტერი აშშ-ია, მეორე - ისრაელი. ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოტენციალის დაქვეითება მთელ რიგ მომენტებს უკავშირდება. ადრე ისეთი მოკავშირეები, როგორებიც იყვნენ თურქეთი და ისრაელი რეფლექსურად მიჰყვებოდნენ ამერიკელთა სურვილებს, ნთქავდნენ ყოვლისმომცვლელ ამერიკულ დახმარებას, მაგრამ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ორივემ დამოუკიდებელი პოლიტიკა ამჯობინა.

სხვა ვითარებაა მოკავშირე საუდის არაბეთში. ქვეყანა შიდა პრობლემებშია ჩაფლული. ჭარბობს სიბერეში შესული უფლისწულთა ერთმანეთში კინკლავი - ვინ დაიკავოს სამეფო ტახტი. ეგვიპტესაც ასაკოვანი მუბარაქი მართავს. მისი ყურადღება უფრო მეტად ჰამასისა და ფათეჰის შერიგებაზეა გადასული, ვიდრე ისრაელ-არაბთა კონფლიქტის მოგვარებაზე. არც მუბარაქი და არც საუდების სამეფო ოჯახი უწინდებური ავტორიტეტით აღარ სარგებლობენ დიდ არაბულ ოჯახში.

აშშ-ს იმპოტენცია თვით მის მიერ დაშვებული ტაქტიკურ-სტრატეგიული შეცდომების ბრალია - სადამ ჰუსეინის „ბირთვული იარაღით“ დაწყებული, ერაყ-ავღანეთის ომით, აბუ გრეიბით და გუანტანამოს ციხეებში პატიმართა წამებით დამთავრებული. სხვაა ამერიკელთა 6-ათასიანი მსხვერპლი და ქარს გატანებული 1,1 ტრილიონი დოლარი. ეს თანხა შეიწირა ერაყ-ავღანეთის ომმა, ყოველივე აღნიშნული არგუმენტირებული საბაბია ახლო აღმოსავლეთში ამერიკელთა ყოფნის შესამცირებლად. ახლო აღმოსავლეთში ამერიკელთა წარუმატებლობის საკითხი ჯერაც შესწავლას, ღრმა ანალიზს საჭიროებს.

ორი წლის წინ ობამამ განაცხადა - ომი ერაყში უნდა შეიცვალოს და მასთან ერთად უნდა შეიცვალოს გონებაც, სწორედ ის, რომელმაც ომი გააჩაღა. სამწუხაროდ ობამასეული soft power ბევრი ვერაფერი მოუტანა ამერიკას. ის ვერ გადაიზარდა ისეთ ძალაში, როგორიც სამხედრო ძალას აქვს. ნაცვლად იმისა, რომ მწარე გაკვეთილიდან ამერიკელმა თქვას - საშინელება, რომელიც არასდროს უნდა გაკეთდეს, ამბობს - „ახლა ჩვენ ვიცით, როგორ შევუტიოთ“.

ამერიკელთა ნაწილი თვლის, რომ ობამას გუნდი გაცილებით მოუქნელად იქცევა ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე ბუშის. მემარჯვენე ამერიკელები, ებრაელები თვლიან, რომ ობამა მეტად პროარაბულია, მაშინ, როდესაც არაბები, ევროპელები და მემარცხენე კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ობამა მშიშარაა, მოჭარბებულად მგრძნობიარე საშინაო საკითხებთან მიმართებაში, ნაკლები სტრატეგიული ხედვით, ჩაკეტილი თეთრი და შავი ამერიკის შეხედულებათა ბალანსირებაში.

მიუხედავად ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებებისაგან, სინამდვილე მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ობამას ამერიკა გაცილებით წარმატებულია რეგიონში, ვიდრე წინამორბედი ბუშის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ობამას მძიმე მემკვიდრეობა ერგო არა მარტო გაუარესებული ეკონომიკით დაწყებული, არამედ ახლო აღმოსავლეთის გამძაფრებული დაპირისპირებით. ისრაელის მიერ ღაზის სექტორში 2009 წელს წამოწყებული ომი ბუშის ადმინისტრაციის წაყრუებით დაიწყო და ობამას ინაუგურაციის წინა დღეებში დასრულდა.

ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბევრი მიიჩნევს, რომ ამერიკა ნავთობით ახლო აღმოსავლეთიდან მარაგდება, რაც მცდარი მოსაზრებაა. ამერიკა რეგიონის ნავთობის მხოლოდ 10% იყენებს. ეს იმაზე ნაკლებია, რასაც რეგიონში მყოფი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტი წვავს. 25 წლის განმავლობაში ამერიკის მოთხოვნილება ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე კიდევ უფრო შემცირდება. ასეთ ვითარებაში სრულად სამართლიანად იბადება კითხვა - რა მოგება მოაქვს ამერიკისათვის რეგიონში დახარჯულ მილიონებს?

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი