ირანელი მატადორი შეუპოვარი მებრძოლია

საინტერესოა, ჩათვლიდა თუ არა აშშ-ი ირანის ბირთვული კვლევის პროგრამას საყოველთაო კატასტროფად, შაჰის რეჟიმი რომ ყოფილიყო?შეკითხვა ნიშნის მოგებისთვის არ არის დასმული.

ის უბრალოდ გამოხატავს რეალობას, რასაც დღეს აქვს ადგილი. ანუ - ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია. ეს ლოზუნგი ამერიკელთა წყალობით წარმატებით მოქმედებდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ამ ლოზუნგს წარმატებით ამოქმედებს მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერობის მსურველი ამერიკა დღესაც.

შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის ირანი ამერიკელთა მყარი დასაყრდენი იყო არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ისრაელთან ერთად ირანი სწორედ ის სახელმწიფო იყო, რომელიც თავს ართმევდა ამერიკელთა მიერ მისთვის ბოძებულ რეგიონის ჟანდარმობას. ვაშინგტონელ პოლიტიკოსთა მჭიდრო თანამშრომლობა შაჰის ირანთან, როგორც ეკონომიკის, ისე სამხედრო დარგში იმდენად მომნუსხველი გამოდგა, რომ ქვეყანაში გაჩენილი ანტიმონარქიული დუღილი შეუმჩნეველი დარჩა. იმჟამინდელი შეცდომები დღესაც სავალალოდ მოქმედებს ამერიკაზე.

ისლამის რევოლუციამდე სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ თვეებში პრეზიდენტმა კარტერმა, ირანში ოფიციალური ვიზიტის დროს, არა მარტო ხოტბა შეასხა მასპინძელი შაჰის რეჟიმს, არამედ სამარადისოდ მოიხსენია ორი ქვეყნის ურთიერთობა.

არ გამართლდა პრეზიდენტის წინასწარმეტყველება. დამხობილმა და ირანიდან გაძევებულმა შაჰმა თან წაიღო ირან-ამერიკის პარტნიორობა. ამერიკელთა სამწუხაროდ ახალმა, ისლამურმა ირანმა უარი თქვა იმ პოლიტიკაზე, რომელმაც შაჰის რეჟიმი ჩაახუტა ვაშინგტონს, უფრო მეტიც, ირანში, ამერიკა მსოფლიოში ყველაზე დიდ ეშმაკად და მტარვალად მოინათლა.

ერთ დროს მოკავშირეები ურთერთის მოსისხლე მტრებად გადაიქცნენ და ასე გრძელდება დღემდე. ეს რომ არა, არავინ ჩათვლიდა ირანს მსოფლიოსთვის საფრთხის მომტანად თუნდაც მას ბირთვული იარაღი ჰქონოდა. თვლიან ასეთად ისრაელს? რომელმაც სწორედ დასავლელთა დახმარებით და თვალის დახუჭვით კარგა ხანია შექმნა ბირთვული ბომბი.

ჯერ-ჯერობით ირანი შორს არის ბირთვული იარაღის დამზადებისგან არა იმიტომ, რომ მას ეს არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რახანია კატეგორიულად განაცხადა, რომ არ დაამზადებს მასობრივი განადგურების იარაღს.

ირანის ხელისუფალთა სურვილია ბირთვული ენერგიის მიღება, მისი დახვეწა და გამოყენება როგორც ენერგეტიკაში, ისე მედიცინაში, მეურნეობის სხვა დარგებში. ირანის ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს აშშ-ი და მისი სატელიტები, რომ ის არ ამზადებს ბირთვულ იარაღს, თუმცა მათი დარწმუნება ძნელი საქმეა.

არის თუ არა ირანის ხელისუფალთა ამგვარი მოქმედება მართებული? ცხადია არის, ვინაიდან ძალის მოთაყვანე დასავლეთისთვის ირანის წინააღმდეგ ხელის აღმართვა გამორიცხული არ არის. დასავლეთისთვის ბირთვული იარაღის მქონე ირანი ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ იქნება. აღნიშნულის ნათელი მაგალითი ჩრდილოეთ კორეაა. რომ არა თუნდაც დაუხვეწილი ბირთვული იარაღი, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, მას დიდი ხანია შავ დღეში ჩააგდებდნენ ამერიკელები და სამხრეთ კორეელები.

„შიში შეიქმს სიყვარულსა“, - ასე ბრძანა დიდმა რუსთაველმა მრავალი საუკუნის წინათ. სამწუხაროდ შიშის ფაქტორი დღემდე უცვლელია. ის, რომ ბირთვული სახელმწიფო ანგარიშგასაწევია, ეს მსოფლიოში ყველასთვის ცნობილი ფაქტია, გარდა საქართველოს ხელისუფლებისა, რომელიც საკუთარი აპოლიტიკური აზროვნებით შორს არის მსოფლიო პოლიტიკისგან.

ბირთვულიარაღიანი ქვეყანა სხვა ძალაა - ის ნაკლებად გადაიქცევა აშშ-ს ან ნატოს აგრესიის სამიზნედ, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს ლიბიაში. დარწმუნებული ვარ, რომ პოლკოვნიკი კადაფი თუ რამეს ნანობს - ბირთვული იარაღის დამზადებაზე უარის თქმაა. რა გაეწყობა პოლიტიკასა და მითუმეტეს ისტორიაში, მაგნიტოფონის ლენტივით უკან გადახვევა შეუძლებელია.

ლიბიის მწარე გაკვეთილების შემდეგ ვინმე და მათ შორის ირანი, დაიჯერებს აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების „მშვიდობისმოყვარეობას“, ვინმე ჩათვლის, რომ ტონიანი ბომბებით მშვიდობიანი ლიბიის ქალაქების განადგურება ლიბიელთა დასაცავად იყო გამიზნული?

მიუხედავად დასავლური პროპაგანდისა, დასავლელთა მესიანობის შესახებ ნაკლებად სჯერათ მესამე სამყაროში. დასავლური პოლიტიკა შეგნებულად თუ შეუგნებლად ხელს კრავს არა მარტო ირანს, არამედ სხვას - იფიქროს თავის დაცვაზე, იფიქროს დამოუკიდებელ პოლიტიკაზე, შორს იყოს მარიონეტობისგან.

მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ქვეყანა, რომელიც საკუთარ პოლიტიკას არ ატარებდეს და დღენიადაგ იმაზე ფიქრობდეს როგორ აამოს ამერიკას და საამებლად ტონა ვაზელინით გაიპოხოს თავი. ასეთი სააკაშვილის საქართველო და ერთი-ორი მისი მსგავსი არშემდგარი ქვეყანაა. ვინც იცავს საკუთარ პოზიციებს, სწამს თავისი ძალის და რაც მთავარია შემართების, დაფასებულია. სწორედ ასეთია დღევანდელი ირანი, ქვეყანა, რომელიც უკვე შეუერთდა ბირთვულ სახელმწიფოთა კლუბს.

ა.წ. 3 სექტემბერს ირანის ბირთვულმა ელექტროსადგურმა პირველი ელექტროენერგია მიაწოდა ქვეყნის ელექტროქსელს. 12 სექტემბერს - ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის ოფიციალური გახსნის დღეს, ენერგიამ 400 მეგავატი შეადგინა. მსოფლიოს ბირთვული კვლევის სააგენტოს მიხედვით, ატომური ელექტროსადგური, რომელიც თუნდაც ერთ კილოვატ ელექტროენერგიას მიაწოდებს ქსელს - ამოქმედებულად ითვლება. ირანის პრეზიდენტის აჰმადინეჟადის განცხადებით, მთლიანი ძალით ბუშერი წლის ბოლოს ამოქმედდება.

ბუშერის ელექტროსადგურის ისტორია ხანგრძლივი და ეკლიანია. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ შაჰის დროს დაიწყო გერმანული კომპანიების სიმენსისა და ტელეფუნკენის მიერ. რევოლუციის პერიოდში მშენებლობა შეჩერდა. მოგვიანებით განახლდა, მაგრამ ახლა ერაყ-ირანის ომმა შეაფერხა ის და არათუ შეაფერხა, არამედ გაანადგურა კიდევაც. არადა პირველი რეაქტორი 80 პროცენტით იყო შესრულებული, მეორე - 50-ით.

ომის შემდეგ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ირანმა თხოვნით მიმართა რუსეთს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. რუსეთზე ამერიკიდან და დასავლეთიდან განხორციელებულმა პოლიტიკურმა ზეწოლამ გააჭიანურა მშენებლობა. ამერიკა-რუსეთს შორის ბუშერის მშენებლობა პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცა.

ვაშინგტონს, რომელსაც 30 წელია ანტიირანული პოლიტიკა ამოძრავებს, კატეგორიულად არ სურდა ბუშერის აშენება. სწორედ მან აიძულა გერმანული კომპანიები უარი ეთქვათ მშენებლობის გაგრძელებაზე. ერთადერთი, რაც მან რუსეთს მოუხერხა - უშიშროების საბჭოზე ანტიირანული რეზოლუციის მიღებაში თანხმობა იყო.

ამერიკის ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭომ ოთჯერ მიიღო ანტიირანული ეკონომიკური სანქციები, მაგრამ მან ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ვერაფერი დააკლო. ცხადია, სანქციები მძიმედ მოქმედებს ირანზე, მისი თითოეული მოქალაქის სოციალურ ყოფაზე, მაგრამ თითოეული ირანელი თვლის, რომ ბირთვული ენერგია მისთვის არა მარტო პრესტიჟის საქმეა და უტოლდება მთვარეზე კოსმოსური ხომალდის გაშვებას, არამედ ჰაერივით აუცილებელია.

რაში სჭირდება ენერგორესურსებით მდიდარ ირანს ბირთვული ენერგია - ამბობდნენ დასავლეთში და თვითონვე პასუხობდნენ ბირთვული იარაღის შესაქმნელადო. ირანი მართლაც მდიდარია ნავთობითა და გაზით, მაგრამ შორსმჭვრეტელ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ისინი ყაირათიანად უნდა მოიხმარონ და მომავალ თაობებს შემოუნახონ. რა არის ამაში ცუდი?

პასუხად ამერიკელისგან ალბათ მივიღებთ - ცუდი ის არის, რომ ირანი მალულად ამზადებს ბირთვულ ბომბსო. ამ ვერსიას ამყარებს ბირთვული სააგენტოს დირექტორის მოხსენება, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება საიდუმლო კვლევებთან დაკავშირებით. სააგენტო იმოწმებს სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მონაცემებს - ირანის მიერ მიწისქვეშა ბუნკერში ურანის გამდიდრების დაწყების თაობაზე. მათი ინფორმაციით, ეს ბუნკერი ქალაქ ყუმთან მდებარეობს.

ცნობისათვის - ბირთვული ბომბის დასამზადებლად საჭიროა 90-პროცენტამდე გამდიდრებული რადიოაქტიური ურანი - 235 იზოტოპი. ასეთის მისაღებად ირანის ტექნოლოგია ჯერ მზად არ არის. სააგენტოს ცნობით, ირანს 5%-ე გამდიდრებული 45 ტონა ურანი აქვს. გარდა ამისა ექსპერიმენტის დონეზე მიმდინარეობს ურანის 20-პროცენტამდე გამდიდრება, რომლის საერთო მოცულობა 320 კილოგრამს შეადგენს. გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვს ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეჩერებას, ვიდრე არ დადგინდება მისი სამშვიდობო მიზნები.

მხედველობაშია მისაღები ფრანგულ გაზეთ „მონდში“ გამოქვეყნებული სიტყვები, რომლის ავტორი საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზია. „ირანის ქმედება გამოიწვევს მის ობიექტებზე პრევენციულ თავდასხმას, რაც სერიოზული კრიზისის მაუწყებელი იქნება, ეს არ უნდა საფრანგეთს“. თუ რა უნდა საფრანგეთს ცნობილია.

საფრანგეთის პრეზიდენტი დიდი ხანია სიყვარულში ეფიცება ვაშინგტონს. საფრანგეთის დღევანდელი ხელისუფლება ის არ არის, რაც შირაკის ან დე გოლის დროს იყო. ვაშინგტონმა სარკოზის სახით მტკიცე მხარდამჭერი მიიღო. ასე, რომ სარკოზის მხრიდან სულაც არ არის გამორიცხული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რასაც სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი ლიბიის მიმართ. საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტ-პრემიერი იყვნენ ინიციატორები ლიბიის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის. ერაყ-ავღანეთში ყურამდე ჩაფლულმა აშშ-ა ამჯერად ინიციატივა მათ დაუთმო. ინიციატორებმაც არ დააყოვნეს - ბომბეს და ბომბეს ლიბიის ქალაქები, ცხადია შესაბამისი მსხვერპლით...

მაგრამ ირანი ლიბია არ არის. ის სხვაა, არა მარტო სამხედრო პოტენციალით, არამედ მოსახლეობის სიმტკიცით და შეუდრეკლობით ნებისმიერი მომხდურის მიმართ. ირანი იოლი დასაჩოქებელი არ არის. ამის გაუთვალისწინებლობას სრული კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს.

ცხადია, ბირთვულიარაღიანი ირანის ავტორიტეტი ერთი-ორად გაიზრდება ახლო აღმოსავლეთში. ანტიამერიკულად განწყობილი ამ რეგიონის მოსახლეობა ირანს ყოველთვის მიიჩნევდა დამხმარედ, ნუგეშის მიმცემად. ირანის გავლენა საგრძნობია არა მარტო რეგიონის შიიტებში, არამედ სხვებშიც.

ბირთვულიარაღიანი ირანი ვაშინგტონის წინააღმდეგ გაშლილი ის წითელი ნაჭერი იქნება, რომელიც ესოდენ აღაგზნებს ისედაც აგრესიულ ხარს. ოღონდ ერთია: წითელნაჭრიანი ირანელი მატადორი შეუპოვარი მებრძოლია. მან კარგად იცის თავდაცვაც და შეტევაზე გადასვლაც.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი