ნიკოლა სარკოზის ვიზიტისგან დარჩენილი შთაბეჭდილება

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაფერმკრთალებული ნიკოლა სარკოზის ვიზიტი - სწორედ ასე მესახება 6-7 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები.

საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისათვის გულიანად და საფუძვლიანად ემზადებოდა სააკაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლება, ადმინისტრაციული ორგანოები, ქვეყნის რეგიონების ხელმძღვანელები, სხვები და სხვები, მათ შორის „სააკვიზიები“, „სააკპრესა“, „სააკინფორმები“, მოცეკვავე და მოხტუნავე ქართველობა და რაც მთავარია, ეგრეთ წოდებული კოორდინატორები - უბნებისა და სახლების, რომლებიც სულში უძვრებიან მათ „სამწყემსოში“ მცხოვრებ მოსახლეობას.

ვიზიტის დღეს თავისუფლების მოედანი, რუსთაველის პროსპექტი, შემოგარენი თბილისიდან და რაიონებიდან ჩამორეკილი ხალხით გაივსო. ხალხმრავლობა, თანაც ზომაზე მეტი, აუცილებელი იყო მაღალი სტუმრის დასარწმუნებლად, რომ ქართველი ერი და ბერი ერთად არის, ცხოვრობს შეხმატკბილებულად, აშენებს დემოკრატიას. ხალხს უყვარს თავისი ხელისუფლება და რაც მთავარია, პრეზიდენტი.

ხალხმრავლობა, პრეზიდენტების მიერ წარმოთქმული სიტყვებისთვის ტაშის შეგებება, კმაყოფილების მომგვრელი ბანერბი - ორივე პრეზიდენტისთვის სასიამოვნო და რაც მთავარია, სასარგებლო იყო. მასპინძლისათვის იმიტომ, რაც ზევით მოგახსენეთ, სტუმრისათვის კი იმიტომ, რომ მასაც სჭირდება PR-ი.

თბილისში სამსაათიანი ვიზიტი უფრო სარეკლამო „როლიკს“ ჰგავდა, ვიდრე საქმიან სტუმრობას, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვაში იყო ერთობ საყურადღებო რჩევა რუსეთთან მიმართებაში - საჭიროა ახალი ურთიერთობის დაწყება, საჭიროა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, როგორიც საფრანგეთმა გააკეთა გერმანიასთან.

სხვა ყველაფერი, რაც პატივცემულმა სარკოზიმ ბრძანა ძველი, ტრაფარეტული და გაცვეთილი ფრაზები იყო - არაერთხელ გაჟღერებული, არაფრის მომტანი.

სარკოზის სიტყვის წაღმა-უკუღმა ტრიალი კარგა ხანს გაგრძელდება. ხელისუფლების ტალღაზე მომართული მედია და პოლიტოლოგ-პოლიტიკოსობა მილიონჯერ იტყვიან იმას, რაც სარკოზის არ უთქვამს, თანაც კატეგორიული მტკიცებით - თქვენ ვერ გაიგეთ, მან ეს თქვაო.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვა, როგორც ყოველთვის, იყო მაამებლური და ლიქნით სავსე სარკოზისადმი, ევროპული ფასეულობებისადმი, დიდი ევროპული მეგობრისადმი და გინება – უკიდეგანო, პირდაპირი, ჩვეული შეურაცხყოფებით მეზობელი რუსეთისადმი. მგზნებარე ლანძღვა-გინების შემდეგ სარკოზის მოწოდება რუსეთთან მეგობრობისათვის, ისეთივე ლახვარი იყო სააკაშვილისთვის, როგორც ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა.

ცხადია, ნაცთა ბელადი არც ერთს ელოდა და არც მეორეს. მედიის მიერ ხაზგასმულ სარკოზის სიტყვებში, რომ საფრანგეთი და ევროკავშირი აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – არახალია. ან ვინმე იფიქრებს, რომ საფრანგეთის, თუნდაც ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი, სხვა რამეს იტყვის?

თქმაც არის და თქმაც, და ამ თქმაში ტონიც და ინტონაციაც. ის, რაც სარკოზიმ თქვა სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საერთოდ, რუსეთთან მიმართებაში, იყო მშვიდად, ხმადაბლა ნათქვამი, თვალების გადმოკარკვლის და პირზე დუჟის მორევის გარეშე, რასაც ხშირად ვხვდებით ნაცთა ბელადის სახეზე.

და ეს ყველაფერი არის გამოწვეული საფრანგეთ-რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობით არა მარტო „მისტრალის“ საქმეში, არამედ კოსმოსის ათვისების, მრეწველობის სხვადასხვა დარგებში თანამშრომლობის, მეცნიერების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში კავშირებით.

საფრანგეთს სჭირდება რუსეთი, ისევე, როგორც რუსეთს – საფრანგეთი. ყოველივე ამას თუ დავუმატებთ ფრანგულ-რუსულ ისტორიულ ურთიერთობას, ერთობ მდიდარს და თვალსაჩინოს, ნათელი გახდება, რომ სარკოზი თავს უფლებას ვერ მისცემდა რეიგანივით ზურგით დამდგარიყო გაყოფილი ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭესთან და ხრუშჩოვის მიერ აშენებულ კედელზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა - გორბაჩოვო, დაანგრიე ეს კედელი!

რეიგანს - მაშინდელი წარმატებული აშშ-ს პრეზიდენტს, შეეძლო დაჩოქების პირას მისული საბჭოთა ლიდერისთვის მკაცრი ტონით თქმა. დარწმუნებული ვარ, არათუ სარკოზი, არამედ აშშ-ს პრეზიდენტი ობამაც ვერ შეჰბედავს ფეხზე დამდგარი რუსეთის პრეზიდენტს მკაცრი ტონით ლაპარაკს.

რეცესიით და ეკონომიკური უძრაობით გათანგული ამერიკა ვერაფრით უმკლავდება საშინაო პრობლემებს, უმუშევრობას, გაუარესებულ სოციალურ ყოფას, მაშინ, როდესაც რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ს აღწევს.

სარკოზი, ობამა, სხვები და სხვები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ასე იტყვიან მუდამ, მაგრამ შედეგი? ორი დღის წინ ცნობილმა ინგლისელმა ჟურნალისტმა სტეფან საკურმა „ბი-ბი-სი“-ს ეთერში, გადაცემა „ჰარდ ტოკში“ გიორგი თარგამაძე მიიწვია და გულახდილად უთხრა - რა აზრი აქვს საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას ან ნათქვამს, თუ მას შედეგი არ მოაქვს და თან ისიც დაუმატა - განა უმჯობესი არ იქნება საქართველომ, რომ რუსეთთან საერთო ენა გამოძებნოსო?

ეს ნათქვამი იგივე შინაარსისა იყო, როგორიც სარკოზის, რაც იმის მაუწყებელია, რომ დასავლეთი ასე ფიქრობს და რომ ასე ფიქრობს, რახან თავი ევროპელი გგონია, შენც ასე უნდა იფიქრო და არა თუ იფიქრო, საქმით დაამტკიცო.

საქმით კი სააკაშვილი და სააკაშვილები საწინააღმდეგოს მიერეკებიან. მასში დიდი დოზით არის მეზობელი ქვეყნის მიმართ გესლიან-ღვარძლიანი გამონათქვამები, პოლიტიკისთვის მიუღებელი ეპითეტები. დავუშვათ, სააკაშვილმა შეცვალა თავისი რიტორიკა, ცხადია პოლიტიკასთან ერთად - გადათქვამს რუსეთის ტანდემი ნათქვამს - სააკაშვილთან არ დავილაპარაკებთ.

მედვედევი სააკაშვილი არ არის, კეთილი განწყობისთვის საკუთარი გადაფურთხებული ალოკოს. პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და მათაც ისე წყინთ პირადი შეურაცხყოფა, როგორც რიგითს. ამდენად, ვიდრე პოლიტიკოსი რაღაცას იტყვის, ვალდებულია დაფიქრდეს, კარგად გადახარშოს - რას მოიტანს მისი ნათქვამი.

სარკოზის ვიზიტი, მიმართული მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისაკენ, „საპიარო“ ნაბიჯი იყო. თუ რას მოიტანს ის – მომავალი და სარკოზის თანმხლები ჟურნალისტების გამოქვეყნებული სტატიები დაგვანახებს.

სულაც არ არის გამორიცხული, ზოგიერთ მათგანს თვალი მოეკრა ფილარმონიასთან გამართული საპროტესტო აქციისათვის. თუ ამას ჰქონდა ადგილი, ჟურნალისტთა აზრი აღარ დაემთხვევა საქართველოს პრეზიდენტის „დემოკრატიულ“ იმიჯს, რაც თავისთავად გააჩენს კითხვას – რა უნდოდა სარკოზის, დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყანაში, სადაც დემოკრატია ისე იწნეხება, როგორც რიყის საწნახელში ნაცთა მიერ დაწნეხილი ყურძენი.

და კიდევ ერთი მარტივი ნიუანსი ანუ პრეზიდენტ მედვედევის დამოკიდებულება სარკოზი–მედვედევის ხელშეკრულებასთან.

ორი თვის წინათ მედვედევმა მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ ხელშეკრულების უმთავრესი მიზანი ცხინვალის ომის შეჩერება იყო - გამოწვეული სააკაშვილის ავანტიურიზმით. „ხელშეკრულება შედგა: ა) სრულად; ბ) ასი პროცენტით. სხვათა ლაპარაკი ჩემამდე არ აღწევს, ვინაიდან არ მაინტერესებს“, - თქვა პატივცემულმა მედვედევმა. დარწმუნებული ვარ, მას სარკოზისთვის არაერთხელ უთქვამს ეს მოსაზრება.

სარკოზის თემის დასასრულს პროტოკოლური ნიუანსის შესახებ, რაც ხინჯად ჩამრჩა გულში.

როდესაც პრეზიდენტი ტრაპთან ხვდება პრეზიდენტს, ტრაპთან უნდა გამოემშვიდობოს.

ვერ გეტყვით, როგორ პროტოკოლზე შეთანხმდნენ სტუმარ-მასპინძელი, მაგრამ, როდესაც მასპინძელი საჯაროდ აღმატებით სიტყვებს არ იშურებს სტუმრისათვის, აეროპორტში გაცილებაც არ უნდა დაამადლოს.

ამას მალაპარაკებს მრავალწლიანი პროტოკოლური გამოცდილება - საქართველოს პროტოკოლის შეფის რანგში.

სარკოზი არა მარტო სააკაშვილმა არ გააცილა, არამედ არც ერთმა მაღალი რანგის პირმა, რაც ჩემი აზრით, უხეში პროტოკოლური დარღვევაა.

მავანმა შეიძლება სთქვას – სულაც არ იყო საჭირო საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის გაცილებაო. კეთილი, მაგრამ რანგით - აუცილებელი იყო, ვინაიდან საქართველო საფრანგეთი არ არის.

ისტორიაში გათვითცნობიერებულ მკითხველს უბრალოდ შევახსენებ - მეორე მსოფლიო ომის დროს უზარმაზარი ქვეყნის მეთაურმა სტალინმა რკინიგზის სადგურში გააცილა იაპონიის ელჩი საბჭოთა კავშირში. ელჩსა და პრეზიდენტს შორის დიდი განსხვავებაა.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი