აშშ-ს ტერორისტული აქტის ათი წლისთავი

აშშ-ი საზარელი ტერორისტული თავდასხმის მეათე წლისთავს აღნიშნავს. დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ათი წლის წინანდელი ტერაქტი კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისი იყო

. ცხადია, ერთ პატარა სტატიაში შეუძლებელია მსოფლიოს პირველ სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმის საფუძვლების, შედეგების, მნიშვნელობის განსაზღვრა, მაგრამ ის კი შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ ამერიკაც შეიცვალა და მსოფლიოც - უარყოფითობისკენ.

ნიუ-იორკსა და ვაშინგტონზე განხორციელებულმა თავდასხმამ დაგვანახა მსოფლიო ლოკომოტივის უსუსურობა და უმწეობა უეცრად მოვარდნილ ტერორისტულ ცუნამთან ბრძოლაში, დაგვანახა ისიც, რომ თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიით გაძეძგილი ამერიკა ვერ პროგნოზირებს მოსალოდნელ თავდასხმას, ისე, როგორც ამას აკეთებს ქარიშხლების დროს. არადა ტერორისტულ აქტებს მანამდეც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. ოღონდ ამერიკიდან შორს, სხვა კონტინენტზე, თუნდაც რუსეთში. ამ უკანასკნელის ხელისუფლება ხომ იმთავითვე გაჰყვიროდა ტერორიზმის საყოველთაო საფრთხის თაობაზე, ცხადია საკუთარი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე.

სხვისი ჭირი, ღობის ჩხირის პოლიტიკა უმცროსი ბუშისა და ნეოკონსერვატორი რესპუბლიკელების თანდაყოლილი მანკიერება იყო. უფრო მეტიც, სწორედ აშშ-ს გარკვეული წრეები უმართავდნენ ხელს ავღანეთში საბჭოეთის წინააღმდეგ მებრძოლ მეომრებს.

სწორედ ოფიციალური ვაშინგტონის ძალისხმევით ჩამოყალიბდა საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ მებრძოლი თალიბანი და ალ ქაიდა. ამ ორგანიზაციის ლიდერს, შემდგომში მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხულ ბინ ლადენს, ხომ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ს სპეცსამსახურებთან? განა იგივე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მუშაკები, დასავლელი პოლიტიკოსები არ იდგნენ ჩრდილო კავკასიის ტერორისტთა უკან? მოსკოვის მიერ კარგა ხნის წინათ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, „დამოუკიდებლობისთვის“ მებრძოლი ჩეჩენი ტერორისტები თბილ მასპინძლობას ღებულობდნენ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისგან.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ტერორიზმმა ნაცვლად შემცირებისა, ფართოდ გაშალა ფრთები და ყოველივე ამას ისე, როგორც გასული საუკუნის ბოლო ოცი წლის განმავლობაში, აშშ-ს მოუქნელმა, გაუაზრებელმა, გაუთვლელმა გადაწყვეტილებებმა შეუწყეს ხელი. უხილავი ტერორიზმის წინააღმდეგ ბუშის მიერ ინიცირებულმა ომებმა ერაყსა და ავღანეთში ათასობით ამერიკელი და მისი მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე შეიწირა, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეულ-ათასობით ადგილობრივ მოსახლეზე.

ამ ორივე ქვეყანაში ხანგრძლივმა ომებმა გაანადგურა ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია ადამიანთა სულები. ბუშის დევიზი - თუ არ გინდა საკუთარ სახლში ტერორიზმის ხილვა, იქ უნდა იბრძოლო, საიდანაც ის იღებს სათავეს. მას მხედველობაში ჰქონდა არა მარტო ერაყ-ავღანეთი, არამედ ამერიკისთვის სხვა მიუღებელი და ჯიუტი ქვეყნებიც - ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სხვები.

ბუშის მიხედვით, ამერიკა უნდა ჩადგომოდა სათავეში ცივილიზებული მსოფლიოს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ამერიკას უნდა ეზეიმა სწრაფი და ეფექტიანი გამარჯვება ტერორიზმზე. გამარჯვებულ ამერიკას უნდა განემტკიცებინა თავისი ერთპიროვნული მსოფლიო ლიდერობა. ამერიკა უნდა გადაქცეულიყო ოცდამეერთე საუკუნის უცილებელი ლიდერი და ბატონ-პატრონი. ბუშის და ნეოკონსერვატორების შორსმომავალი გეგმები, მათდა სამწუხაროდ, სალ კლდეს შეასკდა - საკუთარი ორგანიზმის, განსაკუთრებით სახის დაზიანებით. ეს უკანასკნელი მართლაც სერიოზულად დაუზიანდა. დღეს ნაკლებად თუ სჯერა ვინმეს აშშ-ს უძლეველობა.

ათი წლის წინათ განხორციელებულმა ტერაქტმა მიზანს მიაღწია, სერიოზულად შეურყია რა საფუძველი ამერიკულ ჰეგემონიზმს. 21-ე საუკუნის პირველი დეკადის შედეგებმა ცხადჰყო, რომ ერთპიროვნული მსოფლიო ლიდერობა უმძიმესი უღელია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, როგორც რუსები იტყვიან - სრიალის მოსურნეს, ციგის ტარებაც უნდა უყვარდეს, თუმცა ამერიკას სხვის ხარჯზე, სხვისი ექსპლუატაციით უყვარს სრიალი.

ამერიკა ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერობას, მაგრამ რის ვაი-ვაგლახით. ის ინერციით მიექანება, თუმცა პროგნოზი სავალალო შეჩერებას ვარაუდობს. ბუშის მიერ ტერორიზმის საბაბით დაწყებულმა ორმა ომმა გააჩანაგა აშშ-ს ეკონომიკა, შეაფერხა საფინანსო-მონეტარული სისტემის განვითარება, გამოიწვია რეცესია და ეკონომიკური სტაგნაცია, ამ ქვეყნის ისტორიაში არნახული უმუშევრობა.

უმძიმესი ქვეყანა ჩაიბარა დემოკრატმა ობამამ. სამი წელია იბრძვის ის ვითარების გაუმჯობესებისთვის, მაგრამ ამაოდ. უმუშევრობა გაყინული 9.1 პროცენტს ვერაფრით შორდება, ვერც საერთო ეროვნული პროდუქტის წარმოებამ ისახელა თავი, ნაცვლად დასახული 2.5 პროცენტისა ძლივს დაფიქსირდა 1%-ი. გაშმაგებული და იმედგაცრუებული ამერიკელი ბუშს აღარ იხსენებს და ყველაფერში ობამას ადანაშაულებს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, 10-დან 6 ამერიკელი უკმაყოფილოა ობამას პოლიტიკის. მას ნაკლებად აღაფრთოვანებს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ბინ ლადენის ლიკვიდაცია. მას ტერორიზმთან ბრძოლის ნაცვლად ავღანეთიდან ჯარის დაბრუნება აინტერესებს. ობამა იძულებული იყო ამომრჩეველს დაპირებოდა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას. გეგმის მიხედვით, ეს წლის ბოლოს დაიწყება, მაგრამ როდის დამთავრდება ზუსტად არავინ იცის, ისე, როგორც გაჭიანურებული ომის დასასრული.

ორმა პარალელურმა ომმა, განუზომელმა სამხედრო ხარჯებმა უმძიმესი დარტყმა მიაყენეს აშშ-ს ბიუჯეტს. სახელმწიფო ვალმა ასტრონომიულ 14 ტრილიონს გადააჭარბა, გაუარესდა აშშ-ს მოკავშირეთა საფინანსო-ეკონომიკურ-სოციალური ვითარებაც. მსოფლიო კაპიტალიზმში სერიოზული ნაკლოვანებები დაფიქსირდა. დასავლეთში და მათ შორის ამერიკაში ხალხმა მარქსის „კაპიტალს“ მიაკითხა. გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ მარქსის თეორიას არასდროს ჰყოლია იმდენი თანამგრძნობი, როგორც დღეს.

ტერაქტიდან მე-10-ე წლისთავზე მსოფლიო კაპიტალიზმის მედროშის აშშ-ს მდგომარეობა სავალალოა. ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-ს გამოთვლით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკელთა დასაქმება სტაბილურ 0-ს ვერ აცდა, რაც პირდაპირ თუ ირიბად ტერორისტთა შორსმიმავალი გეგმის ნაყოფია.

ეკონომიკურ-ფინანსურად მოდუნებულ ამერიკას ზურგში ესმის წამოწეული გიგანტი ჩინეთის სუნთქვა, ცოტაც და მილიარდ სამასმილიონიანი ჩინეთი უკან ჩამოიტოვებს მას, ისე, როგორც ჩამოიტოვა გერმანია-იაპონია. ჩინეთი დაუფარავად გამოხატავს აშშ-ს საფინანსო სისტემის მიმართ უკმაყოფილობას. დღეს ის ამის სათქმელად ვაშინგტონში კი არ ჩადის, არამედ ვაშინგტონი სტუმრობს მას ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის სახით ვითარების გასამარტავად.

არანაკლები ეკონომიკური წინსვლაა დაფიქსირებული „ბრიჩის“ (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) ქვეყნებში. ჩვენს მეზობელ რუსეთში საერთო ეროვნული პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით, 4.4 პროცენტის წინსვლას მოელიან. ასე ამბობს მსოფლიოს საფინანსო ექსპერტობა. ცხადია, რუსეთს ჯერაც უამრავი ეკონომიკური ხარვეზი აქვს, მითუმეტეს სოციალური, მაგრამ უცხოური მონაცემებით ის, ისე, როგორც არც ერთი სხვა, წარმატებით უმკლავდება შემობრუნებულ რეცესიას.

ტერაქტიდან გასული 10 წლის განმავლობაში არც საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნებოდა ისეთი ძვრები, როგორც ამას ნაციონალური ხელისუფლება ხატავს. ზოგი ჭირი სასარგებლო გამოდგა ქვეყნისთვის, თუმცა ხანმოკლე ვადით, ვინაიდან დაკარგული ტერიტორიების საფასური - 4.5 მილიარდი დოლარი სულაც არ არის კომპენსაცია. ტერიტორიები, მითუმეტეს მცირემიწიანი ქვეყნისთვის შეუფასებელია. ბუშის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ ავანტიურაში 4.5 მილიარდის გადახდა არაპროპორციული ქმედებაა, მაგრამ რა გაეწყობა, როდესაც უგუნური ხელისუფლება გყავს, სხვას არ უნდა ელოდე. ცუდია თუ კარგი დღემდე ამ თანხით მოვდივართ, თანაც გამუდმებული თავის ქებით თავბრუდამხვევი ეკონომიკური წინსვლის შესახებ.

პოლონეთში ამასწინანდელი გამოსვლის დროს სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას, ისეთს, საქართველოს მოსახლეობამ რომ არ იცის. ბენდუქიძემ ვიღაც გამოჩხრიკა რუსეთში, ვინც წიგნი მიუძღვნა ქართულ ეკონომიკურ „სასწაულს“ - სათაურით „რატომ გამოუვიდა საქართველოს?“ არ გამოუვიდა არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, მაგრამ გამოუვიდა საქართველოს. როგორც ჩანს მოწვეულ სტუმარზე, შემდგომში ავტორზე განუსაზღვრელი ძალით იმოქმედა ბენდუქიძის მონათხრობმა. მისი აზრების ხიბლმა, მაგრამ ყველაზე მეტად ფულმა. ნათქვამია ფული ჯოჯოხეთს ანათებსო - ჩემის მხრივ დავუმატებდი - ხარბთა ტვინებსაც.

საბედნიეროდ ტერორიზმი პირდაპირი, ფართომასშტაბიანი სახით საქართველოსთვის უცნობია. თუ რამე იცის მან ამის შესახებ ტელევიზიებისა და მერაბიშვილის უწყების დაუღალავი „შრომის“ შედეგად. ვანოს მონაცემებით, რაღა ჩვენ და რაღა ამერიკა, ჩვენც ტერაქტების ეპიცენტრში ვართ მოქცეული ტერორისტი რუსეთის მხრიდან. ერთ-ერთმა საერთაშორისო რეზონანსიც შეიძინა, მხედველობაში მაქვს აშშ-ს საელჩოს ღობესთან აფეთქებული ბომბი. რუსეთის „გრუ“ დგას ტერაქტის უკანო, - გვაუწყა ამერიკულმა „ვაშინგტონ ტაიმსმა“ საქართველოს სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რუსებიც არ თაკილობენ საქართველოს ხელისუფალთა დადანაშაულებას ჩრდილო კავკასიაში განხორციელებულ ტერაქტებში ქართული კვალის მხილების თვალსაზრისით. ერთი სიტყვით - სისტემატურად გაისმის ძახილი - შენ თვითონ ხარ ტერორისტი. მაგრამ საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით ამით ვიფარგლებით.

კავკასია ურთულესი რეგიონია სხვადასხვა კონფესიებითა და ერთმანეთისადმი არცთუ მეგობრული დამოკიდებულებით. პატარა ტერორისტული ნაპერწკალი დიდი ხანძრის აგიზგიზების წინაპირობა გახდება. ყოველივე ამას სხვაგვარი პოლიტიკური მიდგომა ესაჭიროება, ღრმა ცოდნა და თავშეკავება.

ათი წლის წინათ განხორციელებულმა თავდასხმამ საბოლოო ჯამში კიდევ უფრო დააპირისპირა ქრისტიანები და მუსლიმანები. ისინი თვლიან, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება ცუდია. ამ დასკვნამდე მივიდა ამერიკული კვლევის ცენტრი Pew Research Center, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, რუსეთის მოსახლეობაში, აგრეთვე მუსლიმანურ ქვეყნებში. ქრისტიანული ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა თვლის, რომ მუსლიმანები დაუნდობელი, სასტიკი ფანატიკოსები არიან. მუსლიმანები კი თვლიან, რომ ევროპელები და ამერიკელები ეგოისტები, ამორალურები, ხარბები, დაუნდობლები და ფანატიკოსები არიან. მუსლიმანები თვლიან, რომ მათი სიღარიბის საფუძველი იმ ეკონომიკურ პოლიტიკაშია, რომელსაც დასავლეთი მიმართავს ისლამურ ქვეყნებში.

გამოკითხულ მუსლიმანთან 53% თვლის, რომ ამერიკა და ევროპა შეგნებულად უშლის ხელს მათ ეკონომიკურ წინსვლას. გამოკითხულ ქრისტიანთა 54% მიიჩნევს, რომ მუსლიმანთა სიღარიბე თვით მათი ბრალია, რაც გამოწვეულია კორუფციით. ქრისტიანთა 52% და მუსლიმანთა 49% თვლის, რომ მუსლიმანური ქვეყნების სავალალო მდგომარეობა არადემოკრატიული ვითარებით არის გამოწვეული.

ევანგელისტ ქრისტიანთა შორის ისლამმა მეოთხე ადგილი დაიკავა ყველა იმ საფრთხეებში, რაც მათ ემუქრებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტერორისტული აქტის 10 წლის თავზე ვითარება ერთობ დაძაბულია. 8 სექტემბერს აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოახლოებულ თარიღს ამერიკელები მზადყოფნაში უნდა შეხვდნენ, ვინაიდან ალ ქაიდა გეგმავს მორიგ ტერაქტს. განხორციელდება თუ არა ეს არავინ იცის, მაგრამ ის, რომ ამერიკელები ამ დღეს უძილოდ შეხვდებიან, ფაქტია.

ტერორიზმის წინააღმდეგ ათი წლის წინათ დაწყებულმა საყოველთაო ომმა შედეგი ვერ გამოიღო, ისე, როგორც ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამებამ. მსოფლიოს პირველი დემოკრატი ქვეყანა არც ამ საზარელ ხერხზე ამბობს უარს, მაგრამ ვითარება არ იცვლება. ეჭვმიტანილთათვის სიგარეტის სახეზე მიწვა, პენისის წაჭრა, ცივი წყლის ჭავლის აბაზანებით გამოტეხა ნაკლებშედეგიანი გამოდგა. მსოფლიო, ისე, როგორც ათი წლის წინათ ტერორიზმის საფრთხის ქვეშ იმყოფება.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი