ქსენოფობია თუ შურისძიება?

აგვისტოს მოვლენებიდან საქართველოსთვის ბევრი რამ იყო საყურადღებო, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფ ორი პრეზიდენტის - ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის გამოსვლას.

პირველთან ინტერვიუ გააკეთა „იტარ-ტასის“ ხელმძღვანელის მოადგილემ, მეორესთან - სამმა ჟურნალისტმა, მათ შორის ერთ-ერთმა საქართველოს ახალი ტელეკომპანიიდან.

რით იყო ორი სახელმწიფო მეთაურის განცხადება საყურადღებო? პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც ინტერვიუს პერიოდში 50 წელი შეუსრულდა, ძირითადი ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით დაწყებულმა კონსტრუქციულმა გადატვირთვის პროცესმა უკვე მოიტანა ნაყოფი და მას იმედი აქვს, რომ ორი სუპერ სახელმწიფოს პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება უდავოდ წაადგება მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეს.

ამერიკის პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში რუსეთის და მისი ტანდემის მიმართ მხოლოდ კეთილი, დადებითი განწყობა გამოსჭვიოდა - ისეთი, რასაც იმსახურებს ორი თანაბარი სახელმწიფო. ობამას არც ერთ სიტყვაში არ ჩანდა წინა ადმინისტრაციისათვის ჩვეული ქედმაღლობა, ამპარტავნობა, მსოფლიოს პირველი სახელმწიფოს ცხვირაწეული დამოკიდებულება მასზე საფეხურით დაბლა მდგომი ქვეყნის მიმართ. ცხადია ასეთი განწყობა იმ რთული საფინანსო-ეკონომიკური ფაქტორებით არის გამოწვეული, რასაც ადგილი აქვს აშშ-ი და აქედან გამომდინარე მთელ მსოფლიოში.

ფაქტია - აშშ-ი ვეღარ ქაჩავს მსოფლიოს ეკონომიკურ ლოკომოტივობას, რაც თავისთავად ბადებს სხვა სახელმწიფოთა მიერ მსოფლიოს რეგიონული საფინანსო-ეკონომიკური ცენტრების შექმნის სურვილს. მრავალი წლის წინათ გაჩენილმა - მსოფლიოს მრავალპოლუსიანობის კონცეპციამ, დღეს ნოყიერი ნიადაგი პოვა.

აშშ-ი უკვე ზურგში გრძნობს „ბრიჩის“ ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) გახშირებულ ეკონომიკურ სუნთქვას, რაც თავისთავად აფიქრებინებს მას საკუთარი პოზიციების კორექტირებაზე.

კაცობრიობისათვის გაცილებით უმჯობესი იქნებოდა, რომ ამერიკის გუშინდელ ადმინისტრაციას სხვაგვარი შეფასება მიეცა მსოფლიო პროცესებისთვის, საღი თვალით შეეხედა ზემოთნახსენები ქვეყნებისთვის, გვერდზე გადაედო ქედმაღლობა და რაც მთავარია თავი დაენებებინა სხვა ქვეყნებში ე.წ. ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების მოწყობას, არ ჩართულიყო ორ ძვირადღირებულ ომში - ერაყსა და ავღანეთში.

მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტების დასკვნით რეცესია და სტაგნაცია სწორედ ბუშის ადმინისტრაციის უყაირათო ხარჯვამ გამოიწვია.

მკითხველმა ისე არ გაიგოს, რომ აშშ-ა წარსულზე მთლიანად აიღო ხელი, ცხადია არა. აშშ-ი ადმინისტრაციის გარდა მრავლად არიან პოლიტიკოსები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დღენიადაგ ამერიკის ჰეგემონიზმზე ფიქრობენ, დროს არ კარგავენ სხვა ქვეყნების არასასურველი რეჟიმებისთვის კისრის მოსაგრეხად - ნაცადი დევიზის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საბაბით.

მათთვის დემოკრატია მხოლოდ იმ ქვეყანაშია, სადაც ამერიკისადმი განწყობა ლოიალურია. ასეთთა რიცხვშია საქართველოც, უფრო სწორად საქართველოს ხელისუფლება, ვინაიდან მოსახლეობის დამოკიდებულებას ამერიკისადმი ვერაფრით დავარქმევთ ლოიალურს.

სწორეთ ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ჯგუფების გამოისობით სააკაშვილის ხელისუფლება აგრძელებს იმ სადგისობას ამერიკელთა ხელში, რომელიც დროდადრო რუსულ დუმებში ერჭობა, ცხადია ერთობ არასასიამოვნოდ ამ უკანასკნელისათვის.

სააკაშვილი, როგორც ჩანს არავითარ ყურადღებას არ აქცევს აშშ-ს პირველი პირის განცხადებას რუსეთის მიმართ, მხედველობაში არ იღებს - იმ კონსტრუქციულ ურთიერთობას, რომელიც ობამას დროს ჩამოყალიბდა ორთა შორის. ობამა მიიჩნევს, რომ გადატვირთვის პროექტის ავტორი პირადად არის და აქედან გამომდინარე არაფრით დაუშვებს ამ პროექტის უგულებელყოფას, შეურაცხყოფას, თუნდაც „რევოლუციური და დემოკრატიული“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

ობამას ინტერვიუ, როგორც ჩანს უარყოფითად იყო აღქმული საქართველოს ხელისუფალთა მიერ. აქედან გამომდინარე, არსით ხმა, არსით ძახილი მოჰყვა პრეზიდენტის განცხადებას ქართულ მედიაში, რასაც ვერ ვიტყვით მეორე პრეზიდენტის, მედვედევის განცხადებაზე. ქართულმა ტელეკომპანიებმა ცინიზმისა და კრიტიკის ქარიშხალში გაახვიეს რუსეთის პრეზიდენტის თითოეული წინადადება, რაც კარგად არის ცნობილი მკითხველისთვის, ამდენად მასზე არ ღირს ყურადღების გამახვილება. ვიტყვი მხოლოდ იმ დადებით მოსაზრებაზე, რომელიც ამოვიკითხე მედვედევის ნათქვამში - სამომავლო ურთიერთობა, გადაზრდილი საქმიან კონტაქტებში.

სააკაშვილის დამსახურებული კრიტიკის მიუხედავად, მედვედევს საქართველოს საქილიკო ან შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ დასცდენია, რასაც აშკარად ადგილი აქვს მისი ქართველი ოპონენტის მხრიდან, ცხადია რუსეთთნ მიმართებაში. მიუხედავად ქსენოფობიური მომენტების სიჭარბისა, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი ქართველ პოლიტიკოსთა მხრიდან მეზობლის მიმართ. მედვედევმა, გარდა სააკაშვილისა, ყველას გაუღო კარი, საქმიანი დიალოგისთვის.

მერედა რა მოჰყვა ამას ქართველთა მხრიდან? ნაცადი ქილიკი, ნაცვლად დაფიქრებისა და აწონილი, გონიერი ნაბიჯების გადადგმისა.

ახლა, რაც შეეხება ქსენოფობიას. ეს სიტყვა ერთობ აღზევდა აგვისტოს მეორე დეკადაში და რატომღაც, დაუკავშირდა მსოფლიოში აღიარებულ რეჟისორსა და საზოგადო მოღვაწეს, რობერტ სტურუას. ქსენოფობიად შეფასდა რეჟისორის მიერ ალალად ნათქვამი ქვეყნის პირველი პირის სომხურ წარმოშობასთან დაკავშირებით. გავრცელბული ხმების მიხედვით, პირველს არ მოსწონებია ასეთი შეფასება და უმალ განუცხადებია - მომაშორეთ თავიდან! და „დემოკრატმა“, მოჭარბებულად „ტოლერანტმა“ მინისტრმა რურუამ უმალ გამოაცხო სტურუას „მოშორების“ (თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან) ბრძანება, ქსენოფობიის საბაბით, რითაც აშკარად საფუძველი ჩაუყარა ახალ, სხვაგვარ ქსენოფობიას, რასაც მართლაც ორი ერის გადამტერება ჰქვია.

ამას მალაპარაკებს ის გამუდმებული სატელეფონო ზარები, რომელიც გაისმოდა ჩემი ერთსაათიანი გამოსვლის დროს რადიო „რეპორტიორში“. გააფთრებულ-აღშფოთებული მსმენელები უშვერი სიტყვებით არა მარტო სააკაშვილისა და ხელისუფლებაში მყოფი მსგავსი წარმოშობის პირებს ლანძღავდნენ, არამედ საქართველოში მცხოვრებ სომხებს. „ჩვენი ბრალია, რომ ისინი გათამამდნენო“, - ამბობდნენ ისინი.

რეჟისორის გულუპყვრილად ნათქვამს სერიოზული ვნებათა-ღელვა მოჰყვა, ცხადია მისი ამ ნათქვამისათვის დასჯის შემდეგ, რაც ასე იოლად არ ჩაივლის. მინისტრის ბრძანებამ ცეცხლზე ნავთის დასხმის მსგავსი შედეგი გამოიღო, რამაც არაერთხელ შეიძლება იჩინოს თავი. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას განა აქვს ანალიზის უნარი? მისთვის ჩვეულებად იქცა - ჯერ თქმა ანუ საქმის ჩასვრა, შემდეგ ფიქრი. სისტემაში ხომ არ გადადის ჩაოხრებული საქმის შემდეგ ხელზე კბენანი, მაპატიეთ - ჰალსტუხის ღეჭვა?

პირველი პირის მიერ გაკეთებულ უამრავ განცხადებაში, ზოგჯერ შეგნებულად, უმთავრესად შეუგნებლად, სპონტანურად ისეთ ლანძღვას აქვს ადგილი, ნებისმიერი ქსენოფობია დაგავიწყდება. გახსოვთ ალბათ თავისუფლების მოედანზე ბუშის პატივსაცემი ზეიმის დროს სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვები, როდესაც საქართველოს ისტორიულ უბედურებაში ირანთან, სხვა მუსლიმან მეზობლებთან, რუსეთიც გაიგივდა, ბუშის და მისი თანმხლები პირების საამებლად. მაშინ ბუშს არც ირანი და არც რუსეთი გულზე არ ეხატებოდა.

სხვას, რომ თავი დავანებოთ - ვნახოთ ჰოლივუდის მიერ ქართული მხარის დაკვეთით გადაღებული ფილმი „აგვისტოს ხუთი დღე“, რომელიც ოდაა რუსული ბარბაროსობის. ამერიკის მაყურებელმა სწორედ ასე აღიქვა ეს „შედევრი“. პატივცემული მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსმა მიიღო სამართლიანი საზღაური, ის, რასაც ის იმსახურებს, მაგრამ ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, იქნებ ჩვენც, როგორც ომის დამწყებს არანაკლები პასუხისმგებლობა გვეკისრება?

და კიდევ ერთი ყბადაღებული განცხადება - რუსეთის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებაზე, რასაც ხშირად დასავლეთიც ხაზს უსვამს, უფრო სწორად, მან „აღმოაჩინა“ რუსეთის დადანაშაულების ეს „უტყუარი“ საბუთი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რასაც ომის დასაწყისში ჰქონდა ადგილი, მძინარე ცხინვალზე შეიარაღებული ძალების, როგორც სატანკო, ისე საგრადო მარშს, მასთან ერთად ავიაციასა და ამერიკელთა მიერ გაწვრთნილი არმიის არაერთათასიან შეტევას - ობიექტურობის დამდგენს სხვაგვარი მოსაზრება უნდა შეექმნას. მაგრამ თავი დავანებოთ ამ „ძველ“ ამბავს.

მრავალეროვან ქვეყანაში თვით ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. თვით ის უნდა იყოს სხვაგვარი აზროვნების გენერატორი, მაგრამ, როდესაც სისტემატურად გამოდის დიდი მეზობლის წინააღმდეგ, კრძალავს რუსულ სიმღერებს რესტორნებში, აუქმებს რუსულ სკოლებს და ა.შ., ძნელია დარწმუნდე ხალხთა მეგობრობაში.

საქართველოში დღეს ინგლისური ქართულზე პრიორიტეტულია. ინგლისური ენის შემოსატენად ლამის ახალი ზელანდიიდან ჩამოიყვანონ „პედაგოგები“, მაშინ, როდესც სამცხე-ჯავახეთის სომხებით დასახლებულ რაიონებში ქართული ენის მასწავლებლის გაგზავნა ჭირს. ასეთ დროს აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იქაური მოსახლეობა სულიერ საზრდოს სომხეთიდან იღებს. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ფარავნის ტბაზე ერთადერთი პატარა, კერძო სასტუმროს „არარატი“ ერქმევა.

და კიდევ ერთი რამ - რატომ არის სამარცხვინო, თუ ვინმემ სომხობა დაგწამა? სომხები საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული მშვენივრად გრძნობდნენ თავს სხვადასხვა სახელმწიფო, მათ შორის უმაღლეს თანამდებობებზე, სხვათა შორის თავიანთი ნამდვილი გვარებით და არა გადაკეთებულით. მათ არ ეთაკილებოდათ სომხობა, როგორც ჩანს დღეს ამ მხრივაც შეიცვალა ვითარება და თანაც ისეთ დონეზე, რომ სახელგანთქმულ პიროვნებას თანამდებობიდან „ხსნიან“.

თბილისელ თეატრმცოდნეებს ემახსოვრებათ იაპონიის სახელგანთქმული თეატრის „კაბუკის“ თბილისში გამართული სპექტაკლები იმ „უხსენებელ“ საბჭოეთის ჟამს. თეატრის დასში რამდენიმე მსახიობი იყო - ეროვნული საუნჯის ტიტულის მატარებელი. მათი ხელოვნებით მოხიბლულმა იაპონელმა ხალხმა უმაღლესი ტიტული გაიმეტა მათთვის.

საქართველოზე ანალოგის გატარების შემთხვევაში სტურუა სწორედ ეროვნული საუნჯეა და მას თვალის ჩინივით ესაჭიროება გაფრთხილება. ხელისუფლების ზოგიერთმა უხსენებელმა ისიც თქვა - სტურუას შემოქმედებითი სტაგნაცია აქვსო. შემოქმედს დიდება ერთმა ლექსმა, რომანმა, სპექტაკლმა შეიძლება მოუტანოს. . . რა ვუყოთ იმას, ვისაც არაერთი ასეთი აქვს?

ეროვნებათშორისი ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი საქმე, მითუმეტეს ხელისუფალთა მხრიდან. ისე, როგორც ხელწამოსაკრავი არ არის მშობლიური ენა ან რუსული ენა. ინგლისური კარგია, მაგრამ ამ რეგიონისთვის სრულიად შეუფერებელი, რუსეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობისათვის ინგლისური არ გამოდგება.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი