წმ.სინოდის გადაწყვეტილება ხელისუფლების ხსნის ტოლფასია

მართლმადიდებელი ქართველები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს შეადგენენ, დაძაბულნი ელოდნენ ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, სახელმწიფოს მხრიდან სხვა კონფესიების იურიდიული სტატუსის საკითხებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციების აშკარა უგულებელყოფის ფონზე.

სინოდმა, შეიძლება, ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მნიშვნელობას უბრალო მოკვდავნი, მათ შორის, ევრაზიის ინსტიტუტში, ჯეროვნად ვერ ვაფასებთ, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი გადაწყვეტილებით ეკლესია უარს ამბობს, აქტიურად შეეწინააღმდეგოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკამათო კანონს, რაც ხელისუფლებას სულის მოთქმის საშუალებას აძლევს და ფაქტობრივად მის გადარჩენას მოასწავებს. სინოდის გადაწყვეტილების ყველა პუნქტი მიმართულია მომავალი დროისკენ - ხელისუფლებამ უნდა ”დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით”, ”გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით”, ”შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას”. სინოდმა მხოლოდ მსუბუქად დაანამუსა ხელისუფლება და განაცხადა: ”მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები”.

 

 

აი მთელი ისტორია. ”დაიწყოს”, ”შეიქმნას”, ”გაააქტიუროს”, ”მომავალში გააკეთოს” - აი მთელი ის არსენალი, რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუპირისპირა ხელისუფლებას, რომელსაც ამგვარი ფორმულირებები ძალიანაც აწყობს და იგი სიხარულით განაცხადებს კიდეც, რომ ”იწყებს”, ”ქმნის”, ”ააქტიურებს”, ”გააკეთებს მომავალში” ყველაფერს იმას, რასაც მისგან ასე თავაზიანად ითხოვს სინოდის გადაწყვეტილება. მართლაც სწორია, რომ სინოდმა მრევლს და უბრალო მღვდლებს ”სიმშვიდის შენარჩუნებისკენ” მოუწოდა. ხელისუფლება ხომ თავის უმსგავსობათა ჩადენას სავსებით მშვიდად განაგრძობს.

 

 

თუმცა გადაწყვეტილებაში ერთი საინტერესო პუნქტიც არის: ”საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ”. სახელმწიფოებრიობისა და ავტოკეფალიის დაკარგვის პერიოდი გრძელდებოდა 1811-იდან 1918 წლამდე. გაუგებარია, ამ განცხადებით რის თქმა სურს ეკლესიას. ამჟამინდელი ხელისუფლება ხომ არა მხოლოდ უკანონოდ აცხადებს, არამედ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს ყოველივე იმას, რაც დაკავშირებულია საქართველოს და რუსეთის ერთობლივად არსებობასთან. როგორც ჩანს, ეკლესიას სხვა რამ აქვს მხედველობაში, ალბათ საკუთრივ ეკლესიის საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის პრაქტიკა, საეკლესიო ქონების ჩამორთმევა და მისთ., მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფორმულირება ძალზე შენიღბული, გაუგებარი და საბოლოო ჯამში, წარუმატებელი გამოვიდა.