საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმიდან 70 წელი შესრულდა

1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ამის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი, რომელიც 1939 წლის სექტემბერში დაიწყო, სრულიად ახალ განზომილებაში გადავიდა.

დღევანდელ საქართველოში ფაქტიურად აკრძალულია ამ თემაზე საუბარი. ნაციონალების ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს ხალხს დაავიწყოს ამ ტრაგიკული, მაგრამ გმირული წლების ხსოვნა. არც არის გასაკვირი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 20 წლის განმავლობაში სულ დამარცხებულები ვართ, 1945 წლის გაზაფხულზე კი ასეულობით ათასი ქართველი ჯარისკაცი და გენერალი გამარჯვებული დაბრუნდა ფრონტის ხაზიდან, იმ არმიიდან, რომლის მთავარსარდალიც ასევე ქართველი იყო.

წარუმატებელ ხელისუფლებას ძალიან ეშინია წარსულის აჩრდილების, ისე ეშინია, რომ კომუნიზმთან და რუსეთ-„სუკის“ „აგენტებთან“ ბრძოლის საბაბით, ძეგლებს აფეთქებს, რასაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან, და ნიჩბებით დარბის, რომ სადმე შემორჩენილი „საბჭოთა სიმბოლიკა“ ააფხიკოს. ამის პარალელურად გამალებით შენდება შუშის ნაგებობები, შადრევნები, ახალი მახინჯი ძეგლები, როგორებიცაა, მაგალითად, გმირთა მოედანზე წამოჭიმული „ქმნილება“, ან შუშის ხიდი ძველ თბილისში, რომლებსაც ლამის მთელი თბილისი დასცინის. იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს ხალხზე ზემოქმედებას და მის დამორჩილებას - ახერხებს, მაგრამ იმის ფასად, რომ ყველაფერი, რაც კეთდება საქართველოში ამ ხელისუფლების მიერ, წარუმატებელი და მარცხისთვის განწირულია.

თუმცა, ნაციონალებმა ბოლომდე მაინც ვერ შესძლეს ისტორიული ხსოვნის წაშლა და საზეიმო თარიღების გაუქმება. მაგალითად, 9 მაისი, მიუხედავად ცალკეული უჭკუო ადამიანების გამონათქვამებისა, მაინც რჩება ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ ოფიციალურ დღედ. არც რუსი ერი აღიქმება ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მტრად, პირიქით, დღესაც ჩვენს ქვეყანაში ესმით, რომ ორასწლიანი საერთო წარსულის და საერთო აღმსარებლობის დავიწყება შეუძლებელია და რომ საქართველოს და რუსეთს მომავალში ერთმანეთის გვერდზე მოუწევს ცხოვრება.