ტერაქტები მოსკოვში

მოსკოვის მეტროში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა კიდევ ერთხელ მიაპყრო მსოფლიოს ყურადღება ტერორიზმის პრობლემისკენ და ასევე, ჩრდილოეთ კავკასიისკენ. პირველადი მონაცემების დამუშავების საფუძველზე, უკვე იკვეთება ყველაზე რეალური ვერსია, რომ ტერაქტების უკან ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებები დგანან, უშუალო შემსრულებლებს კი ე.წ. შაჰიდი ქალები წარმოადგენდნენ.

ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. მართალია, დღეს მ. სააკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა დაგმეს ტერორისტული აქტი და სამძიმარი გამოუცხადეს რუსეთის მოსახლეობას, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე ეს ხელისუფლება აფინანსებს ე.წ. „პირველ კავკასიურ არხს“, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ რელიგიურ ექსტრემისტებს და ტერორისტებს „აჯანყებულებს“ (რუს. повстанцы) უწოდებს. ამ არხის საინფორმაციო გამოშვებებში აშკარად იგრძნობა სიმპათია ე.წ. „მოჯაჰედების“ და მათი მოქმედებების მიმართ. შემთხვევითი არაა, რომ საფრანგეთის მფლობელობაში მყოფმა თანამგზავრმა უარი განაცხადა ამ არხის ტრანსლირებაზე. ამის მიზეზი არხის „კონტენტი“ გახდა და არა მხოლოდ და რა იმდენად „რუსეთის ზეწოლა“ საფრანგეთზე. დღეს მსოფლიოში ცოტა ვინმეს თუ სურს ნებსით თუ უნებლიეთ ტერორისტების და „ჯიჰადისტების“ ხელშემწყობად წარმოჩინდეს.

სახიფათო თამაშები ტერორისტებთან არასოდეს თავდება დადებითად თავად ამ თამაშების ინიციატორებისთვისაც კი. ამის მაგალითია აშშ-ს და რუსეთის გამოცდილება. სწორედ ამერიკული სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი ისლამურ რადიკალურ და ჯიჰადისტურ ორგანიზაციებს გასული საუკუნის 70-80 იან წლებში, რომელთა წევრები ავღანეთში იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ. მათ შორის იყვნენ ოსამა ბენ ლადენი, აიმან ალ-ზავაჰირი და ალ-ქაიდას სხვა ლიდერები. შემდეგ იგივე ისლამისტებმა ტერაქტები მოაწყვეს უკვე თავად ამერიკული ობიექტების წინააღმდეგ. ანალოგიური მოხდა რუსეთშიც. 90-იანი წლების დასაწყისში გარკვეული ძალები რუსეთში მფარველობდნენ, აიარაღებდნენ და იყენებდნენ ჩრდილო კავკასიელ ექსტრემისტებს, როგორებიცაა შამილ ბასაევი და სხვები. ჩეჩნეთის ომების დროს კი ეს ძალები უკვე რუსეთის არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ტერაქტებს აწყობდნენ რუსეთის ქალაქებში.

ამიტომ უაზრო და დანაშაულებრივი იქნება „სიხარული“ რუსეთში მომხდარი ტერაქტების გამო, რის უკანაც შეიძლება იდგეს შურისძიების გრძნობა ან რუსეთისადმი „სამაგიეროს“ გადახდის სურვილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დღეს ანალოგიური ტერაქტი თბილისის მეტროში ან ქუჩებშიც შეიძლება მოხდეს, რადგან ტერორიზმს ეროვნება და საზღვრები არ გააჩნია.