ტერაქტები მოსკოვის მეტროში და საქართველოს ფაქტორი

ბოლო ათი წლის მანძილზე რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმთან და სეპარატიზმთან ბრძოლის წარმატებით განვითარება. დახოცილ იქნა მთებში დამალული ყველა ცნობილი ჩეჩენი და უცხოელი ბოევიკი, მათი სამხედრო დაჯგუფებები განადგურებულია, ყოფილ ბოევიკთა უმეტესობა ფედერალური ხელისუფლების მხარეს გადავიდა.

მოსკოვი, შეიძლება ითქვას, მთლიანობაში აკონტროლებს სიტუაციას რეგიონში. მაგრამ არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ არასტაბილური წონასწორობა ჩრდილოეთ კავკასიის ე. წ. დოტაციურ რესპუბლიკებში უზარმაზარი ფულადი ინექციების ხარჯზეა შენარჩუნებული. ტერორიზმის საბოლოო დამარცხება, რასაც დღევანდელი ტრაგიკული მოვლენებიც მოწმობს, არ მომხდარა. წინააღმდეგობის კერები ჯერ კიდევ ღვივიან და შეიძლება აალდნენ მოსკოვის მხრიდან წნეხის შემსუბუქების შემთხვევაში. მაგრამ რუს კომენტატორთა უმრავლესობა (ლატინინასა და რაძიხოვსკის ტიპის ანტირუსი ე. წ. ლიბერალები სათვალავში ჩასაგდები არ არიან) ტერორიზმის პრობლემას თითქმის ნებისმიერ კონტექსტში აღიქვამს (ჩინოვნიკების კორუფცია და უნიჭობა, ცუდი კოორდინაცია, თანხების არასწორი გადანაწილება და ბევრი სხვა რამ), მაგრამ მაინცდამაინც არა გეოპოლიტიკის პრიზმაში.

უფრო კონკრეტულად: ჩრდილოეთი კავკასია პირველ ყოვლისა წარმოადგენს ტერიტორიას, რეგიონს, რომელიც მოაზრებულ უნდა იქნას, როგორც ამა თუ იმ ძალების სტრატეგიული ინტერესების განხორციელების პლაცდარმი. ამ რეგიონის ყველა რესპუბლიკაზე კონტროლის დამყარება განმტკიცებული უნდა იქნას არა მხოლოდ გუშინდელი ბოევიკების მოსყიდვით, ადმინისტრაციული ვერტიკალისა და სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებით, არამედ საგარეო-პოლიტიკური აქტივობების ინტენსიფიკაციითაც, პირველ ყოვლისა, კავკასიის რეგიონში. ხოლო ჩრდილოეთი კავკასიის მეზობელს საქართველო წარმოადგენს (მხოლოდ დაღესტანი ესაზღვრება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსაც). სააკაშვილის ჯარებთან სამხედრო შეჯახებაში სწრაფი გამარჯვებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”დამოუკიდებლობის” აღიარების შემდეგ მოსკოვი თითქოს შეეცადა, არა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის, არამედ საქართველოს, როგორც ასეთის, იგნორირება მოეხდინა. თუმცა შემდგომ მოსკოვმა საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ (ოპოზიციურ) ძალასთან დიალოგისადმი ინტერესი გამოავლინა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ მოსკოვში ყველას უნდა ესმოდეს, რომ მახინჯი რეჟიმის წასვლა პოლიტიკური არენიდან, რეჟიმისა, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი ორმხრივი კავშირ-ურთიერთობა გაწყვიტოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ხალხების დონეზეც, იმიტომ არის საჭირო, რომ იგი ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული და სეპარატისტული ტენდენციების შენარჩუნებისთვის საჭირო ფონს ქმნის. მოსკოვში ასევე ყველას უნდა ესმოდეს, რომ არა ერთიანი საქართველო, როგორც ასეთი, წარმოადგენს საფრთხეს სტაბილურობისთვის ჩრდილო კავკასიაში, არამედ საქართველო, რუსეთის მიერ ”აღიარებული” ორი რესპუბლიკით, სამაგიეროდ არამეგობრული და დესტრუქციული რეჟიმით თბილისში. ამ ფაქტორის უგულებელყოფა არ შეიძლება. დიახ, სააკაშვილის რეჟიმი სუსტია და იგი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიას პირდაპირ საფრთხეს ვერ შეუქმნის, მაგრამ გავიმეორებთ - ირიბად ასეთი რეჟიმი უკვე თავისი არსებობით ქმნის არასტაბილობის ფონს, მისი არსებობა დამატებით სტიმულსა და იმედს აძლევს ტერორისტებსა და სეპარატისტებს (რამდენადაც ბანალურად და ”შევარდნაძის სტილში” არ უნდა ჟღერდეს, ტერორიზმისა და სეპარატიზმის ერთმანეთისგან ხელოვნური დაშორიშორება არ შეიძლება).

ასე რომ, როგორც ქართველი ხალხის, ისე რუსეთის ინტერესებშია თბილისში ნორმალური ხელისუფლების არსებობა, რომელიც მშვიდობიან მიზნებს განახორციელებს, ნაცვლად რეჟიმისა, რომელიც სიტყვებით თანაგრძნობას უცხადებს ტერაქტების მსხვერპლთ, სინამდვილეში კი სიხარულისგან ხელებს იფშვნეტს.

რა თქმა უნდა, ძნელია ვივარაუდოთ, რომ ყოველივე ეს შინაგანად არ ესმით კრემლში ან რუსეთის პოლიტოლოგიურ წრეებში, მაგრამ საჭიროა, მათ გადალახონ საკუთარი ამპარტავნება მცირე მეზობელთან მიმართებით, ისევე როგორც ქართველებს გვჭირდება ამპარტავნების გადალახვა აფხაზებთან და ოსებთან დამოკიდებულებაში. --