”ეროვნული ფორუმის” ტრანსფორმაცია ”რესპუბლიკური პარტია 2”-ად

ოთხიოდე წლის წინ შექმნილი ”ეროვნული ფორუმის” დამაარსებელი კახა შარტავა თავის იმჟამინდელ კომენტარებში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილს გამოხატავდა და საამისოდ საქართველოსთვის ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის იდეის მხარდაჭერასაც არ გამორიცხავდა.

”ეროვნული ფორუმიც” თითქოს ასეთ დაბალანსებულ ძალად ჩამოყალიბდა - ზომიერ, პარტნიორული ურთიერთობების მომხრედ დასავლეთთანაც და რუსეთთანაც.

თუმცა ახლა, როგორც ჩანს, სხვა დროა და ”ეროვნულმა ფორუმმაც” ორიენტირები იცვალა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2009 წლის აპრილის აქციების დროს ”ფორუმის” ერთ-ერთი თავკაცი გუბაზ სანიკიძე რუსეთს ”მეზობელს” უწოდებდა, რომელთანაც აუცილებელია მეზობლური ურთიერთობა, მაგრამ დღეს იგი ყველა იმ ძალას გმობს, რომელიც რუსეთთან დიალოგს აწარმოებს ან ამ დიალოგს მხარს უჭერს. ბატონი გუბაზი და ”ფორუმი” დგანან პოზიციაზე, რომ ”რუსეთთან დიალოგი დეოკუპაციამდე დაუშვებელია”. ამ პუნქტში ისინი სრულ სოლიდარობას ამჟღავნებენ მმართველი სააკაშისტური რეჟიმის და მისი ფსევდოოპოზიციური ფილიალების წარმომადგენლებთან. ამისვე შედეგია ზ.ნოღაიდლის გამალებული ლანძღვა-გინება ”ფორუმელთა” მხრიდან. საინტერესოა, რომ ისინი ნოღაიდელს ბრალად სდებენ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ ”დანაშაულებში” (ნოღაიდელი ხომ პრემიერ-მინისტრი იყო 2005 – 2007 წლებში). მაგრამ ეს ბატონ გუბაზს და მის ”ფორუმს” ცოტა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ თანამდებობიდან უხმაუროდ წასული ნოღაიდელი უფრო მეტი ”მიშისტი” ვერ იქნება, ვიდრე 7 ნოემბრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩენილი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელთან ერთადაც უკვე 2009 წლის აპრილ-ივნისის აქციების დროს ”ეროვნული ფორუმიც” იდგა მიტინგებზე. ამიტომ ბატონმა გუბაზმა ორიგინალური გამოსავალი იპოვა: ნინო ბურჯანაძე თურმე ”შეცდომებს” უშვებდა, მაგრამ ნოღაიდელი რატომღაც ”დამნაშავეა”. ლოგიკა კი გვეუბნება: ან ორივეა დამნაშავე ან არც ერთი.

სამაგიეროდ ”ეროვნული ფორუმის” ორი ლიდერი - კახა შარტავა და ირაკლი მელაშვილი დღეს აშშ საელჩოს ეწვია დიღომში და ელჩს საქართველოს საშინაო საქმეებზე - არჩევნების მოწყობის წესსა და რიგზე ესაუბრა (როგორც თავად ბატონმა კახამ განაცხადა). ბატონი კახა და ბატონი ირაკლი წესით არც ისე მწყრალად უნდა იყვნენ დიპლომატიურ ეტიკეტთან, პროტოკოლთან და უნდა ესმოდეთ, რომ საკუთარი ქვეყნის საშინაო პრობლემებზე საუბარი პრინციპში კი შეიძლება უცხო ქვეყნის ელჩთან, მაგრამ ასე ხლება საელჩოში მთხოვნელის პოზით ნამდვილად დამამცირებელია - განსხვავებით იმ შემთხვევისაგან, როდესაც უცხო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიწვევს თავის რეზიდენციაში - თავისსავე სახელმწიფოში. და რაც მთავარია: არა შენი ხალხის და ქვეყნის საშინაო საქმეების ”გასარჩევად”, არამედ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივაზე სასაუბროდ!

მეორე პრობლემა, რომელიც არ გაითვალისწინეს ”ფორუმელებმა”: თუკი რუსეთთან დიალოგის მომხრე ძალებს იმას უკიჟინებ, რომ რუსებმა ჯერ ”დეოკუპაცია” განახორციელონ და შემდეგ გვესაუბრონ, რატომ ამერიკის ელჩს არ შეუთვლი, რომ ამერიკელებმა ჯერ საქართველოს ”დესააკაშვილიზაცია” მოახდინონ ისევე, როგორც თავად შემოაგდეს ეს სუბიექტი საქართველოს პრეზიდენტად და 5 იანვრის გაყალბებული რიგგარეშე არჩევნებიც დაუკანონეს?! ცხადია, რომ ეს წინააღმდეგობის გრძნობა ”ეროვნულ ფორუმში” არავის გასჩენია შინაგანად.

მაინც რით უნდა ავხსნათ ”ეროვნული ფორუმის” საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ამგვარი მკვეთრი ცვლილება? პასუხი: ”შერშე ამერიკა”. შეერთებული შტატების შტატიან აგენტურას ვერ წაართმევ - მუშაობა იციან. ამერიკის საელჩოს მრავალრიცხოვანი თანამშრომლები გასამრჯელოს ტყუილად როდი იღებენ. საელჩოს ესა თუ ის წარმომადგენელი ეწვევა ხოლმე ახლად დაარსებული ან გაძლიერებული ამა თუ იმ პერსპექტიული პარტიის, ორგანიზაციის ოფისს, შეხვდება მის ხელმძღვანელობას, ”ზოგად თემებზე” გაესაუბრება, აუცილებლად ჰკითხავს - ”რაიმე პრობლემა” ხომ არ აქვს ამ ორგანიზაციას და შემდეგ თავაზიანად უტოვებს თავის სავიზიტო ბარათს. ”ეროვნული ფორუმის” თავკაცების პირად პატიოსნებაში ეჭვი ჩვენ არ გვეპარება - კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე, რეზო შავიშვილი, ირაკლი მელაშვილი თავიანთი წესიერებით ცნობილი ხალხია, მაგრამ სამწუხაროდ აშკარად აჩქარდნენ და ნაადრევად ჩაიქნიეს ხელი ქვეყნის გადარჩენის შესაძლებლობაზე. მათ ქმედებებში იკითხება შემდეგი ლოგიკა: ”სააკაშვილს მაინც ვერ მოვერევით ჩვენი ძალებით, ვერც შეპირებულ ეროვნულ დაუმორჩილებლობას ვახორციელებთ და ამიტომ გვიჯობს ამერიკელების ”ქოლგის” ქვეშ საკუთარი პარტია გავაძლიეროთ”. ამერიკელები კი, როგორც ჩანს, მხარდაჭერის სანაცვლოდ მკაცრად ითხოვენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კურსისგან გამიჯვნას.

მაგრამ არჩეული კურსით ”ეროვნული ფორუმი” მხოლოდ ლოკალურ საფინანსო პრობლემებს გადაიწყვეტს, პარტიის იმიჯი კი გრძელვადიან პერსპექტივაში დაზარალდება. რუსეთის ლანძღვა-გინების ფსევდოპოლიტიკა ხელისუფლების დროში გაწელილი აგონიის ანარეკლია, ამ ანარეკლით ცხოვრება დამღუპველია ქვეყნისთვისაც და ნებისმიერი პარტიისთვისაც. თავისი ”გაამერიკულებით” აქამდე საკმაოდ რეიტინგული და პერსპექტიული ”ეროვნული ფორუმი” ისევე მართვადია, როგორც ”რესპუბლიკური პარტია”, რომლის რეალური ბოსი თინა ხიდაშელი ერთხელ ქუჩიდან სასტუმრო ”თბილისი-მერიოტის” შუშის კარებში იჭყიტებოდა წარბებს ზემოთ ხელაფარებული, რათა დაელანდა მარჩენალი ჯორჯ სოროსი, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს სასტუმროში გამოძახებით ღებულობდა და ქ-ნი თინა იმ მომენტში რატომღაც ჩაკეტილ კარს მიღმა დატოვა. მართალია, ”ფორუმის” თავკაცებს რომ ჰკითხო, ისინი გულწრფელად იქნებიან დარწმუნებულნი, რომ ”რესპუბლიკელებისგან” განსხვავებით სწორედ ისინი იყენებენ ამერიკელებს და არა ამერიკელები მათ, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის. –