სახიფათო თამაშები

ამ დღეებში თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“.კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ამერიკული ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნის ფონდი“ და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე პირი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.

როგორც „ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტმა, გლენ ჰორვარდმა აღნიშნა, „თბილისი კავკასიის დედაქალაქია და სწორედ ამ დედაქალაქში გვინდოდა ამ ღონისძიების ჩატარება. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის ბუნებრივ ხიდს წამოადგენს“. ჰორვარდის თქმით, „ჩრდილოეთ კავკასიაში წლების მანძილზე არასტაბილური გარემო, საქართველოს ნატოში წევრობასაც აფერხებს, რადგან ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან საქართველოს საზღვრები გააჩნია“.

კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის თქმით, „უნივერსიტეტი პრაქტიკულ ღონისძებებსაც ასრულებს კვლევების ჩატარების სახით და აქვს მასალები, რომელიც ჩერქეზების გენოციდს ადასტურებს“.

ჩვენი აზრით კი, კვლავ გრძელდება საქართველოს ხელისუფლების ავანტიურისტული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ყოველმხრივ გაღიზიანებას ითვალისწინებს. ის, რომ ეს კონფერენცია უშუალოდ ხელისუფლების დაკვეთით და მხარდაჭერით მომზადდა, ეჭვგარეშეა, თუ გავითვალისწინებთ ი. ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, კერძოდ გიგი თევზაძის და ისეთი ექსპერტების, როგორიცაა გია ნოდია, ახლო კავშირებს სააკაშვილის მთავრობასთან. ამას ისიც ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის აქტიური წევრი ნ. წიკლაური მიესალმა კონფერენციის ჩატარებას და თავისი სახელით მხარდაჭერა აღუთქვა მის ინიციატივებს. დაახლოებით იგივე გააკეთა „ცნობილმა ოპოზიციონერმა“ თორთლაძემ, რომლის ოპოზიციონერობა ალბათ მისივე ოჯახის წევრებსაც არ სჯერათ (მათ ყველაზე ნაკლებად).

რა ინიციატივებია ეს? პირველ რიგში, ესაა კონფერენციის მონაწილეთა მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი, ოფიციალურად სცნოს ჩერქეზულ (ადიღეურ) ეთნოსთა გენოციდი მე-19 საუკუნეში, მეფის რუსეთის დროს. თუმცა, როგორც გ. ნოდიამ აღნიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ამგვარი რეზოლუცია, მაგრამ თავად ჩერქეზული წარმოშობის ცალკეული პირების თუ ორგანიზაციების ამგვარი მიმართვის განხილვაც კი პარლამენტში რუსეთის სერიოზულ გამოწვევას და მის მიმართ მტრულ ნაბიჯს წარმოადგენს.

შევეცადოთ გავაანალიზოთ, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამგვარმა ნაბიჯებმა. თავი დავანებოთ მორალურ ფაქტორს და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის სურვილს. საქართველო არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ ამგვარი საკითხების გადაწყვეტით იყოს დაკავებული. ცალკეული პროსახელისუფლო ექსპერტები თუ რუსი კომენტატორები ასახელებენ რამდენიმე შესაძლო პოზიტივს საქართველოსთვის.

პირველი, ეს არის აფხაზ სეპარატისტებთან ურთიერთობის გაუმჯობესების და ნდობის აღდგენის შესაძლებლობა. თითქოსდა აფხაზების მონათესავე (როგორც ისინი თვლიან) ხალხების მიმართ საქართველოს მხრიდან გამოჩენილი დადებითი დამოკიდებულება თუ მორალურ-პოლიტიკური დახმარება ე.წ. გენოციდის აღიარების სახით, აფხაზ ლიდერებს და ხალხს საქართველოს მიმართაც დადებითად განაწყობს.

მეორე პოზიტიურ მომენტად ჩვენთვის სახელდება ის, რომ ჩრდილო კავკასიის ხალხებთან, კერძოდ ჩერქეზებთან (ადიღეელებთან, ყაბარდოელებთან), გარკვეული ურთიერთობების დამყარებით საქართველო შეიძენს რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტს და მომავალში ლამის დააშინებს კიდეც მას სხვადასხვა შესაძლო გართულებებით, რომელთა მოწყობა ჩვენს ხელში იქნება.

ორივე ეს არგუმენტი ნაკლებად უძლებს კრიტიკას. რაც შეეხება აფხაზების „შემობრუნებას“ ქართველებისკენ, ამგვარი ჟესტების თუ რევერანსების შედეგად, არარეალური ჩანს, რადგან აფხაზთა ლიდერები საკმაოდ პრაგმატულები არიან და მოსკოვის არ იყოს, ცრემლების, ემოციების და „ჩახუტებების“ არ სჯერათ. მათ აინტერესებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და არა ჩერქეზების გენოციდი მე-19 საუკუნეში. სეპარატისტებს შეუძლიათ რუსეთის ამგვარი ჩხვლეტები თბილისის მხრიდან სათავისოდ გამოიყენონ კრემლთან ურთიერთობის და ვაჭრობის დროს, მაგრამ ჩვენთვის ეს დიდი შეღავათი ვერ იქნება.

კიდევ უფრო რთულადაა საქმე საქართველოს მხრიდან რუსეთის „შანტაჟის“ შემთხვევაში. პრაქტიკამ არაერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის მიმართ მუქარის, დაპირისპირების და ლანძღვის ენით საუბარი ისევ ჩვენ შემოგვიბრუნდება ხოლმე. მერამდენედ უნდა დავაბიჯოთ ამ „ფოცხს“ და გავიტეხოთ თავი, რომ დავრწმუნდეთ ამ თეზისის ჭეშმარიტებაში? თუ საქართველოს ხელისუფლებას ან მის სატელიტ ექსპერტებს ჰგონიათ, რომ კრემლის მესვეურები დაფრთხებიან საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების შიშით და აფხაზ-ოსებს თბილისს გადმოულოცავენ, ამგვარ აბსურდულ იმედებს ახდომა არ უწერია. პირიქით, არსებობს საშიშროება, რომ მოხდეს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში „მტკივნეული წერტილების“ გააქტიურება, რომელთა რაოდენობა არც ისე მცირეა.

საერთოდ, რას ნიშნავს თბილისში, ამერიკული მხარის მონაწილეობით იმგვარი ღონისძიების გამართვა, რომელიც სეპარატიზმის წახალისებას ისახავს მიზნად? აშკარაა, რომ რუსეთის გარეთ მოწყობილი სპეკულაციები ჩერქეზთა „გენოციდის“ შესახებ აუცილებლად აღიქმება ამგვარ ჭრილში, როგორც რუსეთის საქმეებში ჩარევა და ცენტრთან (მოსკოვთან) დაპირისპირების პროვოცირება. აწყობს კი საქართველოს სეპარატიზმი ნებისმიერი სახით კავკასიაში? ეს აბსოლუტურად არ შედის ჩვენს ინტერესებში. არათუ კავკასიის რეგიონში, არამედ ევრაზიის რეგიონებში არსებული სეპარატიზმიც კი არ ასხამს საქართველოს გაერთიანების წისქვილზე წყალს. რაც უფრო მეტი სეპარატისტული რეგიონი წარმოიქმნება კავკასიაში თუ მეზობელ რეგიონებში, მით ნაკლებია აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის შანსები. ამის ნათელი მაგალითია კოსოვო, რომლის პრეცედენტმა პირდაპირ იმოქმედა საქართველოზე. მაშ რა აზრი აქვს თბილისის მიერ ჩრდილოკავკასიური სეპარატიზმის თუ ანტირუსული განწყობების მხარდაჭერას თუ პროვოცირებას? ეს უბრალოდ ცეცხლზე ნავთის დასხმას წააგავს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა იმედი, რომ შეძლებს რუსეთთან რაიმენაირი ურთიერთობების დამყარებას და აფხაზეთ-ცხინვალის პრობლემების ოდნავ მაინც ადგილიდან დაძვრას და ვა-ბანკზე წავიდა პრინციპით „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“. ეს კარგად ჯდება სააკაშვილის მიერ პროპაგანდირებული ავადმყოფური ლოზუნგის „რუსეთი მალე დაიშლება“-ს ჩარჩოებში. საიდუმლო არაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს თავის კრახი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, რაც სააკაშვილის მიერ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის მთავარ პრიორიტეტად სახელდებოდა, გადაფაროს ილუზორული იმედით, რომ „რუსეთი დაიშლება და საქართველო დაიბრუნებს აფხაზეთს, ცხინვალს“ და ლამის სოჭსაც კი. ამ იმედით კვებავს სააკაშვილი თავისი მომხრეებს და მსგავსი ღონისძიებებიც, როგორიც ამ დღეებში ჩატარდა, მის პროპაგანდისტულ უზრუნველყოფას ემსახურება.

სინამდვილეში, „რუსეთის დაშლის“ ლოზუნგები, რომლებიც საქართველოში გაისმის, შლის და ანადგურებს თავად ჩვენს ქვეყანას. შემთხვევითი არაა ამგვარი ღონისძიებების მოწყობა ამერიკული ფონდების და ორგანიზაციების მიერ. საქართველოს დაშლა რუსეთის ხელით კარგად ჯდება აშშ-ს ინტერესებში, რომელიც ცნობილია „მართული ქაოსის“ სტრატეგიის არაეთგზის რეპროდუცირებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. ამ შემთხვევაშიც, ამერიკელთა ინტერესია, რომ დაშლილი (აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე დარჩენილი) საქართველო გახდეს მუდმივი წყარო რუსეთის ჩრდილო კავკასიაში პერმანენტული არასტაბილურობისთვის, რაც რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი იქნება, ოღონდ არა საქართველოსთვის, არამედ აშშ-თვის. საქართველო კი კვლავაც მხოლოდ ბრმა იარაღის და ინსტრუმენტის როლს ასრულებს.

P.S. 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნალჩიკში ლიკვიდირებული იქნა ცნობილი ბოევიკი, ყაბარდო-ბალყარეთის ვაჰაბისტური იატაკქვეშეთის ლიდერი ანზორ ასტემიროვი, მეტსახელად საიფულა. ასტემიროვი იყო ჩერქეზული (ადიღეური) წარმოშობის თითქმის ერთადერთი ცნობილი „საველე მეთაური“ და შედიოდა ე.წ. „მოჯაჰედების“ ხელმძღვანელობაში. ნიშანდობლივია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის 26 მარტს, ასტემიროვმა ინტერვიუ მისცა... სწორედ იმ ჯეიმსთაუნის ფონდს, რომელმაც მოაწყო თბილისის კონფერენცია. ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ე.წ. „კავკასიის იმარატის“ საიტზე. და აი, ერთი წლის შემდეგ „საიფულა“ მოკლეს. შემთხვევითობაა თუ რუსული სპეცსამსახურების „საჩუქარი“ ამერიკელებს და მათ თბილისელ მარიონეტებს