რუსული ბაზრის გახსნის პერსპექტივა და საქართველოს ხელისუფლების შიშები

ოფიციალური მოსკოვის პოზიტიური გააქტიურება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით კი რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების გაჩენილი შანსი ძალიან ძაბავს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფალთა ნერვებს.

ფინანსთა მინისტრი კ. ბაინდურაშვილი რუსების მიერ დაგებულ ”ხაფანგს” უფრთხის და ”სიფრთხილისკენ” მოგვიწოდებს, პაროდიული სახელწოდების ჩინოვნიკი - ”ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი” გ. ბარამიძე კი თავის ამპლუას არ ღალატობს და განაგრძობს ”რუსეთის მონების” გამოაშკარავებას (იხ. ბმული). მაგრამ ამ განცხადებებს ცოტა წინ უსწრებდა ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გაჩანაგებული ქართული ეკონომიკის ფონზე ”ქართული ეკონომიკური სასწაულის ავტორად” გამოცხადებული, ამჟამინდელი ხელისუფლების ეკონომიკური იდეოლოგის კახა ბენდუქიძის ანალიზი (იხ. ბმული). ბენდუქიძის თვენახევრის წინანდელ მოსაზრებებს უკვე როგორც სრულ ჭეშმარიტებას იმეორებს ზოგი ქართული გამოცემა (იხ. ბმული).

 

ბაინდურაშვილ-ბარამიძისეულ პრიმიტივიზმს ჩვენ კომენტარს არ გავუკეთებთ, მაგრამ საჭიროდ მიგვაჩნია, გამოვეხმაუროთ ზემოთ მითითებულ ბმულში ბატონი ბენდუქიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ თითქოს რუსეთი იძულებულია, ყაზახეთთან და ბელარუსთან ერთიანი საბაჟო სივრცის შექმნის გამო გზა გაუხსნას ქართულ პროდუქციას. ამას პრინციპში ვრცელი კომენტარი არ სჭირდება, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის მიერ გამოთქმული არგუმენტაცია იოლად ქარწყლდება:

 

ჯერ ერთი, რატომ არის დარწმუნებული ბატონი კახა, რომ ბელარუსიც და ყაზახეთიც არ დაუხურავენ თავიანთ საზღვრებს ქართულ პროდუქციას? გამორიცხულია, რომ ახალი საბაჟო კავშირის გარე საზღვრებზე დაწესდება კონტროლი? მაგრამ დავუშვათ-და, ეს გამორიცხულია. ანუ ბელარუსი და ყაზახეთი ქართული პროდუქციის სიყვარულით არიან განმსჭვალულნი და მასზე უარს ვერაფრის დიდებით ვერ იტყვიან. რუსეთიც ვერ გააკონტროლებს ამ ორი სახელმწიფოდან შეტანილ პროდუქციას მათთან საბაჟო-გამშვები პუნქტების გაუქმების გამო. მაგრამ თავად კ. ბენდუქიძე ამბობს, რომ რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა ”უკანონოდ” აიკრძალა. მაშ რატომ გაუჭირდება რუსეთის ხელისუფლებას, ასევე ”უკანონო” რეიდები მოაწყობინოს ვეტერინარულ სამსახურებს და მაღაზიებს ჩამოართვას ქართული პროდუქცია, რომლითაც ვაჭრობა რუსეთში აკრძალულად არის გამოცხადებული? მოუწყობენ ერთ-ორ სუპერმარკეტს ტელეკამერების წინ ეგზეკუციას, საჯაროდ გაუნადგურებენ ქართულ პროდუქციას (სააკაშვილის ”ეკონომიკური სასწაულის” გუნდის მიერ ეფექტურად აპრობირებული მეთოდი - ხომ არ დაგავიწყდათ?) და სხვა მოვაჭრეებსაც დაეკარგებათ ასეთი სარისკო პროდუქციით ვაჭრობის ხალისი. თუ იქნებ იმისთანა ”ოქრო”-პროდუქციას ვთავაზობთ რუს მყიდველს, რომ ამ პროდუქციის გამო შავი ბაზარი გაჩნდება რუსეთში?... და საერთოდ, ეკონომიკას ხომ არ ავუფეთქებთ რუსებს ”შიგნიდან”?..

 

ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი. და მით უმეტეს, ნუ ეცდებიან ხელისუფლების ახლანდელი თუ გადამდგარი კარგად ნაკვები პირები ხალხის მოტყუებას. ქართველ მეწარმეს სჭირდება რუსული ბაზარი და ამას წინ ნუ აღუდგება ნურავინ. აბსურდულია მეწარმეების იმით ”დაშინება”, რომ რუსეთი თურმე თავის ბაზარს უცბად ისევ გადაკეტავს და ამ გზით რუსულ ბაზარზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმეებს გააკოტრებს. მსგავსი რამ არც ერთი მიმართულებით არ გაუკეთებია რუსეთს, რადგან ასეთი ზიგზაგები რუსული სახელმწიფოს პრესტიჟს შელახავს და მისი, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორის დამაჯერებლობას დაასუსტებს სხვა ქვეყნებთანაც. არა, კიდევ ძალიან უნდა ”იგიჟოს” სააკაშვილმა, რომ რუსეთმა გახსნილი ბაზარი ხელმეორედ გადაკეტოს. ანუ პრობლემა რუსეთში კი არა, სააკაშვილშია. იქნებ აღიაროს ეს ფაქტი ბატონმა კახამ?! თორემ სხვა მხრივ, მისაღებია მისი წინადადება - ქართველმა მეწარმემ რუსეთში თავისი პროდუქციის არაუმეტეს 1/3-ისა გაყიდოს, დანარჩენი კი სხვა ბაზრებზე. ოღონდ იქნებ მიგვასწავლოს ეგ ბაზრები. საქართველოში ”ეკონომიკურმა სასწაულმა” ერთი მართლაც დიდი სასწაული გამოიწვია - ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასი საქართველოში მეტწილად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტებისა, რითაც იგი კონკურენტუნარიანობას ჰკარგავს ადგილობრივ ბაზარზე.

 

შორეულ ქვეყნებში ექსპორტირება კი რთულია და ეს ბევრმა ვერ მოახერხა ობიექტური მიზეზების გამო. ამ კომენტარის ერთ-ერთ ავტორს პირადად ჰქონდა შეხება ქართული პროდუქციის, კერძოდ, საქართველოს მონასტრების მიერ მოწეული თაფლის ევროკავშირის ერთ-ერთ დიდ ქვეყანაში ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით. ინვესტორის, პროდუქციის ხარისხის, რაოდენობის, ფასის, მყიდველის და ა. შ. საკითხები უკვე მოგვარებული იყო, როდესაც გაირკვა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ცხოველური წარმოშობის ქართულ პროდუქტებს ვეტერინარული მოსაზრებებით. თითქმის იგივე ვითარებაა, რომელიც ბატონმა კახამ აღწერა: ”რუსული ბაზრის ჩაკეტვა არ მოხდა რაიმე ოფიციალური, კანონიერი საფუძვლის გამო. ეს მოხდა უკანონოდ. კაცმა გამოაცხადა, რომ ქართული ღვინო, რომელიც არ უნდა იყოს, ყველა მავნებელიაო. ასევე ქართული წყალი, რომელიც არ უნდა იყოს, ყველა მავნებელიაო”. ევროკავშირის ჩინოვნიკებმაც დაასკვნეს: ”ქართული თაფლი, რომელიც არ უნდა იყოს, ყველა მავნებელიაო”. ჰოდა, საცდელი პარტია - 300 კგ საუცხოო ქართული სამონასტრო თაფლი, ქართული მთების გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი, ქართველი მეფუტკრის პატიოსანი შრომით მოწეული - ”მეგობარი” ევროკავშირის საზღვარზე დააკავეს როგორც შხამი. და ეს ბატონი კახას ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა, როდესაც იგი ”ეკონომიკურ სასწაულებს” ახდენდა და რუსული ბაზრის ბალასტისგან გათავისუფლებულ ქართველ მეწარმეებს ”მფარველობდა”.

 

ამიტომ დასკვნა: რუსულ ბაზარს ახლო მომავალში ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლების შიშები გასაგებია, მაგრამ ეს ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა პირადი პრობლემაა და არა საქართველოს პრობლემა. –