ერთპარტიულობიდან მრავალპარტიულობისაკენ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან დღემდე საქართველოს პოლიტიკურ ბაზარზე მხოლოდ ერთი ”საქონელი” (პოლიტიკა და პოლიტიკოსები) იყიდება. ეს იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ერთ და იმავე "პოლიტიკურ იდეოლოგიას” გვთავაზობს. მოკლედ რომ ვთქვა, პარტიები ბევრზე ბევრია, მაგრამ სახელწოდებათა სიმრავლის მიუხედავად ყველა მათგანის იდეოლოგია ძალზე მსგავსია და ხშირ შემთხვევაში იდენტურიც.

მაგალითად, რით განსხვავდებიან ამ განზომილებით ”ახალი მემარჯვენეები” და ”საქართველოს გზა”; ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ალიანსი”, ”დაიცავი საქართველო” და ა.შ.? მეტი სიზუსტისათვის ვიტყვი, თვით ის ერთი იდეოლოგიაც, როგორც ასეთი, არ არსებობს. არადა, მრავალპარტიულობის საზომი პარტიების მიერ სწორედ სხვადასხვა იდეოლოგების აღიარებაა. პოლიტიკური (პარტიული) იდეოლოგია, როგორც ასეთი, სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: 1. არსებული რეალობის შეფასება; 2. უკეთესი მომავლის პროექტი და 3. სამოქმედო პროგრამა. პირველი მათგანი უნდა პასუხობდეს შეკითხვას: რატომ მოსწონს, ან არ მოსწონს მოცემულ პარტიას მოქმედი ხელისუფლება და არსებული რეალობა. მეორე – როგორი და რა მოდელის დამკვიდრებას ისახავს მიზნად, რომელი უკეთესი მოდელით უნდა შეიცვალოს არსებული. მესამე – როგორ და რა საშუალებით იქნება შესაძლებელი მომავლის პროექტის განხორციელება.

მხოლოდ და მხოლოდ ამ კომპონენტების ლოგიკური კავშირი ანიჭებს პარტიას საკუთარ, მწყობრ და მკაფიო სახეს. აქ ლაპარაკია არა იმაზე, რომ აღნიშნული თანმიმდევრობა და შინაარსი აუცილებლად და თავისთავად განაპირობებს მოცემული პოლიტიკური იდეოლოგიის ჭეშმარიტებას. მთავარი ისაა, რომ ის “გაგებადი”, კონკრეტული და მკაფიო უნდა იყოს.

თუკი არ მოიძებნა ამგვარი იდეოლოგია/ები, მაშ რა საფუძველზე იქმნებიან, ან იშლებიან ესა თუ ის პარტიები? რატომ ხდება, რომ მიუხედავად მსგავსი პრინციპებისა ერთი პარტია რამდენიმე პარტიად იშლება? ზოგადად, თუ ადამიანთა ერთი ჯგუფი ქმნის პარტიას, ეს ნიშნავს, რომ მათ გააჩნიათ მსგავსი პოლიტიკური პლატფორმა; ხოლო თუ მოცემული პარტია იყოფა ორად ან მეტად, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი წევრები იდეოლოგიურად ემიჯნებიან ურთიერთს; ასეთი ფაქტები პოლიტიკურ ისტორიაში არცთუ ცოტაა. სამაგიეროდ, არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება საქართველოს განვლილ 20 წლიან ისტორიაში.

ვინც ქართულ პოლიტიკურ რეალობას კარგად იცნობს, მისთვის აღმოჩენა არ იქნება ის, თუ ვიტყვით, რომ პარტიების დაარსება-დანაწევრება უწინარეს ყოვლისა “პირველკაცობის” ამბიციებით აიხსნება. ხომ ცხადია, რომ პარტიათა დაშლა-შეერთებას, ან ერთი პარტიის ცალკეული წევრების სხვა პარტიაში გადაბარგებას არავითარი პოლიტიკური მრწამსი არ უდგას წინ.

ეს ყოველივე განსაკუთრებული ფორმით ვლინდება არჩევნებისას. ამ ეტაპზე გამარჯვება ჩვენში მხოლოდ ძალისმიერ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი და მეორე პრეზიდენტი სწორედ ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. განსაკუთრებული ეგზოტიკურობით გამოირჩეოდა 2003 წლის წინასაარჩევნო კამპანიები. პაექრობის უმთავრესი ობიექტის (პოლიტიკური პროგრამის) ნაცვლად, პარტიებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჯოხებითა და მუშტიკრივით ბრძოლას მიანიჭეს. უფრო მძიმე და უხეში ფორმები იქნა გამოყენებული პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ. მესამე და, ჯერ-ჯერობით მოქმედი ხელისუფლება ასევე ძალის პროდუქტია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ განსაკუთრებულად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე.

უკიდურესობების ამგვარი უხვი მაგალითების ფონზე პარადოქსად არ უნდა მივიჩნიოთ ის, რომ სამივე პრეზიდენტი ამომრჩეველთა 85%-ზე მეტმა აირჩია. ჩვენში დღეს აქტუალურია ასეთი შეკითხვა: მოიპოვებს თუ არა რიგით მე-4 პრეზიდენტი აბსოლუტურ, 100%-იან მხარდაჭერას? ნუ ჩამითვლის მკითხველი ამ შეკითხვას ხუმრობად, რადგან მომავალი არჩევნების წინაპირობა, ჯერ-ჯერობით, ისეთივეა, როგორიც წარსულში იყო. კერძოდ:

პარტიული სისტემა დღესაც ბუტაფორიულია; ჩვენს რეალობაში არ არსებობს საუკეთესო და იდეოლოგიურად გამართული ერთი პარტია. ერთკომპონენტიანი პარტიული სისტემა იმდენად აბსურდული და წარმოუდგენელია, რამდენადაც ცხელი ნაყინი. ვიმეორებ, ლაპარაკია არა პარტიათა სახელწოდებებზე, არამედ იდეოლოგიურად განსხვავებულ პარტიებზე. ესაა დემოკრატიისა და ქვეყნის განვითარების აუცილებელი და უპირველესი პირობა, საშუალება.

ამ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას მოაქვს შიდა და გარე სტაბილურობა.

ჩვენს ქვეყანაში ამგვარი, დროის მიერ ბევრგან უკვე წარმატებით გამოცდილი პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრების წანამძღვრები არ შეიმჩნევა. ეს იმას იწვევს, რომ ჩვენი ელექტორატის (ისე როგორც პარტიების) არცთუ მცირე ნაწილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცდილობს გამოიცნოს მომავალი გამარჯვებული, რათა არ დარჩეს უმცირესობაში. ამასვე ჩადიან სხვა (უფრო განწირული) პარტიების წევრებიც. აღარაფერს ვიტყვი პირად, მერკანტილურ ინტერესებზე. საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში პარტიათა და პოლიტიკოსთა ”უვიზო” მიგრაცია ჩვეულებრივ წესად იქცა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ქაოსში არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია საჭიროდ არ მიიჩნევს გააცნოს საკუთარ ხალხს სამომავლო მოქმედებების პროგრამა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამგვარი რამ პარტიათა აბსოლუტურ უმრავლესობას არც გააჩნია. რა თქმა უნდა, მავანნი შემეკამათებიან და უმალ ჩამომითვლიან: ეკონომიკის განვითარება, ადამიანთა უფლებების დაცვა, პენსიების გაზრდა, დემოკრატიული რეფორმების გატარება, ინვესტიციების მოზიდვა, ნატო-ში გაწევრიანება, თქვენ წარმოიდგინეთ თვით დაკარგული (დიახ დაკარგული!) ტერიტორიების დაბრუნება და ა.შ.

ვისაც ეს ყველაფერი პროგრამად და, მით უფრო, იდეოლოგიად მიაჩნია, მივმართავ შეკითხვით: მოიძებნება კი ჩვენში ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც გვერდს აუვლის ან უარყოფს ზემოჩამოთვლილ ე.წ. პროგრამას? თუ ამგვარი პრეცენდენტი ვერ მოიძებნა, მაშინ რაშია ოპოზიციონერთა ოპოზიციურობა? რატომ უნდა შეიცვალოს მოქმედი ხელისუფლება, თუ კი არავინ არავისაგან არაფრით განსხვავდება?!

სწორედ ამ ვითარებითაა განპირობებული პოლიტიკოსთა ბუნდოვანი, სანახევრო, "აბა გამოიცანის” პრინციპით ხალხთან საუბარი. ამ ბოლო დროს ასეთი პარადიგმებიც გამოჩნდა. ხელისუფლება ხაზგასმით და სისტემატიურად გვაცნობებს (მაგრამ ვერ გვარწმუნებს) რომ ნატო-ში გაწევრიანებით დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ს/ოსეთს და არავითარ ურთიერთობაში არ შევალთ რუსეთთან. ოპოზიციონერებმა ამ საკითხზე, მაგრამ ამომწურავად გვიპასუხეს: როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, რუსეთთან ურთიერთობებს უმალ დავალაგებთო. მაგრამ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია თავს არ იწუხებს ახსნა-განმარტებით: საკუთრივ რა საშუალებებით აპირებენ ისინი მათ მიერვე დეკლარირებული მიზნების მიღწევას.

რატომ გვჭირდება პოლიტიკური იდეოლოგია:

არც ერთი იდეოლოგია არ ყოფილა, არ არის და არც მომავალში იქნება მუდმივი და "ჭეშმარიტი”. ლაპარაკია მოცემულ დროსა და სივრცეში პოლიტიკური სამყაროს მეტ-ნაკლებად ზუსტ აღქმასა და მიზანმიმართულებაზე. მრავალპარტიულობა არის საშუალება, მივაგნოთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც უპასუხებს ჩვენს მუდმივ ეროვნულ ინტერესებს.

ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური იდეოლოგია არა იმდენად თეორიულ-აბსტრაქტული ფენომენია, რამდენადაც პრაქტიკული და გამოყენებითი. მრავალპარტიულობის საზომია ალტერნატიული იდეოლოგიები. იგი წარმართავს და სრულყოფს რაციონალურ პოლიტიკურ პროცესს, განამტკიცებს ამომრჩევლის იმედსა და პასუხისმგებლობას.

არ გაგვაჩნია რა რეალური პარტიული სისტემა, ვერ ვახერხებთ გამოუვალმოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას. როცა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის, "რას, რომელ გზას” დაუჭიროს მხარი, ნიშნავს იმას, რომ ელექტორატის დიდი ნაწილი მოქმედებს პრინციპით – "ვის დავუჭირო მხარი (ვის უნდა გავყვე)”. ასე წარმოიშვება ახალი კრიტერიუმების სისტემა: ვინ უფრო ჭკვიანი, განათლებული, სიმპატიური, ნათესაურად ახლობელია და ა.შ.

ორი აზრი არაა! ლიდერის ფაქტორი მნიშვნელოვანია ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია აირჩიო ის გზა, ის იდეოლოგია და პროგრამა, რომელიც მეტად შეესატყვისება საკუთარ და საქვეყნო ინტერესებს. ასეთი დამოკიდებულება (საკუთარი პოლიტიკური მრწამსი) მეტ პასუხისმგებლობას მატებს ამომრჩეველს და თითქმის შეუძლებელს გახდის მის მოსყიდვას...

არ არსებობს პოლიტიკური რეალობისა და ძალთა თანაფარდობის ზუსტი შემეცნების სხვა საშუალება, ვიდრე დემოკრატიული არჩევნები. არჩევნების ანტიდემოკრატიულად ჩატარება იმ ახალ ლოკალურ და გლობალურ კონტექსტში, რომელშიც დღეს უკვე იმყოფება საქართველო, ხელისუფლებას მანევრირების საშუალებას მთლიანად მოუსპობს, ეს ჩიხი იქნებოდა. მაგრამ რამდენად გონივრულად მოიქცევა ამჟამინდელი ხელისუფლება, ეს კიდევ სხვა საკითხია.

ავტორი: ჯიმი ჯალიაშვილი,პროფესორი, ევრაზიის ინსტიტუტი