მეფის მოლოდინში

კვირას, ბოლნისში ვიზიტისას, მ. სააკაშვილმა ერთი საკმაოდ უცნაური ფრაზა წარმოთქვა: მისი თქმით, „პუტინმა ერთ-ერთ დახურულ თათბირზე განაცხადა, რომ ქართველებს დიდხანს არაფერზე კონცენტრირება არ შეუძლიათ სიმღერისა და ცეკვის გარდა.

ესაა შედეგი ამ ყველაფრისა - რუსეთში ვიზიტებისა და პუტინთან შეხვედრისა".

პირველ რიგში, ისმის კითხვა: ნუთუ სააკაშვილს ისეთი „ძლევამოსილი“ დაზვერვა ჰყავს, რომ პუტინის მიერ დახურულ შეკრებებზე ნათქვამს სიტყვა-სიტყვით აწვდის ჩვენს მთავარსარდალს? და თუ ეს ასეა, სად იყო ეს დაზვერვა 2008 წლის აგვისტოში? თუმცა უფრო სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ ეს პროპაგანდაა.

მაგრამ ახლა მეორე შეკითხვა ჩნდება: რას ემსახურება კონკრეტულად ეს პროპაგანდა? აქ არის რამდენიმე მიზანი, მათ შორის ერთი ტრადიციული (სააკაშვილისთვის) - რუსეთის შეძულება მოსახლეობისთვის, ემოციებზე თამაში. მაგრამ არის მეორე, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი მიზანიც.

ესაა თავად პუტინის პიროვნება. რასაც ახლა ვიტყვით, ალბათ ვერც ერთი ქართველი ექსპერტის სტატიაში ვერ წაიკითხავდით აქამდე, თუმცა ზოგიერთი მათგანი, ვისაც საკმარისი ინტუიცია და გონიერება აქვს, ნამდვილად ხვდება ამას, მაგრამ საჯაროდ გამოთქმას ერიდება. საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკურ ფიგურას.

ისევე როგორც უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში ზოგიერთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, საქართველოშიც ეს არის სწორედ პუტინი. ეს ეხება ყველას, გარდა შუა აზიის რესპუბლიკებისა, სადაც აქტიურად ინერგება ადგილობრივი ლიდერების პიროვნული კულტი.

უკრაინაში და ზოგ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ეს ფაქტი ღიადაც არაერთხელ გაცხადდა, შესაბამისი სოციოლოგიური გამოკვლევებით, რომლის მიხედვითად პუტინი გაცილებით უსწრებდა პოპულარობითადგილობრივ პოლიტიკოსებს. საქართველოში ამგვარი კვლევა არ ჩატარებულა, როგორც ვიცით, თუმცა, რომც ჩატარებულიყო, ის ვერ აჩვენებდა ბოლომდე კორექტულ შედეგებს, აგრესიული პროპაგანდისტული ფონის და მოსახლეობის გარკვეული შიშის გამო, რაც მის უნდობლობას განაპირობებს ყოველგვარი გამოკითხვების მიმართ.

პუტინის პოპულარობა დევს, პირველ რიგში, ხალხის ქვეცნობიერში. ეს ეხება როგორც რუსეთის, ისე უკრაინის და საქართველოს მოსახლეობას. ამის მიზეზია ის, რომ ხალხში არის ე.წ. ძლიერი ხელის მოთხოვნილება. მაგრამ არა მარტო ეს. მართლმადიდებელი, ტრადიციული ხალხების არაცნობიერი, როგორც წესი, მონარქისტულია. პრეზიდენტში თუ პრემიერ-მინისტრში ხალხის ქვეცნობიერი შრეები ხედავენ მეფეს, როგორც საკრალურ, კურთხეულ მონარქს და არა პრაგმატულად მოქმედ მენეჯერს თუ მმართველს.

ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო სტალინთან მიმართებაში. სტალინი არ იყო ფორმალურად მეფე ან იმპერატორი, მაგრამ საბჭოთა ხალხები, მათ შორის რუსები და ქართველები მას აღიქვამდნენ, როგორც იმპერატორს, მონარქს, მამას. მამის, ოჯახის უფროსის მომენტი განსაკუთრებით აღსანიშნავია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სტალინის კოლოსალური პოპულარობისა რუსეთშიც და საქართველოშიც ეს არის. დღეს ამ როლში იმყოფება პუტინი. დავაკვირდეთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად მედვედევია, რუსეთშიც და საქართველოშიც სწორედ პუტინს აღიქვამენ მეფედ და არა მედვედევს.

რა თქმა უნდა, ეს კარგად იცის სააკაშვილმაც. ოღონდ მას თავად აქვს პრეტენზია „მეფობაზე“. სააკაშვილის ავტორიტარიზმი სინამდვილეში არა თუ არ ვნებს მას ელექტორალურად, ანუ არჩევნების თვალსაზრისით, არამედ ლამის ერთადერთია, რაზეც ჯერ კიდევ დგას მისი პოპულარობა. ეს ვერ გაიგო ბევრმა ოპოზიციონერმა თუ ექსპერტმა და ჯიუტად მოუწოდებენ მას დათმოს ავტორიტარიზმი. მეფის არქეტიპის ექსპლუატაციას სააკაშვილი არასოდეს დათმობს, რადგან ეს მისი პოლიტიკური დასასრული იქნებოდა. რაც უფრო პატრიარქალური და ტრადიციულია მოსახლეობის ცნობიერება თუ ქვეცნობიერი შრეები, მით უფრო მეტ დასაყრდენს პოვებს მასში საკრალური მონარქის, მამის იმიჯი. ეს კარგად აჩვენა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებმა, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ქალაქებში და მათ შორის დედაქალაქში, ბოლომდე „მოდერნიზებული“ და ტრადიციული აზროვნებისგან განთავისუფლებული ხალხი ცხოვრობს. უბრალოდ აქ ეს არქეტიპები უფრო ნაკლებად იგრძნობა ცნობიერების „ზედაპირზე“.

ამ ფსიქოლოგიური წიაღსვლების შემდეგ დავუბრუნდეთ ისევ მიმდინარე პოლიტიკას. ცხადი ხდება, რომ სააკაშვილის ეს გამონათქვამიც და მისი ბევრი სხვა განცხადება, ასევე მისი „კარის მასხარების“ გამუდმებული „ხუმრობები“ პირადად პუტინზე (სიდაბლეზე აპელირება-დაცინვა და ა.შ.) მიმართულია პუტინის, როგორც ყოვლისშემძლე მეფის იმიჯის შესუსტებისკენ. ამ შემთხვევაში კი მისი დისკრედიტაციისკენაც. მაგრამ საქმე ისაა, რომ სააკაშვილს ობიექტურად არ შესწევს ძალა, ეს იმიჯი მოსპოს, რადგან პუტინი მართლაც ქარიზმატული ფიგურაა, მიუხედავად იმ არათანმიმდევრულობის და სისუსტეებისა, რაც მას ახასიათებს ხალხის თვალში (მაგალითად, რუსი ოლიგარქების ნაწილის ხელუხლებლად დატოვება). პუტინი ამჟამად აღიქმება, როგორც ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ევრაზიული იმპერიის იმპერატორი. ამ იმპერიაში შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველოც, მისი ფორმალური და რეალური სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნებით. ასე რომ, რეალურად, ქართველი ხალხის ცნობიერებაში მიდის ერთგვარი „ბრძოლა“ ორ იმიჯს შორის - სააკაშვილი, როგორც დინამიური, ექსპრესიული, ემოციური, გიჟმაჟი, გაუწონასწორებელი, მაგრამ ავტორიტარული და ხანდახან დესპოტური „მეფე“ („მეფუკა“) და პუტინი, როგორც ცივსისხლიანი, სასტიკი, დაუნდობელი, ხალხური, მაგრამ ხშირად პრაგმატული და დათმობებზე წამსვლელი „იმპერატორი“. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ნერვული კრიზისები და შეცდომები სწორედ ამ მუდმივი ბრძოლით და მისგან გამოწვეული დაძაბულობით აიხსნება. ჩვენი აზრით, სააკაშვილი ამ ჭიდილში დამარცხებისთვისაა განწირული.

ეს არის პოლიტიკის პერსონიფიკაციის ჭრილი, რაც ჩვენს პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია, შეიძლება გადამწყვეტიც. ზოგჯერ შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე თავად ქვეყანა, ეკონომიკა და ა.შ. უნდა გამოიყენოს თუ არა ეს ქართულმა ოპოზიციამ? ჩვენი აზრით, ამის გარეშე არაფერი გამოვა, სააკაშვილის ან მისი მემკვიდრის დამარცხება ან მათი ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელი იქნება, თუ მას ოდნავი მხარდაჭერა მაინც ექნა ამერიკიდან (და ალბათ ექნება კიდევ გარკვეული დროით, მიუხედავად ამერიკელების უკმაყოფილებისა მის მიმართ). თუნდაც არა გამარჯვებაზე, არამედ არჩევნებში დიდი რაოდენობის ხმების მოპოვებაზე იყოს საუბარი. მაგალითად, ვინ იყო პოლიტიკოსი ნოღაიდელი პუტინთან ერთადერთ შეხვედრამდე? არავინ, მას სერიოზულადაც კი არ აღიქვამდნენ. ერთმა შეხვედრამ ის უკვე აქცია ქართული პოლიტიკის მოთამაშედ, რომელსაც ანგარიშს უწევენ, მიუხედავად მისი არცთუ სახარბიელო პოლიტიკური იმიჯისა უახლოეს წარსულში. ამიტომ პუტინის იმიჯის ჭკვიანური და ფრთხილი გამოყენება ოპოზიციის მიერ, პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის კოზირისა, იქნება ის ლოკომოტივი, რომელიც მას გაიყვანს საკმაოდ კარგ შედეგებზე ნებისმიერ არჩევნებში, ხელისუფლების ტერორის და მანიპულაციების მიუხედავად.