სამი მთავარი პოლიტიკური მითი, რომელსაც ავრცელებენ საქართველოში

ჩვენი აზრით, უკვე დადგა დრო, რომ სააშკარაოზე გამოვიტანოთ და დეკონსტრუქცია გავუკეთოთ იმ მთავარ პოლიტიკურ მითებს, რომლებსაც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაწყებული ნერგავს საქართველოში ამერიკული სადაზვერვო სამსახურების აგენტურა.

თავად ეს აგენტურა მრავალფეროვანია. მასში შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ექსპერტები... თუმცა, მათ შესახებ საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ, ახლა კი დავუბრუნდეთ ზემოთნახსენებ პოლიტიკურ მითებს.

ამჯერად ჩვენ გამოვყავით 3 მითი, თუმცა მათი ჩამოთვლა კიდევ შეიძლება: 1) მითი იმის შესახებ, რომ რუსეთს სურს საქართველო ხელახლა დაიპყროს და რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს. 2) მითი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უანგაროდ ეხმარება, ან საერთოდ ეხმარება. 3) მითი იმის შესახებ, რომ რუსეთის და საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ხოლო აშშ-ს და საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

მაშ ასე, დავიწყოთ თავიდან.1) მითი იმის შესახებ, რომ რომ რუსეთს სურს საქართველო ხელახლა დაიპყროს და რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს.

მარტივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მოვლენათა განვითარების მსგავსი სცენარი მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა. ჯერ მსოფლიო ქვეყნების ისტორიას გადავავლოთ თვალი. ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალი წესრიგი ჩამოყალიბდა, არ არსებობს თითქმის არც ერთი შემთხვევა, როცა გაეროს წევრი და სხვა ქვეყნების მიერ აღიარებული სახელმწიფო მეორე ქვეყნის ნაწილი გახდა და დაკარგა ფორმალური სუვერენიტეტი. არის სულ ორიოდე გამონაკლისი: დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის და ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენის გაერთიანება. თუმცა, ამ შემთხვევაში ხდებოდა გახლეჩილი ერების გაერთიანება. ამავე დროს, საპირისპირო ხასიათის მოვლენა, როცა იქმნებოდა ახალი ქვეყნები, უამრავია. სულ ბოლო ათწლეულებში ესენია: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩერნოგორია, კოსოვო, ერითრეა, აღმოსავლეთ ტიმორი. ამჟამად მზადდება სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა. ვერ მოახერხეს გაერთიანება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა და ტაივანმა (ამ შემთხვევებშიც ერთი ერის გაერთიანებაზეა საუბარი).

რუსები და ქართველები არ არიან ერთი ერის წარმომადგენლები, შესაბამისად, ამ ქვეყნების გაერთიანება, როგორც ეს მოხდა გერმანიის და იემენის შემთხვევაში, წარმოუდგენელია. უფრო მეტიც. ბელორუსებს, ისევე როგორც უკრაინელებს, ბევრი მიიჩნევს ერთი დიდი რუსული ერის (ე.წ. სუპერეთნოსის) ნაწილებად, მაგრამ არც რუსეთის და ბელორუსიის გაერთიანება მომხდარა ერთ სახელმწიფოდ და ეს საკმაოდ შორეულ პერსპექტივაშიც არარეალური ჩანს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ თავად რუსეთის ინტერესებში არ შედის სხვა ქვეყნების მიღება თავის შემადგენლობაში, რადგან ეს დაკავშირებულია უდიდეს ხარჯებთან და სხვა უამრავ პრობლემასთან. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორიები მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებული, იგი სულაც არ აპირებს მათ მიღებას თავის შემადგენლობაში.

იგივე სიტუაციაა სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც. მაგალითად, პუერტო-რიკოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მომხრეა აშშ-ს შტატად გადაქცევისა, თუმცა თავად ამერიკელი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან ამას. შედეგად, ეს ტერიტორია დღემდე „სანახევროდ დამოუკიდებელ“ ქვეყნად რჩება და ბოლომდე აშშ- ნაწილი არ გამხდარა.

ერთი სიტყვით, სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს არაფერში სჭირდება საქართველოს გადაქცევა „საქართველოს ოლქად“ რუსეთის შემადგენლობაში, რადგან ეს, როგორც აღვნიშნეთ, დაკავშირებულია მრავალ პრობლემურ საკითხთან, დიდ ფინანსურ დანახარჯებთან და რაც მთავარია, წარმოაჩენს რუსეთს, როგორც ღიად იმპერიალისტურ ქვეყანას და გააჩენს მომავალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კიდევ ერთ კერას. დღევანდელ მსოფლიოში არც ერთი მსხვილი ქვეყანა და ძლიერი მოთამაშე არ ცდილობს, უშუალოდ შეიერთოს სხვა ქვეყანა. არსებობს საკუთარი გავლენის განხორციელების და ინტერესების დაკმაყოფილების სხვა, ბევრად უფრო დახვეწილი, ზომიერი და დაბალანსებული ხერხები.

დასკვნა: პოლიტიკური და პროპაგანდისტული მითია ის, რომ თითქოს საქართველოს ემუქრება რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. რუსეთმა თავად დაშალა საბჭოთა კავშირი და მისი რაიმე სახით ფორმალური აღდგენა გამორიცხულია. ამიტომ სააკაშვილი ურცხვად ტყუოდა, როცა აცხადებდა, თითქოს რუსეთის მიზანი 2008 წლის აგვისტოში იყო „საქართველოს პარლამენტის თავზე რუსული დროშის აღმართვა“. ამ მითის ტირაჟირებით სააკაშვილი უბრალოდ ცდილობდა საქართველოს მოსახლეობის დარწმუნებას, თითქოს მან „ომი მოიგო“, რადგან „რუსული დროშა თბილისში არ აღიმართა“.

2) მითი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უანგაროდ ეხმარება, ან საერთოდ ეხმარება.

მაშ ასე, ეხმარება თუ არა აშშ საქართველოს? ერთი შეხედვით, აბსურდული კითხვაა, თუ გავითვალისწინებთ იმ პროპაგანდისტულ კამპანიებს, რომელთაც ამერიკა და მის მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო არხები საქართველოში ახორციელებდნენ, რომ თითქოსდა ამერიკა „ეხმარება საქართველოს ჯარის შექმნაში“, ეხმარება ეკონომიკურად და ა.შ.

ჯერ განვიხილოთ სამხედრო ასპექტი. ყველას გვახსოვს, რომ საქართველოში განხორციელდა რამდენიმე პროგრამა, რომლითაც ქართველ სამხედროებს ამზადებდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები. მაგრამ რა მოიტანა ამ პროგრამებმა რეალურად? აბსოლუტურად არაფერი საქართველოსთვის. ეს „გაწვრთნილი“ ჯარი სამ დღეში დამარცხდა რუსულ დაჯგუფებასთან დაპირისპირებაში და ბორჯომის და სამეგრელოს ტყეებში იქნა გადამალული ხელისუფლების მიერ. დიდი რაოდენობის იარაღი უვნებლად ჩაუვარდა ხელში რუს სამხედროებს და მოსკოვში იყო გამოფენილი, როგორც სამხედრო ალაფი. ამ იარაღის შესყიდვაზე კი მილიარდები დაიხარჯა, ის მილიარდები, რომლებიც ხალხს და ქვეყანას შეიძლებოდა მოხმარებოდა. ერთადერთი, სადაც ამერიკის გაწვრთნილმა ქართველმა სამხედროებმა თავისი ფუნქცია შეასრულეს, ეს ამერიკისავე სამხედრო კამპანიებია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, იქნება ეს კოსოვო, ერაყი თუ ახლა ავღანეთი. აი რისთვის ამზადებდნენ რეალურად ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს! სხვათა შორის, დღემდე არ არის დათვლილი, რა თანხა დაუზოგა ამერიკის ბიუჯეტს ათასობით ქართველი ჯარისკაცის ყოფნამ ერაყში თუ ავღანეთში, ცნობილია, რომ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის შენახვა ამ ქვეყნებში წელიწადში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ჯდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერაყში ორი ათასამდე ქართველი იმყოფებოდა მრავალი თვის განმავლობაში და ავღანეთში ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნა იგეგმება, მივიღებთ ასტრონომიულ თანხას, როგორც მინიმუმ, რამდენიმე მილიარდ დოლარს, რაც მრავალჯერ აღემატება ამერიკის მიერ აქაურ პროგრამებში დახაჯულ ორასიოდე მილიონს.

რა არის ეს, თუ არა უაღრესად რენტაბელური და ჭკვიანური ბიზნესი - იაფად მოამზადო უცხო ქვეყნის ჯარისკაცები, ე.წ. საზარბაზნე ხორცი, დაზოგო მრავალი მილიარდი და საკუთარი სამხედროების სიცოცხლე, და პლუს ამას, მიიღო პოლიტიკური დივიდენდები იმ უცხო ქვეყანაში?

აღარაფერს ვამბობთ 2008 წლის აგვისტოს ომზე, როცა ქართველები სასოებით ელოდნენ "მოკავშირის" დახმარებას, ბათუმში ჩამომდგარმა ამერიკულმა გემმა კი... გამოხდილი წყალი ჩამოიტანა.

ახლა გადავიდეთ აშშ-ს ე.წ. ეკონომიკურ დახმარებაზე საქართველოს მიმართ. ეს დახმარება ძირითადად ხორციელდება სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხაზით. ვინც იცნობს სავალუტო ფონდის მოღვაწეობის კატასტროფულ შედეგებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დაგვეთანხმება, რომ ეს დახმარება კი არა, ეროვნული ეკონომიკის, მრეწველობის დანგრევა და ქვეყნის ვალებში ჩაგდება უფროა. მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან სავალუტო ფონდი უბრალოდ გამოაძევეს, როგორც კი მოახერხეს!

ამგვარად, ამერიკის და მის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების „დახმარება“ რეალურად ხმარდება მხოლოდ მმართველ კორუმპირებულ ზედაფენას, უცხოელ მრჩეველებს და პროექტებში მონაწილე პირებს და მისი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს მოსახლეობამდე. ამავე დროს, მათი რეკომენდაციებით ნადგურდება ეროვნული ბიზნესი. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რა ზიანი მოუტანა საქართველოს ეკონომიკას რუსეთთან დაპირისპირებამ, რაც სწორედ ამერიკის დახმარების იმედზე ხორციელდებოდა!

შევადაროთ ამგვარი „დახმარება“ რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებს. განსხვავებით სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის კრედიტებისა, ეს თანხები უშუალოდ ჩვენი მოქალაქეების საოჯახო ბიუჯეტებში ხვდება. ფაქტიურად, სწორედ ეს ფული აცოცხლებს ქართულ ეკონომიკას, ინარჩუნებს ვაჭრობას, საქონელბრუნვას. თითოეულ წელს, მხოლოდ ოფიციალური საბანკო არხებით, რუსეთიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი გადმოირიცხება საქართველოში! ეს არც ვალია და არც ეროვნული ბიზნესის განადგურებისთვის გადახდილი ფული, არამედ რეალური, ნაღდი ფული ქართულ ოჯახებში (ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით იხ. ჩვენსავე საიტზე ამას წინათ გამოქვეყნებული მასალა: ”რუსეთი და საქართველო: რა ხდება”).

კიდევ ერთი საკითხი შეეხება ნავთობსადენს, რომელიც საქართველოს ტრიტორიაზე გადის. ჩვენ ეს საკითხი მიმოვიხილეთ ბროშურაში „რუსეთი და საქართველო: რა ხდება“, რომელიც განთავსებულია საიტზე, თუმცა აქაც აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ნავთობსადენის ფუნქციონირებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც გადის, დასავლეთის ქვეყნებმა და მათმა კომპანიებმა, პირველ რიგში დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ, მიიღეს რამდენიმე მილიარდი დოლარის სუფთა მოგება. ეს თანხაც აღემატება საქართველოს მიმართ გაწეულ „დახმარებას“.

დასკვნა: პროპაგანდისტული მითია ის, რომ ამერიკა საქართველოს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება. სინამდვილეში, ამ „დახმარებით“ სარგებლობს მხოლოდ კორუმპირებული ზედაფენა და პოლიტელიტის ნაწილი, ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნებს და პირველ რიგში აშშ-ს, ბევრად მეტი შემოსავალი და ეკონომიკური მოგება აქვთ მიღებული საქართველოდან, როგორც ნავთობსადენის ფუნქციონირების, ისევე ქართული სამხედროს კონტინგენტის გამოყენებით სხვადასხვა ქვეყნებში.

3) მითი იმის შესახებ, რომ რუსეთის და საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ხოლო აშშ-ს და საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და სამწუხაროდ, უკვე თითქმის ორი ათეულია წელია, სწორედ მის ირგვლივ მუსირებს მითების უდიდესი რაოდენობა. ამჟამად, ეს თავსმოხვეული „ჰიპნოზი“ და ნაციონალისტური ისტერია თითქოს ნელ-ნელა გზას უთმობს საღ და რაციონალურ მსჯელობას. ქართულ საზოგადოებაში იწყება გააზრება, თუ რა არის ჩვენი ნამდვილი ეროვნული ინტერესები და როგორ შეიძლება მათი განხორციელება.

ეროვნული მოძრაობის დაწყების დღიდან გვესმის, რომ რუსეთი იმპერიაა, საქართველო კი მასში შემავალი (ზოგის აზრით, დაპყრობილი) ქვეყანა და საჭიროა მისგან განთავისუფლება. რა თქმა უნდა, ეს ასეც იყო 1992 წლამდე. მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცნენ, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. საუბედუროდ, ქართული საზოგადოების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების ნაწილმა, ვერა და ვერ გააცნობიერა ეს ფაქტი. ისინი ისევ დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიურ რეჟიმში ჩარჩნენ. მათთვის კვლავ სამოქმედო პროგრამად რჩებოდა ირაკლი წერეთლის მიერ წამოსროლილი ლოზუნგი „მოდერნიზებული იმპერიის“ და მასთან ხისტი დაპირისპირების აუცილებლობის შესახებ. ამ ბოლო წლებში კი, რაც ძალიან საყურადღებოა, ეს განწყობა სათავისოდ გამოიყენეს ე.წ. სოროსისტებმა, აშშ-ს სპეცსამსახურების უშუალო აგენტებმა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას.

სინამდვილეში როგორაა საქმე? როგორც საბაზისო, ასევე უფრო განვრცობილი პოლიტიკური ანალიზი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მის ეროვნულ ინტერესებშია რუსეთთან სტრატეგიული, სამოკავშირეო და მეგობრული ურთიერთობები. სწორედ ამ მთავარ თეზისს „ურტყამენ“ აშშ-ს გავლენის აგენტები საქართველოში, მის მოსპობას ცდილობენ რუსეთისგან მტრის ხატის შექმნით და იმ მითის დამკვიდრებით, თითქოს ამერიკა საქართველოს „მეგობარია“.

ავიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ საქართველო 90-იანი წლების დასაწყისიდანვე აიღებდა კურსს რუსეთთან სტრატეგიულ და სამოკავშირეო ურთიერთობებზე, სეპარატისტული რეგიონების პრობლემები ან საერთოდ არ იდგებოდა, ან კონტროლქვეშ იქნებოდა მოქცეული.

სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში ძლიერი იყო ეიფორია დამოუკიდებლობის მიღების გამო და არარაციონალურმა, ანტირუსულმა განწყობებმა შეუძლებელი გახადა საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი განხილვა და დაგეგმვა. ყველაფერი აგებული იყო ემოციებზე, რაც, სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს ხოლმე. ამის შედეგად, შევარდნაძის ხელისუფლების არათანმიმდევრულმა და არაგულწრფელმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ, როცა ის, ერთი მხრივ, დსთ-ში შევიდა, ხოლო მეორე მხრივ, ჟვანია-სააკაშვილის გუნდის აღმასვლას უწყობდა ხელს, ყველანაირად ცდილობდა რუსეთის გვერდის ავლით ნავთობსადენების გატარებას, ურთიერთობას ამყარებდა ჩეჩენ სეპარატისტებთან, უარს ამბობდა თუნდაც ერთი რუსული ბაზის შედარებით ხანგრძლივი ვადით დატოვებაზე საქართველოში და ა.შ., სერიოზულად შეარყია ნდობა რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს ყველაფერი „დააგვირგვინა“ ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლამ და რუსეთთან ურთიერთობების ღიად კონფრონტაციულ, მტრულ რეჟიმში გადაყვანამ.

ასე რომ, რუსეთი უბრალოდ იძულებული გახდა, ეცნო აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. გარდა სააკაშვილის პოლიტიკისა, ამაში თავისი წვლილი შეიტანა აშშ-ს ფართომასშტაბიანმა პროვოკაციამ საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც ჰქვია კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, რუსეთი ალბათ თავს შეიკავებდა ამ ნაბიჯის გადადგმისგან, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, დნესტრისპირეთის შემთხვევაში, რომ არა სააკაშვილის მიერ ცხინვალში კონფლიქტის ესკალაცია.

რუსეთს სჭირდება თავის სამხრეთ საზღვრებზე სტაბილური, ერთიანი და მისდამი მეგობრული, მოკავშირე ქვეყანა. სწორედ ეს არის რუსეთის და საქართველოს ინტერესების თანხვედრა. ამავე დროს, რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება სამხრეთ კავკასიაში პროამერიკული წარმონაქმნი, რომელიც ნატო-ს ბლოკში შევლის კანდიდატი, ან მით უმეტეს, ამ ბლოკის წევრი იქნება. იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას ასეთი ქვეყნის არც მთლიანობა და არც მისი სტაბილური განვითარება ამერიკის ფრთის ქვეშ.

ამავე დროს, ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულიად არ აინტერესებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად სიტყვიერი მხარდაჭერისა, რაც მხოლოდ დროებითია, აშშ სიამოვნებით დაეთანხმება იმ ფაქტს, თუ საქართველო თავად აღიარებს ამ რესპუბლიკებს და „მოიშორებს“ თავიდან, რათა უპრობლემოდ გაწევრიანდეს ნატო-ში. დავაკვირდეთ, დღეს თავად ნაციონალები სულ უფრო ნაკლებს საუბრობენ „დეოკუპაციაზე“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. პარლამენტში გამოსვლისას სააკაშვილმა საერთოდ არ ახსენა ეს საკითხი. საზოგადოებას ნელ-ნელა შეაგუებენ იმ აზრს, რომ საჭიროა „დროებით“ ვცნოთ ეს წარმონაქმნები, სამაგიეროდ, გვექნება ნატო-ში შესვლის შანსი და ა.შ. საქართველოს „დიდმა მეგობარმა“ და პირადად სააკაშვილის თაყვანისმცემელმა ნოვოდვოსკაიამ უკვე გვირჩია, რომ „დაივიწყეთ ეს რესპუბლიკები“ და საქართველოს მიხედეთო. მიხედვაში ის, რა თქმა უნდა, საქართველოს ამერიკულ კოლონიად და ამერიკულ თარგზე გამოჭრილ სახელმწიფოდ გადაქცევას გულისხმობდა. თუ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია არ შეიცვალა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ან დე-იურე აღიარება მოხდება კიდეც პროამერიკული რეჟიმის მიერ. ეს კი არც საქართველოს და არც რუსეთის ნამდვილ ეროვნულ ინტერესებში არ შედის.

საქართველოს და რუსეთის ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა კიდევ მრავალ სხვა საკითხში. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ საქართველო შენარჩუნდეს, როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა და არ გადაიქცეს „გალიბერალებული“ ადამიანების თარეშის ადგილად, სადაც გაიმართება ჰომოსექსუალთა ე.წ. აღლუმები, დაშვებული იქნება ერთსქესიანი „ქორწინება“ და თანამედროვე დასავლეთის სხვა „თავისუფლებები“. ეს ყველაფერიც გარდაუვლად მოხდება, თუ გაგრძელდა ამერიკაზე ორიენტაციის ის კურსი, რაც ამჟამად არის. დღეს თუ ნაციონალების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების საშუალებით ხდება მოსახლეობის ზომბირება და გარყვნილების პროპაგანდა, ხვალ ეს უკვე ქუჩებში და მოედნებზე გამოეფინება.

ამ თემის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, თუმცა, ვფიქრობთ, ზემოთქმულიც საკმარისია, რომ დავასკვნათ: მითია ის, თითქოს საქართველო და რუსეთი ერთმანეთის ბუნებრივი მტრები არიან, ხოლო აშშ კი ჩვენი „მეგობარი“. ეს მითი ყველაზე საშიში მითია, რომელიც კი ხელოვნურად ჩანერგილია ქართულ პოლიტიკაში და ანგრევს მის საფუძვლებს, სპობს ნორმალური, ეროვნული, ჭეშმარიტად პროქართული პოლიტიკის განხორციელების საშუალებას. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი მცირედი წვლილი შეგვეტანა მხოლოდ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული და მავნე მითის გაშიფვრაში. --

ავტორი: გიორგი ვეკუა,

ევრაზიის ინსტიტუტი