მიშისტური „ექსპერტიზის“ თავისებურებები

ნამდვილად არ გვქონდა სურვილი სხვა, ექსპერტული მიმართულების საიტების ან ექსპერტების შესახებ გვესაუბრა, მით უმეტეს კრიტიკული კუთხით, მაგრამ სააგენტო „Pirweli“-ს საიტზე ისეთ მასალას წავაწყდით,რომ უბრალოდ თავი ვერ შევიკავეთ. ამასთან, ძნელია თქმა, სასაცილოა თუ სატირალი ამგვარი „ექსპერტული დასკვნები“. ალბათ ეს უბრალოდ „მიშიზმია“ - ნაციონალისტური ისტერიის ანაზღაურებადი ბელადომანიის ფორმა.

აი რას წერს სააგენტო "Pirweli"-ს საიტზე „ექსპერტი“ გოჩა გვარამია, რომელიც ამავე დროს „ექსპერტთა კლუბის“ წევრიც ყოფილა:

"ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენლის გოჩა გვარამიას შეფასებით, "რუსეთი უკრაინას ირანის მსგავსად, ბირთვულ ავანტიურაში ითრევს". ასეთ კომენტარს აკეთებს გვარამია უკრაინასთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ რუსეთის პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პუტინმა 27 აპრილს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საუბარია უკრაინისა და რუსეთის ბირთვული დარგობრივი სფეროების გაერთიანებაზე. პუტინმა იანუკოვიჩს ამ კუთხით ერთობლივი ჰოლდინგის შექმნა შესთავაზა, რომელიც რამდენიმე სფეროს გაერთიანებას და საწყისი ეტაპისათვის ურანის გამდიდრებისა და შემდგომ სამარხებში განთავსებას ითვალისწინებს. როგორც გვარამია აღნიშნავს, "თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, როგორ ქვეყნად აქცია რუსეთმა ანალოგიური "მშვიდობიანი ბირთვული პროექტების" რეალიზაციით ირანი, რის შედეგადაც დღეისათვის ეს სახელმწიფო არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის საშიშროებას წარმოადგენს, ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგებს მოიტანს იდენტური პროექტების განხორციელება შუაგულ ევროპაში". ექსპერტის აზრით, "რუსეთის მიზანს ამ შემთხვევაში უკრაინის საერთაშორისო, პირველ რიგში კი ევროპული თანამეგობრობიდან იზოლაცია წარმოადგენს". "ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში უკრაინა სრულ იზოლაციაში ექცევა და ავტომატურად ეთიშება "ნაბუკოს". ამასთან, აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო ევროპული პროექტების მოდერნიზებისთვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მოუწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანიდან მოსალოდნელი პოტენციური საშიშროებისგან თავდაცვის მიზნით აშშ-ს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება უწევს, ადვილი წარმოსადგენია, რა მოცულობითი სამუშაოების განხორციელება მოუწევს მას ამ სისტემების მოდერნიზებისათვის, თუ უკრაინაში რუსეთმა ურანის გამდიდრების პროექტი დაიწყო" - განაცხადა გვარამიამ, რომლის თქმით, "თუ უკრაინა დროზე ვერ მოეგება გონს და უარს არ განაცხადებს რუსეთის მორიგ ავანტიურაზე, სავსებით შესაძლებელია, იგი, ყველა გამომდინარე შედეგით, იმ ქვეყნების სიას შეურთდეს, რომლებიც მსოფლიოში ბირთვული საშიშროების მატარებელ ქვეყნებად აღიქმებიან". "დროა, მსოფლიო საზოგადოებამ სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის პოლიტიკაზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ისეთი რისკები, რასაც ბირთვული საშიშროებები ჰქვია" - დასძინა მან.“

იხ. ბმული

ამ არცთუ დიდ ტექსტში იმდენი აბსურდი წერია, თან „ექსპერტულ“ საბურველში გახვეული, რომ აუცილებელია მცირე კომენტარი. ვერსად, მსოფლიო ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეებზე, თქვენ ვერ წაიკითხავთ ამგვარ შეფასებას, რომ უკრაინა თურმე ირანის მსგავსად „იზოლაციაში“ მოექცევა პუტინის წინადადებების მიღების შემდეგ. პუტინის წინადადები უკრაინის ახალი ხელისუფლების მიმართ ითვალისწინებს რუსული „როსატომის“ და უკრაინული „ენერგოატომის“ ერთ ჰოლდინგად გაერთიანებას და მსოფლიო ბაზრებზე ერთობლივი პროექტებით გასვლას. ქართველმა „ექსპერტებმა“ ალბათ არ იციან, რომ „როსატომი“ მსოფლიოში აღიარებული კონცერნია, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს ატომური სადგურების აგების პროცესს, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთში და სხვ. „როსატომის“ სტრატეგიული პარტნიორია გერმანული კონცერნი „სიმენსი“, ასევე იაპონური „ტოშიბა“. რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყანაში 10-ზე მეტი ატომური ენერგობლოკი ფუნქციონირებს, რომლებიც საბჭოთა დროს არის აგებული. ამ ბლოკებს სჭირდებათ ბირთვული საწვავი, რომელიც მზადდება „როსატომის“ სტრუქტურულ დანაყოფში. მაგრამ იუშჩენკოს ნაციონალისტური რეჟიმი ცდილობდა რუსული და უკრაინული ატომური ენერგეტიკის დაშორებას ერთმანეთისგან და რუსული ატომური საწვავის ჩანაცვლებას ამერიკული ფირმა „ვესტინჰაუზის“ საწვავით. პუტინის წინადადებები ითვალისწინებს რუსული და უკრაინული ატომური ენერგეტიკის პოტენციალის გაერთიანებას, რასაც არაფერი საერთო არ აქვს ბირთვულ იარაღთან და მით უმეტეს, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან. ექსპერტმა (ბრჭყალების გარეშე) უნდა იცოდეს რომ სულ ახლახან, პრეზიდენტი იანუკოვიჩი დათანხმდა უკრაინის ტერიტორიაზე არსებული მაღალგამდიდრებული ურანის შეცვლაზე, რომელიც გამოიყენებოდა უკრაინის ატომურ ენერგეტიკაში, დაბალგამდიდრებული ურანით. მაღალგამდიდრებული ურანი ამავე დროს ბირთვული ბომბის დასამზადებლადაც გამოდგება. ამის გამო პრეზიდენტმა ობამამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იანუკოვიჩს. უკრაინის პრეზიდენტი იყო იმ 12 პრეზიდენტს შორის 47-დან, რომელსაც ობამა ბირთვული უსაფრთხოების ვაშინგტონის სამიტის დროს ერთი ერთზე შეხვდა. სხვათა შორის, „მიშისტი“ „ექსპერტების“ მამა და მარჩენალი ამ 12 ლიდერს შორის არ მოხვდა, მიუხედავად უდიდესი მცდელობისა.

ან საიდან მოიტანა ბ-ნმა გვარამიამ ის, რომ თითქოს რუსეთმა „აქცია ირანი მთელი მსოფლიოს საფრთხედ მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განხორციელებით“? არავინ, მათ შორის არც აშშ, ოფიციალურად არ უყენებს რუსეთს დანაშაულად ან რაიმე გადაცდომად ბუშერის ატომური სადგურის მშენებლობის ფაქტს, რადგან ამგვარი სადგურის მშენებლობის უფლება ყველა ქვეყანას აქვს. კიდევ უფრო აბსურდულია უკრაინის და „ნაბუკოს“ პროექტის დაკავშირება. საიდან სადაო? არავითარი კავშირი უკრაინას „ნაბუკოსთან“ არა აქვს. ამგვარი „მარგალიტებითაა“ სავსე ეს მცირე კომენტარი. სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული ირაციონალური და პარანოიკული ატმოსფერო ყველა სფეროს სწვდება და გროტესკულ ხასიათს იღებს.

გიორგი ვეკუა