რუსეთის ფლოტი ყირიმში რჩება

დღეს უკრაინის პარლამენტმა (რადამ), რუსეთის სახელმწიფო დუმასთან ერთად, რატიფიკაცია გაუკეთა მედვედევის და იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზირების გახანგრძლივების შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, შავი ზღვის ფლოტი კიდევ მინიმუმ 25 წლით დარჩება სევასტოპოლში, ხოლო უკრაინა სანაცვლოდ მიიღებს სერიოზულ შეღავათებს რუსეთიდან მოწოდებული გაზის საფასურში.

ხელშეკრულების რატიფიცირებას დიდი აურზაური მოჰყვა უკრაინის პარლამენტში. ნაციონალისტი დეპუტატები ცდილობდნენ მის ჩაშლას კვერცხების სროლით, კვამლის ყუმბარების აფეთქებით, ყვირილით და გაწევ-გამოწევით, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც რეგიონთა პარტიის ირგვლივ არის გაერთიანებული, თავისი გაიტანა.

ამავე დროს, რუსეთის დუმამაც დაამტკიცა ხელშეკრულება და სენატში მისი რატიფიცირების შემდეგ, რისი პრობლემაც არ იქნება, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს გადაეცემათ საბოლოოდ ხელმოსაწერად.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინაში ბაზირების გახანგრძლივება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამით ფაქტობრივად წერტილი დაესვა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში (ნატო-ში) გაწევრიანების განაცხადს. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა იდგეს, თუ, რა თქმა უნდა, თავად რუსეთი არ შევიდა ნატო-ში. მაგრამ ეს ნაკლებად რეალურია.

საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას. თავის დროზე, სააკაშვილის რეჟიმი აქცენტს აკეთებდა იუშჩენკოს და ტიმოშენკოს ანტირუსულ ძალებზე. თბილისში დღეს არსებულმა ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ უკრაინის რუსეთთან დაახლოება მომაკვდინებელია რუსოფობული რეჟიმებისთვის მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამით იყო განპირობებული სააკაშვილის და მისი მომხრეების გამუდმებული ვიზიტები უკრაინაში. დღეს ვითარება კარდინალურად შეიცვალა. სააკაშვილს, თარგამაძეს და მათ თანამზრახველებს უკრაინაში, შეიძლება ითქვას, აღარც ჩაესვლებათ. ოფიციალურად მაინც. რეჟიმის ყოველგვარი მხარდაჭერა უკრაინიდან გამორიცხულია, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თუ მორალური. ამავე დროს, დაიშალა უკრაინა-საქართველოს ტანდემი, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატად განიხილებოდა. ამის გამო, საქართველოს შესვლა ნატო-ში კიდევ უფრო არარეალური და ილუზორული ხდება.

თბილისში არსებული ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს და ჯიუტად არ აღიარებს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს. ეს ადამიანები ჩარჩნენ ჯორჯ ბუშის ეპოქაში, მათ ეტყობა, ჯ. მაკკეინი ჰგონიათ აშშ-ს პრეზიდენტი, ხოლო კალენდარზე კი 2005 წელი. სააკაშვილის რეჟიმი ზ. გამსახურდიას ხელისუფლებას ემსგავსება მისი არსებობის ბოლო თვეებში.