მეგრული კარტი სააკაშვილის რეჟიმისთვის

ვრცელდება ინფორმაციები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა გოროზიამ,თანმხლებ პირებთან ერთად, მესტიაში „სპეცოპერაცია“ ჩაატარა, რომლის დროსაც ოპოზიციური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს ხელს აწერინებდნენ კანდიდატურების მოხსნის შესახებ. უარის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ზეწოლას, შანტაჟს და როგორც ცალკეული პირები იტყობინებიან, ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებსაც.

თავისთავად ეს ფაქტი არც იქნებოდა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ანალოგიური რამ ხდება საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. ხელისუფლებამ იცის, რომ რაიონებში სიტუაციის კონტროლი, სადაც ყველა ყველას იცნობს და მოსახლეობა უფრო მეტადაა დამოკიდებული ადგილობრივ ხელისუფლებაზე, სწორედ ამგვარი პრიმიტიული, მაგრამ ეფექტური მეთოდებით ხორციელდება. საკმარისია დაუშვას ის, რომ სოფელში ან რაიონში ავტორიტეტული პირი რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაში აღმოჩნდეს, რომ დიდი რაოდენობის ხმები დაკარგული აქვს, ამიტომ მოუწევს მეტი „ჩალიჩი“ უშუალოდ არჩევნების პროცედურის დროს, რაც არც ისე სასურველია. მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლება საზღვარგარეთიდან ნამათხოვრები ფულის დიდ ნაწილს ხარჯავს თბილისში და ორიოდე დიდ ქალაქში, ექსტრავაგანტული და როგორც წესი, უაზრო პროექტების განხორციელებაზე, სასოფლო რაიონების დიდი ნაწილი მიტოვებულია და სიღატაკის ზღვარს მიღმა არსებობს. ამიტომ აგიტაციას იქ დიდი აზრი არა აქვს და ვეღარც ის მამასისხლად გაყვანილი გაზი ვეღარ იგებს მოსახლეობის გულს ხელისუფლების სასარგებლოდ. რჩება მხოლოდ „ძლიერი ხელის“ პოლიტიკა და ხალხის „დამორჩილება“, რასაც ახორციელებენ კიდევ რეჟიმის წარმომადგენლები რაიონებში.

მაგრამ მესტიის ფაქტში ერთი საყურადღებო მომენტია. საქმე ეხება მეგრელების და სვანების ურთიერთობას. საიდუმლო არაა, რომ სააკაშვილის რეჟიმი დიდ ყურადღებას უთმობს სამეგრელოს „ლოიალობის“ შენარჩუნებას. დე-ფაქტო პრეზიდენტი ცდილობს თავი მოაჩვენოს ამ კუთხეს, როგორც „ზვიადის რეინკარნაცია“ და ითამაშოს კუთხურ გრძნობებზე. ეს აისახება საკადრო პოლიტიკაში, ასევე პიარ-სვლებში,რომელსაც სააკაშვილი მიმართავს ხოლმე სამეგრელოს მიმართ. ერთ-ერთი ასეთი პიარ-სვლაა „სვანების დაჩაგვრა“ მეგრული წარმოშობის ძალოვნების მიერ, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. ამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა ზუგდიდიდან ჩასული სპეცრაზმელები სვანური წარმოშობის პირებს სასტიკად უსწორდებოდნენ. საინტერესოა, რომ შევარდნაძის დროს პირიქით ხდებოდა: სვანი „კრიმინალები“ თუ შეიარაღებული პირები „ჩაგრავდნენ“ მეგრული წარმოშობის ადამიანებს. ეს დაიწყო ჯერ კიდევ აფხაზეთის დატოვების დროს აფხაზეთის მოსახლეობის გაძარცვიდან კოდორის ხეობაზე გავლის დროს. ამგვარი „პოლიტიკა“ აღვივებს ბნელ ინსტინქტებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში და კუთხური დაპირისპირების ფონზე ხეირი მოაქვს ხელისუფლებისთვის, რადგან სამეგრელო ელექტორალურად გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სვანეთი. შედეგად, რაც უნდა უცნაური იყოს აფხაზეთში განცდილი კატასტოფიული მარცხის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმის რეიტინგი ყველაზე მაღალია ჯერჯერობით სწორედ სამეგრელოში. თუმცა, დიდხანს ამ რეიტინგის შენარჩუნება არსებულ ხელისუფლებას გაუჭირდება, საშინაო და საგარეო მარცხების მომრავლების პირობებში.