9 მაისი და კავკასია XXI საუკუნეში

შთაბეჭდილებები საერთაშორისო რეგიონული კონფერენციიდან "ერთიანობით მიღწეული დიადი გამარჯვება. კავკასია დიდი სამამულო ომის წლებში"

საბრძოლო დიდების ქალაქ ტუაფსეში წლეულს, 29-30 აპრილს, ევრაზიის კვლევების ინსტიტუტისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ცენტრის (მოსკოვი) მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ კავკასიის ყველა რესპუბლიკის (არავის მიერ აღიარებული ყარაბაღის გარდა) წარმომადგენლები - პარლამენტარები, ისტორიკოსები, პოლიტიკური მიმომხილველები, ჩინოვნიკები და, რა თქმა უნდა, ომის ვეტერანები; ასევე, ესწრებოდა მაღალი დონის დელეგაცია მოსკოვიდან - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საამმართველოს უფროსი უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების საკითხებში ს. ი. ვინოკუროვი, რფ-ის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ა. პ. ტორშინი, სახელმწიფო სათათბიროს დსთ საქმეთა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე ა. ვ. ოსტროვსკი და სხვები.

ღონისძიება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. თუმცა ტუაფსეში 9 მაისამდე კარგა ხნით ადრე იმართებოდა გამარჯვების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები. ყუბანმა გულღიად მიიღო სტუმრები. კავკასიის დელეგაციის სახელით მისმა წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის ობელისკი. მოეწყო შეხვედრა ადგილობრივ კადეტებთან, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის სახელით გაიმართა მიღება, რომელსაც ამშვენებდა კაზაკთა შესანიშნავი გუნდის მიერ შესრულებული სიმღერები...

ჩინებული ამინდი იდგა, რაც ამ ლამაზ, შავიზღვისპირა ქალაქში არსებულ საზეიმო განწყობილებას კიდევ უფრო ამშვენებდა; ქალაქისა, რომლის მისადგომებთან 1942 წელს კავკასიის სიღრმისკენ მიმართული გერმანული სამხედრო მანქანა შეჩერებულ იქნა.

კონფერენციის პათოსად კავკასიისა და მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხთა ერთიანობა უნდა ქცეულიყო, რომლის წყალობითაც მრისხანე მტერზე ბრწყინვალე გამარჯვებას მივაღწიეთ. ერთიანობაში ორგანიზატორთა ჩანაფიქრი განხორციელდა, მაგრამ დიადი გამარჯვების ზეიმსაც კი არ ძალუძს იმ ნეგატიური დამოკიდებულების აღმოფხვრა, რომელიც დღეს კავკასიის ცალკეულ ხალხებს შორის სუფევს. თავს თუ არ მოვიტყუებთ და სიტუაციას ობიექტურად შევაფასებთ, კავკასია ჯერჯერობით ”ავადმყოფურ/მტკივნეულ ისტორიზმთან” (სტალინის, ჩემი აზრით, ერთობ ზუსტი ტერმინი - "болезненный историзм") დაკავშირებული ნაციონალისტური გრძნობებისა და ემოციების ტყვეობაში რჩება. მოცემულ მოკლე სტატიაში საილუსტრაციოდ მხოლოდ ტუაფსეში გამართულ კონფერენციას მოვიყვან.

ნაციონალური დელეგაციებიდან გამომსვლელთა უმეტესობა აქცენტს აკეთებდა თავისი ხალხის მიღწევებზე დიდ სამამულო ომში, რაშიც გასაკვირი და ურიგო არაფერია, თუმცა, მეორე მხრივ, ხალხთა ერთიანობის კონტექსტი გარკვეულწილად იკარგებოდა, ზოგ შემთხვევაში კი ცალკეული მათგანის წვლილი ნაცისტური გერმანიის განადგურებაში გადაჭარბებით ფასდებოდა. რა გაეწყობა, კავკასიელები კავკასიელებად რჩებიან - საკუთარი თავის წარმოჩენა სურთ, მაგრამ ხშირად ამას სხვის ხარჯზე აკეთებენ. სოკრატ ჯინჯოლიამ - აფხაზეთში ცნობილმა და პატივცემულმა მოღვაწემ, თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველო. მანამდე მან ეს 2008 წლის ოქტომბერში ანკარაში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა თავის კოლეგა პროფესორ ს. ლაკობასთან ერთად. მოკლედ, იქ, სადაც აფხაზები გამოდიან, უთუოდ უნდა ველოდოთ კრიტიკული შენიშვნების კასკადს საქართველოს მისამართით, იმის მიუხედავად, შეესაბამება იგი წარმოდგენილ თემას თუ - არა. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ საქართველოს პირდაპირი კრიტიკისგან თავი შეიკავა, მაგრამ ირიბად და ადრესატის მოხსენიების გარეშე, ეს მაინც გააკეთა. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზები და ოსები მენტალურად ჯერ ძალიან შორს არიან რეალური დამოუკიდებლობისგან და ერთობ დამოკიდებულნი არიან მტრის ხატზე საქართველოს სახით. იგივე შეიძლება ითქვას ქართველებზეც. ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის ყველა მაკროპოლიტიკურ საკითხში რუსეთისადმი დაპირისპირებას ჩვენი პოლიტიკოსები საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტთან აიგივებდნენ - ვლანძღავთ რუსეთს, ესე იგი ”დამოუკიდებლები” ვართ. აფხაზმა და ოსმა პოლიტიკოსებმა, თავის მხრივ, თავიანთი ხალხების დამოუკიდებლობის საფუძვლად საქართველოს სახით მტრის ხატი შექმნეს - თუ არ გააკრიტიკებენ საქართველოს და თითს არ დაუქნევენ, მაშინ ხომ მათ დამოუკიდებლობას გროშის ფასი ექნება. სამაგიეროდ, რუსეთი მათთვის იგივეა, რაც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის - აშშ, მარჩენალი პატრონი, რომლის წინაშეც ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რათა ერთგულება დაუმტკიცო.

თუმცა კონფერენციის ყურადღების ცენტრში მარტო საქართველო და მისი ყოფილი ავტონომიები არ აღმოჩენილა. გაიხსენეს სომეხთა გენოციდიც ოსმანთა იმპერიაში და, ასევე, გენერალ ბაგრამიანის ქანდაკების დამსხვრევა ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში ყარაბაღის ომის შემდეგ, რამაც აზერბაიჯანელებისა და სომხების სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გამოიწვია. ბლიც-რეჟიმში განიხილეს საკითხი, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჰიტლერისთვის, როცა ის კავკასიის დაპყრობას გეგმავდა - გროზნოს ნავთობი თუ ბაქოსი.

ჩრდილო კავკასიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყურადღება სტალინის ეპოქის რეპრესიებზე შეაჩერა. მათ მხარი დაუჭირა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ისტორიის გეოპოლიტიკისა და ომების ისტორიის ცენტრის ხელმძღვანელმა მ. ი. მიაგკოვმა. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ამ ხალხების ”მნიშვნელოვანი წვლილი” ომშიც. როგორც ჩანს, ამ გზით მოსკოვი მაქსიმალურად უქონავს თავს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს და მოცემული თემის მუსირებაც შემთხვევითი არ ყოფილა. ხშირად ისტორიული სიმართლე მსხვერპლად ეწირება პოლიტიკურ კონიუნქტურას, რასაც თეორიულად შეიძლება შემწყნარებლურად მოეკიდო, თუკი ეს მსხვერპლი მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს, თუმცა პრაქტიკა საწინააღმდეგოს უფრო მოწმობს.

სწორედ ისტორიის ფალსიფიკაციის საკითხს შეეხო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე ჭაჭია (საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ორი ვეტერანი იყო - 87 წლის დავით იაკობაშვილი და 85 წლის შოთა ბუაძე, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელი ტ. გაგნიძე, გლობალიზაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ვ. ცაავა, პროფესორი შ. კვირტია, კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის ”რუსკი კლუბის” პრეზიდენტი ნ. სვენტიცკი, პუბლიცისტი ა. ხიდირბეგიშვილი და ამ სტრიქონების ავტორი). ა. ჭაჭიას აზრით, თავად რუსეთის მედია  უწყობს ხელს დიდი სამამულო ომის შესახებ დამახინჯებული სურათის გავრცელებას. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში არ შექმნილა არც ერთი ნორმალური მხატვრული ფილმი ომზე; ვითარება ისეა წარმოდგენილი, თითქოს საბჭოთა მოქალაქეები ერთმანეთს ეომებოდნენ: სპეცსამსახურის წარმომადგენლები - ჯარისკაცებს, სარდლები - პარტიას და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას სახელმძღვანელოებზეც. ”ამ ფილმებითა და სახელმძღვანელოებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ სჯობდა ჰიტლერს ეს რეჟიმი და უმაქნისი ხალხი გაენადგურებინა” - შენიშნა ჭაჭიამ. მან ასევე წამოაყენა წინადადება, რომ აიკრძალოს ომის თემაზე ფილმების გადაღება, ამ პროცესში მიუკერძოებელი პროფესიონალი ისტორიკოსების ჯგუფის ჩართვის გარეშე, რასაც უმალ გამოეხმაურა რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბ-ნი ვინოკუროვი. მან მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და დასძინა, რომ ამგვარი იდეა ადმინისტრაციაშიც დაიბადა და ამასთან დაკავშირებული ექსპერტთა კომისიაც იქმნება.

შემდგომ ბატონმა ჭაჭიამ აღნიშნა: ”მიმდინარეობს მკაცრი კამპანია მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ის დამსახურებათა დაკნინებისთვის. ევროპაში ერთ-ერთ ფორუმზე დასწრებისას, ამერიკის ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირმა აშშ-სა და ინგლისს უდიდესი დახმარება გაუწია ნაციზმის დამარცხებაში... ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ისტორიის დამახინჯებას თავად ვუწყობთ ხელს, როცა საბჭოთა რეჟიმს ხალხთა მჩაგვრელად ვაცხადებთ. მონები არასოდეს იბრძოლებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ისე, როგორც ეს დიდი სამამულო ომის დროს მოხდა”... ჭაჭია ასევე შეეხო საბჭოთა კავშირის წარსულის გამო მონანიების საკითხსაც, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ. მისი აზრით, საკითხის ამგვარად დაყენება ზიანის მომტანია. რუსეთმა არ უნდა მოინანიოს ის, რასაც არც ევროპა და არც ამერიკა არ ინანიებენ. მით უფრო არ ღირს უმაღლესი მთავარსარდლის დამსახურებათა დაკნინება. ”სად, რომელ ქვეყანაში ზეიმობენ სამხედრო გამარჯვებას უმაღლესი მთავარსარდლის სათანადოდ მოხსენიების გარეშე? განა ჩვენ უმაღლესი მთავარსარდალი არ გვყავდა? თქვენ, პატივცემულო ვეტერანებო, უიმისოდ, დამოუკიდებლად იბრძოდით? რა ბედი გვეწეოდა სარდლობის გარეშე?”  - მიმართა ჭაჭიამ დარბაზში დამსწრე ვეტერანებს, რომლებმაც მოწონების რეპლიკებით უპასუხეს. მოგვიანებით ალექსანდრე ჭაჭიას მოხსენების ამ პასაჟს ყოფილი პროფესიონალი სამხედრო მზვერავი, ფონდის - ”ვერნოსტ ოტჩიზნე”(რუსეთი) აღმასრულებელი დირექტორი იური ბაბაიანცი გამოეხმაურა, რომელმაც ხაზი გაუსვა ელემენტარულ, მაგრამ ხშირად დავიწყებულ ჭეშმარიტებას - ხალხს დამოუკიდებლად ბრძოლა არ შეუძლია, სამხედრო მოქმედებათა ორგანიზაციით სახელმწიფოა დაკავებული, ხოლო საბჭოთა სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა გამარჯვებისთვის (ბაბაიანცის თქმით, მარტო სამხედრო დაზვერვამ მტრის ზურგში 150 ათასი აგენტი გაგზავნა), ამ თვალსაზრისით, არ შეიძლება ხალხისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნა.

საქართველოს დელეგაციიდან სიტყვით გამოვიდა ასევე, არნო ხიდირბეგიშვილი (მის გამოსვლას ჩვენს საიტზე სრულად გთავაზობთ) და ნიკოლაი სვენტიცკი, რომელმთაც ისევე დაიმსახურეს დამსწრეთა აპლოდისმენტები, როგორც ა. ჭაჭიას გამოსვლამ. საქართველოს დელეგაცია არ გამოეხმაურა აფხაზი კოლეგების კრიტიკას, არა იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა, არამედ კონფერენციის კონკრეტული მიზნებიდან და, საერთოდ, ეთიკიდან გამომდინარე, ამით ქართულმა დელეგაციამ მხოლოდ მოიგო. ის ფაქტი, რომ ქართული დელეგაცია თავის გამოსვლებში აქცენტს აკეთებდა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და საბჭოთა კავშირის ხალხების ერთიანობაზე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საქართველოში ამ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა უკვე დამკვიდრებულია (ქართული დელეგაცია თანამოაზრეებისგან შედგებოდა), თუმცა ტენდენციის უგულებელყოფა არ ეგების - პოზიტიური მიდგომა ნელ-ნელა მწიფდება ქართველ საზოგადოებაშიც. სამწუხაროა, რომ თვალის ახელა ”კარგი ცხოვრების” გამო არ ხდება, ეს პროცესი, შესაძლოა, ძალიან ნაგვიანევიც არის. მეორე მხრივ კი, როგორც ამბობენ, ”სჯობს გვიან, ვიდრე”...

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,

სპეციალურად ჟურნალისთვის ”ისტორიული მემკვიდრეობა”