რა მოჰყვება პრემიერის ე. წ. ულტიმატუმს?

რა მოჰყვება პრემიერის ე. წ. ულტიმატუმს?

საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის აწ უკვე ცნობილ მიმართვას მიხეილ სააკაშვილისადმი, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს,

თავის გუნდთან ერთად, სამი დღის ვადა მიეცა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანხმობის მოსაცემად, არ ექნება სასურველი ეფექტი, თუკი ამ მომენტამდე კონფიდენციალურად უკვე არ ხორციელდებოდა აქტიური კონტაქტები საპარლამენტო უმცირესობის ნაწილთან, ამ ინდივიდებზე ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური ზეწოლისა და მათი გადმობირების მიზნით.

 ჯერ-ჯერობით, ამერიკელების და ევროპელების მიერ შემოგდებულმა ფსევდოდემოკრატიულმა „კოჰაბიტაციის“ პროცესმა „ნაციონალურ მოძრაობას“ სულის მოთქმის საშუალება მისცა. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გვარიანად შეშინებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ და გათავხედდნენ კიდეც. მართალია, მათ ქმედებებს შიში ისევ გასდევს ფონად - სწორედ ამიტომ ითხოვენ საჩინოვნიკო ამნისტიებს (პირდაპირ ექსპრეზიდენტზე და „ნაცების“ სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე ამნისტიის ღიად მოთხოვნა კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა), მაგრამ მთავრობის მიერ გატარებული ზომები არასაკმარისია. ეს, პირველ რიგში, ჩანს სასამართლო სისტემის არშემდგარ „დენაციფიკაციაზე“. მმართველი პარტიის ცალკეული ლიდერები ისე აკეთებენ აღშფოთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ „სასამართლოზე, როგორც ჩანს, გავლენა ისევ ნაციონალურ მოძრაობას აქვს“, თითქოს ეს მათ გარდა სხვისი ბრალი იყოს.

პარლამენტს, პრემიერმინისტრსა და მთავრობას ჯერ არ ჰყავთ საიმედო დასაყრდენი ძალოვანი სტრუქტურების სახით (არა მათი პირადი ინტერესების, არამედ სწორედ სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით), ამ სტრუქტურების რეფორმირება ჯერ საწყის სტადიაშია და უცბად ვერ დასრულდება. გამოდის, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მთავრობა და პარლამენტი მხოლოდ ხალხის - ამომრჩევლების აქტიურობის იმედად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერა მთავარია და ბიძინა ივანიშვილი ამ რესურსს ჯერ კიდევ ფლობს, მაგრამ თუკი სახალხო მხარდაჭერა არ იქნა რეალიზებული რაიმე ტიპის, თუნდაც დროებითი ძალოვანი სტრუქტურის სახით, ამ რესურსის გამოყენება პრაქტიკაში არც თუ ისე იოლი იქნება. ერთადერთი, რაც „ნაციონალებს“ აჩერებს ქვეყანაში ბუნტის მოსაწყობად, მათი უკიდურესი არაპოპულარობაა, მაგრამ თუკი სიტუაცია ასე, თავის დინებაზე მიშვებული გაგრძელდა, მაშინ სკეპტიკურ-ნიჰილისტური განწყობები ხალხში გაიზრდება და მასები თანაბრად შეაქცევენ ზურგს როგორც „ნაცმოძრაობას“, ისე „ქართულ ოცნებას“, ეს კი უდავოდ ყოფილი მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმოქმედებს.

ამიტომ, პრემიერის ნამდვილად და სამართლიანად მუქარის შემცველ წერილს რეალური ძალა რომ ჰქონდეს, აუცილებელია „ნაცმოძრაობის“ დეპუტაციის ყველაზე პასიური ნაწილის გადმობირება (თუკი დაშინება არ გამოდის) და ამის პარალელურად პოლიციისა და არმიის მხარდამჭერი სახალხო „დრუჟინების“ - რაზმების ორგანიზება, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერების ბაზაზე. კანონის ძალით თუ როგორ შეიძლება ასეთი სტრუქტურების ლეგალიზება, ამაზე იურისტებმა იფიქრონ, მაგრამ სტრუქტურა, პირველ ეტაპზე თუნდაც შეუიარაღებელი, რომ აუცილებელია, დღითი დღე სულ უფრო ნათელი ხდება.

სამწუხაროდ, თავსმოხვეულმა ყალბმა დემოკრატიულმა „კოჰაბიტაციამ“ ხალხის მიერ მხარდაჭერილ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ტემპი დააკარგინა და ნაცვლად იმისა, ახლა ისეთ თემებზე ვსმჯელობდეთ, როგორც სოფლის მეურნეობის დახმარების ფონდის ეფექტურობის გაზრდა, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა, განათლებული ქართველი ახალგაზრდობის სამშობლოში დაბრუნება და მრავალი სხვა, გვიწევს ისევ ერთი „გიჟი მიშასა“ და მისი ხროვისგან საქართველოს დახსნაზე გაუთავებელი ბრძოლა.  გამოეცხადებინა პრემიერმინისტრს, რომ საქართველოსთვის უზენაესია საკუთარი კანონები და არა უცხოელი დიპლომატების აზრი, მაშინ მ.სააკაშვილი დღეს კვლავ „პრეზიდენტად“ არ იქნებოდა წოდებული და მისგან აპრილში მთავრობის დათხოვნის საფრთხეც არ იარსებებდა - მას ხომ 20 იანვარს დაუმთავრდა საკონსტიტუციო მმართველობის ვადა. მაგრამ ვინაიდან საქართველოს სუვერენიტეტი აშკარად შეზღუდულია დასავლეთის მიერ, შესაბამის შედეგებსაც ვიმკით.

ეს ჩემი მოსაზრებებიც, სამწუხაროდ, მოსაზრებებად დარჩება და კიდევ გაგრძელდება სადო-მაზოხიზმი, სახელად „კოჰაბიტაცია“. თუმცა მაინც ვიტოვებ პრემიერმინისტრის გამჭრიახობის იმედს, იმ ვარაუდით, რომ მისი განცხადების უკან ჩვენთვის ჯერ უცნობი, კონფიდენციალურად უკვე გადადგმული რეალური ნაბიჯები და ასეთივე სამომავლო გეგმა მოიაზრება.

ხოლო თუკი ვინმე შემეწინააღმდეგება, რომ ყოველივე ეს „არადემოკრატიულია“, მათ მე გავახსენებ სააკაშვილის ქმედებებს 2004 წელს - მაშინ იგი ვა ბანკზე წავიდა და ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ თავიდან მოეცილებინა სავსებით ლეგიტიმური და კანონიერად არჩეული აჭარის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე, რომელიც „ვარდების“ ხელისუფლებამ დაამხო კიდეც. „რევოლუციონერებს“ ესმოდათ, რომ ან ისინი დაამხობენ ასლანს, ან დროთა განმავლობაში ასლანი მოუღებდა მათ ბოლოს.

 

 გულბაათ რცხილაძე