ნატო გოგოტაშვილები და ანტირუსული ისტერიის ახალი ტალღა

ნატო გოგოტაშვილები და ანტირუსული ისტერიის ახალი ტალღა

 მას შემდეგ, რაც ევრაზიის ინსტიტუტმა გამოთქვა დასაბუთებული ეჭვი „რუსთავი 2“-ის კავშირებზე შსს-ში ჩარჩენილ ნაც-მოტრფიალეებთან, სააკაშვილის დეზინფორმაციის მანქანამ კუდი ამოიძუა და ევრაზიის ინსტიტუტის წინააღმდეგ დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია შეარბილა.

  კერძოდ, სასამართლო პროცესის თავიდან აცილების მიზნით, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასულ რეპორტაჟს, ისევე, როგორც ამ გადაცემის ანონსს, მოეხსნა დასათაურება „მეხუთე კოლონა“. მართალია, გადაცემის წამყვანმა, მრავალი წლის მანძილზე რეჟიმის მსახურმა დ. კიკალიშვილმა საკუთარი მოსაზრების ფარგლებში მაინც გაბედა ამ სიტყვის ხსენება, მაგრამ შეურაცხყოფის ადრესატი მან გააბუნდოვანა რეპორტაჟის ავტორის, ნატო (პასპორტის მიხედვით - თენგიზ) გოგოტაშვილის მეშვეობით, რომელმაც რეპორტაჟის დასაწყისში ლამის ნახევარი ქართული ოპოზიციური სპექტრის კადრები დაახვავა და ამრიგად, სასამართლოსთვის სადავო გახადა „მეხუთე კოლონის“ კონკრეტული ადრესატი - გაილანძღა ყველა და თან არავინ. ამიტომ ახლა იურიდიულად „რუსთავი 2“-თან მოდავება უფრო რთულია. თუმცა ჩვენს თვითმიზანს სულაც არ წარმოადგენს სასამართლოში სირბილი, ასე რომ არ იყოს, „რუსთავ 2“-ს 30 მარტს გასული შეურაცხმყოფელი ანონსის გამოც ვუჩივლებდით. მაგრამ ვინაიდან ოდესღაც გავლენიანი ტელევიზია ასე სამარცხვინოდ გახდა იძულებული, საკუთარი გადაფურთხებული აელოკა და ორდღიანი ანონსის შემდეგ რეპორტაჟი აღარ გაუშვა ეთერში, საკმარისად მივიჩნევთ მორალურ გამარჯვებას.

  წინამდებარე შენიშვნის ფარგლებში ჩვენ მოკლედ გავაანალიზებთ „პოსტსკრიპტუმში“ გასული რეპორტაჟის შინაარსობრივ მხარეს. ნატო  გოგოტაშვილი, როგორც ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ჟურნალისტობასთან ერთად ითავსებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის - ნატოს ე. წ. „საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელობას (ამიტომაც ეწოდება თენგოს - ნატო), მთელი გაკაპასებით იცავს ნატოს აგრესიას სერბი ხალხის წინააღმდეგ. ნატო გოგოტაშვილის მიერ გაშვებულ სიუჟეტში (იხ. ბმულზე) ავტორი ამართლებს ნატოს აგრესიას სერბი ხალხის წინააღმდეგ იმით, რომ თითქოს კოსოვოში ადგილი ჰქონდა სერბების მხრიდან 50 ათასი ალბანელი ქალის (!) გაუპატიურებასა და ალბანელების გენოციდს. ამ აბსურდის კონკრეტულ წყაროს, რა თქმა უნდა, იგი არ ასახელებს. სამაგიეროდ, თბილისის „კინოს სახლში“ გაშვებულ დოკუმენტურ ფილმს, ნატოს პროპაგანდისტი ნატო გოგოტაშვილი „რუსულ პროპაგანდისტურ ფილმს“ უწოდებს. არადა, შეგვიძლია მივუთითოთ გერმანიის პირველ არხზე გასულ დოკუმენტურ ფილმზეც, რომელშიც ნათლად არის გამოვლენილი მაშინდელი გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული სიცრუე სერბების მიერ კოსოვოელი ალბანელების მასობრივი დახოცვასთან დაკავშირებით. ჩვენს ინსტიტუტს, სამწუხაროდ, არც რუსული და არც სხვა დაფინანსება არ გააჩნია, რომ ხელი მიჰყოს მთელი ამ დოკუმენტაციის თარგმნას, მაგრამ ამ ფილმის გერმანულ ორიგინალს მაინც მივუთითებთ: 

 

დღეს საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ 1999 წელს ომი სერბი ხალხის წინააღმდეგ დიდი სიცრუით დაიწყო. ომის მომხრე დასავლელი ლიდერები ახდენდნენ თავიანთი ხალხების დეზინფორმირებას, თითქოს კოსოვოში სერბები ჟლეტდნენ ალბანელებს (აქვე წარმოგიდგენთ 24 მარტს „კინოს სახლში“ გასულ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელიც ჩვენ თავად შევადგინეთ უბრალოდ, „იუტუბის“ საშუალებით. დაე მაყურებელმა თავად განსაჯოს, რა დოზით არის იქ „რუსული პროპაგანდა“ და რა კადრებია ნაჩვენები):

 ასე და ამრიგად გახდა შესაძლებელი ნატოს აგრესია სერბეთის წინააღმდეგ - გაეროს და ყველა ლეგიტიმური საერთაშორისო ინსტანციის გვერდის ავლით, რამაც მსოფლიოში სეპარატიზმის გაძლიერებას, ისევე როგორც ანტიმართლმადიდებლურ განწყობებს შეუწყო ხელი - საქართველოს და ჩვენი მართლმადიდებელი რწმენის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ევრაზიის ინსტიტუტმა სწორედ ეს „მესიჯი“ მიაწოდა ქართულ საზოგადოებას, რაც ადგილობრივ „ნატოებს“ გულზე მოხვდათ. სწორედ ევრაზიის ინსტიტუტის მიერ მოწყობილი კინოჩვენებისა და მანიფესტაციის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ნარჩენებმა გააძლიერეს ზეწოლა ხელისუფლებაზე და ქვეყანაში ანტირუსული ისტერიის გამოწვევას გაათმაგებული ძალებით ცდილობენ. ამ სამარცხვინო საქმეში მათ მხარი აუბა შემთხვევით აღზევებულმა, დასავლური გრანტებით ფერზე მოსულმა, რაღაცის მინისტრმა ალექსი-ბუკა პეტრიაშვილმა. უფრო მეტი,  ზოგადად ზომიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც „გარადიკალდა“ და ქვეყანაში ე. წ. პრორუსული ძალების მომრავლებით გამოთქვამს უკმაყოფილებას.

   თუმცა ქართველი ხალხის 90 პროცენტი კვლავ რუსეთთან დაახლოებას ელის და ამ აუცილებლობას ვერავინ გაექცევა - ვერც მინისტრი, ვერც დეპუტატი და ვერც „ნაციონალი“. ევრაზიის ინსტიტუტი სწორედ ხალხის განწყობებს სწავლობს და ამიტომ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული. რაც შეეხება „რუსთავ 2“-ს, მის სადეზინფორმაციო მანქანას, აღვნიშნავთ, რომ მეთოდები მოუძველდათ და იარაღი დაუბლაგვდათ. საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი ზუსტად ორი დღის მანძილზე უკან დაგვდევდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყოველი ჩვენი ფეხის გადაადგილებას იღებდა და ჩვენს ნალაპარაკევს იწერდა (ჩვენთან შეთანხმებით). მაგრამ თავიანთ რედაქციაში სხვა ვერაფერი „კომპრომატი“ იპოვნეს, გარდა იმისა, რაც 6 აპრილის ეთერში გავიდა. პირიქით, ევრაზიის ინსტიტუტს დამატებითი რეკლამა გაუკეთდა - ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ამბობს: „დასავლეთი თავად დაშორდა ღმერთს, ღვთის კანონებს და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოშიც იგივე მოხდეს“. ამ სიტყვების შემდეგ კი კადრში უჩვენებენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია მეორეს, რუსეთის პატრიარქთან ერთად. უნდა აღვნიშნოთ, რომ ნატო გოგოტაშვილს ალბათ ჩვენი და რუსი ერის პატრიარქების „გაშავება“ უნდოდა, მაგრამ სინამდვილეში ევრაზიის ინსტიტუტის „თეთრი“ პიარი გამოუვიდა.

  ასე გააგრძელეთ, ნატოებო!

 

  ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობა