მანანა კობახიძის შიშების გასაფანტად

მანანა კობახიძის შიშების გასაფანტად

ქალბატონმა მანანა კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა აშშ-ს მიერ დაკანონებულ ერთსქესიან ქორწინებებთან დაკავშირებით.

ქალბატონი მანანას შეშფოთების შესახებ აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჯერ არაფერი იცის და შეერთებული შტატების მთავრობა თავს ვალდებულად აცხადებს, მთელ მსოფლიოში განავრცოს „თავისუფლება“, რომელიც ერთსქესიანი ქორწინებების დაშვებას გულისხმობს. ამიტომაც, ქალბატონ მანანას სასოწარკვეთის ნიშნები დაეტყო. რა გულის ამაჩუყებელია მისი ეს სიტყვები:

„სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა“.

  რას ამბობთ, ქალბატონო მანანა! რატომ უნდა დავრჩეთ პარტნიორისა და მოკავშირის გარეშე? აქვე არ არიან არაბული მონარქიები, რომლებიც დიდი „ინვესტიციების“ ჩადებას აპირებენ საქართველოში? ისინი კი ნამდვილად არ დააკანონებენ ერთსქესიან ქორწინებებს, რადგან დასავლეთი არასოდეს ერევა მათ საშინაო საქმეებში - თქვენი საბრალო ხელისუფლებისგან განსხვავებით. პირველი ნაბიჯი, რომ თურქეთთან ერთად, საქართველო მივყიდოთ არაბებს, უკვე გადადგმულია, საუდის არაბეთის პრინცით მოხიბლული ჩვენი მთავრობის ნორჩი მეთაური მოუთმენლად ელის „ინვესტიციებს“ - მერე რა, რომ ინვესტიციის დიდი ნაწილი რეალურად ისლამური ფუნდამენტალიზმის ინტერესებს მოხმარდება? პრინციპში, ამის წინააღმდეგ ამერიკელებიც არ იქნებიან, რადგან სწორედ მათ შექმნეს ე. წ. „ისლამური სახელმწიფო“. ამიტომ ნუ ღელავთ, დასავლეთი თუ არა, დასავლეთის მიერვე გამოზრდილი ისლამისტები იქნებიან თქვენი მეგობრები და მოკავშირეები.

   თუმცა ამ შემთხვევაში, გეი-ქორწინების ნაცვლად, შესაძლოა, ისევ ჩადრი მიიღოთ, როგორც, მაგალითად, მე-19 საუკუნის პირველ მესამედში ინერციით კიდევ იყო შემორჩენილი საქართველოში - ქართველი მანდილოსნები ტფილისში ჩადრებით დადიოდნენ. ამის შესახებ თვით ალექსანდრე პუშკინი გვამცნობს. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს ვარიანტიც - ჩადრი, არ გაწყობთ. არ აწყობს არც სხვა ქართველ მანდილოსნებს, რომლებიც გრაფ მიხეილ ვორონცოვის მიერ აღორძინებულ საქართველოდან მოყოლებული, „გაევროპელდნენ“.

   არის კიდევ მესამე ვარიანტი - ჩვენს მოკავშირედ თუ არა, პოტენციურ პარტნიორად მაინც ვაღიაროთ რუსეთი, რომლის ხალხთან ევქარისტულ კავშირში ვიმყოფებით, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები და რომლის ამჟამინდელმა ლიდერმა ძირშივე გამორიცხა ერთსქესიანთა ქორწინება, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის საკანონმდებლო აკრძალვის გზით. დიახ, რუსეთთან ბევრი პრობლემა გვაქვს, პირველ ყოვლისა, „ტერიტორიული მთლიანობის“, ასევე საკუთრივ რუსეთშია უამრავი პრობლემა, მაგრამ ჩვენი ცნობიერების საფუძვლებს, ჩვენს რწმენას, ჩვენს ოჯახურ ფასეულობებს რუსეთი საფრთხეს არ უქმნის! პირიქით, ამ გლობალურ ფასეულობების ომში ჩვენ და რუსები ბარიკადების ერთ მხარეს ვართ!

   მაგრამ ვაი, რომ თქვენც ისევე დაშინებული ბრძანდებით, როგორც მთელი „საქოცეთი“, თქვენი ნორჩი პრემიერ-მინისტრის თამადობით, რომელიც ბაქოში ეახლა ალიევს, თითქოს ცოტა ხნის წინ ამ ალიევმა არ დაამცირა იგი, სააკაშვილის მიპატიჟებით. ხოლო თუკი მაინც ჩავიდა ბაქოში, შემთხვევით ესარგებლა და პუტინთან მისულიყო და მისთვის ხელი ჩამოერთმია. ნორჩი პრემიერ-მინისტრი, რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად, „კაზინოების დირექტორთან“, ფსევდოსახელმწიფო მონაკოს პრინცთან მიცუცქდა. სიმბოლურია - კაზინოებად და ტოტალიზატორებად ქცეული მათხოვარი (იმავე მდიდარი მონაკოსგან განსხვავებით) ქვეყნის მთავრობის მეთაური უფრო შინაარსიან საუბარს არც იმსახურებდა!

   ქალბატონო მანანა, თქვენც ასეთ შავ დღეში ხართ - ვერ გარკვეულხართ, ვის და რას უნდა დაუპირისპირდეთ. კარგია, რომ ბრმად არ ეთანხმებით ყოველივეს, რაც ამერიკიდან მომდინარეობს, მაგრამ ამავე დროს, ოპონენტებს ევედრებით: „რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!“ აი თურმე, „მთავარი“ რა ყოფილა! ამ „რუსეთუმეობის“ დაბრალების შიშით, პარალიზებული ბრძანდებით და ამიტომაც თქვენი „შეშფოთება-აღშფოთებიდან“ არაფერი გამოვა. მაინც გაგამხნევებთ: თქვენზე გაცილებით დიდი „რუსეთუმეული“ სტაჟი მაქვს, 1999 წლიდან ვიკვლევ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს და იმ დროიდან მოყოლებული ვამბობ, რომ რუსეთთან ჭიდილი და ნატოსკენ სწრაფვა საქართველოს დაღუპავს. 2008-ში უკვე ახდა ეს ჩემი ნათქვამი და კიდევ ბევრჯერ ახდება. სხვა მხრივ, ერთი მუჭა აგრესიული ინტერნეტ-მოლაყბეების მიერ მონიჭებული „რუსეთუმე“-ს იარლიყი არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის: თავისუფლად დავდივარ ქუჩაში, დაცვის გარეშე, უამრავ ხალხს ვხვდები, რომელთაგან დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ჩემს პოზიციას... პრინციპში, ჩვეულებრივად ვცხოვრობ და თავისუფლად გამოვთქვამ აზრს, ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ასევე ღიად გამოვთქვამდი ამავე აზრს. მაშ, თქვენ რაღამ შეგაშინათ, დეპუტატო ქალბატონო?

აგერ, ერთი კაცი მაინც გამოჩნდა თქვენს კოალიციაში - ბატონი გოგი თოფაძე, რომელსაც არ ეშინია „რუსეთუმეს“ იარლიყისა და იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ატეხეს გნიასი ტელევიზიებმა, ეკვეთნენ ბატონ გოგის, მაგრამ მას თავის სიტყვებზე - ნატოს ბაზა საქართველოში არ უნდა იყოსო, უარი არ უთქვამს! თქვენც ამოიღეთ ხმა პოლიტიკურ საკითხებზე, მაინცდამაინც ასეთი აშკარა „გეი-ტრანს-გენდერ-შმენდერ“ რაღაც უნდა მოხდეს, რომ საქართველოს ინტერესები ამოიცნოთ?! თუ არა და, ბატონ გოგის მაინც გაუფრთხილდით!

პატივისცემით,

გულბაათ რცხილაძე