ვითომ ამ გზით მივალთ ტაძრამდე ?

ერთობ მოსავლიანი გამოდგა საქართველოს ხელისუფლებისთვის გასული ზაფხული. დასავლურმა დიპლომატიამ ზედიზედ ისეთი ყურადღება გამოიჩინა ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით მივიწყებულ-მიგდებული ქვეყნისადმი,

უკეთესს რომ ვერ ინატრებდა კაცი.

დიპლომატიური ვოიაჟები ისლანდიის ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს - მერე რა სიტყვებით, რა ქებათა-ქებით. ვინ თქვა, თქვენ ევროპელები არ ხართო, თქვენ ევროპაზე მეტად ევროპული ქვეყანა გაქვთო.

 

თავმოწონებულმა მამა-მარჩენალმაც სიტყვისათვის ჯიბეში კი არ დაიწყო ხელის ფათური, არამედ უმალ მიახალა ატროკებულ დასავლელებს - რენესანსი ჩვენში თქვენზე ადრე დაიწყოო; ჩვენ კი არ შევდივართ ევროპაში, არამედ ვბრუნდებითო და ა. შ. საინტერესოა, რას იტყოდნენ ქართველთა ევროპელობით აღტაცებული სტუმრები, გაკვრით მაინც რომ შეევლოთ თვალი ყოფილი "დეზერტირის" ბაზრის ტერიტორიაზე სტიქიურად განთავსებული ბაზრისთვის, ან თბილისიდან სულ ახლოს, წითელ ხიდამდე მოგზაურობის შემდეგ? მაგრამ რატომ უნდა შეიწუხონ თავი? განა საკმარისი არ არის ფასადური თბილისის ცენტრისათვის თვალის შევლება ან ბათუმის ახალ პიაცაზე სტუმრის პატივსაცემად, შუადღის თაკარა მზისგულზე შავ სმოკინგებში გამოწყობილი კაპელის მოსმენა. ან ის რად ღირს, როდესაც პრეზიდენტი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სასახლეში გამართული ვახშმის შემდეგ ისეთივე ფეიერვერკს მოუწყობს, როგორიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას მიუძღვნა?

 

რაც ვიცით, ვიცით! საუკუნეთა მანძილზე შეძენილი მლიქვნელობის, გადაჭარბებული მასპინძლობის ხელოვნებას მიაწერს ზოგიერთი "სპეციალისტი" პატარა, სუსტი ერის გადარჩენას, რაც, ჩემი აზრით, არასერიოზულია. აღვირახსნილი მასპინძლობის სენს ვერც კომუნისტებმა უშველეს. სტუმრის გამოჩენა და თავდავიწყებული ცეკვა-თამაში, დიდად შესარგი ჭამა-სმით, ერთი იყო. ამის შესახებ არაერთხელ აღნიშნა მამა-მარჩენალმა - მოსკოვი სტუმრებს მხოლოდ გასართობად და, დროის სატარებლად აგზავნიდა საქართველოშიო, სხვა ფუნქცია ქვეყანას არ ჰქონდაო. "დამოუკიდებელ", "დემოკრატიულ" საქართველოში, როდესაც 50-გრადუსიან სიცხეში, მრავალი საათით, შავ კოსტიუმში გამოწყობილ კაპელას მოედნის შუაგულში დააყენებ მამა-მარჩენალის "ხოშის გასასწორებლად", ძველზე აუგის თქმა უხერხულია. თუმცა მას ეს არ აინტერესებს, მან ბრძანა, მორჩილმა ტელეკომპანიებმა აიტეხეს და კიდევ ერთხელ ქოქოლა დააყარეს საბჭოთა კავშირსა და რუსეთს, დიპლომატიური ვოიაჟების პერიოდში მთავარი კრიტიკის ობიექტიც ხომ ის იყო? ისე, როგორც ყოველთვის მას (რუსეთს) ცოცხლად, მაპატიეთ LIVE-ში ახსენებდნენ, თითქოს აქვე ყოფილიყო, სუფრის თავში, თამადასავით. ასე იცის განქორწინებულთა (გეიქორწინება არ მაქვს მხედველობაში) შორით დაგვამ და წვამ, როდესაც ფანჯარას მიჩერებული ცოლი გაქცეული ქმრის მოლოდინით გათანგულ-ნერვებდაგლეჯილი, იხტიბარს არ იტეხს და მეზობელს ქმრის ავკაცობაზე უყვება, ისიც, ხედავს რა ქალის ტანჯვას, ურჩევს შერიგებას.

 

დიპლომატიური ვოიაჟებით აღტაცებული ხელისუფლება დაბეჯითებით გაიძახის, მალე რუსეთის წართმეულს დავაბრუნებთო. აბა სხვას რას იტყვის ამერიკელი კლინტონის სიტყვების შემდეგ? და არა მარტო ამერიკელის, პოლონელი სიკორსკის, ფრანგი კუშნერის, ევროკავშირელი ეშტონის, სხვების და სხვების შემდეგ. რაც მართალია, რუსეთის მიმართ ბევრი კრიტიკული ითქვა. იყო მოწოდებაც ჯარის გაყვანის თაობაზე. ითქვა ისიც, რომ დასავლეთს ახსოვდა და ახსოვს საქართველო, რომ მისთვის არავის უღალატია და ა. შ. სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ რუსეთზე ზეწოლას, რათა მან შეასრულოს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება. სასიამოვნო მოსასმენია. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ხელისუფლება სისტემატურად გიმეორებს ამ აუხდენელ ოცნებას. რას ნიშნავს ყოველივე? რა შეიძლება მოჰყვეს ამერიკა-ევროპის ვერბალურ გააქტიურებას? დაითანხმებენ ისინი რუსეთს, გადადგას ერთობ არაპრესტიჟული ნაბიჯი საკუთარი ფურთხის ასალოკად? ცხოვრებაში, მით უმეტეს პოლიტიკურ-დიპლომატიურში, ყველაფერია მოსალოდნელი. და ვიდრე ეს მოხდება (მოხდება?) მამა-მარჩენალი და მისი პოზიცია-ოპოზიცია, დიპლომატიური იზოლაციის გარღვევით კმაყოფილნი, იმ დოზით იმტკიცებენ სახელისუფლებო არსებობას, რომ მრავალი წელი დასჭირდება მის ნგრევას.

 

სააკაშვილმა შეუძლებელი შეძლო. შანტაჟით, არადიპლომატიური ქცევით, ტყუილით, ჩაწყობით, ფულით, საჩუქრებით, უთავმოყვარეობით, აბეზრობით, სხვა უარყოფითი ქცევით მოახერხა მოტეხილი სახელისუფლებო ტოტის გასწორება, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გახდა აუცილებელი. მან პროტოკოლით მიუღებელი, უკადრებელი იკადრა, ჩარაზული კარ-ფანჯრის პირობებში უნიტაზიდან ამოვიდა. მის ადგილას ვინმე სხვა გაემგზავრებოდა უკრაინაში, პრეზიდენტ იანუკოვიჩისათვის დაბადების დღის მისალოცად? ან ბელორუსიის "ბატკასთან" გამართავდა გულახდილ საუბარს? ეს ის ლუკაშენკოა, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი დიქტატორობისთვის ლაფს ასხამდა, ეს ის იანუკოვიჩია, ვის წინააღმდეგაც სულ ახლახან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, 2000-ზე მეტ "დამკვირვებელს" აგზავნიდა საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად.

 

უფრო შორს წავიდეთ - ეს ის სარკოზია, ვისაც მკაცრად აკრიტიკებდა და გაზპრომის მიერ მოქრთამვას აბრალებდა. არც არადიპლომატიური გამოთქმების დავიწყება შეიძლება ობამას ადმინისტრაციის მიმართ.

 

რომელი ერთი გავიხსენო? და ყოველივე ამის შემდეგ საარაკო დიპლომატიური გარღვევა. ამაყი დიპლომატიაც ამას ჰქვია, მაგრამ რამდენად ამაყია, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია. დასავლელთა კუდის ქიცინმა უგანდელი დიქტატორის იდი ამინის "დახვეწილი" პროტოკოლი გამახსენა. ორმეტრიან, მსხვილ დიქტატორს სხვადასხვა სახის დღესასწაულების დროს უყვარდა ფართო, ოთხსახელურიანი საკაცით დამსწრე საზოგადოების ჩამოვლა, უფრო ზუსტად, ჩამოტარება. საკაცეში შებმულ მაღალჩინოსნებს ხელით მიჰყავდათ საკაცეზე წამომჯდარი დიქტატორი. საკაცეში შებმულთა შორის კი არც მეტი, არც ნაკლები, უგანდაში აკრედიტებული უცხო ქვეყნების, მათ შორის ევროპელი ელჩებიც იყვნენ. დიქტატორის მძიმე წონის მიუხედავად მათი უპირველესი მიზანი იყო, კმაყოფილების გამომხატველი პოზის მიღება.

 

დიპლომატიის ისტორიაში არაერთი სამარცხვინო ფაქტი მომხდარა. არც დღევანდელობაა განსხვავებული. რით არის უკეთესი ფეიერვერკი სააკლენდში ან ჩამოსულთა მიერ ადგილობრივი არჩევნების ხოტბა?

 

სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა ე. წ. ოპოზიციის შესაქმნელად, საკუთარი ლეგიტიმაცია-გაპიარებისთვის. და შეიქმნა ოპოზიცია ალასანიას, თარგამაძის, თორთლაძის, დავითაიას, ბაღათურიას, სხვათა და სხვათა სახით. და დაიწყო ქართულ პოლიტიკაში ახალი ხანა გაყიდული ოპოზიციონერობისა, პოლიტიკური თვალთმაქცობისა და მოჩვენეთობისა. ამ ე. წ. ოპოზიციონერთა წყალობით გალეგიტიმურდა ყალბი არჩევნები, რითაც მყარი ფუნდამენტი ჩაეყარა ნაცმოძრაობის მრავალწლიან ბატონობას. "ოპოზიციონერთა" ხმას საკუთარიც მიუმატეს ხელისუფალთა უკანალის მლოკავმა ექსპერტობამ, სახელისუფლებო ინტელიგენციამ, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა. ხალხი? ხალხი "აფსაიდშია". მას აღარც არჩევნები აინტერესებს, აღარც სარკოზ-კუშნერები და მათზე დამატებული ეშტონი, აღარც დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული სახე და ეროვნულობა. მას საკუთარი კუჭი აწუხებს - ერთობ დიდი პრობლემა დემოკრატიულ და მძლავრ ეკონომიკის სააკლენდში.

 

რუსმა, ისე როგორც ყოველთვის ბოლო წლების განმავლობაში, წააგო ინფორმაციულ ომში, ერთობ მნიშვნელოვანსა და საჭიროში 21-ე საუკუნეში. მისმა არათანამიმდევრულმა პოლიტიკამ, დასავლეთისათვის კუდის ქიცინმა გამოიყვანა სააკაშვილი პოლიტიკური იზოლაციიდან. დაიყოლიებენ მას სხვა დათმობაზე, მაგალითად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ? ვინ იცის. თუმცა პუტინის ნათქვამი - ღობე-ყორეს მოდებას სჯობს აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებაო, რაღაცას ნიშნავს. ჩვენ კი დაველაპარაკებით, მაგრამ რუსები ფარულად დატუქსავენ მათო, ამბობენ "საქმეში ჩახედული" ქართველები. მეორენი გაიძახიან, მათთან ლაპარაკი ზედმეტია, მაინც არაფერი გამოვაო და გულში ოცნებობენ ისევ მოსკოვის დახმარებაზე, ისეთზე, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დააბრუნებს საქართველოს ჭერქვეშ. საბჭოური მენტალიტეტი ღრმადაა გამჯდარი ვითომ გაევროპელებულ ახალ თაობაში.

 

ცნობისათვის - აფხაზები და ოსები ჯიუტები არიან და არ მოდიან დიალოგზეო, რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია. ცხადია, ისინი, ისევე როგორც მათ ადგილზე მყოფი ყველა სხვა, შაქარივით არ არიან, მაგრამ მათთან მოლაპარაკებაც შეიძლება და საერთო საქმეების კეთებაც. ამას საკუთარი გამოცდილება მკარნახობს. ასე იყო 2008 წლის აგვისტომდე. სამწუხაროდ, მას შემდეგ ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა ქართველთა უთაობისა და ჭარბი ამბიციების შედეგად. დაისაჯა ვინმე ჩადენილი დანაშაულისთვის 1992 და 2008 წლებში? არც არავინ. არც არავის მიმართ თქმულა საყვედური. ასეთის შემდეგ მოიხიბლებიან განდეგილნი?

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოწოდებით იყო გაჟღენთილი ყველა დასავლელი სტუმრის ვიზიტი საქართველოში. მათ მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტს კრემლთან მოლაპარაკებისკენ. რუსეთი კი ჯიუტად აცხადებს, დამნაშავე სააკაშვილთან არ დავილაპარაკებთო, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ ხელს არ შეუშლის თბილის-სოხუმ-ცხინვალის მოლაპარაკებას. შეძლებს არაპროფესიონალი ბიჭბუჭებით დაკომპლექტებული ქართული პოლიტიკა-დიპლომატია 20 წლის განმავლობაში დაგროვილი მგრძნობიარე საკითხებზე ლაპარაკს? ჩემს ეჭვს აძლიერებს დამოუკიდებლობის პერიოდში გამოვლენილი აბდალიზმი. წინასწარ შეიძლება ითქვას მსგავსი დიალოგის შედეგებზე, მეტადრე უშედეგობაზე, რამაც სამარადისოდ შეიძლება დაუსვას წერტილი განდეგილთა დაბრუნების თუნდაც მბჟუტავ იმედს.

 

არაფერი გამოდის დიალოგიდან, წასულები შეუძლებლად მიიჩნევენ საქართველოსთან ერთად ცხოვრებასო, იტყვიან ჩვენი ევროპელი "მფარველები", ისე, როგორც ამას ამბობდნენ კოსოვოსთან მიმართებაში. შეგახსენებთ - კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების მთავარი არგუმენტი იყო - კოსოვოელი ალბანელები სერბებთან ერთად ვერ იცხოვრებენო. იქნებ დასავლელთა მოჭარბებული ვიზიტები საქართველოში კოსოვოს მსგავსი პროცესის დასაწყისია? იქნებ ამგვარ შეთანხმება მოხდა ობამა-მედვედევის შეხვედრის დროს? იქნებ ამიტომაც იყო რუსული მხარე ნაკლებ კრიტიკული კლინტონის გამაღიზიანებელ განცხადებებზე? იქნებ ვაშინგტონის განკარგულებით მოხდა საქართველოში დიპლომატიური ვარსკვლავთცვენა? რაღაც წარმოუდგენლად დაემთხვა კლინტონისა და სხვათა ვიზიტები ერთმანეთს. გაუმჭვირვალე, არადემოკრატიული საერთაშორისო ცხოვრებიდან გამომდინარე, იძულებული ვართ, ცუდიც და კარგიც ვივარაუდოთ, ოღონდ ერთია, ამ ვარაუდში ბევრია დასაფიქრებელი, ვინაიდან არ ჩანს ქართველთა ხსნის გზა.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი