უცნობი იოსებ ქართველი

პროფ. გურამ მუჩაიძის ესე სტალინის შესახებ.

ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ღვთისა და ადამიანის თანაშემოქმედება. რაც ხდება, უფლის ნებით ხდება, მაგრამ ადამიანის ხელით ხორციელდება. განსაცდელის ჟამს მამაზეციერი ირჩევს პიროვნებას, რომელსაც მესიად მოუვლენს ქვეყნიერებას. ასე მოუვლინა ხსნა იერუსალიმს უფალმა სპარსეთის მეფე კიროსის სახით, რომელიც თავის ცხებულად ჩათვალა. მირონცხებული იყო ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში შობილი ი.სტალინიც. ჯერ კიდევ ყმაწვილი, იგი ღმად მორწმუნე დედის ხელშეწყობით სამღვდლოდ ემზადებოდა. ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, მერე თბილისის მართლმადიდებლულ სასულიერო სემინარიაში სოსო ჯუღაშვილი დაეწაფა ღვთისმეტყველებას, შეიყვარა სახარება და იესო ქრისტე. ცით შთაგონებული, იგი ლექსებსაც წერდა, რომლებმაც თვით ილია ჭავჭავაძეც აღაფრთოვანეს და მას მათი დაბეჭდვა გადააწყვეტინეს. ეს ლექსები გამსჭვალულია ერთგულებით ღვთის საქმისადმი. ერთ-ერთ მათგანში,მიძღვნილს მთვარისადმი, ყმაწვილ სოსოს ღრმად აქვს გაცნობიერებული, რომ “უფლის განგება დიდია”.

 

ი. სტალინი სანიმუშო მოწაფე იყო.გამოირჩეოდა წმინდა წერილის ღმა ცოდნით. გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდში. სემინარიაში სწავლის დროს სოსო ჯუღაშვილს გამოეცხადა აფხაზეთის ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარი და გაანდო ხილვა, რომ უფლის ნებით მას ეკისრება დიდი მისია მართლმადიდებელი ხალხების გადასარჩენად. განგებამ ი.სტალინი მღვდლად კურთხევის ნაცვლად რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა და იგი, ღვთის მორწმუნე ადამიანი, ათეისტური სახელმწიფოს სათავეში მოაქცია.

 

მანამ, სანამ ი.სტალინი ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა,გარეშე მტრული ძალების დახმარებით ხელისუფლებაში მოსულმა კოსმოპოლიტებმა და ღმერთის მოძულეებმა ვ.ლენინმა და ლ.ტროცკიმ ამოხოცეს სამღვდელოების დიდი ნაწილი, გაძარცვეს და გაანადგურეს ეკლესია-მონასტრები.

მართლმადიდებელი ხალხები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მაგრამ მალე ცოდვებმა უწიეს ვ.ლენინს,რომელსაც უკურნებელი სენი შეეყარა და სიცოცხლის ბოლო წლები ტანჯვა-წამებაში გაატარა. მისი გარდაცვალების შემდეგ ი.სტალინმა შეაჩერა სასულიერო პირების დაპატიმრება და დახვრეტა,ეკლესია-მონასტრების ძარცვა და ნგრევა.

 

იგი მიზანმიმართულად, ფრთხილად და თანდათანობით ამკვიდრებდა სახელმწიფო აღმშენებლობაში პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის, მათი ერთიანობის იდეას, რითაც ანგრევდა უჯიშო კოსმოპოლიტიზმის საფუძვლებს. ი.სტალინმა კვლავ აღადგინა ხალხის შეგნებაში მამულის ცნება. მან საყრდენ ძალად გამოაცხადა სამშობლო თავისი შემოღობილი ზეცითა და მიწა-წყლით,გმირული წარსულითა და საამაყო წინაპრებით. როდესაც ლ.ტროცკი მიუხვდა მას და აუმხედრდა, ი.სტალინმა იგი ქვეყნიდან გააძევა, მისი მომხრეები კი ისევე გაჟლიტა, როგორც ილია წინასწარმეტყველმა ჩახოცა კიშინის ხევში 850 მაცდუნებელი.

 

მართალია, ქვეყნის დასუსტებისა და ი.სტალინის სახელის გატეხვის მიზნით სახელმწიფო ორგანოებში შემორჩენილმა მტრულმა ძალებმა თავად დაატეხეს რეპრესიები უდანაშაულო ადამიანებს, მაგრამ მათი აღსასრულის ჟამიც დადგა.

 

დიდი სამამულო ომის წინ ვითარებამ ი.სტალინს სრული შესაძლებლობა მისცა პატრიორიზმისა და მართლმადიდებლობის ერთიანობის დასამკვიდრებლად. პირველ რიგში მან აღადგინა რუსეთის პატრიარქის ინსტიტუტი, მიაღწია იმას, რომ რუსულმა ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

 

ი.სტალინი ანტირელიგიურ ლიტერატურას მაკულატურად მიიჩნევდა. მისი ხელშეწყობით გაიხსნა ბევრი სასულიერო სემინარია და აკადემია,გამოიცა საპატრიარქოს ჟურნალი, საღვთო წიგნები, აღსდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი,განახლდა რელიგიური დღესასწაულების ჩატარება. მის დროს დიდი ზეიმით აღინიშნა რუსეთის მართლადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მე-500 წლისთავი.

 

ისტორიული ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს: როდესაც ფაშისტური გერმანიის ჯარი მოადგა სანკტ-პეტერბურგს, სტალინმა განკარგულება გასცა, გამოებრძანებინათ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ლოცვით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო.

 

საკვირველმომქმედი ხატის, ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვიც, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა.

 

მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. ცნობილია, რომ ი.სტალინი შვებულებების გატარებას აფხაზეთში არჩევდა, სადაც ის სტუმრობდა ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტერს, რომლის წინამძღვარმაც თავის დროზე იგი სიყმაწვილეში აკურთხა და აზიარა ღვთის განგებულებას. მონასტრის ბერებთან საუბრების დროს ი.სტალინი ანვითარებდა აზრს, რომ დაუშვებელია ადამიანს წაართვა რწმენა და ლოცვის კანონიერი უფლება. გარდაცვალებადე ცოტა ხნით ადრე ი.სტალინმა დაწერა ლექსი “მორჩილი”, სადაც აღნიშნავდა, რომ მას ზეციური ძალა ასულდგმულებდა და მთელ მის საქმიანობას იგი წარმართავდა. ეს ლექსი სულ ახლახან აღმოაჩინეს მის არქივში.

 

ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ კვლავ იმძლავრეს ღმერთის მოძულე ძალებმა და ზესახელმწიფოდ აღზევებულ მართმადიდებლურ ქვეყანას ძირი გამოუთხარეს. ნ.ხრუშჩოვმა განაახლა ეკლესიისა და მორწმუნეთა დევნა. მის დროს უფრო მეტი ხატი განადგურდა, ვიდრე ვ.ლენინის მმართველობისას. ნ.ხრუშჩოვმა ისიც კი დაიტრაბახა, რომ უკანასკნელ მღვდელს გამოიყვანდა ტელევიზიით.

 

შემდგომი პერიოდის ხელმძღვანელებიც უღვთო პოლიტიკის გატარებას აგრძელებდნენ. უდავოა, რომ ი.სტალინი ღვთივრჩეული იყო. მისი ფენომენი არ არის ჩვეულებრივი.მას ბადალი არ ჰყავს ხელმწიფეთა შორის, ვინც ყველაფერი მოიკლო და ხალხს შესწირა. მან იესო ქრისტეს დარად დააპურა მშიერ-მაშვრალნი და მუსრი გაავლო ღვთის მოძულე ძალებს. ამიტომ იყო, რომ სამღვდელოებამ იგი უფლის ცხებულად აღიარა.

 

ამ მხრივ საგულისხმოა ამბროსი ხელაიასთან ერთად დევნილი კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატეს წერილი (1949) ი.სტალინისადმი: "კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო, საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამის ღირსი არ ვარ. ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით: ”იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს,მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან”.

ი. სტალინმა მართლმადიდებლობა პატრიოტიზმის სულისკვეთებით გამსჭვალა, რასაც მას დღესაც არ პატიობენ უჯიშო კოსმოპოლიტები.

 

არ არის შემთხვევითი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქს ილია II ხილვებში ხშირად სტუმრობს ი.სტალინის სახე, რაც, უეჭველია, ჩვენი მეფე-მღვდელმთავრის ეპისტოლეების შინაარსს გამსჭვალავს. ვფიქრობ, რომ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ი.სტალინს წმინდანად აღავლენენ მართლმადიდებელი ხალხები. სხვანაირად ისინი თავს ვერ დააღწევენ განსაცდელს,რომელის მათ ცოდვებისათვის უფალმა მოუვლინა.

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

 

პროფესორი გურამ მუჩაიძე