ნანა დევდარიანი გია ნოდიას ”ლიბერალიზმი და ეტიკეტი”-ს შესახებ

”ჩვენში ლიბერალიზმს ჰყავს ნამდვილი მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათ მეტ-ნაკლებად დალაგებული იდეის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს:

მხოლოდ მასონებს, პედერასტებს, ჩამშვებებს და სოროსელებს აგინებენ (ესენია მათ ენაზე ”ლიბერალის” სინონიმები).

ქართული ანტილიბერალიზმის მრუმე ნაზავს შეადგენს ნოსტალგია ბრეჟნევზე, ჯიგრულ-კაიბიჭური გაგება, ინტელიგენციური ამპარტავნება, ფარისევლური ვითომ-მართლმადიდებლობა და უბრალო ადამიანური შური ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე წარმატებული ლაწირაკების მიმართ. ეს არ არის ოპონენტი, ვისაც შეიძლება ებრძოლო: ეს ჭაობია, რომელშიც შეიძლება ჩაეფლო”.

ეს ფრაგმენტი ახლად გამოსულ ჟურნალ ”ტაბულაში” დაბეჭდილი გია ნოდიას სტატიის ”ლიბერალიზმი და ეტიკეტი” დასკვნითი აკორდია. სათაურში სრულიად უადგილოდ ნახსენები სიტყვა ”ეტიკეტი” არავითარ კავშირში არ არის მის შინაარსთან. იგი რუსული კალკია - ”ეტიკეტკა, იარლიყი”, თუმცა სიტყვებს ნუ გამოვეკიდებით და ნურც რუსეთის აგენტის ”ეტიკეტს” ჩამოვკიდებთ - შინაარსს მივხედოთ.

ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა ის არგუმენტია, რომელსაც ყოველ წამს გვჩრიან ცხვირში, თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, რომ ამ პრიმიტიული ცოდნის (ძირითადი ცოდნის მარაგთან ერთად) მქონენი ისევე არიან დაუსაქმებელნი, როგორც დამლაგებლები, რომელთაც სწორედ ენისა და კომპიუტერის ცოდნას სთხოვენ! ხოლო რატომ არის მხოლოდ ამ მწირი ცოდნის პატრონი წარმატებული საქართველოში, ეს მართლაც საინტერესოა; მაგრამ განა ულტრა-ლიბერალი თეა თუთბერიძე არ ჩაიჭრა უცხო ენის გამოცდაში? ან იქნებ კომპიუტერის ”იუზერობის” გამო მიაღწია წარმატებას ბაჩო ახალაიამ? იქნებ საყველპურო ინგლისური იძლევა იმგვარ უნივერსალურ ცოდნას, რომ ერთი და იგივე ადამიანი ხან პროკურორი შეიძლება იყოს და ხან განათლების მინისტრი? სხვათა შორის, ლაწირაკი არ ნიშნავს მხოლოდ ნორჩი ასაკის ადამიანს (ამ ნიშნით ბევრი სინონიმი იხმარება ქართულში. მაგალითად, ცხვირმოუხოცავი, პირზე რძე შეუმშრალი, ცინგლიანი და ა. შ.), ასე სწორედ უტიფარი, ურცხვი ახალგაზრდა მოიხსენიება. ამ სენს კი, როგორც ცნობილია, ვერც კომპიუტერი შველის, ვერც უცხო ენა და ვერც ასაკის მატება. უტიფარ ადამიანს ტიფიც კი არ ეკარება და საზოგადოებას რომ არ უყვარდეს, რა გასაკვირია!

ინტელიგენციური ამპარტავნება კიდევ ერთი მიგნებაა იმ ხელისუფლების მოტრფიალისა, რომელმაც რევოლუციის დაჩქარებული მშობიარობით წარმოშვა ახალი, უდღეური ინტელიგენცია, რომელიც მზადაა სერიოზულად ამტკიცოს, რომ სააკაშვილი გურიაში მოწყობილ სპექტაკლში ინვესტიციების მოსაზიდად მონაწილეობდა! ინტელიგენცია, რომელიც ხალხს საკუთარი თვალებით ხედავს და საკუთარი უპირატესობის გრძნობას იმდენად ჰყავს შეპყრობილი, რომ მიმიკასაც კი ვეღარ აკონტროლებს! ამ ახალი, ”ვარდისფერი” ინტელიგენციის შემყურე ვის ამპარტავნებაზე შეიძლება საუბრობდე?!

ნოდიას ამ ოპუსში ბრეჟნევის ხსენება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ დღევანდელმა ”წარმატებულმა” ხელისუფლებამ ყველაფერი შეიძლება მოანატროს ადამიანებს, რაც ამათთან არ არის კავშირში, თორემ თავად ნოდიასთვის ბრეჟნევს ნამდვილად არ დაუგლეჯავს კალთები, რომ მას საკანდიდატო დისერტაცია მარქსის ”კაპიტალზე” დაეცვა. თუმცა არც ეს არის გასაკვირი; თავად ნოდიას მიერ ნაქები ”განსაკუთრებით მებრძოლი და თანმიმდევრული ლიბერალები - ნეოკონსერვატორები” სწორედ ყოფილი მარქსისტები იყვნენ.

”ქართული ჯიშის” ნაციონალიზმს რაც შეეხება, ამ საკითხისადმი ნოდიას მიდგომა რადიკალურად არის შეცვლილი; ფრენსის ფუკუიამა 1992 წელს გამოცემულ წიგნში ”ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი” (თანამედროვე ლიბერალების ბიბლია) ამტკიცებდა, რომ ლიბერალური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა თანამედროვე საზოგადოების განვითარების ერთადერთი საშუალებაა. ისტორია დასრულდა. ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ყველა ცივილიზაცია დაკარგავს იდენტობას და გათავისუფლდება ნაციონალიზმის ნარჩენებისგან. სულ მალე გია ნოდიამ გამოაქვეყნა ესე ”ნაციონალიზმი და დემოკრატია”, რომელშიც იგი ეკამათებოდა ფრენსის ფუკუიამას თვალსაზრისს. ნოდიას ძირითადი პოსტულატი ის იყო, რომ არ შეიძლება გააიგივო ნაციონალიზმის როლი ჩამოყალიბებული და ახლადქმნადი დემოკრატიების ქვეყნებში: ”სწორედ ნაციონალიზმია ის ძალა, რომელმაც შესაძლო გახადა პოლიტიკური ორგანიზმების გაერთიანება მართვის დემოკრატიულ მოდელებში”. ნოდია შეეხო საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტსაც და ამ პროცესში ნაციონალიზმის კატალიზატორულ როლს. ზოგადად გია ნოდია, როდესაც ნაციონალიზმზე საუბრობდა, გულისხმობდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, რომლის მოპოვებაც იყო ქართველი ხალხის უპირველესი მიზანი და რომელიც სწორედ ამ სალანძღავი ნაციონალიზმის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

გია ნოდიას ანალიზით მემარჯვენე ლიბერალების საგმირო ეპოსია ამერიკის რევოლუცია. მემარცხენე ლიბერალებისა - საფრანგეთის რევოლუცია. პოსტმოდერნისტების საგმირო ეპოსი - 1968 წლის სტუდენტური გამოსვლები, სადაც ”ბურჟუაზიულ” (ანუ ლიბერალურ) ღირებულებებს მაო ცზე-დუნის და ფიდელ კასტროს პლაკატებით ებრძოდნენ.

ნოდიას აღარ დაუზუსტებია, რა არის ქართველი ლიბერალების საგმირო ეპოსი. გინდ მარჯვნივ იდგნენ და გინდ მარცხნივ, ჩვენებური ლიბერალებისთვის ამ ფუნქციას ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების უნიჭო სუბლიმაცია - ”ვარდების რევოლუცია” ასრულებს და მისდამი ერთგულებას რაც უფრო ხშირად გამოხატავენ, მით უფრო გაამძაფრებენ საზოგადოებაში ლიბერალიზმის მიუღებლობას, რომელმაც საქართველოს არც სიტყვის თავისუფლება მოუტანა, არც კერძო საკუთრების დაცვა, არც რაციონალური ხელისუფლება და არც ადამიანის ღირსების პატივისცემა, რომელიც ლიბერალიზმის წმინდათაწმინდა ღირებულებად არის აღიარებული და რომელიც ნოდიას ამ ჩამონათვალში არც გახსენებია.

გია ნოდია სრულიად სამართლიანად შენიშნავს, რომ ლიბერალებს, ტრადიციულად, ეკლესიასთან აქვთ პრობლემები, მაგრამ იგი თავს იმით იმშვიდებს, რომ ”საპატრიარქო ბოლო ხანებში მხოლოდ ფსევდოლიბერალებს კიცხავს” და აქედან დაასკვნის, რომ ნამდვილი ლიბერალები მთლად ცუდები არ არიან. ეკლესია სწორედ იმათ კიცხავს, ვისაც ლიბერალიზმი კი არ სწამს, არამედ მისი პრინციპების დეკლარირებით ანადგურებს ყველა ღირებულებას. სიტყვამ მოიტანა და, ეს იგივეა, როგორც თავად ნოდია ღიად კი არ უპირისპირდება მართლმადიდებლობას, არამედ ”ფარისევლურ ვითომ-მართლმადიდებლობას” აქილიკებს. ღირებულებები ერთობ სადავო თემაა, მაგრამ ყველაფერი პოზიტიურის მიწერა ლიბერალიზმზე პრიმიტიული მიდგომის მაგალითია; ნოდიას მიგნებით, ლიბერალივით მოქცევა ნიშნავს, როდესაც არ მოითხოვ იდეური მოწინააღმდეგის ფიზიკურ განადგურებას. კი მაგრამ, ევროპული ლიბერალიზმის დაბადებამდე 1800 წლით ადრე ამას ქადაგებდა მაცხოვარი და ამ საფუძველზე დგას კერძოდ, ქართული მართლმადიდებლობა! დასავლური ქრისტიანობისგან განსხვავებით, ქართული მართლმადიდებლობა სწორედ ადამიანის თავისუფალი არჩევანის და მისი განუმეორებლობის დამცველი იყო ყოველთვის. მისი მრევლი თავისუფალი იყო თვით იერარქთა მხილებაში და არასოდეს უცხოვრია ინკვიზიციის შიშითა და კარნახით. საერო ინკვიზიცია, რომლის კულტივირება ხდება დღევანდელ საქართველოში, ებრძვის ადამიანს, როგორც ხატს ღვთისას და სწორედ ამის გამოძახილია ”მასონების, პედერასტების, ჩამშვებების და სოროსელების” ძაგება, რადგან სწორედ ამ ადამიანებთან არის გაიგივებული შურისმაძიებლობა, დაუნდობლობა, ხორცის აღმატება სულზე, სხვაგვარად მოაზროვნის ”ბნელად” შერაცხვა, ცხოვრების, როგორც უთანასწორო შეჯიბრის წარმოსახვა და ტოტალური უსამართლობა.

დაბოლოს, რას ემსახურება კიდევ ერთი ლიბერალური ჟურნალის გამოსვლა? ქართული ლიბერალიზმის სვე-ბედზე მსჯელობისას გია ნოდია აღნიშნავს:

”დაიწყო ბრძოლა ლიბერალიზმის, როგორც ბრენდის, დასაკუთრებისთვის. იკვეთება ორი ჯგუფი, რომელთაც, ევროპული სტანდარტით, მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალებს დავარქმევ. თუმცა არც ერთი მეორეს ”ნამდვილ ლიბერალად” არ ცნობს. მათი თვითგამორკვევა ინტერნეტ-ქსელებში დაიწყო, თუმცა პარალელურად ჟურნალების გარშემო ჯგუფდებიან: მემარცხენეთა ბუდე ”ლიბერალია”, ხოლო მემარჯვენეთა რუპორად, სავარაუდოდ, ”ტაბულა” იქცევა. საარჩევნო თვალსაზრისით, ამ ჯგუფების ბრძოლა ჯერ-ჯერობით უმნიშვნელოა: მაგრამ მათ ”დიდ მედიაზე” და ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებზე გავლენის მოხდენაც შეუძლიათ”.

ერთი სიტყვით, ქართულ საზოგადოებას სთავაზობენ არჩევანს: ან ბენდუქიძე ან ბოკერია (მისი მეუღლის სახით). ზემოხსენებული ორი ჟურნალის გამომცემლები სწორედ ისინი არიან. შესაბამისად, პოლიტიკური არჩევანიც ერთობ შეზღუდულია და ასეთივე ”თავისუფლებით” გამოირჩევა. უბრალოდ ისინი ”მარჯვენა-მარცხენაზე” გაითვალნენ (”ვითომ-ვითომ”). არც ეს არის მათი ორიგინალური გამოგონება; ასე შეიქმნა მითი ამერიკული ორპარტიული სისტემის შესახებ, რომელთაც ერთი და იგივე კორპორაციები აფინანსებენ და ვინც უნდა გაიმარჯვოს, მაინც მათი ინტერესების გამტარებელი იქნება. რაც შეეხება ”მემარჯვენე-მემარცხენეობას”, დიდი ამერიკელი, გორ ვიდალი ამბობდა: ”დემოკრატია? კი მაგრამ, ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს ყოფილა დემოკრატია - იგი რესპუბლიკაა... ამერიკული პლურალიზმი ერთ პარტიაშია ორი ფრთით, ოღონდ ორივე ფრთა მარჯვენაა”.

/გაზეთი ”ჯორჯიან თაიმსი”, 2010 წლის 25 მარტი - 1 აპრილი/.

 

Geurasia.org წარმოგიდგენთ:

ნანა დევდარიანი - ახლად დაარსებული ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერი, აღიარებული ჟურნალისტი და ცნობილი პოლიტიკური კომენტატორია, არის ავტორი წიგნისა ”ლერწმის სტრატეგია”, ციტატი წიგნიდან: ”ქართველებს ხშირად გვემართება, რომ ნაკლად მივიჩნევთ იმას, რაც სულაც არ არის ნაკლი, მით უფრო - დღევანდელ ცინიკურ მსოფლიოში. დიახ, საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე ხშირად ირხეოდა, ”ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. როცა ამას სკოლაში გვასწავლიდნენ, იგულისხმებოდა, რომ ეს არ არის საკადრისი საქციელი. მაგრამ მძლავრ ქარს მუხის ფესვიანად მოგლეჯა შეუძლია და მოუგლეჯავს კიდეც ჩვენზე დიდი და მრავალრიცხოვანი ერები. ლერწამი კი წვება, ქარიშხალს გადაატარებს და კვლავ ფეხზე დგება”.