მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ... ანუ, ევრაზიული კავშირი – სიკეთე თუ ბოროტება?

ჩემი აზრით, ანბანური ჭეშმარიტებაა ის, რომ სსრკ-ს ტიპის იძულებით კავშირს განვიხილავთ თუ მეტ-ნაკლებად ნებაყოფლობით ევროკავშირს, ან იგივე ჩრდილოატლანტიკური ალიანსია თუ სხვა სამხედრო კავშირი, ნებისმიერი ტიპის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება, ფუნდამენტურ განსხვავებებთან ერთად, მაინც ერთ გადამწყვეტ საერთო თვისებას ინარჩუნებს:

ნებისმიერი კავშირი, ალიანსი, იმასაც გულისხმობს, რომ მისი შემადგენელი სუბიექტები რაღაც საერთო თამაშის წესებს აღიარებენ და ემორჩილებიან! ზოგჯერ თვით სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის რაღაც დოზით დათმობამდეც კი...

 

სწორედ აქედან გამომდინარე მინდა, გავაანალიზო ის ყბადაღებული თემა, რასაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ დეკლარირებული ე.წ. ევრაზიული კავშირის შექმნის იდეაა. რასაც ამთავითვე, რუსული კალკით თუ ვიტყვით, „ხიშტებით შეხვდა“, გნებავთ ისტერიკით, მიშნაცების ხელისუფლება – აი, ნახეთ, ახლაც არ გჯერათ, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდაო? რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ანუ, შინაური მოხმარებისთვის არის გამიზნული ეს რიტორიკა. სადაც, რომ იტყვიან, სტრიქონებს შორის, ამჯერად გარე მოხმარებისთვისაც, ადვილად იკითხება – „რა დროს დემოკრატიაა, რუსეთი ჩაყლაპვას გვიპირებს და იქნება დემოკრატიის გარეშე მიგვიღოთ ნატოშიო“.

 

ამას ვგულისხმობდი „ყბადაღებაში“. თორემ ქვეყნის გარეთ, არც ყბა დაუღია ვინმეს და არც პირი დაუფჩენიათ, არიქა, დაჩქარებული წესით მივიღოთ საქართველო ნატოშიო...

 

სერიოზულად კი, რაღაც არ მსმენია, რომ ვინმე წონიან პოლიტიკოს დასავლეთში, ოფიციალურად დაეფიქსირებინა აღშფოთება-შეშფოთება, რუსეთის ახალი იმპერიული ამბიციების გამო, არც ახლა, ევრაზიულ ვნებათა მიმართ და მით უმეტეს, არც უფრო ადრე, როდესაც იმავე პუტინმა, სინანული გამოხატა სსრკ-ს დანგრევის გამო, რასაც 20-ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის სინანულს, გეოპოლიტიკა იქით იყოს და, სსრკ-ს შემადგენელი რესპუბლიკების უმრავლესობისა რა მოგახსენოთ, რომლებსაც არც კი უოცნებიათ (მაგალითად შუა აზიის რესპუბლიკებს) სსრკ-ს დაშლაზე, ისინი ერთ მშვენიერ დღეს დამოუკიდებელ ქვეყნებად იქცნენ, მაგრამ საქართველოსთვის, ეს მართალაც კატასტროფა იყო! რადგანაც, სსრკ დანგრევის შედეგად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ისე არავინ დაზარალებულა, იმდენი სისხლი და ცრემლი არავის უღვრია, იმდენი ტერიტორიები არავის დაუკარგავს, რამდენიც ჩვენ, საბჭოთა იმპერიაში კულტურულ-ეკონომიკურად ყველაზე წარმატებულმა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ!

 

ასე რომ, მთლიანად ვეთანხმები რუსეთის ახლანდელ პრემიერს და მომავალ პრეზიდენტს. ოღონდაც არა მისი, არამედ ჩვენი, საქართველოს გადმოსახედიდან – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართველებმა მართლაც კატასტროფული შედეგი მივიღეთ...

 

რუსეთი კი, ნელ-ნელა გამოვიდა იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური უძლურებიდან, რასაც გასული საუკუნის 90-იანი წლები ჰქვია. და რომ არა ეს უძლურება, ვერც სერბეთის დაბომბვას გაბედავდა აშშ და აქედან გამომდინარე, არც ჩვენთვის საბედისწერო, კოსოვოს აღიარების პრეცედენტი დაფიქსირდებოდა!

 

დიახ, რუსეთი, ზოგიერთი ჩვენი ტვინგაცხელებული „პოლიტოლოგების“ პროგნოზების მიუხედავად, დაშლას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში, ანუ, მართლაც ნამდვილი პოლიტოლოგიის, ანალიტიკის რეალურ თვალსაწიერში ასეთი რამ პრაქტიკულად გამორიცხულია და გონიერი მსოფლიო, ამ ობიექტურ მოცემულობაში არსებობისთვის არის მზად!

 

სამწუხაროდ, ამ გონიერთა შორის საქართველო არ მოიაზრება. რისი კიდევ ერთი დასტური, „მიშა“ სააკაშვილის ამასწინანდელი გამოსვლა იყო ზუგდიდში. სადაც მან კიდევ ერთხელ იბჟუტურა რუსეთის სულ მალე დაშლაზე და უფრო მეტიც, ჩვენი მზადყოფნის აუცილებლობაზე ამ მომენტისთვის, რადგან სწორედ მაშინ აპირებს თურმე მიშიკო სოხუმ-ცხინვალის დაბრუნებას.

 

არადა, რა არის, ან შეიძლება იყოს ეს ევრაზიული კავშირი? მოკლედ თუ ვიტყვით, ყველაფერი, საბჭოთა კავშირის გარდა! უფრო ვრცლად კი...

 

 

 

დავიწყოთ იქიდან, რომ თავად იდეა, რუსეთის ეგიდით, გნებავთ ჰეგემონიით, ასეთი კავშირის შექმნისა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია და უფრო მეტიც, არანაირ პოლიტიკურ მკრეხელობას არ შეიცავს. ქვეყნად მრავალი ტიპის პოლიტიკურ-ეკონომიკური სახელმწიფოთაშორისი კავშირები თუ ალიანსები არსებობენ, თუნდაც არაბულ სახელმწიფოთა ლიგა, ან რაღა შორს მივდივართ? იგივე ნატო ან ევროკავშირი ავიღოთ და რა, იმათთვის რაც შეიძლება, რუსეთს რატომ ეკრძალება?

 

ახლა მავანი „კუთხეში მიმიმწყვდევს“, რომ ჩემს მიერ დასახელებული ალიანსები, თანასწორუფლებიან სახელმწიფოთა კავშირებია და არა ისეთი, როგორიც თავის დროზე, „თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური“, ანუ, სსრკ იყო და იგივეს აპირებს პუტინი თავისი ახირებული ევრაზიული კავშირით.

ერთი შეხედვით, ისეთ კუთხეში ვარ მიმწყვდეული, საიდანაც გამოსავალი არ მაქვს, მაგრამ მაინც შევეცდები და მკითხველმა განსაჯოს, რა გამომივა...

 

დავიწყოთ იქიდან, რომ თანასწორთა კავშირი, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს. პრაქტიკულად ნებისმიერი კატეგორიის სოციალურ კავშირებში – იქნება ეს ოჯახი, სადაც ყოველთვის არიან უფროსები და უმცროსები, არსებობს ოჯახის თავი, თუ კრიმინალური დაჯგუფებები, ბანდები, სადაც მით უფრო არსებობენ საკუთარი ლიდერები, – ნებაყოფლობითობის პარალელურად შეიძლება დავაკვირდეთ ფაქტობრივი იერარქიულობის არსბებობას. ამ თვალსაზისით, იგივე საფუძველი აქვს სახელმწიფოთშორის ალიანსებსა და კავშირებს. თუკი ვინმეს თუ სერიოზულად ჰგონია, რომ ევროკავშირში, სადაც ყოველ 6-თვეში ერთხელ ფორმალურად იცვლება კავშირის თავმჯდომარე, ერთნაირი უფლებები და „წონა“ აქვთ ერთის მხრივ საფრანგეთ-გერმანია-ინგლისს და მეორესმხრივ თუნდაც საბერძნეთს, ეს მისი პრობლემაა!

 

ანდა ერთნაირად გადაიტანეს ე.წ. ფინანსური კრიზისი ჩემს მიერ ჩამოთვლილმა „ევროვეშაპებმა“ და თუნდაც იმავე საბერძნეთმა, რომელიც ჩვენს თვალწინ ლამის დაინგრა? საბერძნეთი, ისევ რუსული კალკით თუ ვიტყვით, „ღარიბი ნათესავის“ სტატუსით მიიღეს ამ კავშირში და მათ არავინ უთანხმებს თუ „ბალი ათი შაურია“, თუ მეტი, ან ნაკლები. და განსხვავებით იმ საბჭოეთისგან, სადაც ასევე ბევრი მუქთამჭამელები ჰყავდათ, ევროკავშირში „ევროვეშაპებისგან“ სულ უფრო ხშირად გაისმის უკმაყოფილება „ღარიბი ნათესავების“ მუქთად რჩენის გამო!

 

ან ჩვენი, ქართველების „საოცნებო“ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი „ნატო“ ავიღოთ – ვინ არის ამ „თანასწორთა“ სამხედრო ალიანსის ფაქტიური მეფე და გამგებელი, აშშ ხომ არა? და ვინმეს აქ, ჩვენში, ზემოთ ნახსენები ევროკავშირის „თანასწორობის“ არ იყოს, იქნებ ნატოს შემთხვევაშიც მსგავსი ილუზიები აქვს? ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ პუტინი გაგიჟდეს და ევრაზიული კავშირის შექმნა ნატოს წევრი ბალტიის რესპუბლიკების დაბომბვით დაიწყოს – ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ავტომატურად ამუშავდება ნატოს წესდების ის მუხლი, რომელიც ამ ალიანსის წევრ ერთ ქვეყანაზე ვინმეს თავდასხმას, მთელს ნატოზე თავდასხმად განიხილავს და ამიტომ ბალტიის ზღვაში აშშ-ს ავიამზიდები შემოვლენ და მოსკოვ-ლენინგრადის დაბომბვას, ანუ, მესამე მსოფლიო ომს დაიწყებენ?

 

 

რეალურად კი ასეთ შემთხვევაში, ბალტიის რესპუბლიკების დახმარება დასავლეთის „მძლავრ შეშფოთება-აღშფოთებას“ არ გასცდება და როგორც 2008 წლის აგვისტოში შავ ზღვაში, ისე ბალტიის ზღვაშიც, პამპერსებით და გამოხდილი წყლით დატვირთული ამერიკული კრეისერები შევლენ!

 

სხვათა შორის, ჩვენგან განსხვავებით, ბალტიელები კარგად აცნობიერებენ ამ რეალობას და ჩვენსავით სამგლე გოჭებივით არ არიან ამტყდარნი, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დიდი მეზობელი ზედმეტად არ გააღიზიანონ და პარალერურად საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დაცვასაც ახერხებენ.

 

ეს რა თქმა უნდა ისე, რაღაცრაღაცეების უფრო მკვეთრად წარმოსაჩენად ითქვა, თორემ მსგავს სცენარებს მხოლოდ ფანტაზიის სფეროში აქვთ არსებობის უფლება.

 

რომ მივუბრუნდეთ ევრაზიის კავშირის საკითხს, რა ვიცი, იქნებ გვატყუებდნენ საბჭოთა სკოლების მოსწავლეებს, სადაც გეოგრაფიაში გვასწავლეს, რომ ხმელეთის ის ნაწილი, სადაც „ორ ზღვას შუა, საომარი იყო ლელო“, ევრაზიის კონტინენტს მიეკუთვნებაო. ანუ, ქართველები გეოგრაფიულად ევროპელებიც ვართ და იმავდროულად – აზიელებიც. რაც შეეხება კულტურას, გნებავთ მენტალობას, აქაც მსგავს სიტუაციაში ვართ. როგორც იტყვიან, „FიFტი-FიFტი“, ანუ, ისტორიულად თანაბრად შევითვისეთ აზიურ-აღმოსავლური და დასავლურ-ევროპული კულტურებიდან საუკეთესო. რის დროსაც ზედმეტად არცერთი მხრისკენ არ გადავხრილვართ.

 

ანუ, ქართველებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც ისლამურ-აზიური დესპოტია, რისი დასტურიც თუნდაც მრავალსაუკუნოვანი ქალის კულტია საქართველოში და ასევე დასავლური ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც ადრეც და მით უმეტეს დღესაც, რელიგიური მწვალებლობის და ხორციელი გარყვნილების პროპაგანდით უპირისპირდებოდა ქართულ ცნობიერებას.

 

პირველ შემთხვევაში სხვადასხვა კულტურებიდან საუკეთესოს აღება-შეთვისებაში, ანუ, როგორც დიდი ჭაბუა ამირეჯიბი იტყოდა, გაქართულებაში, ჩვენი მართლმადიდებლური აღმსარებლობა დაგვეხმარა და ამავე რწმენამ დაგვიცვა ზედმეტად გააზიურება-გაევროპელებისგან. ასე რომ, თუ იქით არა, აქეთ ნამდვილად არაფერი გვაქვს განათლებული ევროპიდან სასწავლი. რადგანაც რაც იყო ღირებული, ჩვენმა სულგანათლებულმა წინაპრებმა აღმოსავლეთ-დასავლეთისგან ისწავლეს და გაიქართულეს. ჩვენ კი მათი დანატოვარის, ნაანდერძევის გაფრთხილება და გათვალისწინება გვმართებს.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, ცნობილი ფრაზა, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, ჩემი აზრით, მთლად სწორი არ უნდა იყოს. რადგანაც ჯერ ერთი, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, აზიელებიც ვართ და ევროპელებიც. ეგეც არ იყოს, როდესაც ამბობ – „მე ვარ ქართველი“, ამას არავითარი „მაშასადამე“ აღარ სჭირდება, რადგანაც ქართველები უნათესავო, ღვთის განგებით და მის მიერვე მხოლოდშობილი, ობოლი ერი ვართ და ისედაც, ყოველგვარი გეოგრაფიის გარეშე ცხადია, ვიზე და რაზეა ლაპარაკი.

 

ახლა მესმის მავანი ოპონენტის ხმა და მერე ევროპაში ბევრმა რომ არ იცის ქართველები ვინ არიან და საქართველო სად ოხრობაშიაო? რასაც ერთი ცნობილი ფილმიდან ფრაზით ვუპასუხებ: „თვალი დაუდგა ევროპას“! მით უმეტეს, რომ იქ არავინ გვეპატიჟება და გველოდება.

 

და აი მივადექით ამ წერილის მთავარ სათქმელს:

არავინ იცის ევრაზიული კავშირი გაამართლებს, როგორც რეალური პოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტი თუ იგი წინასაარჩევნო პიარი, ანუ ბლეფი აღმოჩნდება. მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რეალობის შემთხვევაში რას მიიღებს მსოფლიო?

 

რას და, დიახაც, ახალ უმძლავრეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ, შემდგომ ეტაპზე კი – სამხედრო ალიანსს. დიახაც რუსეთის, ამ უმდიდრესი ქვეყნის ჰეგემონიით. ანუ, ყოფილ საბჭოთა კავშირს მინუს ბალტიის ქვეყნები. ოღონდ ეს ვერ იქნება და არც იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ზუსტი ასლი, დე ფაქტო უნიტარული სახელმწიფო, როგორც ადრე იყო „თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური“. რადგანაც იმ 70 წლის მანძილზე მომხდარ კარგსაც ისევე ხელაღებით განაქიქებენ, როგორც ცუდს, რუსებმაც ჭკუა ისწავლეს და აღარ მოისურვებენ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე სხვების, თუნდაც პოლიტიკური მოკავშირეების მუქთად ჭმევას. ევრაზიის კავშირი უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოების მართლაც თავისუფალ ერთა (თავისუფლება და დამოუკიდებლობა ერთი და იგივე ცნებები არ არის) ნებაყოფლობითი კავშირი. სხვაგვარად ევრაზიის კავშირი ვერ შედგება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს 21-ე საუკუნეა, არამედ იმიტომაც, რომ ყოფილი საბჭოეთის ქვენებში 20 წლის მანძილზე დამოუკიდებლობის გემოც გაიგეს და შესაბამისად სახელისუფლებო, სამხედრო ელიტებიც ჰყავთ.

 

ყოველივედან გამომდინარე, ჩვენი სამაჩაბლო და აფხაზეთიც ამ ევრაზიის კავშირის შიგნით მოექცევა და თუნდაც ამიტომ ჩვენი ადგილი სად უნდა იყოს, თუ არა ასეთ ალიანსში?! ეს, რა თქმა უნდა, თუ კიდევ მივიჩნევთ ქართველები ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად...

 

თუმცა ალბათ კმარა, სავარაუდო და ჯერ–ჯერობით ნაკლებად შესაძლებელ ევრაზიულ კავშირზე და რაც არის, იმ რეალობიდან ამოვიდეთ. რეალობა კი ის არის, რომ რუსეთი, ყოველგვარი ახალი კავშირის გარეშეც ინარჩუნებს გავლენას ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეზე და სავარაუდოდ ეს გავლენები უფრო გაძლიერდება და არა პირიქით.

 

ამიტომაც ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ამ სივრცესთან. ეკონომოკურ-კულტურული კუთხით მაინც. რადგანაც ამ სივრცეში, ევროპისგან განსხვავებით, რუკების გარეშეც კარგად უწყიან, ვინა ვართ და სად არის საქართველო. უფრო მეტიც, რუსეთთან ჩვენი ორსაუკუნოვანი თანაცხოვრების მანძილზე არასოდეს ვყოფილვართ „ღარიბი ნათესავის“ როლში. არამედ ქართველები ყოველთვის პირველ პოზიციებზე იყვნენ კულტურა-ხელოვნება-მეცნიერება-ბიზნესში თუ იმპერიის საიმპერატორო კარზე, უმაღლეს სახელისუფლებო წრეებში.

 

 

საბჭოთა პერიოდი ხომ კიდევ უფრო აშკარად ადასტურებს ამას. ქართველი მეწაღის შვილი იოსებ ჯუღაშვილი ჯერ საბჭოეთის და შემდეგ ნახევარი მსოფლიოს წითელი იმპერატორი გახდა და ეგეც იქით იყოს, სწორედ საბჭოთა პერიოდში განიცადა ქართულმა ხელოვნებამ, მეცნიერებმამ, მედიცინამ და რა ვიცი, პრაქტიკულად ყველა დარგმა, მსოფლიო მნიშვნელობის რენესანსი.

 

დაბოლოს, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენი ბუნებრივი ადგილი, გარკვეულწილად მშობლიურიც კი, სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეშია. რადგანაც მხოლოდ იქ მიგველიან, ჯერ კიდევ მიგველიან, როგორც იტყვიან – გაშლილი ხელით. ეს რომ ასეა, ისიც მეტყველებს, რომ დღემდე ასიათასობით ქართველი ცხოვრობს და იღვწის რუსეთში. მათ შორის, დიდი ბიზნესში. აღარაფერს ვიტყვი შოუბიზნესზე. და ეს ყველაფერი აგვისტოს ომის და მას შემდეგ აგრესიული სახელისუფლო რიტორიკის ფონზედაც გრძელდება.

 

ეს, სხვათა შორის, იმაზედაც მეტყველებს, რომ რუსებს დიახაც ვერ წარმოუდგენიათ და არც უნდათ ქართველების გარეშე ცხოვრება. თორემ სხვა შემთხვევაში ერთ-ორ სატვირთო თვითმფრინავს არ გვაკმარებდნენ და დეპორტაციას კი არა, ქართველების ისეთსავე მასობრივ ინტერნიერბას მოახდენდნენ, როგორც ვოლგისპირა გერმანელებს გაუკეთეს დიდი სამამულო ომის დროს.

 

რა თქმა უნდა, არ მინდა ეს წერილი მავანმა რუსების გაფეტიშებად ჩამითვალოს. ბევრი სიმწარეც გვახსოვს ქართველებს ერთმორწმუნე რუსეთისგან, მაგრამ ისტორიული წარსული ხომ ავ-კარგის აწონ-დაწონვაც არის. ჰოდა, ეს ავ-კარგი აწონა თავის დროზე დიდმა ილია ჭავჭავაძემ და რუსეთთან საქართველოს შეერთება საბოლოოდ ცალსახად დადებით მოვლენად მიიჩნია!

 

მე ილია მართლის მჯერა და არა იმ ურწმუნო „ხლისტების“ ფარისევლური ვაი-ვიშისა, გადაღებილი ფრესკების, გაუქმებული ავტოკეფალიის თუ ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის გაუქმების გამო.

და კიდევ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მჯერა, რომელიც, როგორც სჩანს, მის მიერვე კანონიზირებული წმინდა ილია მართალივით ფიქრობს რუსეთ-საქართველოს ტკბილ-მწარე ურთიერთობებზე და ამიტომაც ეწვია ამას წინათ მოსკოვს. რის გამოც ქართველი ლიბერასტების რუპორის, ჟურნალ „ლიბერალის“ რისხვა დაიმსახურა.

 

ვისაც ამ წერილის არ გჯერათ, წმიდა ილია მართალს და პატრიარქს მაინც დაუჯერეთ – საქართველოს მომავალი ერთმორწმუნე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაზე გადის და არა ლიბერასტულ დასავლეთზე.

 

დავით მხეიძე