ჰამლეტ ჭიპაშვილი: "ისეთ პოლიტიკურ საკითხს ნუ გადაყლაპავთ, მონელება რომ გაგიჭირდეთ!"

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მართლაც საინფორმაციო ქარიშხალი დაატყდა საქართველოს მოსახლეობას. მხოლოდ არანორმალურ მენტალურ მდგომარეობაში მყოფი თუ გადაიტანდა ასეთს.

რედაქციის შენიშვნა - სურათზე: აშშ ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი, "ბრეცელის" ზედმეტად სწრაფი ჭამის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა (როგორც თავად მოყვა)  "ბრეცელი" ვერ გადაყლაპა და სახით მაგიდას დაენარცხა.

ნორმალურ საზოგადოებაში ესოდენ განსხვავებული და რაც მთავარია, ნეგატიური ინფორმაციის გააზრება-გადახარშვის პროცესს საკმაო დრო სჭირდება. აქ კი მოგაწვდიან ინფორმაციას და მეორე დღესვე ის კანონად იქცევა. საზოგადოებამ ვერც კი მოასწრო გავრცელებული ინფორმაციისთვის ჯეროვანი ყურადღების დათმობა, რომ თბილისის საკრებულომ კანონად აქცია.

გადაწყვეტილების მიღებისთანავე ნაგვის გატანის გადასახადი უმალ მიება თითოეული თბილისელის მიერ დახარჯულ შუქის კილოვატ/საათს, რითაც ქალაქის დასუფთავების სამსახურის და ცხადია ქალაქის მერის ჯიბეები „ინოვაციური“ ძალისხმევით ერთი-ორად გასუქდება. ქალაქის თავის, უგულავას განმარტებით და „ასე შემდეგის“ ძახილით, ის და მისი გუნდი ზრუნავს თბილისელებზე და ამიტომაც გადაწყვიტეს ისეთის გამოგონება ოდნავ გამოფხიზლებული ქალაქელები, რომ შოკში ჩააგდო. სრული და მუდმივი შოკი გადასახადის ქვითრის მიღებას მოჰყვება.

ხელისუფალთა მხრიდან მუდმივი „ზრუნვა“ ხალხზე არახალია. გახსოვთ, ერთ-ერთი „მზრუნველი“ ნაბიჯი პრეზიდენტმა რომ გადადგა ჩოჩელის სამფლობელოში და თვალი აგვიხილა - ქართველებმა ხორცის დამუშავება არ ვიცითო, ჩოჩელი, დასავლური ტექნოლოგიების დახმარებით გვასწავლის, როგორ მოვიქცეთო. ჩოჩელმაც არ დაიზარა და მოითხოვა - ყველა დასაკლავი საქონლის მასთან მიტანა. ატყდა ერთი აურზაური გრძელ, იძულებით რიგში ჩამდგარი მოვაჭრეებისა და ყასბების მხრიდან. იყო საპროტესტო გამოსვლებიც, მაგრამ ხელისუფალთა მთავარი მიზანი - ხორცზე ფასების მომატება შედგა.

მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა და ისევ ჩოჩელის მონოპოლიამ „გაგვახარა“. ნატახტრის საწარმოს ახალმა მკაცრმა შეზღუდვამ ხორცზე ფასების კიდევ უფრო დიდი გაზრდა გამოიწვია. გაიზარდა ხორცით მოვაჭრეთა აღშფოთებაც, რაც საპროტესტო გამოსვლებსა და გაფიცვებში აისახა, მაგრამ შედეგი - ნული. საქონლის ხორცის ფასებმა სარეკორდო მაჩვენებელს გადააჭარბა - ხარისხის მიხედვით მან 15 ლარიდან 23-25 ლარს მიაღწია და თუ ასე გაგრძელდა, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

ხორცი, კვების აუცილებელი პროდუქტებიდან ზედელიკატეს პროდუქტად გადაიქცა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უაღრესად მცირე ნაწილს თუ ექნება მისი გასინჯვის შესაძლებლობა. ხალხზე ზრუნვის ქართული ვარიანტი სახეზეა.

ხორცის ფასების გაზრდით გამოწვეული ყაყანი, როგორც ჩანს ხელისუფალთა სასმენ აპარატამდეც მივიდა და ბევრი იფიქრა თუ ციტა ვიცე-პრემიერ ბარამიძის პირით „გამოგვიტყდა“, რომ ხორცის ფასების გაზრდა მას ევროკავშირმა დააძალა. როგორც ირკვევა, ჩოჩელი და ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარე ბაროზუ ახლო ნათესავები ყოფილან. ამიტომაც, სწორედ ბაროზუს ბრძანებით მთელ საქართველოს საქონელი ჩოჩელთან უნდა დაეკლა. რას ვერჩით ჩვენს „კუტუნია“ ბიჭებს, როგორც ერთხელ მათ აწ განსვენებულმა ჟვანიამ უწოდა? რა შუაშია მიშიკო, როდესაც „ჟოზიკოს“ (ბაროზუს) „გავუბედნიერებივართ“?

საინტერესოა, მოისმინა თუ არა ბარამიძის ცილისმწამებლური განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და როგორია მისი აზრი? მართალია ამით ვითარება არ შეიცვლება, მაგრამ გულს მაინც მოვიფხანთ.

ევროპასთან ინტეგრაციის მთავარმა უსტაბაშმა თავის გამოსვლაში ევროკავშირისადმი რისხვა არ დაიშურა - ეს როგორ შეიძლებოდაო. კეთილი, მაგრამ ვიცე-პრემიერი, პრემიერი, პრეზიდენტი არაფერს ნიშნავს? თუ ფასების მომატება არ გინდოდათ, როგორ მოგამატებინათ ვიღაც გადამთიელმა, რომელმაც არც საქართველო იცის და არც მისი მოქალაქის თვიური შემოსავალი? და თუ მართლაც დაიჩემა, ის არის ხელისუფალი, თუ თქვენ?

მაგრამ სხვისკენ ხელის შვერა ჩვენი ხელისუფლების ნაცადი მეთოდია. სწორედ ეს ბრძანა სულ ახლახანს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ - დამნაშავეს გარეთ ნუ ეძებთ, ქვეყნის შიგნით ეძებეთო და სიბრაზისგან გადააჩიჩინა ქართული პოლიტიკა-პოლიტოლოგია, ეს რა თქვაო, ეს, როგორ გაბედაო, ფურნიე ჩვენი მეგობარია, თუ ჩვენი მტრისო, გავაძეოთ საქართველოდანო და სხვა. ფსევდოპატრიოტულმა რიტორიკამ მთელი ქართული მედია დაიპყრო. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ხელისუფლების უკანალთა მლოკველი ექსპერტობა. თვით ხელისუფლება გაოგნებული, მაგრამ სულგანაბული თვალს ადევნებდა მოვლენებს. კიდევ კარგი - ცხელ გულზე რაიმე ბრიყვული დიპლომატიური ნაბიჯი რომ არ გადადგა.

მაინც რა ბრძანა ფურნიემ ისეთი, ჩვენ, რომ არ ვიცით? მაგრამ ვიცით თუ არა, ესეც საკითხავია. შესაძლოა ვიცით, მაგრამ სინამდვილის საწინააღმდეგო ვერსიას ავყევით და ტყუილი დავიჯერეთ. ტყუილი, რომლის მიხედვით, ცხინვალში ომი რუსეთმა დაიწყო, ჩვენ კი იძულებული ვიყავით გვეპასუხა. ეს ვერსია ქართული ტელესივრციდან 24 საათის განმავლობაში თავს ეხვევა საქართველოს მოსახლეობას.

ხელისუფლებამ მედიაც აღარ იკმარა და ჰოლივუდს მიადგა - რამდენიმე ათეული მილიონით დატვირთული ჩემოდნებით ახალი პასკვილის გადასაღებად. ასე შეიქმნა კინორეჟისორ ჰარლენის ფილმი „აგვისტოს 5 დღე“. ფილმის მნახველი ვერაფრით მიხვდება, რომ ცხინვალის ავანტიურა სააკაშვილის თავში დაიგეგმა და არა კრემლის პირველ პირთა თავებში. ფილმის გადაღებით ამერიკელებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს საკუთარი ნამდვილი სახე. ცხადია, ფილმი ჭეშმარიტი ფაქტების ისტორიულ აღმნუსხველად ვერ გამოდგება, მაგრამ რამდენ უვიცს შეაცვლევინებს აზრს რუსეთის მიმართ?

დავუბრუნდეთ ფურნიეს - ქვეყნის შიგნით ეძებეთ დამნაშავეო არა მარტო 2008 წლის ომის დაწყებას ეხება, არამედ საქართველოს მენშევიკური ხელისუფლების „საგმირო“ საქმეებსაც. მაშინაც, ისე, როგორც 2008 წელს, თბილისმა ოს სეპარატისტთა მიმართ სამხედრო ძალა გამოიყენა და სისხლის გუბეები დააყენა.

1990 წელს, გამსახურდიას ხელისუფლების პირველსავე დღეებში საქართველოს უზენაესი საბჭოს დავალებით შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ოლქის სტატუსის შემსწავლელი კომისია, ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით. მომდევნო წელს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად დაიდო ბროშურა, სადაც სწორედ ისაა ნახსენები, რაც ბრძანა ფურნიემ, ანუ: „საქართველოს მთავრობამ აჯანყებული ოსების მიმართ სასტიკი ულმობლობა გამოიჩინა. სოფელ ყორნისის, როგორც აჯანყების ერთ-ერთი კერის გადაწვის თაობაზე სპეციალური დადგენილება იქნა მიღებული. ყოველივე ეს ქართული წყაროებითაც მტკიცდება. სამოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ამ ტრაგედიის დროს მიყენებული ჭრილობები ჩვენს ხალხებს დღესაც მოუშუშებელი აქვთ. ამბობენ ჭრილობებს სიმართლე კურნავსო, არა ურთიერთ საყვედურისათვის, არამედ სიმართლის დასადგენად და სამომავლო გაკვეთილების გამოსატანათ ობიექტური ისტორიის მოხმობაა საჭირო“.

ასე, რომ დამნაშავე, ფურნიეს არ იყოს, საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. რაც შეეხება ე.წ. პატრიოტებს, დიპლომატიის არ მცოდნეებს, შევახსენებ, რომ ელჩი არის თავისი ქვეყნის მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენელი და უპირველესად გამოხატავს არა საკუთარ, არამედ სახელმწიფოს აზრს. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რა ისეთი განსხვავებული აზრი გამოთქვა ფურნიემ მისი პრეზიდენტის აზრისგან განსხვავებული?!

დოვილის „დიდი რვიანის“ ფორმატში სარკოზის მიერ ნათქვამი გაცილებით მკაცრი და ობიექტური იყო, ვიდრე ფურნიეს განცხადება. იქნებ გაგვეწყვიტა საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობა?! გავწყვიტოთ და რას დავიჭერთ იმასაც დავინახავთ. ვერც ფურნიეს გამოაცხადებს ხელისუფლება პერსონა ნონ-გრატად, ვინაიდან ასეთი ნაბიჯი დაასამარებს ისედაც საიქიოში მყოფ საქართველოს ხელისუფლებას.

დიპლომატიაში არცთუ იშვიათია ელჩის მიერ ადგილსამყოფელი ქვეყნის აუგი მოხსენიება და აქედან გამომდინარე პერსონა ნონ-გრატას ერთობ არასასურველი მდგომარეობის მოპოვება, მაგრამ იმ ქვეყნებსა და საქართველოს შორის დიდი სხვაობაა. თუ ევროკავშირი, სადაც საფრანგეთი მთავარი მოთამაშეა, ხორცზეც ფასს გიწესებს, რა უნდა ვთქვათ სხვა საკითხებზე? თავისთავად იბადება კითხვა - არის თუ არა ეს ქვეყანა და ამ ქვეყანას ჰყავს თუ არა ხელისუფლება? ასე, რომ ბატონი ერიკ ფურნიე ცამდე მართალია და სწორედ ამ სიმართლისთვის უნდა ვუთხრათ მას მადლობა, ნაცვლად გაკიცხვისა.

არანაკლები რისხვა დაატყდა თავს საქართველოში აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს, ძირითადად ოპოზიციონერებისგან. ბასმა ბრძანა, რომ 25-26 მაისს ხელისუფლების მიერ ძალით პარლამენტის წინა მოედნის გათავისუფლება კანონიერი იყო. ელჩის მიერ 25 მაისამდე გაკეთებულ განცხადებებს გარკვეული სტიმულატორის ეფექტი ჰქონდა ხელისუფლებაზე. ზოგმა ისიც თქვა - სარეკომენდაციოცო, მაგრამ მარტო ელჩია დამნაშავე? იქნებ ოფიციალური ვაშინგტონია შუაში და არა „ფოსტალიონი“ ბასი? ამ შემთხვევაშიც ისე, როგორც ზემოთაღნიშნულში, ელჩი საკუთარი ხელისუფლების „რუპორია“.

ვაშინგტონის დამოკიდებულება სააკაშვილისადმი არის ცალსახად დადებითი. სააკაშვილი მისი ჯილაა - კავკასიაში ამერიკის აზრების გამტარებელი. ასეთ ვითარებაში ოფიციალურ ვაშინგტონს სურვილი აქვს დიდხანს შეინარჩუნოს მისი „მონაპოვარი“ ხელისუფლებაში. ამიტომაც ცდილობს ის ყოველგვარი მხარდაჭერა გამოხატოს სააკაშვილის მიმართ. გავაძევოთ ბასი საქართველოდან? და შეუძლია ამის გაკეთება სააკაშვილს? ცხადია არა. ხოლო ის ზღაპრები, რომ ამერიკას ავუხსნათ, რას წარმოადგენს სააკაშვილი, რომ ვაშინგტონმა არაფერი იცის სააკაშვილის, თუნდაც ბასის შესახებ, ისეთივე აბსურდია, როგორც ბასის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება.

როგორც ამბობენ, ზოგიერთი ჩიტი კურკოვანი ხილის გადაყლაპვამდე ნაყოფს უკან იზომებს, მონელების შემდეგ კურკა გამოეტევა თუ არა. ძვირფასო პოლიტიკოს-პოლიტოლოგებო, მიბაძეთ ბრძენ ფრინველებს და ისეთ პოლიტიკურ საკითხს ნუ გადაყლაპავთ, მონელება რომ გაგიჭირდეთ!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი