დავით ფურცხვანიძე: "საქართველოში გადატრიალება მზადდება"

დავით ფურცხვანიძე: "საქართველოში გადატრიალება მზადდება"

როდესაც სააკაშვილმა ზუგდიდის რეზიდენციაში გადასვლის სურვილი გაახმოვანა, უპირველესად ახალი ხელისუფლების რეაქცია, უფრო სწორად - ურეაქციობა, იყო უცნაური

და საინტერესო. მიმდინარე წლის იანვრის შემდგომ სააკაშვილი და ახლომდებარე ტყეებში დისლოცირებული ყოფილი კუდ-ის, სოდ-ის და სამხედრო პოლიციის მაღალ თუ დაბალჩინოსნები საფუძვლიანად აპირებენ წყლის ამღვრევას. ეს სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ გახდება რეალური, თუკი ბაჩო ახალაიას მალე გათავისუფლებულს ვიხილავთ - ასეთი შესაძლებლობა კი არ გამოირიცხება, თუკი ახალაიას არ დაუმძიმდა ცალსახა მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდებები.

   პირველ რიგში, იმიტირებული იქნება პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგები, რომლებზეც მომხდარი დაპირისპირებები იოლად გადაიზრდება მასშტაბურ კონფლიქტში. მათ დასაშოშმინებლად არც პოლიცია გამოიდებს თავს და არც ჯარი, რადგან ერთში წმენდის პროცესი არა და არ დასრულდა და მეორეში  - დაკომპლექტების. თბილისი, რა თქმა უნდა, აღშფოთდება. ქუჩაში ხალხი გამოვა და პრეზიდენტის რეზიდენციასაც კარგი დღე არ დაადგება. ამის შემდგომ იგივე ხალხი ულტიმატუმით მიადგება ბატონ ივანიშვილს და მოსთხოვს კონკრეტულ მოქმედებას. გაკეთდება ძალიან სერიოზული განცხადებები, დაიგმობა სააკაშვილი...

  მოქმედება კი, სამწუხაროდ, ნაკლებმოსალოდნელია, ვინაიდან ახალი ხელისუფლების ძალოვანი რესურსი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ მხოლოდ ფორმირდება. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში დაიწყება მოლაპარაკებები სხვადასხვა ორგანიზაციების მონაწილეობით, შეიქმნება კომისიები და მისიები... ერთი სიტყვით, ეს ერთხელ უკვე იყო 20 წლის წინ და დღემდე ვიმკით მაშინ დათესილს!..

     ამ სიუჟეტის გაგრძელება რომ ძალიან არასასურველ, რეალურად გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს, ძნელად გასაგები არ უნდა იყოს. და, ვიდრე ძალიან არ დაგვიგვიანდა, იქნებ საქმის კეთებით დაგვეწყო!

      ზემოაღწერილი მოსალოდნელი შედეგის თავიდან ასაცილებლად უპირველესად მიზეზებია საძებნი, რომელთა შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ:

      საქართველოში სააკაშვილის მარიონეტული ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თანდათან დგება დრო, როდესაც თავიდან გვაქვს გასააზრებელი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნება - ნაცვლად დეკლარაციული ფსევდოდამოუკიდებლობისა, თავისი გარეგანი ატრიბუტიკით - დროშით, ჰიმნით, პრეზიდენტის სასახლით და ასე შემდეგ, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად თვითკმარი საზოგადოება, ჯანსაღი ეკონომიკა, ეროვნულ-სარწმუნოებრივი და სამეცნიერო-კულტურული თვითმყოფადობისა და განვითარების მყარი პერსპექტივებით. თუკი საქართველო, ქართული საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლება, აპირებს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას („სრულ დამოუკიდებლობაზე“ საუბარი ალბათ მიზანშეუწონელია), მორჩილი, დასავლეთის თუ ჰორიზონტის სხვა მხარეების მარადიული „ასპირანტის“ მდგომარეობიდან გამოსვლას, მაშინ გარდაუვალია სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, და არა ამა თუ იმ ყმა ხელისუფლების „უშიშროებაზე“ ფიქრი და აქტიური ზრუნვა. გამოჩურჩულებული ემოციურ-შიშნარევი „უშიშროება“ ნელ-ნელა ადგილს დაუთმობს საქმიან-რიხიან „უსაფრთხოებას“, და არა მხოლოდ ვერბალურად, რადგან შიშისგან ხსნა თავად შეშინებულის შინაური საქმეა, მაშინ როდესაც საფრთხის აცილებას, უფლის ნების გარდა, პროფესიონალური ცოდნით, გამოცდილებითა და სათანადო ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპეციალისტების სადღეღამისო, მუხლჩაუხრელი და, რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ინტერესების პრიმატით განპირობებული თავდაუზოგავი შრომა განაპირობებს. 

     მასე მხოლოდ იმათთან ხდებაო, იტყვის მავანი და ხელს გაიშვერს რომელიმე მიმართულებით, და მართალი იქნება, რადგან საითაც უნდა მიუთითო, რომელი ქვეყანაც არ უნდა გაგახსენდეს, სახელმწიფოს უსაფრთხოების (და არა ხელისუფლების უშიშროების!) დაცვა ყველაზე უმთავრესი, პრიორიტეტული და პრესტიჟული ამოცანაა, რომელსაც ახორციელებენ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ელიტად აღიარებული პიროვნებები. მათი საქმიანობის წარმოჩენას ექვემდებარება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მიერ სუბსიდირებული პროპაგანდისტული ხასიათის ფილმები, წიგნები და სხვადასხვა კულტუროლოგიური ღონისძიებები. მათი ღირსეული უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას შეადგენს. უკუგებაც შესაბამისია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ქვეყნის განვითარების დონე პირდაპირ პროპორციაშია მისი უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სტრუქტურების მოწყობის დონესთან და სახელმწიფოს დანგრევის წინაპირობა სწორედ უსაფრთხოების სტრუქტურების იგნორირებაა, რაც მათი ლიკვიდაციით მთავრდება, ეს კი სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისია. ეს რომ ასეა და არა სხვაგვარად, მცირე ისტორიულ ექსკურსს მოვიშველიებთ:     საბჭოთა კავშირის დანგრევა დაიწყო გასული საუკუნის 80-ანი წლების მეორე ნახევრიდან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სტრუქტურების ჯერ მცირე ტრანსფორმირებით, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში სრული სახეცვლილებით დასრულდა და დანგრეული სისტემის პირობებში ყველა ყოფილმა რესპუბლიკამ თავისი გზა იპოვა. (რამდენად წარმატებული, ეს აქ განსჯის თემა არ გახლავთ). იმ რესპუბლიკებმა, რომლებმაც შეინარჩუნეს სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურების საბჭოთა მოდელი (რუსეთის ფედერაცია, ბელორუსია, ყაზახეთი), დღემდე მოახერხეს თვითმყოფადი სახელმწიფოს სახის შენარჩუნება. რესპუბლიკები, რომლებმაც სისტემის მექანიკური კალკირება გააკეთეს (სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი), პირდაპირ დამოკიდებულებაში აღმოჩნდნენ რუსეთთან, როგორც პირველი ჯგუფის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან. მესამე ჯგუფში აღმოჩნდნენ შედარებით ძლიერი პოტენციალისა და რესურსების მქონე რესპუბლიკები (აზერბაიჯანი, უზბეკეთი), რომლებმაც მოახდინეს საბჭოთა უშიშროების სისტემის ადაპტირებული სახით შენარჩუნება და, შესაბამისად, მოიპოვეს ბევრად დიდი ავტორიტეტი და თითქმის რეალური დამოუკიდებლობა. მეოთხე ჯგუფში გაერთიანდნენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები (ლატვია, ლიტვა, ესტონეთი), რომლებიც ყოველგვარი ტრანსფორმაციის გარეშე პირდაპირ „გადაეცათ“ ამერიკელებს და იქცნენ ევროპაში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის პოლიგონად (სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ არც თუ ძალიან წარმატებულად!). მეხუთე ჯგუფში, მხოლოდ და მხოლოდ მარგინალიზმის ნიშნით ერთიანდებიან უკრაინა და მოლდავეთი, რომლებსაც ასევე აერთიანებთ (სხვადასხვა ხარისხით, რა თქმა უნდა!) დაშლის პერსპექტივა, რაც მათი არშემდგარი და სრულიად გაურკვეველი მოდელით შექმნილი სპეცსამსახურების „დამსახურებაა“. როგორც ყველგან და ყოველთვის, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ვერც ერთ ჯგუფს ვერ „მოერგო“. არა მხოლოდ ამ მიზეზით, რა თქმა უნდა, აქ ცოტა უფრო მეტ დეტალიზირებას მოვახდენთ. საქმე ის გახლავთ, რომ გამსახურდიას ხელისუფლებამ დაიწყო და სააკაშვილის ხელისუფლებამ დაასრულა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ნგრევა. ეს პროცესი ჩვეული ქართული არტისტიზმით წარიმართა: ჯერ იყო და, გამსახურდიას ხელისუფლების „ყველაფერ საბჭოთას ლიკვიდატორების რაზმეულმა“ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოველივე მატერიალურ-ტექნიკურ-დოკუმენტურის განადგურება უნიკალური (იმ დროისათვის) და ძალიან ძვირადღირებული სპეციალური კავშირის სისტემის განადგურებით დაიწყეს. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კავშირის სატელეფონო აპარატებზე გამოსახულ საბჭოთა გერბებს სხვა რომ ვერაფერი უქნეს, დანებით ამოჭრეს და გერბს აპარატიც გააყოლეს! ეს ლირიკაა, თუმცა გასახსენებელი სხვაც ბევრია, მაგალითად ის, როგორ უგზავნიდა ხელფასის ფულს საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს „ეროვნულ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ჩვენ ისევ თემას ვუბრუნდებით.

     შევარდნაძის ეპოქა სწორედ უშიშროების დარჩენილი პოტენციალის განადგურებით დაიწყო. პირველი, რაც გაკეთდა (უფრო სწორად, გაფუჭდა), ავტორიტეტის წართმევა და სახელის დაკნინება იყო: სტრუქტურას სახელი შეუცვალეს და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური უწოდეს, რაც სრულიად არ შეესაბამებოდა სახელმწიფო სტრუქტურის არც ფასადურ და არც შინაარსობრივ მხარეს (შევარდნაძემ, როგორც პროფესიონალმა სახელმწიფო ქილერმა, შესანიშნავად იცის, როგორ დაანგრიოს!). იმავდროულად ეს სამსახური სამხედრო-სამოქალაქოდ გადაკეთდა, რაც ყოვლად დაუშვებელია, უამრავი პროფესიონალური მიზეზის გამო. სამსახურიდან დაითხოვეს პროფესიონალები, მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი საბჭოთა სისტემას ემსახურებოდნენ, რაც ამავე სისტემის ერთ-ერთმა ბელადმა, ბატონმა შევარდნაძემ ასე „აუხსნა“ ათასზე მეტ ერთად შეყრილ სამსახურიდან გასანთავისუფლებელ პროფესიონალ თანამშრომელს: „თქვენ როგორც იყავით წითლები, ისევე დარჩით წითლები, მე კი გადავკეთდი და ახლა უკვე ახალ, ეროვნულ ქვეყანას ვაშენებთ!..“. მოკლედ, დაიწყო ყოველივე ფასეულის ნგრევა, ნანგრევებად იქცა მრავალჯერ ტრანსფორმირებული უშიშროების სამსახური, რომელსაც თვალსა და ხელს შუა ააცალეს დასაცავი ობიექტი - სახელმწიფო! შევარდნაძემ აქაც იმარჯვა და ისეთი „აბრუნდი“ ჩაუტარა „მოცისფრო-მოვარდისფრო“ რევოლუციურ ტრიუმვირატს, დღემდე აზრზე ვერ მოსულა სააკაშვილი, ვინ და რატომ გაამეფა იგი და რატომ ამოჰკრა იგივე ხალხმა ჭიტლაყი! თუმცა, ეს სხვა კვლევის საგანია, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავი და ახალი ხელისუფლებისათვის ყურადსაღები უნდა იყოს, რომ დღეს საქართველო აშშ-ს მმართველი და ოპოზიციური პარტიების, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების, დაპირისპირების პოლიგონია და როგორც ისინი მორიგდებიან, იმ სცენარით განვითარდება მოვლენები. მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება რუსეთის აქტიური ჩართვა პროცესებში და ან კვლავ რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციის პირობებში გაგრძელდება ურთიერთობა აშშ-ს ფავორიტთან, ან გადავა ზედმეტ-ნაკლებად დათბობის რეჟიმში.

     ჩვენ შემთხვევით არ დაგვიჯგუფებია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. როგორც მოგახსენეთ, ისინი, საქართველოსგან განსხვავებით, სისტემატიზაციას ექვემდებარებიან. და კიდევ ერთი: არც ერთ მათგანს არ გაუღია იმდენი მსხვერპლი ზედმეტ-ნაკლები დამოუკიდებლობისთვის, რაც საქართველომ გაიღო ფსევდო-დამოუკიდებლობისთვის!.. თუმცა, ესეც სხვა თემაა...

     უსაფრთხოების სამსახური, როგორც სტრუქტურა, მარტივად შეიძლება მოათავსო სამინისტროს, კომიტეტის, დეპარტამენტის ან სამმართველოს ჩარჩოებში. მაგრამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა ბევრად დიდია და თავის მხრივ მოიცავს ნაციონალური უსაფრთხოების შემადგენელ ისეთ მაგისტრალურ მიმართულებებს, როგორებიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოება, სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, სატრანსპორტო უსაფრთხოება, ფინანსური უსაფრთხოება, განათლებისა და კულტუროლოგიური სისტემების უსაფრთხოება. თითოეული ეს მიმართულება მოითხოვს საკუთარი კონცეპტუალური ბაზისის შექმნას რთული ტექნოლოგიური ზედნაშენით. ეს უაღრესად სერიოზული თემა გახლავთ და ცალკე და ზედმიწევნით განხილვას იმსახურებს.

     საქართველოს სადღეისოდ შექმნილი აქვს საკმაოდ რთული მდგომარეობა სწორედ ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს გამოწვეულია მრავალი ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია:

1. თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის კრახი,

2. სახელმწიფო ინსტიტუტების შეუთანხმებელი მოქმედება,

3. ძალოვანი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების საქმიანობის საზოგადოებრივი შეფასების არარსებობა,

4. საქართველოს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის მიმართ არსებული საფრთხეების გაძლიერება,

5. საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრისა და მათი რეალობაში მოყვანის აუცილებლობა.

     ვითარებას ამძიმებს არა მხოლოდ სისტემის არარსებობა, არამედ ამ სისტემის შექმნის სიძნელე, რაც პირველ რიგში პოლიტიკურ ნების ქონის აუცილებლობას უკავშირდება. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ჯანსაღი გარემოსა და კორექტული საწყისი პირობების შექმნას, რომლის არსებობის პირობებში პროცესების მართვა და სახელმწიფოს მიერ დასმული ამოცანების რეალიზება პროფესიონალ კადრებს უნდა მიენდოს. აქ ხაზგასასმელია, რომ მხოლოდ სახელმწიფო უნდა იყოს დამკვეთი უსაფრთხოების სტრუქტურების მიერ შესასრულებელი ამოცანებისა და არა პირიქით, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაში, რამაც საგრძნობლად შეუწყო ხელი ბოლო წლებში საქართველოში შექმნილ სისტემურ კრიზისს. დღეს უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ყველაფერი მხოლოდ ძალადობრივ სქემებზე იყო აწყობილი, რამაც, ბუნებრივია, მოძალადეც გადაიყოლა.

     საქართველოს ახალ ხელისუფლებას ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი ემუქრება, თუ თვითონ ძალიან არ მოინდომებს, რისი ობიექტური ნიშნებიც არ ჩანს. მაგრამ, იგივე ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ენთუზიაზმზე და ბედზე მინდობილი კაციც ვერ ივარგებს, არა თუ სახელმწიფო. დღეს საქართველოს იმდენად მრავალმხრივი და მრავალფეროვანი საფრთხეები ემუქრება, რომ ვიდრე უსაფრთხოების სისტემის შექმნას დავიწყებთ, ჯერ ალბათ მოსალოდნელი საფრთხეების შეფასების სამსახური უნდა შევქმნათ. მხოლოდ ზედაპირული შეფასებაც კი გვიჩვენებს, რომ საქართველო დღეს უმართავი ქაოსიდან გამოსვლის ფაზაშია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რა გაგრძელებას მიიღებს ეს პროცესი. ახალი ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების სისტემაზე აგებული მწყობრად გატარებული პოლიტიკის მეშვეობით არის სერიოზული შესაძლებლობა სტაბილიზაციის ფაზაში შესვლისა, რაც შემდგომი წარმატებული განვითარების საფუძველს შექმნის. ხელისუფლების ოპონენტთა რეალური რესურსის გათვალისწინებით, არსებობს ალბათობა სიტუაციის რევანშისტული სქემით განვითარებისა, რაც მართვად ქაოსს შექმნის და ხანგრძლივი დესტაბილიზაციის პროცესს მისცემს დასაბამს. ამ დაშვების თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ უკვე დღეს უნდა დაიწყოს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შენება და ამ პერიოდში საგანგებო რეჟიმის პირობებში მუშაობაზე გადაიყვანოს ქვეყნის ყველა სპეციალური სამსახური, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მოსალოდნელ მადესტაბილიზირებელ ფაქტორებს (დივერსია, საბოტაჟი, ფართომასშტაბიანი პროვოკაცია). დროებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის ჩამოყალიბებამდე, განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში მუშაობაზე უნდა გადავიდნენ ენერგეტიკის ობიექტები. იგივე ეხება დანარჩენ სტრატეგიულ მიმართულებებსაც.

     არანაკლებია საგარეო საფრთხეებიც, რომელთა ნეიტრალიზაციაზე ზრუნვა შესაბამისი სამსახურების მოვალეობაა, თუმცა არსებითად შესაცვლელია უწყებათაშორისო საქმიანობის კოორდინაციის სტრუქტურაც და სქემაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატების თითქმის არანაირი შანსი არ რჩება არც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებში და არც ოპონენტებთან პრობლემების მოგვარების საკითხებში.

     დასასრულ, პასუხი ერთ-ერთ ძირითად ზოგადკაცობრიულ კითხვაზე „რით დავიწყოთ?“: პროფესიონალური, მაღალი ზნეობითა და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უდიდესი პატივისცემით გაჯერებული, მუხლჩაუხრელი შრომით!

     როგორც გვასწავლის კლასიკოსი - არ არის საჭირო ბრძოლა სისუფთავისთვის, უნდა დაგავო!

    

დავით ფურცხვანიძე -
პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი