დავით ფურცხვანიძე: «გამოცხადებული გადატრიალება დაიწყო»

დავით ფურცხვანიძე: «გამოცხადებული გადატრიალება დაიწყო»

პირველ წერილში ანონსირებული ამერიკელი რესპუბლიკელებისა და დემოკრატების დაპირისპირების საქართველოს პოლიგონზე ანგარიში გაიხსნა და 1:0 გახდა რესპუბლიკელების სასარგებლოდ.

     ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერობის „აყრა“ მისი მინისტრობის ფინიშს მოასწავებს. სიტუაციის გაგრძელების ორი შესაძლო ვარიანტი არსებობს: ალასანია მდოვრედ გადადის ოპოზიციაში და ან „ივანიშვილის ოქრუაშვილი“ ხდება, ან აძლიერებს დემოკრატების პოზიციებს და მთლიანად პარტიულ საქმიანობაში ერთვება. პირველ შემთხვევაში ალასანია პირდაპირ უპირისპირდება ივანიშვილს, რაც ორივე მხარისთვის წამგებიანია, ხოლო მეორე შემთხვევაში ხიდაშელ-უსუფაშვილის ოპონენტი ხდება, რაც ივანიშვილის დაბალანსების პოლიტიკას უნდა წაადგეს. ამ შემთხვევაში დემოკრატების ბანაკი გასაძლიერებელია ან ბურჯანაძის, ან რაიმე ახლადშექმნილი პოლიტიკური ძალის ხარჯზე (აქ შესაძლოა ვივარაუდოთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც უკვე დეკლარირებული აქვს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი). თუმცა, წონასწორობის აღსადგენად ეს ყოველივე საკმარისი არ იქნება, ვინაიდან დემოკრატების ამერიკული ლობი შედარებით პასიურია, ხოლო რუსული ლობი ჯერ არ ჩამოყალიბებულა (ეს საკითხი კვლავაც ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან „რუსული კასტინგი“ ჯერ ვერავინ გაიარა და მავანი მოღვაწეები მხოლოდ ფანტაზიორობენ რუსულად, რაც მათი პრორუსულობის ერთადერთი გამოვლინებაა!).

     ანგარიშის გათანაბრების სერიოზული შანსი ისევ ირაკლი ალასანიას ხელშია:

     „ზუგდიდურ“ საფრთხეზე მოგახსენებთ, ამ სტატიის პირველ ნაწილში რომ გვქონდა საუბარი. თითქმის ერთი წლის წინ, 2012 წლის 20 მარტს, ბ-მა ალასანიამ გამოაქვეყნა და იმავდროულად საქართველოს უშიშროების საბჭოს გადასცა პერსონიფიცირებული ინფორმაცია დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში დისლოცირებული თორმეტი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შესახებ. ჯერ მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას სახელზე გაგზავნილ მიმართვაში ამბობს, რომ აღნიშნული ჯგუფების წევრთა ნაწილი წარსულში მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირები არიან და ოფიციალურ სტრუქტურებში არ ირიცხებიან. მისივე ინფორმაციით, აქტიურად ხედება მათი შეიარაღება და დაფინანსება. "ყველას კარგად გვახსოვს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების ტრაგიკული შედეგები. მაშინდელმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა შანსი დროზე აღეკვეთა ამგვარი ორგანიზაციების ფორმირება. საქართველოში ამგვარი დაჯგუფებების შექმნა არჩევნების წელს, ისედაც დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში, განუზომლად ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობას. ამ ფაქტებზე დროული რეაგირება იქნება პრევენცია, რომ ეს ადამიანები არ იქნენ გამოყენებულნი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების წინააღმდეგ, რისი მაგალითები ბოლო თვეებში მრავლად არის" -  დაზუსტებით მიუთითებს მოსალოდნელ საფრთხეზე აწ უკვე თავდაცვის მინისტრი, რომლის კომპეტენცია და მოვალეობა აღნიშნული საფრთხეების არა მხოლოდ პრევენცია, არამედ ლიკვიდირებაც გახლავს.

     საზოგადოების მეხსიერების „გასაცოცხლებლად“ და არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის „სტიმულირების“ მიზნით, უცვლელად (შეცდომების გასწორების გარეშე) ვაქვეყნებთ ზემოხსენებულ სიას:

                                     დაჯგუფება

350 კაციანი დაჯგუფება (სპეცდანიშნულების რაზმი).

დისლოკაციის ადგილი: ქ. ზუგდიდი, კერძო სახლები.

ხელმძღვანელი – კობა ახვლედიანი (როლანდ ახალაიას დაცვის ყოფილი უფროსი)

მეთაური: ფრიდონ შენგელია.

მეთაურის მოადგილე: თორნიკე მალაზონია.

მეთაურის მოადგილე: ავთო ბელთაძე.

100 მეთაურები: კახა აფშილავა, ელგუჯა გულორდავა, გოჩა გამსახურდია.

10 მეთაურები: გელა მეფორია (კიდაჭი), დავით შენგელია, ბესო შენგელია, მურმან ქურსუა, მალაზონია გოჩა.

ხელფასები: მეთაურთა შემადგენლობა 2000 ლარი + პრემიები

რიგითი შემადგენლობა: 700 ლარი + პრემიები.

 

                                    II დაჯგუფება

დისლოკაციის ადგილი: სოფელი ინგირი (სლავიკ ბიგვავას სახლი)

მეთაური: კობა თოდუა.

მოადგილე: ირაკლი გაწერელია.

წევრები: სლავიკ ბიგვავა, "კაბანი", ირაკლი ახალაია, ბაკურ ბულისკირია, მიქაია კობა, თემურ ქობალია.

 

                       III დაჯგუფება (ბაჩო ახალაია)

სარეზერვო ჯგუფები:

ჩართულობა:

ეროვნული გვარდიის სარდალი: მამუკა იოსავა.

დასავლეთის მიმართულების სარდალი: ზაზა ჯანჯალია.

სენაკის მე-2 ბრიგადის მეთაური: ზვიად გაგუა.

ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური: დავით ფოფხაძე

სპეციალური რაზმების მეთაური: კობა ახვლედიანი

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერბატორის მოადგილე: დავით დარსმელიძე (კუდ-ს ყოფილი უფროსი)

თენგიზ გუნავა, ლევან ქირია, რუსლან შამახია.

 

                                     IV დაჯგუფება

სოფელ გრიგოლიშის 25-კაციანი ჯგუფი

მეთაური: ბეჟან გვაზავა.

 

                                     დაჯგუფება

სოფელ ახალსოფლის 25 კაციანი ჯგუფი.

მეთაური: ფაცაცია

 

                                     VI დაჯგუფება

სოფელ ჯიხაშკარის 25 კაციანი ჯგუფი.

მეთაური: ვახტანგ ზარანდია

 

                                     VII დაჯგუფება

უფროსი: რომა შასმათავა

მეთაური: უბილავა სერგო

ქვედანაყოფის უფროსი: ვოხა აფსნაძე (ყოფილი სატურნელი).

ანდრიაძე ზაზა - ყოფილი სატურნელი.

უბილავა ზაზა - ყოფილი სატურნელი.

გოროზია ზური - ყოფილი სატურნელი.

ფაჟავა ზაზა (დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი)

 

                                     VIII დაჯგუფება

ე.წ. სპეციალური დანიშნულების რაზმი

კონტროლი: რომან შამათავა (აფხაზეთის კუდ-ის უფროსი)

თენგიზ პაპავა, ჯემალ აფშილავა, ბელქანია.

 

                                       IX დაჯგუფება

ჭუბერის ე.წ. სპეციალური დანიშნულების რაზმი.

კონტროლი: რომა შამათავა.

მეთაური: ნუგზარ ფანგანი.

მოადგილე: გოჩა ჯომიდავა

დისლოკაციის ადგილი: სოფელი ნაკალმახევი.

75 კაციანი დაჯგუფება

5 კაცი (ოფიციალურად გაფორმებული)

70 კაცი (სიტყვიერი შეთანხმებით, ხელფასს (400 ლარი) იღებენ ხელზე).

 

                                         დაჯგუფება

დისლოკაციის ადგილი: ქ. ზუგდიდი (გრიბოედოვის #42. გამსახურდიას #156)

კონტროლი: რომა შამათავა.

მეთაური: ქორქია დავითი.

40 კაციანი დაჯგუფება (სიტყვიერი შეთანხმებით, ხელფასს (400 ლარი) იღებენ ხელზე).

 

                                         XI დაჯგუფება

ე.წ. ჩურჩხობანის დაჯგუფება

მეთაური: სერგო უბილავა

8 კაციანი დაჯგუფება

3 კაცი (ოფიციალურად გაფორმებული)

5 კაცი (სიტყვიერი შეთანხმებით)

 

                                         XII დაჯგუფება

100 კაციანი სპეციალური დანიშნულების რაზმი (ვანო მერაბიშვილის კონტროლი)

მეთაური: კობა ფაჩულია (ასეული დაკომპლექტებულია სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელებისაგან).

 

     ამ ინფორმაციის კომენტირებისას უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს ოფიციალურ ძალოვან უწყებებში დასაქმებული ადამიანების სიაა. საინტერესოა იქნება ამ საკითხის თანამედროვე ვერსია, რის გაზიარებასაც, ვიმედოვნებთ, არ დაგვამადლის ბატონი გიგა!

     ანალოგიური ინფორმაცია, ოღონდ არა პერსონიფიცირებული, კახეთის რამდენიმე რაიონსაც მოიცავს. სამეგრელოს პარალელურად გარკვეული მსგავსი მოძრაობა იმავდროულად კახეთშიც მიმდინარეობდა. კერძოდ, თელავის, დედოფლისწყაროსა და ახმეტის რაიონებში რეზერვში გაწვევის საბაბით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიარაღებულ ჯგუფებში ხალხის დაქირავებას ცდილობდნენ და, როგორც ცნობილია, არც თუ უშედეგოდ.

     კვლავ „ალასანიას სიას“ დავუბრუნდებით. რამდენიმე გვარი საკმაოდ „ცნობადია“, თუმცა მაინც ხაზგასმა ვამჯობინეთ.

     ზერელე დაანგარიშებით 1000 კაცამდე გამოდის, რომელთა ასავალ-დასავალი, რამდენიმე მათგანის გარდა, არავინ უწყის. არადა, ნახევარიც რომ იყოს დარჩენილი, სიტუაციის ასარევად მეტისმეტიცაა!

     ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა შედეგს მოუტანს ეს არევა არა მხოლოდ პირადად ალასანიას, არამედ დემოკრატებს ზოგადად. სწორედ ამიტომ, მეტად უცნაურია, რომ ეს საკითხი არავის აღელვებს. და თუ, ყოველგვარი ლოგიკის საპირისპიროდ, ამ ადამიანებმა უჩუმრად სახლებს მიაშურეს და მშვიდობიანი ცხოვრება აირჩიეს, ღმერთმა უშველოთ! მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის და ამის შესახებ დღეს უფრო კვალიფიციურ ინფორმაციას უნდა ფლობდეს თავდაცვის მინისტრი. თუნდაც იმას, რომ „მიშას რაზმეული“ დღეისათვის უფრო მძლავრად გრძნობს თავს, ბატონებს ალასანიას და ღარიბაშვილს ჩვენგან არც შეხსენება და არც ინფორმირება არ უნდა ესაჭიროებოდეს!

     ამას დაუმატეთ ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილის პირდაპირი მუქარა ახალი ხელისუფლების „სეკვესტრზე“ და ამისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე: სამწუხაროდ ეს მთავრობა ისეთია, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით 4 წელიწადს. ეს რომ ყოფილიყო შედარებით ნორმალური, მაგალითად გაჩეჩილაძე, რომ ყოფილიყო, გაჩეჩილაძე პირობითად, სულ სხვა ვიღაცას, რომ მოეგო არჩევნები ვიტყოდით დაველოდოთო, მაგრამ ამ მთავრობას, პირდაპირ გეუბნებით, 4 წელიწადს ვერ ვაცდით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მივუვარდებით და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ მათ ის გეგმები განახორციელონ, რაც ეხება საქართველოს საგარეო კურსს. 2003 წელს ჩვენ ნაწილობრივ ვიყავით ხელისუფლებაში. ასე რომ, დღესაც უნდა დავიწყოთ რაღაც ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ხელისუფლების ნაბიჯ-ნაბიჯ შევიწროვება და მისი შეცვლის დაჩქარება. უნდა დავბლოკოთ მათი დესტრუქციული ქმედებები. რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი ამას დრო აჩვენებს. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ქმედებებისა, რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას“.

     არც მეტი, არც ნაკლები!

     უსერიოზულეს საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფლებასთან ღიად დაპირისპირებული სასამართლო, რომელიც პირდაპირ ხელიდან აცლის პროკურატურას სისხლის სამართლის საშიშ დამნაშავეებს და ამით საამბოხედ გამზადებულთა რიგებს აძლიერებს. იუსტიციის მრისხანე მინისტრის მიერ მხოლოდ იმის დეკლარირება, რომ მოსამართლეები ურჩობენ, ან სიბეცეა, ან ობსტრუქცია და საბოტაჟი. ალბათ არ ესწავლება ქალბატონ წულუკიანს, რომ დამნაშავე მოსამართლე ისევე შეიძლება დაისაჯოს, როგორც ყველა რიგითი მოკვდავი, და დამნაშავეა ყველა ის მოსამართლე, ვინც ციხეები გაავსო სააკაშვილი რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული პატიმრებით. თუ დამნაშავეა პროკურორი ადეიშვილი, ასევე დამნაშავეა მოსამართლე კუბლაშვილი!

     ამ საკითხებზე სახალხო დამცველის პოზიციაც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან „საინტერესოა“: ნუ იტყვით და, თურმე „ბოლოდროინდელი გახმაურებული დაკავებებისას გარკვეული დარღვევებია გამოვლენილი“ – ბრძანა ბატონმა ნანუაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა - როგორ, და ვის მიმართ. ბოლოს, მაინც „გატყდა“ ბატონი უჩა და ერთ-ერთ მაგალითად შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას (იხ. ზემო მოყვანილ სიაში!) დაკავების საქმე დაასახელა, „რადგან ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს რიგი პროცედურული დარღვევები“ და პირობა დადო, რომ  უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება დასკვნები, რომელიც ეხება გუნავას, ახალაიასა და სხვა გახმაურებული დაკავებების საქმეებს. ამ დასკვნების დანიშნულება ერთადერთ მიზანს ემსახურება - თებერვლის ბოლოს წინასწარი პატიმრობიდან ბაჩო ახალაიას განთავისუფლებას!

     ამის პარალელურად იუსტიციის მინისტრი  წულუკიანი აცხადებს, რომ თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, ახალი დეტალები გახდება ცნობილი (ცნობისათვის - თენგიზ გუნავა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განთავისუფლების უმალ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა, რასაც არანაირი პროტესტი არ მოჰყოლია ახალი ხელისუფლების მხრიდან. სააკაშვილის მხრიდან კი ეს გამოწვევა არა მხოლოდ კანონის დარღვევაა, არამედ კონკრეტულ საფრთხეს შეიცავს, რადგან სერიოზულად აძლიერებს მის სარევანშო პლაცდარმს ზუგდიდის რეგიონში!)

     ორივე ჩინოვნიკთან (და არა მხოლოდ მათთან, ასევე მთელი საზოგადოების გასაგონად) ისმის ერთი და იგივე კითხვები:

- შეუშლის კი ხელს თენგიზ გუნავას ბატონ ნანუაშვილის „პროცედურები“ და ქალბატონ წულუკიანის „დეტალები“ (თუნდაც სულ ახალ-ახალი), სააკაშვილის ერთგულებასა და ახალი ხელისუფლების საბოტაჟში?

- ვინ იქნება პასუხისმგებელი გირაოთი განთავისუფლებული ქარდავას, ჯანაშიას, ჩოჩელის და სხვათა მხრიდან მოსალოდნელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგებზე?

- როდის დამთავრდება გამოძიება გირგვლიანის, ჟვანიას, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, აფრასიძეების ოჯახის, 7 ნოემბრის, 26 მაისის... საქმეებზე?

- უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე თბილისისათვის ნაწილობრივი სატრანსპორტო კოლაფსის შექმნის ფაქტზე (სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ამასწინანდელი გაფიცვა გვაქვს მხედველობაში), თუ „პროცედურებია“ საჭირო, ბატონო უჩა, ან რაიმე „დეტალები“ ხომ არ გამოგრჩათ, ქალბატონო თეა, თბილისის მერიის კორუფციულ სქემებში და საბოტაჟის აქციებში?

 

                    შეკითხვები უამრავია. პასუხი - არანაირი.

                           

დავით ფურცხვანიძე -
პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი