ვის ეკუთვნის სინამდვილეში წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (სურბ-ნშანი)?

რედაქციისაგან: როგორც ცნობილია, დროდადრო იფეთქებს ხოლმე მძაფრი კამათი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამა თუ იმ ტაძრის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა

და, შესაბამისად, სომხეთის სამოციქულო ეკლესიისადმი კუთვნილების შესახებ. ამ კამათს არ აქვს მხოლოდ საეკლესიო დატვირთვა, არამედ წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან გამაღიზიანებელ ფაქტორს ქართველებისა და სომხების თვითშეგნებაში. ამის დამადასტურებელ ფაქტებს დაინტერესებული მკითხველი მრავლად ნახავს ინტერნეტშიც. უკანასკნელი პერიპეტიები თბილისის ცენტრში მდებარე წმ. ნორაშენის კუთვნილების საკითხს მოიცავდა, როდესაც ამ დახურულ ტაძარში ჯერ ქართველი მღვდელმსახური შევიდა თავისი მრევლით, შემდეგ კი თბილისში ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან და სომეხ მღვდელმსახურებთან ერთად.

არც თუ დიდი ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეჯიმიაწინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან მოითხოვს, სომხურ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს ასევე თბილისის ცენტრში მდებარე სურბ ნშანის ტაძარი. ქართველი არმენოლოგი, ისტორიკოსი, პროფესორი ბონდო არველაძე მიიჩნევს, რომ სომხურ მხარეს არ გააჩნია არავითარი ისტორიული საფუძველი, მოითხოვოს ამ ტაძრის გადაცემა. ქვემოთ ჩვენ ვაქვეყნებთ ბატონი არველაძის გამოკვლევას (სტატიის რედაქტორია - ისტორიის მეცნ. დოქტორი ელდარ ბუბულაშვილი).

ბონდო არველაძე: ეჯიმიაწინი თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესიის გადაცემას უპირობოდ მოითხოვს!

სამშობლო ღმერთზე მეტია,

სამშობლოზე მეტი - ეკლესიაა,

ეკლესიაზე მეტი - ტიგრან დიდია,

ტიგრან დიდზე მეტი - დიდი სომხეთია!

სილვა კაპუტიკიანი

საქართველოს სომხური ეპარქიის ორგანოში ჟურნ. ”ნორაშენის” 2008 წლის ნომერ 1 გამოქვეყნდა სტატია - ”თბილისის სურბ-ნშანის ეკლესია” (გვ. 2 – 4). //მას ბოლოს აქვს მინაწერი - სტატია მომზადდა ს.კარაპეტიანის წიგნის ”დაბრუნების მოთხოვნით”-ის მიხედვით. ავტორად ვინ მივიჩნიო - ს.კარაპეტიანი თუ სტატიის მომმზადებელი (რატომღაც გვარი არ ამხილეს) არ ვიცი. ამიტომ ვწერ - სომეხი ავტორი. ისე, მკითხველს გავახსენებ - ს.კარაპეტიანი ის მეცნიერია, რომელმაც სომხურ ენაზე გამოსცა რუკა - ცნობარი ”სომხური ეკლესიები საქართველოში” (1995). მან 650-ზე მეტი ”სომხური” ეკლესია ”აღმოაჩინა” საქართველოში. აქედან 80 – 90 პროცენტი ქართული ეკლესიებია გატანილი სომხურად. მასზე კრიტიკული პასუხი იხ. ბონდო არველაძე: ”სომხური თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?!”, 1996 წ., ქართ., ინგლ. და რუს. ენებზე//. ეკლესია დგას ერეკლე მეფის მოედნის ზემოთ, ვერცხლის (ძველ ოქრომჭედელთა რიგის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთს დღეს ვერცხლის ქუჩა ჰქვია) და სულთნიშნის (ყოფილი ა.აკოფიანის) ქუჩების გადაკვეთაზე. აშენების თარიღი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. სომეხ ავტორს მოაქვს 1624, 1656 წლების სომხური საარქივო მასალა, რომლის საფუძველზე ფიქრობს, თითქოს ეს ეკლესია თავიდან იყო სომხური. ბარემ ახლავე ვიტყვი, მოძიებული სომხური საარქივო საბუთები ამ ეკლესიის სომხურ წარმომავლობას კი არ მოწმობენ, არამედ ისინი მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ 1624, 1656 წლებში, ე.ი. მე-17 საუკუნეში, იგი უკვე სომხების ხელში იყო. კონკრეტულად როდის მოხდა ეს, რა გზით დაეპატრონენ მას, დასადგენია. სომეხ ავტორს თუ უნდოდა თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესიის თავიდან სომხურობა დაემტკიცებინა, რისი სურვილი სტატიაში აშკარად ჩანს, ამისათვის უნდა მოეტანა უფრო სარწმუნო წყარო, რომელიც ამ ეკლესიის აშენების თარიღს, თავიდან სომხურობას პირდაპირ თუ არ მიუთითებდა, არაპირდაპირ მაინც მიანიშნებდა. თუ ფიქრობს, რომ წმ. ნიკოლოზის ეკლესია მე-17 საუკუნეში აიგო, მაშინ ხსენებული სომხური საარქივო საბუთები არ გამოდგება, რადგან მასში ლაპარაკია სომეხ ბერზე, რომელსაც 1624 წელს გადაუწერია ხელნაწერი ამ ეკლესიაში, აგრეთვე 1656 წლის სომხურ სამახსოვრო ჩანაწერზე, საჩუქარზე და სხვ. ამ საბუთების მიხედვით ერთი ცხადია, თბილისი წმ. ნიკოლოზის მართლმადიდებელი ეკლესია მე-17 საუკუნეში უკვე სომხურ-გრიგორიანულია.

როგორც აღნიშნული სომხური საარქივო მასალიდან ჩანს, ამ ეკლესიას 1624 წელს ეწოდებოდა წმ. ნიკოლოზის სახელი, 1656 წელს კი მოხსენიებულია სურბ-ნშანად. ეს ფაქტი ხომ არ მოწმობს, რომ სომხურმა სასულიერო პირებმა ქართულობის კვალის წასაშლელად ამ ეკლესიას 1656 წლიდან სურბ-ნშანი (წმიდა ჯვრის სასწაული/ნიშანი) უწოდეს.

ვფიქრობ, ახლა უპრიანი იქნება გადავხედოთ თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესიის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა წყაროს და სამეცნიერო ლიტერატურას. ვახუშტი ბაგრატიონი თავის ისტორიაში გვაუწყებს: ”არს კუალად დაბალსა ციხესა შინა ეკლესია გუმბათიანნი და აწ ცარიელი და სხვანი გუმბათიანნი არიან. გუმბათიანნი უპყრავთ სომეხთა, უგუმბათო აღაშენა კარის საყდრად დედოფალმა მარიამ. კუალად აღაშენა მეფემან ვახტანგ ორი გუმბათი, დედოფალმა როდამ აღაშენა ერთი უგუმბათო - კუალად უგუმბათო ოთხი აწ უპყრავთ სომეხთა” //ქართლის ცხოვრება, ტ. მე-4, 1973წ., გვ. 336//. ამ ცნობას კომენტარი გაუკეთა და უფრო დააზუსტა პლ. იოსელიანმა: სომხები თბილისში დაპატრონებიან შვიდ ქართულ ეკლესიას, ამათგან სამი გუმბათიანიაო. სომხების მიერ მისაკუთრებული ეკლესიებიდან ცნობილი ყოფილა სამი. ერთ-ერთი მათგანია "Сурб-Ншан, бывшая в руках православных во имя св. Николая Чудотворца" //"Описание древностей города Тифлиса", 1866г., стр. 258//. ამ ცნობას სომეხი ავტორი ”გამოგონილს”, ”შეთხზულს” უწოდებს, მაგრამ საპირისპირო რაიმე დამაჯერებელი დოკუმენტი არ მოაქვს. ზემოთ აღნიშნული სომხური საბუთები რომ არ გამოდგება პლ. იოსელიანის ცნობის წინააღმდეგ, ეს უკვე ვთქვით.

სომეხმა ავტორმა მკვლევარი გ.აღაიანცი მკაცრად გააკრიტიკა იმიტომ, რომ მან გაიზიარა ხსენებული ცნობა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ადრინდელი მართლმადიდებლობის, ე. ი. ქართულობის შესახებ. იგი გაცხარებული ტონით წერს - ”დაუსაბუთებელი და სინამდვილეში გამოგონილია ეს ცნობა, რომელსაც კვლევა-ძიების გარეშე, მოგვიანებით კომენტარი გაუკეთა გ.აღაიანცმა”. აღაიანცი წერდა: ”ტრადიციულად ამბობენ, რომ ადრე სურბ-ნშანის ადგილზე იყო ქართული წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესია, რომელიც მიუსაკუთრებიათ სომხებს და მის ადგილზე აუშენებიათ იმავე სახელწოდების ეკლესია”. ამ ცნობაში მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ქართულობა ფართოდ ყოფილა ცნობილი მე-19 საუკუნის თბილისის ქართულ და სომხურ საზოგადოებაში. რაც შეეხება გ.აღაიანცის შენიშვნას იმის თაობაზე, რომ ქართული წმ. ნიკოლოზის ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილზე იმავე წმინდანის სახელობის სომხური ეკლესია ააშენესო, მასზე არსებული 1703 წლის და შემდგომი ხანის სომხური ეპიგრაფიკული წარწერების მიხედვით, ეს აშენება უფრო კაპიტალური გადაკეთება იყო, ვიდრე თავიდან აშენება.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ”კავკაზსკი კალენდარში” გამოქვეყნებული სტატია. მასში არა მარტო წმ. ნიკოლოზის ეკლესიის, არამედ ბევრი სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების სომხების მიერ მისაკუთრებაზეა ნათქვამი: ”Эта церковь, посвященная Николозу Чудотворцу, как и многие другие армянские церкви в Грузии, некогда была в руках православных” //Кавказский Календарь на 1886 год, Тифлис, 1885г., стр. 152//.

ამ მხრივ ყურადსაღებია აგრეთვე ზ. ჭიჭინაძის ცნობა: ”სომხებმა შეისყიდეს ოქრომჭედლის ქუჩაზე ქართველების დიდი საყდარი - წმ. ნიკოლოზის, რომელსაც დღეს სომხები სურბ-ნშანს უწოდებენ” //კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ზ.ჭიჭინაძის პირადი ფონდი - v – 413//. აქაც კიდევ ერთხელაა ხაზგასმული თბილისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ქართულობა.

თბილისის ისტორიის საუკეთესო მცოდნე თ.კვირკველია წერს: ”გადმოცემით ადრე აქ მართლმადიდებელთა ეკლესია იდგა, დანგრევის შემდეგ იგი აღუდგენიათ სომეხ-გრიგორიანებს... ეკლესია თავისი ზომებით და მაღლივი გუმბათით მკვეთრად გამოიყოფა ძველი თბილისის განაშენიანებაში. ეს ეკლესია ნახსენები აქვს შარდენს” //თ. კვირკველია, ძველი თბილისის დასახელებანი, 1985 წ., გვ. 84//.

ეს ცნობა გ.აღაიანცის აზრს გარკვეულწილად იმეორებს, სადაც ერთხელ კიდევ მეორდება ის ფაქტი, რომ ქართული წმ. ნიკოლოზის ეკლესია სომხებს გადაუკეთებიათ სურბ-ნშანის ეკლესიად.

სომეხ ავტორს მოაქვს ჩვენი მოსაზრება სურბ-ნშანის ადრე მართლმადიდებლობის შესახებ. ეს მოსაზრება დამყარებულია ერთი მხრივ აღნიშნულ ტრადიციულ გადმოცემაზე, მეორე მხრივ კი სომეხი მეცნიერების ბ.ულუმბაბიანის და გ.ასატრიანის შეხედულებაზე, რომლის მიხედვით ”სომხეთში არ იყო მიღებული ამ წმინდანის (იგულისხმება წმ. ნიკოლოზი - ბ. ა.) თაყვანისცემა” //ჰაიკაზიანთა არმენოლოგიური ჟურნალი, ტ. 8, ბეირუთი 1980წ., გვ. 37, სომხურ ენაზე//. როგორც ვხედავთ, სომხეთში არ იყო პოპულარული წმ. ნიკოლოზის კულტი. ეს კი სომეხ ავტორს ჭკუაში არ უჯდება და ერთი ხელის მოსმით აცხადებს: ”სინამდვილეში წმ. ნიკოლოზის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული სომხეთის პროვინციებში, სადაც მისი სახელობის მრავალრიცხოვანი ეკლესია არის”. ამ ”მრავალრიცხოვანი” ეკლესიებიდან დასახელებული აქვს სამიოდე - სოფ. კამარაკაპის და ნახევრის მაზრა აკნი, სოფ. ბტარიჩის ახლოს, მონასტერი - ერზინკის მაზრა, სოფ. ზამარას ეკლესია - ტივრიკის მაზრა და დადივანქის მონასტრის ფრესკა (მეფის მაზრა). ამ მცირე ჩამონათვალის მიხედვით ზედმეტია ლაპარაკი წმ. ნიკოლოზის პოპულარობაზე სომხეთში.

ქართველთა შორის წმ. ნიკოლოზის პოპულარობით უნდა აიხსნას ალბათ ის ფაქტი, რომ თბილისის წმ. ნიკოლოზის ქართულ ეკლესიას მისი გასომხურების შემდეგაც (როცა სურბ-ნშანი უწოდეს) ამ წმინდანის სახელი შემორჩა.

მართალია, სომეხ ავტორს კეთილსინდისიერად მოაქვს ხსენებული მოსაზრებები თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესიის ადრე მართლმადიდებლობის შესახებ, მაგრამ საპირისპირო დასკვნა კი გამოაქვს: ”საბოლოო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს თუნდაც ერთი ისეთი ფაქტი ტრადიციულ-შეთხზული, ”გამონაგონი” გადმოცემის გარდა, რომელიც ოდნავ მაინც მიანიშნებდეს ამ ეკლესიის ქართულ წარმომავლობას 1703 წლამდე. მაშინ, როცა გვაქვს ფაქტობრივი მასალა, რომელიც მოწმობს მე-17 საუკუნეში სურბ-ნშანის (წმ. ნიკოლოზის) ეკლესიის სომხურ წარმომავლობას”.

ეს დასკვნა გამოტანილია აღნიშნული 1624, 1656 წლების სომხური საარქივო დოკუმენტების საფუძველზე. მაგრამ ეს საბუთები სინამდვილეში მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ მე-17 საუკუნეში წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესია უკვე სომხების ხელშია გადასული, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მის თავიდან სომხურობას. ისე კი, სომეხ ავტორს თუ სურდა, დაემტკიცებინა ამ ეკლესიის თავიდანვე სომხურობა, მაშინ მას უნდა მოეტანა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ქტიტორული წარწერა ან ქართველი მეფის (ფეოდალს თავის მამულში ამისთვის ნებართვა არ სჭირდებოდა) თარიღიანი სიგელი, ნებართვა, რომელთა მიხედვით ცხადი გახდებოდა, რომ ქართველი მეფე სომხებს ნებას რთავს, ააშენონ ვერცხლის ქუჩაზე, რომელიც იქნება სურბ-ნშანის სახელობის. ამის შემდეგ შეეძლო ეთქვა, თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესია თავიდან იყო სომხური საკულტო ძეგლიო. მსგავსი არაფერი აქვს მოტანილი და პლ. იოსელიანის, გ. აღაიანცის, თ. კვირკველიასა და სხვათა ცნობებს ”გამოგონილს”, ”შეთხზულს” უწოდებს, რადგან მათი აზრები მის შეხედულებას არ ადასტურებენ.

ახლა გადავხედოთ წმ. ნიკოლოზის კულტს და ვნახოთ, როგორ იყო იგი გავრცელებული საქართველოში. დავიწყოთ იმით, რომ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ცნობილია ორი წმ. ნიკოლოზი - მე-3 - მე-4 საუკუნეების მირიან ლუკელი და მე-6 საუკუნის წმ. ნიკოლოზი სიონიდან. ამ ორი წმინდანის კულტი შეერწყა ერთმანეთს მე-10 საუკუნეში. წმ. ნიკოლოზის კულტი პოპულარული იყო აღ№ოსავლეთში, ბიზანტიასა და სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ასევე გავრცელებული იყო დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში. საქართველოს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი წმ. ნიკოლოზის კულტი ისეთი პოპულარული ყოფილიყო, როგორც წმ. გიორგის, მაგრამ მრავალია ეკლესიების რიცხვი მის სახელზე. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით მეტი, ვიდრე სომხეთში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველო არის მართლმადიდებელი ქვეყანა და ეს წმინდანი უფრო მიღებული იყო ქალკედონურ და კათოლიკურ სამყაროში, ვიდრე არაქალკედონურ ქვეყანაში.

ამდენად, სრულიად ბუნებრივია, ამ ეკლესიას ქართველებმა თავიდანვე მიაკუთვნეს წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელი, რაც ინერციით შემორჩა მას, როცა ის სომხების ხელში მოექცა და გახდა სურბ-ნშანი. წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები საქართველოში არის ნიკორწმინდა (მე-11ს.), ყინწვისი (მე-13ს.), ვერის (მე-16 ს.), ჩუღურეთის (მე-17ს.), ნარიყალა (მე-11ს.), წინწყაროს (აღდგენილია მე-19ს.-ში), აგრეთვე გორის რაიონში არის სამი, ხაშურის რაიონში ორი და სხვ.

რაც შეეხება წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის გამოსახულებას, საქართველოში იგი ძირითადად გვხვდება კედლის მხატვრობაში, ”უფრო ხშირად კი საკურთხევლის, ეკლესიის მამათა რიგში, და იშვიათად - წმ. ნიკოლოზის ცხოვრების ციკლებში. მაგ., ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის (მე-13ს.) მხატვრობა; წალენჯიხის სამკვეთლოს მხატვრობა (1384 – 1396 წ.წ.), სადაც გარდა ცხოვრების ციკლისა, წმ. ნიკოლოზის საკურთხევლის საკონქო გამოსახულებაა წარმოდგენილი; რკონის მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი ეკვტერის - მე-13 საუკუნის მეორე ნახევარი - მოახტულობა; ახალი შუამთის (მე-17ს. მხატვრობა); ვხვდებით აგრეთვე წმინდანის ”იკონურ” გამოსახულებებს კედლის მხატვრობაში: დავით გარეჯის ე.წ. ”უდაბნოს” მონასტრის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის საკურთხევლის კონქში (ღვთისმშობლის დიდების სცენასთან. სავარაუდოდ მე-12ს.) და სხვა. რაც შეეხება წმ. ნიკოლოზის რელიეფურ გამოსახულებებს, დღეისათვის ისინი თითქმის უცნობია, ანანურის გარდა. მას მხოლოდ თბილისის სურბ ნშანის ეკლესიის გუმბათის წახნაგზე მივაკვლიეთ (სტილურად განსხვავებული გამოსახულება სავარაუდოდ 1703 წლის) /П. Мурадян, Армянская эпиграфика Грузии, Тбилиси/Ереван, 1988г., стр. 69 - 74)/. სახვითი ხელოვნებისაგან განსხვავებით საქართველოში მრავლად მოგვეპოვება წმ. ნიკოლოზის ცხოვრების კიმუნური და მეტაფრასული რედაქციის თარგმანები (წმ. ეფთიმე მთაწმინდელის) და სხვა” //ეკ. კვაჭატაძე, წმ. ნიკოლოზის რელიეფური ხატი ანანურის ღმრთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, ”საქართველოს სიძველენი”, ტ. მე-10, 2007წ., გვ. 141//.

ეკ. კვაჭატაძე აგრეთვე ფიქრობს: ”ანანურის წმ. ნიკოლოზის გამოსახულების ეკლესიის დანარჩენ რელიეფთაგან სრულიად განსხვავებული შესრულების მანერა გვაფიქრებინებს რომელიმე დღეისათვის ჩვენთვის უცნობი (შესაძლოა ჭედური ან ხატწერითი) ნიმუშის არსებობას და მასთან სიახლოვეს” //ეკ. კვაჭატაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 141//. ეს ვარაუდი რამდენად საფუძვლიანია, ამას მომავალი კვლევა-ძიება დაგვანახებს და წინასწარი დასკვნების გაკეთებისათვის რეალური ნიადაგი არ არსებობს. ქართველ მკვლევარს შემდეგ მოაქვს მ. პოლიევქტოვის შეხედულება, რომლის მიხედვით საქართველოში გვიანდელ შუა საუკუნეებში ეკლესიების წმ. ნიკოლოზის სახელობაზე კურთხევა შედარებით ხშირი იყო. მაგალითისათვის ასახელებს მატანს (მე-16ს.), გრემს (მე-16 - მე-17ს.ს.), ქვემო ნიჩბისს (მე-17ს.), ტანძიას (მე-17ს.), ანანურის მახლობლად დუშეთი (მე-19ს.) და სხვ. მ.პოლიევქტოვი ამ მოვლენას იმით ხსნის, რომ მე-16 - მე-17 საუკუნეებში სხვადასხვა დროს კახეთსა და ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რუსეთიდან მოწვეულნი იყვნენ მონუმენტალისტები, ხატმწერები და სხვა ოსტატები. ისინი მონაწილეობდნენ როგორც ახალ მშენებლობებში, ისე ძველი ქართული ძეგლების აღდგენაში //М. Полиевктов: Новые данные о московских художниках XVI - XVII вв. Грузии. Тбилиси 1941г., стр. 5 - 21//. ამ მოსაზრებას ქართველი მკვლევარი ფრთხილად ეკიდება და მართებულად შენიშნავს, რომ ვიდრე გამოწვლილვით არ იქნება ეს საბუთები გამოკვლეული, ძნელია, დაბეჯითებით ვისაუბროთ რაიმე კონკრეტულ რუსულ გავლენაზე //ეკ. კვაჭატაძე, დასახ. ნაშრ., გვ. 142//.

ჩვენი მხრიდან დავძენთ, მოწვეულ რუს ოსტატებს ეკლესიის მოხატულობის შესრულება ევალებოდათ და არა ამა თუ იმ ქართული ეკლესიისათვის რომელიმე წმინდანის სახელის მიკუთვნება. ამის უფლება ჰქონდათ ქართველ მღვდელმთავრებს და არა ოსტატებს, მით უმეტეს, მოწვეულთ. ამ მოვლენაში რუსული კვალის ძიება, ვფიქრობთ, უსაფუძვლოა.

ეკ. კვაჭატაძე ლაპარაკობს აგრეთვე თბილისის სურბ-ნშანის ეკლესიის გუმბათის დასავლეთ წახნაგზე არსებული წმ. ნიკოლოზის რელიეფურ გამოსახულებაზე და შენიშნავს, რომ ეს არის სტილისტურად განსხვავებული გამოსახულება, სავარაუდოდ 1703 წლისა. ჩვენი აზრით, სურბ-ნშანის ეკლესიაზე წმ. ნიკოლოზის ამ რელიეფური გამოსახულების მოხმობა გაუმართლებელია და აი რატომ: როგორც ვნახეთ, ეს ეკლესია ადრე იყო წმ. ნიკოლოზის სახელობის ქართული ეკლესია, მაგრამ მე-17 საუკუნეში, შეიძლება ცოტა ადრეც, სომხების ხელში აღმოჩნდა. სომხებმა კი 1703 წელს ჩაატარეს ამ ეკლესიის კაპიტალური გადაკეთება, დაშენება, მიშენება და ა. შ. საფიქრებელია, ამ დროს სომეხმა ოსტატმა გამოკვეთა წმ. ნიკოლოზის რელიეფური გამოსახულება მასზე. ამიტომ სტილისტიკური განსხვავებაც აქედან მოდის, რადგან ის სომეხი ოსტატის მიერ არის შესრულებული და განეკუთვნება სომხურ რელიეფურ გამოსახულებათა ხელოვნებას.

თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესიის აშენების თარიღად სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია 1703 წ. ზემოხსენებული სომხური საარქივო მასალიდან გამომდინარე, ეს ეკლესია 1624 და 1656 წლებში უკვე სომხურ ეკლესიად ფუნქციონირებდა. ეს კი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 1703 წელს წმ. ნიკოლოზის ეკლესია კი არ აშენდა, არამედ საფუძვლიანად გადაკეთდა. ამიტომაც მის ”არქიტექტურაში ნათლად შეიმჩნევა გვიანდელი გადაკეთებები” //თ. კვირკველია, ძველი თბილისური დასახელებანი, თბილისი 1985წ., გვ. 84//. ამ გვიანდელ გადაკეთებებზე მეტყველებს მასზე არსებული სომხური ეპიგრაფიკა და სხვ.

სომეხი ავტორი გრძნობს, რომ არასაკმარისი საბუთების და არადამაჯერებელი არგუმენტაციის გამო მან ვერ უარჰყო პლ. იოსელიანის ცნობა სურბ-ნშანის თავიდან ქართულობის შესახებ. ამიტომ, ნაშრომის ეს სუსტი მხარე რომ გადაფაროს, უხვად მოაქვს 1703 წლის შემდგომი პერიოდის სომხური ეპიგრაფიკული მასალა - რამდენიმეჯერ ჩაუტარდა სხვადასხვა დროს რემონტი სომხურად ქცეულ ამ ქართულ ეკლესიას. ამ ეპიგრაფიკულ მასალას არ განვიხილავთ, რადგან იგი არ გამოდგება სურბ-ნშანის თავიდან სომხურობის დასამტკიცებლად. ფაქტი ერთია – თბილისის წმ. ნიკოლოზის ქართული ეკლესია სომხებმა მიითვისეს და უწოდეს სურბ-ნშანი. ეს კი ყველა დროის კანონით მიუღებელია და მიიჩნევა სხვის ტერიტორიაზე სხვისი საკულტო ძეგლის მისაკუთრებად.

ამდენად, თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესიის გადაცემა არ შეიძლება, რადგან სომხურმა მხარემ ვერ წარმოადგინა სარწმუნო საბუთები ამ ტაძრის თავიდან სომხურობის თაობაზე. ისიც ნათელია, რომ ეს ეკლესია თავიდან იყო მართლმადიდებლურ-ქართული და შემდეგ მიითვისეს სომხებმა. ამიტომ თბილისის წმ. ნიკოლოზის ეკლესია უნდა დარჩეს საქართველოს საპატრიარქოს განკარგულებაში, როგორც იყო დღემდის და მის პირობით თუ უპირობო გადაცემაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ---