სააკაშვილი, როგორც „ახალი საქართველოს დემიურგი“

ახლახან ფრანგულ გაზეთ „ლიბერასიონში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის ფრაგმენტს ციტატად მოვიყვანთ. ციტატა შეეხება სააკაშვილის ჰიპერაქტიურ, შეიძლება ითქვას, ისტერიულ მცდელობებს, საკუთარი კვალი

დატოვოს საქართველოს ქალაქების არქიტექტურაში და ურბანულ გარემოში:  

„ოქროს საწმისის ქვეყანაში ვერც 2008 წლის ომში დამარცხებამ, ვერც დასავლეთის თანადგომის შესუსტებამ და ვერც ოპოზიციურმა მანიფესტაციებმა შეარყია სააკაშვილის პერსონალური საპრეზიდენტო ფუნქციები. კრემლის ნომერ პირველმა მტერმა ქართველები მის ეგზალტირებულ გამოხტომებს შეაჩვია, იმას, რამაც მისი პოპულარობა გამოადნო. ისინი მუდმივად ისმენენ სახელმწიფოს მეთაურის სულ უფრო აღმატებულ შედარებებს: საქართველოს „ევროპაში საუკეთესო სათხილამურო ტრასა და ავტობანი“ აქვს, საქართველომ „მსოფლიოში კორუფციის ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია“…

მისი განდიდების მანია მის ყველაზე ხმაურიან პოლიტიკურ პროექტებში ჩანს: თბილისში თეთრი სახლისა და ბუნდესტაგის მსგავსი სასახლის აშენება, პატარა ქალაქ სიღნაღის ბანკებისა და ბუტიკების ვიტრინების ქალაქად გადაქცევა… მისი პროქტებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო ათ წელიწადში ფოლკლორული მოტივებით შემკულ დუბაის უნდა დაემსგავსოს. საქართველოს პრეზიდენტს სურს ბაგრატის ტაძარს, რომლის სახურავიც 17–ე საუკუნეში ჩამოინგრა… მინის გუმბათი დაადგას! დედაქალაქში მდინარე მტკვარზე მომავლის ხიდის აგება სურს, რომელიც ასევე მინის უნდა იყოს. მასალა, რომელზეც ის გიჟდება.

„პოლიცია, სუპერმარკეტებივით გამჭვირვალე უნდა იყოს“… განაცხადა სააკაშვილმა შემოდგომაზე. ამგვარად დედაქალაქში მინის პოლიციის განყოფილებები ააშენეს! მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამ რეკონსტრუქციის ციებ–ცხელებას უბედურებებიც მოაქვს. დეკემბერში სააკაშვილის გეგმას რეგიონში საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალის ადგილზე პარლამენტის ნაგებობა აეშენებინა, დავა მოჰყვა. მან მემორიალის აფეთქების თარიღი ორი დღით ადრე გადმოწია, რათა ოპოზიციის მანიფესტაციებისთვის აერიდებინა. მემორიალის ნაჩქარევად ორგანიზებულმა აფეთქებას ახალგაზრდა ქალის და მისი შვილის დაღუპვა მოჰყვა“.

ამ ციტატაში მოკლედ აღნიშნულია სააკაშვილის „რეფორმატული“ საქმიანობის ერთ-ერთი ასპექტი, კერძოდ, არქიტექტურული. საერთოდ, ცნობილია, რომ არქიტექტურა, კინოსა და ლიტერატურასთან ერთად, კულტურის ისეთი სფეროა, რომლის პოლიტიზირება ადვილად ხდება. შემთხვევითი როდია, რომ ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიდ ყურადღებას უთმობდნენ ექსპერიმენტებს არქიტექტურის სფეროში. საბჭოეთის მესვეურები ცდილობდნენ ახალი საბჭოთა ადამიანის საცხოვრებელი გარემოც ახალი და რევოლუციური ყოფილიყო. სტალინის დროს, მართალია, არქიტექტურული სტილი შეიცვალა 20-იან წლებთან შედარებით, მაგრამ ე.წ. სტალინური სტილი, სტალინური კლასიკა დღესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქშია წარმოდგენილი და ბევრის აზრით, ამშვენებს კიდეც ამ ქალაქებს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის (ნაცმოს) იდეოლოგები არქიტექურას ანიჭებენ გადამწყვეტ მნიშვნელობას, ტელევიზიის შემდეგ (ლიტერატურული პროცესი და კინო, როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ საქართველოში პრაქტიკულად აღარ არსებობენ და ამიტომ ვერც იდეოლოგიურ ფუნციას ასრულებენ). მათ ხომ ასევე აქვთ მიზანი, „ახალი ქართველის“ ტიპი „გამოიყვანონ“, რომელიც გლობალიზებული მსოფლიოს სტანდარტული ატომი იქნება.

სწორედ ეს არის მიზეზი, რომ სააკაშვილი ვერა და ვერ ელევა ამ სფეროს. უკანასკნელ საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს, ნებისმიერ ფასად ცდილობს როგორმე გარდაქმნას ურბანული გარემო. თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ქალაქების დამახინჯება გამოდის. იგრძნობა, რომ რუსეთის და საბჭოთა ეპოქის დანატოვარი არქიტექტურაში აცოფებს, სულს უხუთავს. არა იმიტომ, რომ ის ცუდია და სააკაშვილი კი დიდად ეროვნული მოღვაწე, რომელიც მხოლოდ ქართულ სტილს და ქართულ სტიქიას აღიქვამს და აღიარებს. პირიქით, მისთვის ასევე უცხოა ყოველივე ქართული და ნამდვილად აუთენტური. დავაკვირდეთ, რის დამკვიდრებას და იმპორტირებას ცდილობს ის ასე საჩქაროდ? ყბადაღებული გლობალისტური კულტურის, შუშის შენობების, დასავლეთის თუ მსოფლიოს სხვა რეგიონების კოსმოპოლიტურ მეგაპოლისებში ნანახი ნაგებობების ასლების... სააკაშვილს იდეა-ფიქსად ექცა რომელიმე ქალაქში ნახული არქიტექტურული ქმნილების გადმოტანა-კოპირება საქართველოში. ჩვენი აზრით, ეს უკვე პარანოიაა...

დიახ, სააკაშვილი ვერ იტანს არა მხოლოდ რუსული ეპოქების ქართულ არქიტექტურას, არამედ პირველ რიგში ყველაფერს ორგანულად ქართულს. აქედან მოდის მისი გაუთავებელი მცდელობები, „გააევროპულოს“, „გაალამაზოს“ და ამით მთლიანად გადაასხვაფეროს ქართული არქიტექტურის ნაშთები. შეიძლება ბევრს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ სააკაშვილისეული სიღნაღი ამის ნათელი მაგალითია. აქ უბრალოდ მოხდა ფსევდოევროულ სტილში ქალაქის (ძირითადად ფასადების) გარდაქმნა-გადაკეთება, რამაც პრაქტიკულად მოსპო მისი ნამდვილი კოლორიტი. სანაცვლოდ, ის უნდა გამხდარიყო ტურისტული ცენტრი, თუმცა, არც ტურიზმი ჰყვავის იქ მაინცდამაინც, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ისაა, რომ ევროპელებს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს დიდად არ იზიდავთ ევროპულ ქალაქს ხელოვნურად და უხარისხოდ, ფასადურად, მიმსგავსებული დაბა, რომელშიც არც ევროპული სულია და არც ევროპული ტრადიციები. ზუსტად იგივე განმეორდა ქუთაისის შემთხვევაშიც.

„მინდა ვიყო ევროპა“-ს სტილში ჯდება საქართველოს ისტორიულ გულში, მცხეთაში, მტკვრის და არაგვის შესართავთან პლაჟის მოწყობის იდეა და სააკაშვილის მსგავსი ახირებები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ძეგლების საკითხი. სააკაშვილის სიძულვილმა საპჭოთა ეპოქის ძეგლების მიმართ უკვე ტრაგიკომიკური ხასიათი შეიძინა, რაც დაიწყო ე.წ. „მოსიარულე“ ძეგლებით და დასრულდა ქუთაისის ტრაგედიით... ამჟამად, არსებობს ინფორმაცია, რომ გმირთა მოედანზე აპირებენ რაღაც უზარმაზარი მახინის აგებას, რომელიც, ხელისუფლების ჩანაფიქრით, „ქართველი გმირების“ ძეგლი უნდა გახდეს. ვნახოთ, შესაძლოა ამ მონსტრის შექმნა სააკაშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი ენერგიული ჟესტი გახდეს ქართული ქალაქების არქიტექტურაში. და არა მარტო.