ნაციონალური არხები, როგორც ფსიქოლოგიური დამუშავების და "კულტურული" პოლიტიკის იარაღი

სიტყვა „კულტურული“ სათაურში შემთხვევით არაა ჩასმული ბრჭყალებში. ფაქტიურად ჩვენს თვალწინ, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მოხდა სრული გაძევება ნებისმიერი კულტურულად ფასეული პროდუქციისა წამყვანი („ნაციონალური“) არხების ეთერებიდან. თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სატელევიზიო ბადეში საკმაოდ ხშირად გვხდებოდა ქართული ფილმები, ალაგ-ალაგ საბჭოთა (რუსული) კლასიკა, დასავლური თუ სხვა ქვეყნების მაღალხარისხოვანი კინოპროდუქცია, დღეს ტელეეკრანი წალეკილია უმდაბლესი დონის, ჩაწოლილი ლათინოამერიკული სერიალებით ან ჰოლივუდური კონვეიერული ნაწარმით, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ გაააჩნია.

მეორე მიმართულება, რომელსაც ასევე აქტიურად ანვითარებენ ე.წ. ნაციონალური არხები, არის ასევე უმდაბლესი დონის იუმორისტული და გასართობი შოუები. არ გვეგულება საქართველოში ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ოდნავ მაინც შერჩენია გემოვნება და საკუთარი თავის პატივისცემა, რომ 5 წუთზე მეტ ხანს გაუძლოს „ქლაბშოუების“ და მსგავსი მარაზმის ცქერას. თუმცა, ადამიანი, როგორც ამბობენ, ყველაფერს ეჩვევა და ალბათ ამ შემთხვევაშიც ხდება მაყურებლის თანდათანობითი ადაპტირება ამ შოუების და მათ მიერ შემოთავაზებული „იუმორის“ მიმართ. რეალურად, სწორედ ეს არის მოსახლეობის ფსიქოლოგიური დამუშავება და მისი სისტემატური დაჩლუნგება. ამგვარი „ტელემასა“ შემდგომში უკვე ძალზე იოლი სამართავი ხდება.

თავი დავანებოთ სენტიმენტალურ შოუებს დიასახლისებისთვის, სადაც ცდილობენ ხალხს ცრემლი გამოწურონ და „ბედნიერი“ ცხოვრების განცდა შეუქმნან ან წარსულის „ნოსტალგიაზე“ ითამაშონ. ნუ შევეხებით ახალ-ახალ იდიოტურ კონკურსებს, რომლებსაც გამალებული რეკლამა უკეთდებათ, თუმცა ერთი თვის შემდეგ არავის ემახსოვრება არც ეს კონკურსები და არც მათი მონაწილეები. ავიღოთ პიარის მხოლოდ ერთი მიმართულება, კერძოდ სპორტის გამოყენება ვითომდა ეროვნული სიამაყის, სინამდვილეში კი ნაციონალისტური ისტერიის გასაღვივებლად, რომელიც ხშირად რუსოფობულ ხასიათს იღებს.

ამ დღეებში კანადის ქალაქ ვანკუვერში მიმდინარეობს (დასასრულს უახლოვდება) ზამთრის ოლიმპიადა. ამ ოლიმპიადის ერთ-ერთი „გამორჩეული“ ფიგურა თავიდანვე გახდა ფაქტობრივი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მთელი სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა კანადაში და „მნიშვნელოვან შეხვედრებს“ მართავდა. შევნიშნავთ, რომ სააკაშვილმა ვანკუვერში ყოფნის ხანგრძლივობით მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტებს შორის „საპატიო“ 1-ლი ადგილი დაიკავა. როგორც გვახსოვს, ოლიმპიადა დაიწყო ტრაგიკული ფაქტით, როცა დაიღუპა ქართველი სპორტსმენი. ეს ტრაგედიაც კი ნაციონალურმა ხელისუფლებამ და პირადად სააკაშვილმა საკუთარი პიარისთვის გამოიყენეს. რად ღირს თუნდაც პარლამენტში ამ თემით სპეკულირება და პოპულისტურ-გაუაზრებელი დაპირებები, რომ აშენდება სხვადასხვა სპორტული ობიექტი, რომელსაც დაღუპული სპორტსმენის სახელი მიენიჭება და ა.შ. ამ დროს, არავის უმსჯელია, საჭიროა კი ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის მაინცდამაინც ამ ობიექტების აშენება, იქნებ სხვა სახეობებში ან მიმართულებში დავხარჯოთ ფული, რომელიც არც ისე ბევრი გვაქვს. ნუთუ არ შეიძლება ტრაგიკულად გარდაცვლილი პიროვნების ხსოვნის პატივისცემა სხვა გზით? და განა შეიძლება მთელი პოლიტიკა, მათ შორის სპორტშიც, ააგო პოპულიზმზე, სატელევიზო პიარზე და მაყურებლისთვის (იგივე ამომრჩევლისთვის) გულის აჩუყების მცდელობაზე? როგორც ჩანს, ნაცმოძრაობის ხელისუფლებისთვის ეს შესაძლებელია, ამიტომ კიდევ რამდენიმე მილიონი უნდა შეეწიროს საციგაო ტრასის და მსგავსი პიარ-ობიექტების აგებას, იმისთვის, რომ ქართველმა მოციგავეებმა ოლიმპიადაზე არა მე-40, არამედ, ვთქვათ, 25-ე ადგილი დაიკავონ. სამაგიეროდ, ტრასის გახსნა გადაიქცევა კიდევ ერთ სატელევიზიო შოუდ, პრეზიდენტის და ნაციონალური „ელიტის“ უშუალო მონაწილეობით.

ისევ ვანკუვერს და ოლიმპიადას დავუბრუნდეთ. ნაციონალურები (არხები) და პირადად სააკაშვილი ემზადებოდნენ კიდევ ერთი დიდი პიარ-აქციისთვის - ქართველი ფიგურისტი გოგონას „ტრიუმფისთვის“. ეს გოგონა, როგორც ცნობილია, დიდი ხანია ამოჩემებული ჰყავს სააკაშვილს, როგორც „რუსეთიდან გამოძევებული“, „დაჩაგრული“ და ა.შ. ამჟამად ის „სტრატეგიული პარტნიორის“, აშშ-ს ტერიტორიაზე ცხოვრობს და ვარჯიშობს. თუმცა, იმის გამო, რომ ტრანსლაცია საქართველოსთვის ძალზე მოუხერხებელ დროს იყო, ნაციონალურებმა საკმარისი ისტერია და აჟიოტაჟი ვერ ატეხეს. საბოლოოდ ყველაფერი მე-14 ადგილით დასრულდა და მორიგი პიარ-შოუ ჩაიშალა, სავარაუდოდ, ისევე როგორც მესტიაში და უშგულში ყინულის მოედნების აგების ექსტრავაგანტული პროექტი. ზოგი ჭირი მარგებელია?

სამწუხაროდ, ეროვნული სიამაყის გრძნობის გადაზრდა ნაციონალისტურ ისტერიაში სპორტის და კერძოდ, ოლიმპიადების გამოყენებით, მარტო საქართველოში არ ხდება და ამით საკმაოდ ბევრი ქვეყანა სცოდავს, მაგრამ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ამ მხრივაც „მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია“, როგორც უყვართ ხოლმე თქმა (ამ შემთხვევაში სამართლიანად). ეს არც არის გასაკვირი: სააკაშვილს აუცილებლად სჭირდება ნებისმიერი მცირე თუ მოჩვენებითი წარმატება, რომელსაც მაქსიმალურად გაბერავს და იმ სატელევიზიო პროპაგანდისტულ გამოსხივების გაძლიერებას მოახმარს, რომლითაც ნაციონალური ტელევიზიები მოსახლეობას რადიაციასავით ასხივებენ.

ოლიმპიადა სრულდება, სამაგიეროდ ახლოვდება ნაციონალების „საყვარელი“ შოუ - საქართველო-რუსეთის მატჩი რაგბიში. უკვე რამდენიმე თვეა ატეხილია ისტერია ნაცმოძრაობის ე.წ. ფანების მიერ, ჯერჯერობით ინტერნეტ-ფორუმებზე, თუმცა მალე სატელევიზიო „მძიმე არტილერიაც“ ჩაერთვება, მატჩის თარიღის მოახლოვებასთან ერთად. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, თბილისის მერიას უკვე შეუძენია ბილეთების დიდი რაოდენობა და შესაძლოა, თვით გიგი უგულავაც დაესწროს მატჩს თურქეთში. არცაა გასაკვირი: კაცს არჩევნები აქვს მომდგარი კარზე. მას გვერდს დაუმშვენებენ საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფან-კლუბის წევრები, რომლებიც, შესაბამისი ნაკრების კრახის შემდეგ, აწ უკვე რაგბის „სტაჟიან გულშემატკივრებად“ მოგვევლინებიან და რამე ახალ კლიპს გადაიღებენ „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“-ის მოტივებზე. მერე კი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატიც მოგვადგება კარზე. საინტერესოა, 2006 წლის მსგავსად, ისევ შეიქმნება ზემოდან ბრძანებით სხვადასხვა ეროვნული ნაკრების კარგად დაფინანსებული ფან-კლუბები და ისევ გააყრუებენ თბილისის ქუჩებს „ბრაზილ-ბრაზილ“ და „არგენტინა-არგენტინა“-ს ძახილით? დაველოდოთ, ამ დროს ე.წ. არჩევნები და მისი მომდევნო აურზაურიც ალბათ უკვე დასრულებული იქნება და ერთადერთი ისღა გვექნება დარჩენილი, რომ ჩავუსხდეთ. ტელევიზორს.