ზღაპარი სააკაშვილის "ქართული სასწაულისა" - ზოგიერთი რამ ქართულ-სომხური ურთიერთობის შესახებ

სომხეთის პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს უთქვამს: "თუ რუსეთი უახლოეს წლებში არ გაარკვევს საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებს, სომხეთის შემდეგი პრეზიდენტი ამერიკას გაუწვება!"

საინფორმაციო სააგენტო REGNUM-მა გამოაქვეყნა სამხრეთ კავკასიის საკითხების ექსპერტის, ვიქტორ იაკუბიანის ვრცელი მიმოხილვა "სომხეთი – საქართველო: მონური მეგობრობა".

 

ავტორი თემას იმით ხსნის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ქართულ-სომხური ურთიერთობების დათბობა მოსკოვის ეჭვიანობასა და გაღიზიანებას იწვევს. სომხეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ტრადიციულად რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო, სააკაშვილის რეჟიმთან კონფრონტაციაზე უარის თქმით, საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნა რუსეთის პოზიციას. ერევნის მოტივაცია იმას ემყარებოდა, რომ სომხეთი მთლიანად დამოკიდებულია ქართულ ტრანზიტზე. პირველ რიგში, ეს ეხება სტრატეგიულ საქონელს – საწვავს, ხორბალს და გაზს, რომელსაც მას რუსეთი საქართველოს აწვდის. საქართველოზე დამოკიდებულების ხარისხი ვერ შეამცირა 2007 წელს ჩაბარებულმა გაზსადენმა ირანიდან.

მოსკოვისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სომხეთის პოზიცია საქართველოს მიმართ. ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გიუმრიში განლაგებულია რეგიონის ერთადერთი რუსული სამხედრო ბაზა, რომელშიც გადაიტანეს საქართველოდან გაყვანილი რუსული ბაზების შეიარაღება. სომხეთი ОДКБ-ს წევრია, რომელიც მხარეებს ურთიერთმხარდაჭერას ავალდებულებს, მესამე მხარის თავდასხმის შემთხვევაში.

 

იაკუბიანი იხსენებს 2008 წელს რუსი მშვიდობისმყოფელების განადგურებას და დაასკვნის, რომ ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოები (ბელორუსია, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) უპირველესად საკუთარი ინტერესებიდან გამოდიან და არა ურთიერთვალდებულებებიდან. ამიტომაც მათ არ სცნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

 

ავტორის შეფასებით, თბილისის რეგიონული სტრატეგია კარდინალურად ეწინააღმდეგება არა მარტო რუსეთის, არამედ სომხეთის ინტერესებსაც. თუ რუსეთისთვის საქართველო ის ბუფერია, რომელიც რეგიონში რუსული გავლენის გაფართოებას ეწინააღმდეგება, სომხეთისთვის საქართველოს ტერიტორია შემოვლითი დერეფანია, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს აკავშირებს. კერძოდ, ბაქოსა და ანკარის მიერ სომხეთის ბლოკირება არ მოხერხდებოდა, რომ არა საქართველოს მიერ ამ პოლიტიკის ყოველმხრივი მხარდაჭერა.

 

ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი ის სტრატეგიული პროექტებია, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ დივიდენდებს აძლევს და ამის გამო საქართველოს ვერ უსაყვედურებ, მაგრამ რაც შეეხება ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალს, იგი საერთოდ გამოიყვანს თამაშიდან სომხეთის რკინიგზის მთელ ინფრასტრუქტურას. ყოველგვარი დანიშნულება ეკარგება ყარსიდან გიუმრის გავლით ახალქალაქამდე რკინიგზის სომხურ ხაზს. სომხეთში შიშობენ, რომ ახალ სარკინიგზო მაგისტრალს აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად სომხეთის წინააღმდეგ გამოიყენებს სამხედრო ტვირთების გადასატანად, ხოლო უარეს შემთხვევაში, - სომხეთის წინააღმდეგ სრულყოფილი ჩრდილოეთ ფრონტის შესაქმნელად.

ექსპერტის შეფასებით, სტრატეგიული დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი პირდაპირ ეწინააღმდეგება სომხეთის ეროვნულ ინტერესებს. საქართველო, მისი აზრით, აქ უმთავრეს როლს ასრულებს. მეტიც, ბოლო ხანს გააქტიურდა აზერბაიჯანისთვის გაზსადენის მოზდოკი-თბილისი-(ერევანის) მონაკვეთის მიყიდვის თემა, რომლის საშუალებითაც სომხეთი რუსეთიდან გაზს იღებს. სატარიფო პოლიტიკაც, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ ატარებს, იაკუბიანის შეფასებით, სომხეთისთვის აშკარად, საზარალოა. ექსპერტი პირდაპირ მიუთითებს, რომ სომხეთის ხელისუფლება ჯიუტად არ იმჩნევს ამ პრობლემებს და მისი პრიორიტეტია, - არ დაუშვას კონფრონტაცია ოფიციალურ თბილისთან.

მეტად საყურადღებოა სტატიაში მოტანილი ერთ-ერთი კერძო საუბარი, რომელშიც სომხეთის მაშინდელ პრეზიდენტს – რობერტ კოჩარიანს უთქვამს: "თუ რუსეთი უახლოეს წლებში არ გაარკვევს საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებს, სომხეთის შემდეგი პრეზიდენტი ამერიკას გაუწვება!" კოჩარიანი არ მალავდა გაღიზიანებას სააკაშვილის ანტირუსული მოღვაწეობის გამო, მაგრამ რეალურად ისიც იმავე პოლიტიკას ატარებდა, რომელსაც იაკუბიანი სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას უწუნებს.

დღევანდელი პრეზიდენტი – სერჟ სარგსიანი მეორე ვადით არჩევნებისთვის ემზადება და აშკარად წინასაარჩევნო იდეებს ეძებს. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ შეუძლია იმ ფაქტის იგნორირება, რომ საზოგადოებაში "ქართული სასწაულის" შესახებ ბევრს საუბრობენ. მიუთითებენ სომხური კაპიტალის საქართველოში გადინებაზეც, რაც თითქოს სააკაშვილის მიერ გატარებულ სოციალურ რეფორმებს უკავშირდება. მაგალითად, გიუმრელი მეწარმე მუშეგ მინასიანი აცხადებდა, რომ საქართველოში არა მარტო ბიზნესის, არამედ ოჯახის გადაყვანასაც აპირებს, რადგან ქართული საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, დაბალპროცენტიანი საკრედიტო სისტემა და კორუფციის არარსებობა ხიბლავს.

 

თუ ამ სტრიქონებს რომელიმე ქართველი (ან საქართველოში მოღვაწე) ბიზნესმენი წაიკითხავს, ალბათ, მინასიანის საცოდაობით ცრემლიც წასკდება; ბიზნესის გაუთავებელი დატერორება ხომ წესად იქცა რევოლუციურ საქართველოში! თუმცა, თუ ამ მინასიანს საქართველოს სახელისუფლებო კარზე მფარველი გამოუჩნდა, რატომაც არ წამოვა საქართველოში ბიზნესის საკეთებლად? მით უფრო, "საჩვენებელი" ბიზნესმენები სააკაშვილის ხელისუფლების ისეთივე ბრენდია, როგორც ბავშვების მონაწილეობით გადაღებული "პოლიციის კლიპი".

სააკაშვილის რეფორმების გადაღებაზე სომხეთის ხელისუფლებაც ალაპარაკდა. მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა არტაკ დავთიანმა, მაგალითად, განაცხადა, რომ საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმები გასაზიარებელია, თუმცა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გაზიარება არ შეიძლება, რადგან ამან შეუქცევადი შედეგები გამოიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

 

იაკუბიანი, ვფიქრობთ, ადეკვატურ შეფასებას აძლევს ქართული რეფორმებით ამგვარ აღფრთოვანებას, როცა წერს: "ქართული რეფორმებისადმი ეს ბრმა სიყვარული სომხური რეალობის უმძიმესი დიაგნოზია; ეს რეფორმები ცენტრალიზებულ პარტიულ-სახელმწიფო რეკეტსა და "ნებაყოფლობით" საპროცესო გარიგებებზე დგას".

 

ექსპერტი დაწვრილებით მიმოიხილავს ამა წლის 23 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს სომხეთში. პრეზიდენტმა სარგსიანმა მოსწავლეთა ოლიმპიადის მონაწილეებს პირდაპირ მოუწოდა, მაგალითი აეღოთ სააკაშვილისგან, რომელიც 28 წლის ასაკში უკვე დოქტორი გახდა, ხოლო 36 წლისა – პრეზიდენტი.

 

ავტორი მწვავედ აკრიტიკებს სომხეთის პრეზიდენტს სააკაშვილთან სამშვიდობო რიტორიკის გამო, როცა საქართველოსა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ჯერაც მოუგვარებელია. იგი ასევე ფართოდ აშუქებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებას აგარაკ-ტაშირის ეპარქიის აღდგენის შესახებ და სომხური სამოციქულო ეკლესიის პრეტენზიებს.

სააკაშვილის მიერ სომხეთ-საქართველოს ეკონომიკათა ინტეგრაციაზე ერევანში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სტატიის ავტორი მეტად საგულისხმო ანალიზს აკეთებს საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით. კერძოდ, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში თურქეთსა და აზერბაიჯანს შესაბამისად, 16,5 და 10,6% უკავია. მიმდინარე ტენდენციები ცხადყოფს, რომ ეს მაჩვენებელი კვლავაც გაიზრდება. სამაგიეროდ, სომხეთი, როგორც იმპორტიორი, უკრაინასაც კი უსწრებს. რას მოუტანს სომხეთს საქართველოსთან ეკონომიკური ინტეგრაცია? სვამს ექსპერტი კითხვას და სრულიად მართლზომიერად თავადვე პასუხობს: სომხეთს წალეკავს თურქული და აზერბაიჯანული პროდუქცია, ოღონდ ამჯერად უკვე ქართული ფასნამატით!

ყველა ეს საკითხი იაკუბიანისთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მათი ანალიზით იგი სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას სდებს ბრალს; ამ ფაქტებით იგი იმის ილუსტრირებას ცდილობს, რომ სომხური ინტერესები არასათანადოდ არის დაცული.

 

საზოგადოდ, საქართველოშიც ზუსტად ასე ადანაშაულებენ ექსპერტები ხელისუფლებას საკუთარი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დათმობის, თუ უგულებელყოფის გამო. იაკუბიანის სტატია ერთობ საყურადღებოა ქართული საექსპერტო საზოგადოებისთვის, რამდენადაც თვალსაჩინოდ აღწერს იმ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს, რომელიც საქართველოს არა მარტო რუსეთთან, არამედ უშუალო მეზობლებთან აქვს.

 

დროდადრო ეს პრობლემები აშკარად კურიოზის ხასიათს იძენს; როგორც ტრიბუნა.გე-ს ერთ-ერთი ინფორმაციიდან ჩანს, სააკაშვილის ერევანში ჩასვლამდე იქაურ გარე მოვაჭრეებს აქციები გაუმართავთ. რომელზეც გაისმოდა ლოზუნგები, რომ თუ ხელისუფლება მათ არ ეხმარება, ისინი სააკაშვილს მიმართავენ მათი საქართველოში დასაქმების მოთხოვნით! საბრალო ერევნელმა გარე მოვაჭრეებმა, როგორც ჩანს, არ იციან, რომ სააკაშვილმა თავის ქვეყანაში გარე ვაჭრობა გაცილებით უფრო ადრე აკრძალა, ვიდრე ამას ერევნის მერია გააკეთებდა!

 

ამ ანეკდოტური სიტუაციის მაგალითზე კარგად იკითხება სომხური საზოგადოების სრული გაუთვითცნობიერებლობა იმაში, თუ რა შიდა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. ვინ და როგორ მოახერხა სომხეთში "ქართული სასწაულის" შესახებ მითის დანერგვა?

 

დღემდე ვიცოდით, რომ სააკაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მსხვილი, ძვირადღირებული ლობისტური კომპანიები აპიარებდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ასეთივე მჩქეფარე საქმიანობაა გაჩაღებული ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. სომხეთსაც რომ თავი დავანებოთ, რუსული ტელევიზიების აღფრთოვანება ქართული პოლიციის რეფორმებით სრულიად საკმარისია ამ ტენდენციის დასანახავად.

 

არ შეიძლება არ შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს; საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დაიშალა ერთიანი საინფორმაციო სივრცეც და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ან თითქმის არ ფლობენ საჯარო ინფორმაციებს ერთმანეთის შესახებ, ან "მესამე პირებისგან" იღებენ მას. ინფორმაცია კი ყოველთვის აღბეჭდილია ამ "მესამე პირების" ინტერესებით. სააკაშვილის რეფორმების ამგვარი ერთგვაროვანი პიარიც სწორედ ამას ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ იაკუბიანი ცდილობს, ობექტურად შეაფასოს მოვლენები, სომხეთის ხელისუფლების კრიტიკისას მას მაინც ისე გამოსდის, რომ საქართველოს ხელისუფლება უკეთ იცავს ეროვნულ ინტერესებს. ეს რომ ასე არ არის, ჩვენთვის ნათელია, თუმცა, ვინ დაავალებს იაკუბიანს, საქართველოზეც ისე შესტკიოდეს გული, როგორც სომხეთზე?

 

მისი უთუოდ საინტერესო სტატია მკაფიოდ წარმოაჩენს იმ საერთო პრობლემებს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ეს კარგად იკითხება წინასაარჩევნო რიტორიკაშიც (სომხებისაც და ქართველებისაც) და ერთ ლაბორატორიაში დაგეგმილი "უნივერსალური რეფორმების" სტილშიც.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სტატიის ის მონაკვეთია, რომელშიც  Wikileaks-ის მასალებზე დაყრდნობით 2008 წლის ომის დღეებია აღწერილი. როგორც სომხეთში აშშ დროებითი წარმომადგენლის, ჯოზეფ პენინგტონის წერილიდან ირკვევა, საომარი მოქმედებების დროს სომხეთის ხელმძღვანელობის სატელეფონო ზარებს ქართული მხარე უბრალოდ არ პასუხობდა. იმ დღეებში სომხეთს სერიოზული პრობლემები შეექმნა სურსათით მომარაგებაში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ხიდის აფეთქებამ გამოიწვია. პენინგტონი წერს, რომ სომხური მხარე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა საქართველოსთან კონტაქტის დამყარებას. 15 აგვისტოს დილით "ზვარტნოცის" აეროპორტში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა სომეხ კოლეგასთან, ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრაზე. პენინგტონთან შეხვედრისას ნალბანდიანმა განაცხადა, რომ სომხეთი თავს არიდებს ნებისმიერ ნეგატიურ განცხადებას საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ამას შეიძლება ჯავახეთის სომხების მწვავე რეაქცია მოყვეს. ამერიკელმა დიპლომატმა მას უპასუხა, რომ თავადაც ცდილობდა რამდენიმე დღის განმავლობაში სერჟ სარგსიანის სააკაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ.

 

საბოლოოდ, სარგსიანმა წერილი გაუგზავნა სააკაშვილს, რათა მხარდაჭერა ამ ფორმით გამოეხატა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ვერ მოახერხა თავის ქართველ კოლეგასთან დაკავშირება, რათა სომხეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების (ტრანსპორტირება, სურსათი და სხვ.) მოწესრიგება მოეხერხებინა. "ამავე დროს, სომხეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნა დადებითი ტონი საქართველოს მიმართ, თუმცა უკვე მიანიშნებდნენ, რომ უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებდნენ, თუ საქართველოს მხრიდან ცივი დამოკიდებულება გაგრძელდებოდა", - წერს პენინგტონი.

 

ამერიკელი დიპლომატი ასევე მიუთითებს, რომ საზღვრის დაკეტვის გამო შეყოვნდა სომხეთში მომავალი ტვირთები: 30 ვაგონი მარცვლეულით, დიზელის საწვავით, ნავთით. ისინი სადახლოზე გააჩერეს. სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთი გააჩერეს ასევე ფოთის პორტშიც. გაზის მიწოდება ასევე განახევრდა, თუმცა რუსეთიდან საქართველოს იგი უწყვეტად მოეწოდებოდა. 9 აგვისტოს სომხეთში საავიაციო საწვავის მხოლოდ 6 დღის მარაგი ჰქონდა დარჩენილი. სომხეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართა, რათა დაეყოლიებინათ საქართველო ტვირთების გამოტარებაზე.

 

2008 წლის აგვისტოში მიმდინარე მოვლენების მთელი ეს აღწერა ქართველებისთვის, იაკუბიანისგან განსხვავებით, გასაკვირი არ უნდა იყოს. სომხეთის ხელმძღვანელობა ვერანაირად ვერ დაუკავშირდებოდა ქართველ კოლეგებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თითქმის მთელი მმართველი ელიტა ქვეყნის საზღვრებს იყო მიმწყდარი და გაქცევას ლამობდა. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ ამის შესახებ, ბადრი ბიწაძისგან (მაშინდელი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) განსხვავებით,  არც ამერიკელები და არც სომხები ინფორმირებული არ ყოფილან.

 

ის, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის შუამავლად აშშ-ის  დროებითი წარმადგენელი იქცა, უკვე თავისთავად ვერაფერი ხეირია ამ ორი ქვეყნისთვის. თავად ამერიკელების სურვილი, სრული კონტროლი განახორციელონ სამხრეთ კავკასიაზე, კარგა ხნის წინ გახმიანდა, მაგრამ რა მეთოდებით ხდება ამის განხორციელება? ვიდრე ქართული ოპოზიცია კვლავაც აშშ-ში ცდილობს დასაყრდენის მოძებნას და მათი ხელით სააკაშვილის მოშორება ეიმედება, ამერიკული კულუარული პოლიტიკა სულ სხვა გზას ადგას და რომ არა Wikileaks, ეს შეიძლება, არც გამოსულიყო დღის სინათლეზე.

 

გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ იაკუბიანის სტატიაში მოტანილი ფაქტების შემდეგ სომხეთში კიდევ ვიღაც იჯერებს (ან არ სჯერა, მაგრამ ამ გზით აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას) ზღაპრებს "ქართული სასწაულის" შესახებ. სომხებს, როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი მხოლოდ მათ მიმართ იქცევა შეუფერებლად და აინუნშიც არ მოსდით, რომ იგი ასეთივე სტილით მართავს ქვეყანას. იგი არც საკუთარ ხალხს ელაპარაკება და უსმენს. იაკუბიანის სტატიაც და რეალობაც მოწმობს: სააკაშვილის "დემოკრატიის შუქურად" წარმოჩენა არც საქართველოს მოუტანს სიკეთეს, არც სომხეთს და არც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 

 

ნანა დევდარიანი