ფათერაკიანი აგვისტო

ფათერაკიანი აგვისტო

საქართველოსთვის, ფათერაკიანად დაბედებულ აგვისტოს, მშვიდობიანად ვერც წელს ავცდით. 1992 წლის აგვისტოდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2004 წლის აგვისტოს ჩათვლით,

ეს უწყინარი დასვენების თვე ლამის კოშმარად ექცეს ქვეყანას. როგორც „ავი“ ხმები ამბობენ, ფათერაკებისა და თავგადასავლების მაძიებელი ხელისუფლების ხელში არა მარტო უწყინარი, დეპოლიტიზირებული აგვისტო გახდა თავსატეხი, არამედ წლის თორმეტი თვიდან ყველა.

არამდგრადი, ქარაფშუტა და რაც მთავარია ავანტიურისტი ხელისუფლების წყალობით ვერასდროს ვიქნებით დაზღვეული რაიმე სერიოზული ექსცესებისგან, მეზობელ რუსეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო. ცინცხალი დაძაბულობა, რომელსაც „ვიღაც“ ბოევიკებთან შეტაკება მოჰყვა, საქართველოსთვის სამი მებრძოლის სიცოცხლით დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მაღალი მთების სიახლოეს ზურგით მდგომმა, ტრადიციულად აამეტყველა საკუთარი სააგიტაციო მანქანა, ასევე ტრადიციად ქცეული რუსეთის ლანძღვით. პრეზიდენტის მიერ შეთხზული ვერსია - რუსეთის მხრიდან ბოევიკთა გაწვრთნა და დივერსიის მიზნით საქართველოში შემოგზავნა, მხოლოდ საქართველოში მცხოვრები გაუთვითცნობიერებული ადამიანების გონებაზეა მორგებული. სხვა მხრივ ეს ვერსია იმდენად სუსტია, რომ საზოგადოების გათვითცნობიერებულ ნაწილში ხელისუფლების მიმართ ეჭვს და უნდობლობას იწვევს.

 პრეზიდენტის სიტყვაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ მთებს იქით არის არეულობა, აქეთ სიმშვიდე და აღმშენებლობა და რომ ამ სიმშვიდეს, კეთილი საქმეების კეთებას, ქვეყანას ვერავინ დაუშლის, ვერც რუსეთის მიერ შემოგზავნილი ბოევიკები და ვერც სხვაგვარი დივერსიულ-პროვოკაციული გამოხდომები.

დავუშვათ, ყველაფერი ისეა, როგორც სააკაშვილმა ბრძანა - რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივ „პროვოკაციას“ ადგილი არ ჰქონდეს? კაცმა რომ თქვას არც არაფერს - გარდა მკვახე, უწმაწურობაში გადასული განცხადებებისა. საქართველოს ხელისუფლება არ აწარმოებს არავითარ მოლაპარაკებას რუსეთის ხელისუფლებასთან, პირიქით, 2004 წლის აგვისტოში დანთებულ კოცონს დაბეჯითებით ასხამს ნავთს.

დღე ისე არ ჩაივლის, რუსეთი და კრემლი მრავალჯერ არ გაილანძღოს და გაქილიკდეს ქართველი „პოლიტიკოს-პოლიტოლოგების“ მხრიდან. ანალოგიურს ჰქონდა ადგილი ამჯერადაც. სააკაშვილის ვერსია უმალ აიტაცა „პოლიტოლოგმა“ ჩიტაძემ თუ ჩიტიძემ და ისეთი ბრიყვული ბუღი დააყენა „მაესტროს“ ეთერში - მხოლოდ შეფს რომ გაახარებდა აქ, იქ კი - შეფის დამრიგებელ რესპუბლიკელ სენატორ მაკკეინს.

პატივცემულ ნიკას პირიდან ბევრი ითქვა რუსთა თანამშრომლობაზე ჩრდილოეთ ირლანდიელ სეპარატისტებთან, წითელ ბრიგადებთან, „ჰამასთან“და აქედან გამომდინარე, დასკვნაც გააკეთა - რუსთა კავშირზე საქართველოში შემოგზავნილ ბანდასთან. მიზანი - საქართველოს დესტაბილიზაცია.

ნიკას და მიშას ნათქვამი ზედმიწევნით დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია ანუ საზოგადოების მორიგ აღშფოთებას რუსეთის მიმართ. მიშიკოებო და ნიკებო (თავს დამცირებულად ვგრძნობ, როდესაც პატივცემულ ნიკას ესოდენ ბევრ დროს ვუთმობ), არაობიექტურობამ, უაზრო ფანტაზიორობამ ხომ არ გამოიწვია საზოგადოების აშკარა უნდობლობა თქვენი ვერსიების მიმართ?

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ რუსეთი ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის. ამ ქვეყნის მუდმივი კრიტიკოსი ამერიკელი ბჟეზინსკიც კი ასე წერდა 1999 წელს ამ ქვეყანაზე: „რუსეთი რჩება მსხვილ გეოსტრატეგიულ მოქმედ პირად, მიუხედავად დასუსტებული სახელმწიფოსი“. დღევანდელ რუსეთს, 1999 წლის რუსეთთან შედარებით, ძლიერს, სხვაგვარი დამოკიდებულება ესაჭიროება არშემდგარი ქვეყნის პოლიტიკოს-პოლიტოლოგთა მხრიდან.

ლოპოტის ხეობის მწარე ზღაპარი ჯერ-ჯერობით ამოუხსნელი რჩება საზოგადოებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ცვლის შემდეგ არა მარტო ამ სპეცოპერაციას მოეფინება ნათელი, არამედ ბევრ სხვასაც. მანამდე კი მიშა ქვეყნის გადამრჩენი, მშვიდი ძილის გარანტორი იქნება - ასე მიიჩნევს ის.

საინტერესოა, რა შეფასებას მისცემს ლოპოტას ბუნებრივ თუ პოლიტიკურ ქარიშხალში გახვეული დიდი დამრიგებელი? საქართველოს ხელისუფალთა ძალისხმევით სპეცოპერაციას ანტირუსული შეფასება მისცა ებრაულმა ტელეკომპანია RTVI-მ. რაღა „რუსთავი-2“, და რაღა ეს ტელეკომპანია. ისინი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს - მიშიკოს ქებაში და რუსეთის ხელისუფლების, განსაკუთრებით პუტინის ლანძღვაში. მაგრამ საქართველოსთვის სულაც არ არის სასარგებლო ის, რაც მიშიკოსთვისაა სარგებლიანი.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი