ორმაგი სტანდარტი

დასავლეთის ორმაგ სტანდარტებს მიჩვეულთათვის ბევრი რამ მაინც გაკვირვებას იწვევს. ყველაფრის გახსენება შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ზოგიერთს შეგახსენებთ,

მაგალითად – რატომ შეიძლება აშშ–ის და მისი მოკავშირეების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, მოტივით – კოსოვოელებს სერბებთან ცხოვრება არ შეუძლიათ და რატომ არ შეიძლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა – რა, აფხაზებს და ოსებს მზე და მთვარე ამოსდით ქართველებზე?

ცხადია მე, როგორც ქართველს დიდი სურვილი მაქვს, რომ დასავლეთმა არ სცნოს საქართველოდან განდეგილები, მაგრამ ამით იცვლება რამე? ან, რატომ ხუჭავს თვალს დასავლეთი ისრაელის ბირთვულ იარაღზე, რომელიც ამ უკანასკნელმა კარგა ხანია დაამზადა ან რატომ არ მოითხოვს ამერიკა ისრაელისგან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და რატომ ითხოვს ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეჩერებას, მაშინ, როდესაც ირანის ხელისუფალთა მრავალგზისი განცხადებით, ირანი არ ამზადებს ბირთვულ იარაღს? ცნობისათვის, ირანი კარგა ხანია შეუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. ან რატომ ითვლება ირანის პრეზიდენტის აჰმადინეჟადის ვიზიტი ლიბანში პროვოკაციულ გამოწვევად, ხოლო სააკაშვილის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის (რუსეთის) რეგიონებში მცხოვრებთათვის საქართველოში შემოსასვლელი ვიზების გაუქმების შესახებ ასეთად არ ითვლება?

ამ და სხვა კითხვებზე შესაბამის პასუხს ვერასდროს მივიღებთ. შეუსაბამოს – მრავალჯერ. მარტო კოსოვოზე პასუხი რად ღირს – კოსოვო და აფხაზეთ–სამხრეთ–ოსეთი განსხვავებული საკითხებიაო. არაადეკვატური პასუხები, მითუმეტეს ქცევა, მწვავე რეაქციას იქვევს ე.წ. ურწმუნო თომებში. როგორც ჩანს, მათი რიცხვი არცთუ ისეთი მცირეა, ბევრად მეტი, ვიდრე დასავლეთი ინატრებდა. ისინი ომახიანად იმაღლებენ ხმას აშშ–ს და მისი ნატოელი მოკავშირეების განცხადებებსა და ქმედებაზე. მარტო ბრიტანელ ლეიბორისტთა ახალი ლიდერის მილიბენდის განცხადება რად ღირს – ინგლისმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აჰყვა ამერიკას და ერაყის ომში ჩაერთოო ან ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის პაქსასის განცხადება – ამერიკელთა მხრიდან მასზე ზეწოლის თაობაზე, რათა ლიტვას მიეღო ტერორიზმში ეჭვმიტანილი თალიბები.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების „დაუღალავი“ დამცველის, აშშ–ს მიერ დატყვევებულ ერაყელებსა და ავღანელებზე განხორციელებული წამების ფაქტები გუანტანამოს და აბუ გრეიბის ციხეებში, წყლის “პროცედურები“, მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი. სასტიკი ექსპერიმენტების ჩამტარებელთ თავშეკავება მაინც ჰქონდეთ, თითი სხვისკენ რომ არ გაიშვირონ. მაგრამ რა გაეწყობა, - როდესაც მსოფლიოს „გადარჩენის“ სურვილი ამოძრავებთ, ტყვეთა წამებაც და შეურაცხყოფაც გამართლებულად ითვლება.

აშშ–ს ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი ალბერტ გორი თავის წიგნში – „შეტევა გონიერებაზე“, პირდაპირ აღნიშნავს წამების ფაქტებს, რასაც ადგილი ჰქონდა აბუ გრეიბის, გუანტანამოს, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა საიდუმლო ციხეებში. „იქ მყოფნი აცხადებდნენ, რომ დაშინებით ცდილობდნენ მათთვის უარი ეთქმევინებინათ საკუთარ რელიგიაზე, ძალით აჭმევდნენ ღორის ხორცს, ასმევდნენ ალკოჰოლურ სასმელებს, ფეხებს უმტვრევდნენ და მოტეხილ ფეხებზე ურტყამდნენ, თან აყვირებდენ – მადლობა უფალს, რომ ცოცხლები ვართ“. მსგავსის ჩამდენს სხვისი დადანაშაულება უნდა ერიდებოდეს, მაგრამ . . . პირიქით ხდება.

ამას წინათ ტელეკომპანია „ევრონიუსმა“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ირანში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით ციხეებში წამების ფაქტებს. ვიდეო კადრების უქონლობის გამო სიტყვიერ მასალას დასჯერდნენ – ალაპარაკეს რა ისინი, ვინც ირანის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ აგორებულ ანტისახელისუფლებო გამოსვლებში იღებდა მონაწილეობას და დღეს უცხოეთში არიან გადახვეწილები (ოთხი ათასი კაცი). დასავლელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ირანის ციხეებში მყოფ პატიმრების მიმართ ადგილი აქვს, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიური წამების ფაქტებს. გარდა ამისა, ერთ–ერთ მეთოდად გამოიყენება, როგორც ქალის, ისე კაცის გაუპატიურება. გადაცემის ძირითადი აქცენტი ირანის პრეზიდენტის პოლიტიკა და ბირთვული იარაღის დამზადება იყო. ირანის ისლამური რესპუბლიკის მუქ ფერებში წარმოჩინება აშშ–ს ადმინისტრაციისა და მისი ნატოელი მოკავშირეების მთავარი მიზანია. მეთოდურად მიმდინარეობს მსოფლიო საზოგადოების დაშინება აჰმადინეჟადითა და ირანით. მიზანი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მიღწეულია.

ირანის შესაძლო თავდასხმით არა მარტო ევროპელებს აშინებენ, არამედ ირანის მეზობელ არაბებსაც, თუმცა ამ უკანასკნელთ შიშის ნაცვლად რეგიონის ლიდერობის ამბიციები აწუხებთ. ირანი ახლო აღმოსავლეთის მძლავრ სახელმწიფოდ გვევლინება. მისი გავლენა დღითი–დღე ძლიერდება ამ რეგიონში, რაზეც აშკარად მეტყველებს ლიბანში აჰმადინეჟადის ტრიუმფალური ვიზიტი. ლიბანელებმა სტუმარს საყვარელი გმირის შესაფერისი დახვედრა მოუწყვეს, რასაც კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია ვაშინგტონ–თელ-ავივში.

აშშ–ს, რეგიონში ირანის საპირწონედ, ისრაელის გარდა, არაბული ქვეყნებიც სჭირდება. ეს-ესაა ვაშინგტონმა და რეგიონის არაბულმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, აშშ 67 მილიარდი დოლარის სამხედრო იარაღს მიჰყიდის საუდის არაბეთს. ქუვეიტი და ყატარიც მიიღებს ნანატრ ამერიკულ სამხედრო ტექნიკას ისევე, როგორც გაერთიანებული საამიროები ( 40 მილიარდი დოლარი). მთლიანობაში გარიგებამ 123 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც აშშ–ის იარაღით ვაჭრობის ისტორიაში უპრეცედენტო მაგალითია. პროპაგანდა საქმეს აკეთებს, განსაკუთრებით, თუ იარაღის გაყიდვა გსურს. არაბული ქვეყნებისათვის იარაღის მიყიდვას თავისთავად მოჰყვება სათადარიგო ნაწილების მიწოდება, სამხედრო სპეციალისტების გაგზავნა, ერთი სიტყვით აშშ–ს გავლენის გაფართოება ამ რეგიონში.

ანტიირანულ პროპაგანდაში დახარჯულ თანხებს დიდი მოგება მოაქვს, არა მარტო ვაჭრობის, არამედ პოლიტიკის თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, აჰმადინეჟადის ნებისმიერი გამონათქვამი და ქმედება პროვოკაციად ფასდება, ხოლო სააკაშვილის ინიციატივა – სამშიდობო, ჰუმანიტარულ მისიად. მხედველობაში მაქვს სავიზო რეჟიმის გაუქმება ჩრდილო კავკასიელებისათვის.სააკაშვილის გადაწყვეტილებამ მკვეთრი რეაქცია გამოიწვია რუსეთში. ამ ქვეყნის საგარეო უწყებამ ეს ნაბიჯი მორიგ ავანტიურად შეაფასა. საქმე ისაა, რომ სავიზო ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ფორმდება თანაბრობის პრინციპების დაცვით. ისტორიას არ ახსოვს, როდესაც ერთ ქვეყანას გვერდი აევლოს მეორე ქვეყნის ხელისუფლებისათვის და მისი ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობისათვის დაეწესებინოს უვიზო მიმოსვლა.

დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებულია, როდესაც ერთი ქვეყანა ცალმხრივად უარს აცხადებს მეორე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმზე და აძლევს მის მოქალაქეებს და არა ნაწილობრივ რომელიმე რეგიონს უვიზოდ შემოსვლის საშუალებას, რასაც ახლა აქვს ადგილი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მიმართ.მაგალითად მოვიყვან ირანს. ამას წინათ ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანი ცალმხრივად გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ყოველგვარი ვიზის მიღების გარეშე გაემგზავრონ ირანში. ცალმხრივობა გამორიცხავს ირანელთათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლას. საქართველოში შემოსასვლელად მათ დასჭირდებათ საქართველოს ვიზა. ცალმხრივი რომ ორმხრივით შეიცვალოს, საჭიროა ორი ქვეყნის ხელშეკრულება უვიზო მიმოსვლის თაობაზე, რასაც ორივე ქვეყნის მთავრობა გვპირდება.კიდევ ერთი მაგალითი: საქართველომ სავიზო რეჟიმი გააუქმა ევროკავშირის ყველა ქვეყნის, აშშ–ს, კანადის და ზოგიერთი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისათვის. ისინი კარგა ხანია უვიზოდ შემოდიან საქართველოში, თუმცა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრებისათვის ვიზა ესაჭიროება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება აშკარად პროვოკაციულია და რუსეთის გამოწვევას უფრო ემსახურება, ვიდრე კეთილშობილურ ქმედებას. სასაცილოა, როდესაც ქართული ოფიციოზი ისეთ არგუმენტს იშველიებს – ჩრდილო კავკასიელებს საქართველოს ვიზის მისაღებად უჭირთ მოსკოვში ჩასვლა და შვეიცარიის საელჩოში მისვლა (ის იცავს საქართველოს ინტერესებს).

საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად მუშაობის დროს, პირველი, რაც გავაკეთე, იყო სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემის წესის შემოღება. ეს წესი, ცხადია, რუსეთზეც ვრცელდებოდა. სამწუხაროდ, რუსეთი შერაცხულ იქნა, როგორც მტერი და 2008 წლის ომამდეც მის მოქალაქეებზე საზღვარზე ვიზა არ გაიცემოდა.

სააკაშვილის გადაწყვეტილება რომ რუსეთის ყველა მოქალაქეზე ვრცელდებოდეს, ეს არ ჩაითვლებოდა ავანტიურად, პირიქით, დიპლომატიური ურთიერთობის არ არსებობის პირობებში, ამგვარი ნაბიჯი კეთილ ნებად აღიქმებოდა.

ჩრდილო კავკასიელთათვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება სააკაშვილის შორსმიმავალი კავკასიური სახლის იდეის ერთ–ერთი კომპონენტია, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული. კავკასიური სახლი თავისთავად ნიშნავს ურუსეთო კავკასიას ანუ რუსეთის კავკასიიდან განდევნას, რისი დიდი სურვილი არა მარტო სააკაშვილს, არამედ აშშ–ს გარკვეულ წრეებსაც აქვთ. ამიტომაც არ ითვლება საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა პროვოკაციად, აჰმადინეჟადის ლიბანში წარმოთქმული სიტყვა კი, პირიქით – ქვეყნის დაქცევად მიიჩნევა. ორმაგი სტანდარტი სახეზეა, რაც დადებითად არ ახასიათებს მშვიდობის და დემოკრატიის „ფლაგმანს“, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი