"ვიკილიქსის" ფასი საქართველოში

ჯერ კიდევ ადრეა, საბოლოო დასკვნები გაკეთდეს "ვიკილიქსის" მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ თავიდან ზომაზე მეტად გახმაურებული მოვლენა იმდენად ღირებული არ აღმოჩნდა, როგორი მოლოდინიც საზოგადოებას ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

"ვიკილიქსის" მასალებს არანაირი ოპერატიული ღირებულება არ გააჩნიათ, რომელიც, დავუშვათ, სპეცსამსახურებს სჭირდებათ თავიანთ მუშაობაში (თუნდაც იმიტომ, რომ საქმე უკვე საკმაო ხნის მონაცემებთან გვაქვს), ეს მასალები არ შეიცავს ამერიკის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს გასაიდუმლოებულ მონაცემებს. ამ მასალებში დაცული ინფორმაციის საფუძველზე არ მომხდარა რაიმე სერიოზული ცვლილება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში და არც რომელიმე სახელმწიფოზე, მის პოლიტიკოსებზე კეთდება არსებითად განსხვავებული დასკვნები, ვიდრე ეს მანამდე იყო შესაძლებელი. კონკრეტულად შეერთებული შტატების იმიჯს უფრო თვით მომხდარი ფაქტით მიადგა ზიანი, რომ დიპლომატების დეპეშები რაღაც გაურკვეველი გზით ხელში ჩაუვარდა თავის თავში შეყვარებულ ვინმე ჯულიან ასანჯს, თორემ საკუთრივ დიპლომატთა დეპეშებმა თითქმის არანაირად არ შეარყია მისი პოზიციები მსოფლიოში. ხშირად ეს დეპეშები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ამერიკელი დიპლომატები არა მხოლოდ ცინიკოსები არიან, არამედ საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციის მქონენი, მაგრამ ეს არ არის არსებითი ხასიათის ინფორმაცია და ამერიკისათვის რაიმე საფრთხის შემცველი. ზოგი კომენტატორი "ვიკილიქსის" უკან თავად შეერთებული შტატების ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ნებას ვარაუდობს - ამ ვერსიით, ინფორმაციების გაჟონვა მოხდა იმისათვის, რათა წამოსულ საინფორმაციო ნიაღვარში, რომელიც სრულ სიმართლედ გასაღდება, სასურველ დროს გამოერიოს დეზინფორმაცია, რომელიც ისევ შეერთებული შტატებისთვის იქნება სასარგებლო.

 

ასეა თუ ისე, ინტერესი "ვიკილიქსის" მიმართ მსოფლიოში გაცილებით შენელდა, თუმცა ახლახანს ქართულ მასმედიაში განახლდა ასანჯის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების გავრცელება, რომლებიც საქართველოს საშინაო-პოლიტიკური ვითარების რიგ ასპექტებს ეხება.

 

მიუხედავად ჩვენი ჟურნალისტების მიერ ამ ცნობებისათვის მიმზიდველი კომენტარების თანდართვისა, სენსაციური არაფერი გამოქვეყნებულა. მაგრამ მთავარი ეს არ არის. გამოქვეყნებული მასალები არანაირად არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საკუთრივ შეერთებული შტატების საელჩო, მით უმეტეს, ამერიკის ხელისუფლება, რას და როგორ მოქმედებდა ბოლო წლების საქართველოში. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ამერიკელი დიპლომატები თავიანთ "ზემდგომ ორგანოებს" მოახსენებენ იმის შესახებ, თუ ვინ რა თქვა საქართველოში, საკუთრივ ქართველი პოლიტიკოსების სპექტრიდან. მაგალითად, ის, რომ პატრიარქი ილია მეორე თურმე "გაბრაზებულა" 2009 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეებზე იმის გამო, რომ ისინი "გრეჩიხას" ისე შეეგებნენ, როგორც "მესიას", დიმა შაშკინის საინფორმაციო წყაროდან მომდინარეობს; ალასანიასადმი ზოგიერთი სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან ფულის შემოთავაზების ფაქტიც ისევ ალასანიას გარემოცვიდან ხდება ცნობილი; თბილისის მერის არჩევნების რეიტინგების წყაროც ადგილობრივი მმართველი პარტიაა და ასე შემდეგ.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, გავრცელებული დოკუმენტებიდან გამომდინარე, ამერიკის საელჩო გამოდის მხოლოდ დამკვირვებლის როლში და იგი არანაირად არ ერევა პროცესებში. განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის აგვისტოს ომთან და იმავე წლის იანვარში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს. ყველაფერი არის "ამან ეს თქვა, იმან ის თქვა"-ს დონეზე, თითქოს შეერთებული შტატები უშუალო მონაწილე არ ყოფილიყო ამ მნიშვნელოვანი პროცესებისა. ელჩების მოხსენებებში სიტყვაც არ არის ნათქვამი, თუ რა მოიმოქმედა საელჩომ, რა ნაბიჯი გადადგა ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. ეს კი ბევრად უფრო საინტერესო და პრაქტიკული მნიშვნელობის იქნებოდა, ვიდრე შაშკინისა და სხვა ქართველი პოლიტიკოსების ზერელე და მეტწილად არც თუ ისე სანდო ცნობები, რომლებიც, ამისდა მიუხედავად, ბუნებრივია, აღინუსხება საელჩოს მოხსენებებში, ეს დიპლომატიური წარმომადგენლობის რუტინული და აუცილებელი სამუშაოა.

 

დეპეშებში ასახული ფაქტებისა და თვით ამ დეპეშების სანდოობაზე გადაჭრით საუბარი არ შეიძლება - დოკუმენტები ზოგჯერ შეიცავს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას (მაგალითად, ელჩ ტეფტის 2009 წლის 30 ივნისის გზავნილში წელი შეცდომითაა მითითებული - 2019), ზოგჯერ კი ამერიკელი ელჩი ავლენს უცოდინრობას (მაგალითად, აჭარლებს "თურქულენოვნად" მოიხსენიებს). შაშკინის ინფორმაცია პატრიარქის "გაბრაზების" შესახებ მას შემდეგ, რაც მას ტელევიზორში სტადიონზე "გრეჩიხის" დახვედრის კადრები უნახავს, მართლაც საეჭვოა, რადგან სტადიონიდან ხალხი სამების ტაძრისკენ დაიძრა, და პატრიარქი სწორედ ტაძარში იმყოფებოდა - მას არ შეეძლო ღვთისმსახურების ჩატარება და ტელევიზორის ყურება ერთდროულად... ძნელია იმის თქმაც, რამდენად ხშირად იყო ელჩი ტეფტი ასეთი პათეტიკური რუტინული დოკუმენტების შედგენის დროს - “გვჯერა, ეს არჩევნები საქართველოში დემოკრატიულ ფესვებს გააღრმავებს. დადგა დრო, ხელისუფლება არა – რევოლუციით, არამედ არჩევნებით შეიცვალოს”…

 

ნებისმიერ შემთხვევაში, გავრცელებული დოკუმენტები სენსაციას არ წარმოადგენს და არც რაიმე ზეგავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე. სხვა სიტუაცია იქნება, თუკი "ვიკილიქსი" შეძლებს ამერიკის უშუალო მონაწილეობის გამომზეურებას "ვარდების რევოლუციიდან" მოყოლებული, ვადამდელი არჩევნების გაყალბებით გაგრძელებული და აგვისტოს ომით დამთავრებული. აი მაშინ კი საბოლოოდ მოხდება უკვე ცნობილი ამერიკული ჩარევების დოკუმენტური დადასტურება და მაშინ არა მარტო შალვა ნათელაშვილს მიეცემა ლეგიტიმური საშუალება, მოითხოვოს, რომ ამერიკის ელჩი და დიპკორპუსის უდიდესი ნაწილი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს. მანამდე საქართველოში "ვიკილიქსის" ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე 1კგ საქონლის ხორცის ან დასუფთავების 1 თვის გადასახადისა.