უცხო დროშა

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებისთანავე მოაშორებინა ევროკავშირის დროშა კიევის ცენტრში მდებარე ევროპის მოედნიდან. მან ეს იმისდა მიუხედავად გააკეთა, რომ თავისი პირველი უცხოური ვიზიტი სწორედ ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში დაგეგმა.

აშკარაა, რომ უკრაინული სახელმწიფოს ახალ პრაგმატულ მეთაურს მშვენივრად ესმის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ერთია, ხოლო მისი დროშის გამოყენება იაფფასიანი პროპაგანდისათვის (მოსახლეობაში მოლოდინის გაღვივება, რომ აი უკვე ძალიან მალე მიიღებენ ”მდიდარ ევროპაში”) - კიდევ სხვა, და ეს ”სხვა” არ არის საჭირო და მავნებელიც კია. იანუკოვიჩი უთუოდ იმასაც მიხვდა, რომ ევროკავშირის დროშის მოცილება არ გამოიწვევდა ევროკავშირში გაღიზიანებას (მით უმეტეს, საკუთრივ უკრაინაში, თუკი არ ჩავთვლით ცალკეულ რადიკალურ ლემენტებს ძველი ხელიფუფლების მომხრეთა რიგებიდან).

მაგრამ საქართველოში, როგორც ცნობილია, მართვას განაგრძობს მ. სააკაშვილი. უკრაინისგან განსხვავებით ევროკავშირის დროშა აქ ყველა სახელმწიფო დაწესებულებაშია - პარლამენტის წინ და პარლამენტში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, სამინისტროებში, უწყებებში, თვით საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც. ევროპული დროშის დემონსტრირება სააკაშვილმა 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. ერთგვარი ირონიით შეიძლება ფაქტის კონსტატაცია, რომ საქართველოს ხელოვნური ვესტერნიზაცია ”ზემოდან” ხორციელდებოდა სააკაშვილის ავტორიტარიზმის გაძლიერებასთან ერთად. ბუნებრივია, სააკაშვილი არც აპირებს არაქართული დროშის მოშორებას სახელმწიფო დაწესებულებებიდან. სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ეროვნული გრძნობები და მისთ. საქართველოს ხელისუფლების მიერ აქცენტირებულია მხოლოდ რუსეთთან მიმართებით, ხოლო იგივე ფასეულობები და გრძნობები დასავლეთთან მიმართებაში მას მთლიანად ატროფირებული აქვს. არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლება გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდება, იგი ამერიკულ დროშასაც გამოფენს... მით უმეტეს, რომ ევროკავშირის მუქი ლურჯი დროშა განსაკუთრებით ახლანდელი კრიზისის ფონზე საბერძნეთსა და მთელ ევროზონაში ერთგვარად გახუნდა ობივატელის წარმოდგენაში და შესაძლოა, მას უკვე ვეღარ შეუქმნის მსუყე მომავლის მოლოდინს ”ევროპულ ოჯახში” (რა თქმა უნდა, სწრაფი) შესვლით... ხუმრობა იქით იყოს, თუმცა აქ თქმული ხუმრობა სულაც არ არის და ევროკავშირის დროშის ექსპლუატირება სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ქართველი ობივატელის ცნობიერებაში აზრის ჩანერგვას, რომ ”საქართველო ევროპის ნაწილია”. ეს ფორმულა თავისთავად, რბილად რომ ვთქვათ, მეტად საკამათოა, მაგრამ ახლა საუბარი მასზე არაა, არამედ იმაზე, რომ მისი პროპაგანდა ხდება საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის ხარჯზე, პრაქტიკულად ანტიკონსტიტუციურად - ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებულია ერთი სახელმწიფო დროშა, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და თვით ”მეგობრული” ევროკავშირის დროშაც საქართველოსათვის იურიდიულად უცხო დროშად რჩება.

 

საინტერესოა, რომ ქართული ოპოზიციის თვით იმ ნაწილსაც კი, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი დასავლეთის პოლიტიკის მიმართ და უფრო რუსეთთან დაახლოებაზეა ორიენტირებული, ჯერ არ გამოუთქვამს მეტად ან ნაკლებად დასამახსოვრებელი პროტესტი უცხო დროშის მომძლავრების წინააღმდეგ. საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს შეცდომით ისიც ჰგონია, რომ ლურჯი დროშა ყვითელი ვარსკვლავებით ევროკავშირის კი არა, ევროსაბჭოს დროშაა, რომლის წევრიც არის საქართველო 1999 წლიდან. არა, ეს არის ევროკავშირის/ბრიუსელის დროშა, და ის სახელმწიფოები, რომლებიც ევროსაბჭოს (სტრასბურგი) წევრებად გვევლინებიან, მაგრამ არ მიეკუთვნებიან ევროკავშირს (მაგალითად, თურქეთი, შვეიცარია და სხვ.), არ იყენებენ ამ დროშას საკუთარ ეროვნულ სიმბოლიკასთან ერთად. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველო ისევე ვერ მომწიფდა სრულფასოვან სუვერენულ სახელმწიფოდ, როგორც მისი ყოფილი ავტონომიები აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, რომელნიც მხოლოდ თბილისის მიმართ არიან სუვერენულნი, ხოლო სინამდვილეში (ჯერ-ჯერობით) როგორც მატერიალური, ისე მორალური თვალსაზრისით ყველაფერში მოსკოვზე არიან დამოკიდებულნი. --