თბილისის მერის არჩევნებს ხელისუფლება იგებს

დღეს ვერეს ბაღში თბილისის საზოგადოების ალბათ ყველაზე უფრო ხმაურიანი და ემოციური დაჯგუფების – ”ქართული აკადემიის” მიერ ”შეკითხვებზე პასუხების გასაცემად” დაბარებული ირაკლი ალასანია ამ საზოგადოებამ ჩხავილის, კბილების ღრჭენის, სტვენისა და სხვა არაერთგვაროვანი ბგერების ფონზე ”ერთიან უალტერნატივო მერობის კანდიდატად” გამოაცხადა.

ალასანიას ხელში რაგბის ლელო მიაჩეჩეს, ვითომდა მერის კაბინეტში უნდა ”შევარდეს” ამ ლელოთი (ტვ ”მაესტროს კადრები”). მაგრამ როგორც ჩანს, ”ქართული აკადემიის” წევრებსაც შინაგანად არ სჯერათ თავიანთი რჩეულის წარმატებისა, ისე ”დაიზღვიეს” თავი ხაზგასმული განცხადებით – იმედია, ეს წამები, როდესაც ალასანიას ვასახელებთ ჩვენს კანდიდატად, სანანებელი არ გაგვიხდებაო.

 

ალასანიამ ბოლო ორი კვირის მანძილზე იმდენჯერ შეცვალა თავისი პოლიტიკური ორიენტაცია, რომ ჩვენ კომენტარის გაკეთებასაც ვერ ვასწრებდით, გაზეთები კი წინა საღამოს ჩაწერილი ალასანიასეული განცხადებებით დილით გამოსვლისთანავე ძველდებოდნენ – იმდენად ჩქარა ცვლიდა ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი თავის გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ შევეცდებით, ავხსნათ, თუ რა მოხდა და რა მნიშვნელობა აქვს ალასანიას დღევანდელ ”გაკანდიდატებას” მერობის პოსტზე.

 

პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისას ფართოდ ტირაჟირებული, მაგრამ შემდეგ მალევე რეიტინგდალეული ალასანია საკუთარ უქარიზმო პიროვნებაზე ყურადღების კვლავ მიქცევის მიზნით ცოტა ხნით მიეკედლა ხელისუფლების მიერ ”მეხუთე კოლონად” მონათლულ, ანუ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრე ძალებს ნოღაიდლის სახით. მაგრამ შემდეგ, საქართველოში ამერიკის ცნობილი ”პეშკების” – კიდევ უფრო ურეიტინგო ”რესპუბლიკელების” და ”ახალი მემარჯვენეების” ისტერიული განცხადებების ფონზე ალასანია უბრუნდება ”ძველ ჩვენებას” იმასთან დაკავშირებით, რომ მას ”ნოღაიდელთან საერთო არაფერი აქვს” და თავის ამ ნაბიჯს აგვირგვინებს დღევანდელი დღით – იგნორირებას უკეთებს არა მარტო ”პრორუსულ” ძალებს, არამედ ყველაზე პერსპექტიული ოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარების იდეასაც. ამრიგად მან საშუალება მისცა ხელისუფლების კანდიდატ გიგი უგულავას, თავი საკმაოდ კომფორტულად იგრძნოს წინასაარჩევნო მარათონში, ვინაიდან:

 

ა) ხალხი ხედავს, რომ ალასანიას არავითარი კვალიფიკაცია არ გააჩნია როგორც მეურნეს და ქალაქის პრობლემების მომგვარებელი ის არ არის, მის მეტოქეს ხელისუფლებიდან უგულავას კი მერის პოსტზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და ამ თვალსაზრისით ის უფრო სოლიდურად გამოიყურება: აქტიურად იყენებს რა ე. წ. ადმინისტრაციულ რესურსს, დადის უბნიდან უბანში, მოსახლეობას უგვარებს ყოფით პრობლემებს. უგულავას თავისუფალი გასვლა თბილისელებთან, წინასწარ მისი პიარ-თანაშემწეების მიერ ”საიმედო მოქალაქეების” შერჩევის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ორიოდე წლის წინ – 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო ან 26 მაისის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, მაგრამ ახლა თვით ყველაზე უფრო ოპოზიციურად განწყობილ უბნებშიც კი ხალხი მას ნორმალურად ხვდება. ალასანია ხალხის იმ რაოდენობის მეოთხედსაც ვერ მოაგროვებს, რა რაოდენობის ხალხსაც უგულავა ხვდება.

 

ბ) იმ შემთხვევაშიც, თუ ალასანია ქალაქის თავის თანამდებობას როგორც მხოლოდ ტრამპლინს განიხილავს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის და ხალხსაც ამ ”მესიჯს” უგზავნის, მას ”პროამერიკული” იმიჯი აქვს (და ეს იმიჯი მან თავიდან განზრახ შეიქმნა), დღეს კი ამერიკანიზმი მოდაში აღარ არის. ხალხი ელის, რომ რუსეთთან უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა და ესმის, რომ საამისოდ ზედმეტი პროდასავლურობა ზიანის მომტანია. მართალია, უგულავა სწორედ იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობების მტრად გვევლინება, მაგრამ თუკი ალასანიაც ვერ მოაგვარებს ამ ურთიერთობებს, მაშინ ისევ ”შეჩვეული ჭირი” უგულავა სჯობს, რომელიც ყოფითი პრობლემების რაღაც ნაწილს მაინც უგვარებს მოსახლეობას, ხოლო ალასანია ამ მხრივ არადამაჯერებელია და არც მისი შესაძლო პრეზიდენტობა იქნება ცხოვრების გაუმჯობესების წინაპირობა, რადგან ისიც მთლიანად ნატოსკენ და დასავლეთისკენ იყურება.

 

გ) ე. წ. ”პრორუსული” პარტიები ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ ერთიან ორგანიზმად, მათ არც რუსეთში მოღვაწე ყველაზე გავლენიან ქართულ დიასპორებთან აქვთ ჯეროვანი ურთიერთობები დამყარებული, მხოლოდ პუტინთან ტელეკამერების წინ შეხვედრა კი საქმეს ვერ შველის. იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი თავიანთ კანდიდატს დაასახელებენ უმოკლეს დროში, ალასანიამ თავისი შავი საქმე უკვე გააკეთა – ამომრჩევლის თვალში ოპოზიცია ისევ უუნაროდ წარმოაჩინა ერთიანობის მიღწევის თვალსაზრისით და ამით თბილისელთა დიდ ნაწილს ხალისი დაუკარგა, მივიდეს არჩევნებზე, რადგან ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ელის, რომ ოპოზიცია ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდეს სააკაშვილის წინააღმდეგ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამასთან ერთად საპროტესტო ელექტორატის თვალში ძველი, ”დასავლური” იდეოლოგია და რიტორიკა აბსოლუტურად გაუფასურებულია. ”ნატოში მაინც გვინდააა!” ტიპის ლოზუნგებით ყველაზე ტვინნაღრძობი მიშისტების (იგივე ”მიშმაკაკები”) მოხიბვლა თუ შეიძლება დღეს.

 

დასკვნის სახით: ხალხი ელის ერთიანობა + ახალი იდეოლოგია + ახალი სახეები. ჯერ-ჯერობით ვერც ”პრორუსული” ოპოზიცია უზრუნველჰყოფს ამ სამივე კომპონენტს ერთად და მათ მიერ წამოყენებული კარგი კანდიდატიც ალბათ ვეღარ გადაარჩენს ამ არჩევნებს. აი სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ალასანიამ უგულავას დიდი სამსახური გაუწია – ოპოზიციის ამ ნაწილის (ნოღაიდელი–ალასანია – ”კონსერვატორები” – ”ხალხის პარტია”) ერთიანობის შემთხვევაში კიდევ იყო შანსი, რომ ახალი იდეოლოგიის ფონზე მერობის კანდიდატად საზოგადოებას ახალ სახეს შესთავაზებდნენ, არა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, არამედ საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენელს, მაგრამ ახლა უკვე ამაზე ფიქრს აზრი აღარ აქვს. უფრო საინტერესო ის არის, რომ ალასანიამ უკვე იმის გამოცხადებაც მოასწრო, რომ იგი ”თანამშრომლობას იწყებს” სალომე ზურაბიშვილის ”საქართველოს გზასა” და სანიკიძე–შარტავა–შავიშვილი–მელაშვილის ”ეროვნულ ფორუმთან”. ამ ორი ძალიდან ქალბატონი სალომეს ”ძალობა” მხოლოდ ღიმილს იწვევს (ალასანიასთვის იგი ალბათ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ პროდასავლური და ანტირუსულია), ხოლო გაცილებით უფრო პერსპექტიული ”ეროვნული ფორუმი” ამერიკელების დახმარებით ნეიტრალიტეტის იდეიდან თანდათან ანტირუსულ რიტორიკაზე გადადის. ე. ი. ”ეროვნულ ფორუმსაც” უკვე ”აფუჭებენ”. თუმცა ამ თემას სხვა დროს შევეხებით. --