საბაჟო კავშირში უკრაინის შესვლის პრობლემა - მენტალიტეტის პრობლემაა, და არა ეკონომიკის

უკრაინის მთავრობა დადებითად აფასებს რუსეთს, ბელარუსსა და ყაზახეთს შორის საბაჟო კავშირის შექმნას, იგი თავადაც გამოთქვამს სურვილს, ამ კავშირთან ითანამშრომლოს, ოღონდ მის რიგებში შესვლის გარეშე. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა წამოაყენა უკრაინისთვის განსაკუთრებული სტატუსის იდეა ფორმულით 3+1. მაგრამ ეს წინადადება მისი რუსი კოლეგის მედვედევის მიერ სავსებით სამართლიანად იქნა უარყოფილი.

უკრაინა ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა 90იანი წლების აზროვნებისგან და თავისთვის "განსაკუთრებულ სტატუსს" ითხოვს სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ ამის მთავარი მიზეზი არა უკრაინელების "ველიკოდერჟავული" აზროვნება, არამედ ბანალური ოცნებაა ევროკავშირში მაძღარ და უზრუნველ წევრობაზე. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი აზაროვი ბრიუსელის ბიუროკრატების წინაშე ვერანაირ სპეციალურ სტატუსს ვერ მოითხოვს - როგორც ეტყვიან, ისე იქნება (როგორც ძველ კარგ დროში), მაგრამ ევროკავშირს ახლა, როგორც ცნობილია, უდიდესი პრობლემები აქვს, ევროპა ახლო მომავალში არ იქნება მზად, უკრაინა თავის კმაყოფაზე აიყვანოს. მიუხედავად ამისა, დასავლეთის მძლავრი პროპაგანდისტული ტალღა, რომელიც უკვე ოც წელიწადზე მეტი ხანია, არ წყდება, და ნერგავს აზრს, რომ "ევროკავშირი - კარგია", დღესაც ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ფსიქიკაზე. როგორც ჩანს, თვით პრაგმატულ უკრაინელ ხელმძღვანელებს, რომლებსაც უწევთ მათი წინამორბედი, დანაშაულებრივი "ფორთოხლისფერი" ხელისუფლების გაფუჭებული საქმეების გამოსწორება, უჭირთ ამგვარი წარმოდგენებისგან გათავისუფლება. სავსებით არაჯანსაღი ვითარებაა, როდესაც უკრაინის პრემიერი აზაროვი ნაძლევს დებს პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ კვასნიევსკისთან იმაზე, რომ თურმე ათი წლის შემდეგ უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი .

 

საინტერესო იქნებოდა, რას უპასუხებდა ბატონი აზაროვი შეკითხვას, თუ რაში სჭირდება უკრაინას ევროკავშირში აუცილებლად შესვლა. რა პასუხის გაცემა შეუძლია მას? მოსალოდნელი არ არის, რომ იგი ბევრ ეკონომიკურ არგუმენტს წამოაყენებს, უფრო ბანალური "ბლა-ბლა" იქნება უკრაინის "ევროპულ არჩევანზე". სწორედ უკრაინელი პოლიტიკოსების არაარგუმენტირებული ოცნება ევროკავშირში წევრობაზე ამუხრუჭებს უკრაინის შესვლას იმ ქვეყნებთან საბაჟო კავშირში, რომლებიც მის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ, ამიტომ კი ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვთ მისთვის, ვიდრე "გაპიარებულ" ევროკავშირს.