სააკაშვილი ბაღაფშის და კოკოითის ნაკვალევზე

დასტურდება ცნობები, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებს გაემგზავროს კოლუმბიაში, იქაური ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.

ეს უკვე სააკაშვილის მეორე ვიზიტი იქნება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. პირველად ის კოსტა-რიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო და სერვანტესის საკადრისი ესპანურით „გადარია“ თურმე სომბრეროიანი კოლეგები.

სამწუხაროდ, სააკაშვილის ეს მორიგი ფახიფუხიც ისეთივე უაზრო და უნაყოფოა, როგორც მთელი მისი მოღვაწეობა. ოფიციალური განმარტება ამ ვიზიტებისა არის ის, რომ რადგან ლათინური ამერიკის ზოგიერთმა ქვეყანამ სცნო აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ამიტომ საჭიროა „პრეზიდენტის“ სასწრაფო ვიზიტები ამ კონტინენტზე, რომ სხვა ქვეყნებმაც არ მიბაძონ მათ.

სინამდვილეში კი, სააკაშვილის ჩასვლით თუ არჩასვლით არაფერი შეიცვლება, რადგან კლოუნის იმიჯის მქონე დე-ფაქტო პრეზიდენტი და დაშლილი საქართველო იქ არავის აინტერესებს. ისევე როგორც არ აინტერესებთ აფხაზეთი და ცხინვალი. უბრალოდ, ანტიამერიკული ფრონტის ქვეყნებმა, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა, სცნეს ეს წარმონაქმნები ამერიკის ჯიბრით და რუსეთის ხათრით. ამავე დროს, რუსეთსაც თავი არ მოუკლავს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანას სწრაფადვე ეცნო სეპარატისტები - ამის დასტურია კუბის, ბოლივიის და ეკვადორის თავშეკავება ამ ეტაპზე.

ის, რომ ბაღაფში და კოკოითი ჩადიან ვენესუელაში, კუბასა და ნიკარაგუაში, ეს ლოგიკურია, რადგან ისინი ამყარებენ ურთიერთობებს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც მათი რესპუბლიკები სცნეს ან თანაუგრძნობენ რუსეთის ხათრით. აი სააკაშვილის ჩასვლას კი არავითარი აზრი არ აქვს და ფიურერის მორიგი ცუნდრუკობა და ბიუჯეტის უაზრო ხარჯვაა. ვისაც სურვილი ექნება სეპარატისტების ცნობისა, სააკაშვილის ვიზიტები ვერ შეაცვლევინებს გადაწყვეტილებას. ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფი კოლუმბია ისედაც არ აპირებდა მათ ცნობას, ხოლო კოლუმბიასთან რა ეკონომიკური კავშირები უნდა დამყარდეს, სრულიად გაუგებარია. ერთადერთი, რაც რეალურია - კოკაინის ევროპაში გადაზიდვის ახალი მარშრუტი ფოთის პორტის გავლით, რისი შემთხვევებიც უკვე დაფიქსირებულია. ხოლო თუ ვინ ნახავს აქედან მოგებას, ისევე როგორც უზარმაზარ მოგებას ნახულობს ავღანური ჰერიონის ტრანზიტიდან - ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.