რეჟიმი უკვე იკბინება – რა იქნება შემდეგ?

კომენტარი სააკოვ-სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტ ბიძინა ივანიშვილზე მიტანილ ბოლო გააფთრებულ შეტევებთან დაკავშირებით

საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება, კანონიერების თვალსაზრისით ფრიად საჩოთირო, ბ. ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან „ქართუ“ ბანკის საინკასაციო მანქანაზე ბანდიტური თავდასხმა, ინკასატორებისა და ბუღალტრების დაპატიმრება ფულის გათეთრების (!) ბრალდებით, შემდეგ მომენტებს ავლენს:

 

1. სააკოვ-სააკაშვილის რეჟიმი, ცდილობს რა, ძირშივე გაანადგუროს ფორმირების პროცესში მყოფი სუპეროპოზიცია, პირობებს ქმნის ივანიშვილის, როგორც საქართველოს „არამოქალაქე“ პირის, ქვეყნიდან გასაძევებლად;

 

2. ივანიშვილის ბიზნეს-სტრუქტურების მუშაკთა უეცარი დაპატიმრებით, ისევე როგორც მისი უმცროსი ვაჟიშვილის მეგობრის, შოუმენის, ნარკოტიკების შენახვის ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებით, რომელმაც რეჟიმისთვის მიუღებელი კლიპი გადაიღო, მიმდინარეობს ასეთივე უბრალო ხალხის დაშინება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

ეს ორივე მომენტი, რა თქმა უნდა, აიხსნება სააკოიდთა ბანაკში წარმოშობილი პანიკით. ივანიშვილი იმდენად საშიში ფიგურაა მათთვის, რომ ამგვარი ნერვიული რეაგირება მათი მხრიდან არ უნდა გვაკვირვებდეს. რეჟიმისთვის უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, რომ ამგვარი ნაბიჯები მის იმიჯს ვნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. ინვესტორთა მოზიდვის ისედაც დაბალი ალბათობა კიდევ უფრო კლებულობს, უარესდება ბიზნეს-კლიმატი, „ვარდების“ რეჟიმის ყველაზე უფრო გაალმასებულ უცხოელ მფარველებსაც კი გაუჭირდებათ „დემოკრატი“ სააკაშვილის ქმედებების გამართლება. მაგრამ ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობს, ამიტომ ხელისუფლებისთვის ყველა მეთოდი მისაღებია. ხელისუფლება ცდილობს, ნებისმიერ ფასად გადარჩეს, თუნდაც გამარჯვების შემდეგ გამოირკვეს, რომ ქვეყანა ნანგრევებშია.

 

თუმცა მეორეს მხრივ, პანიკაში გადადგმული ნაბიჯები ამავდროულად რაციონალურ გათვლასაც მოიცავს: ივანიშვილის გაძევების შემთხვევაში ეს ფაქტი თუმცაღა ძალზე ულამაზო იქნება, მაგრამ ოპოზიციურ მოძრაობას ფიზიკურად დაასუსტებს, ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე. ხოლო ივანიშვილის ოჯახის მეგობრებისა და „ტექნიკური“ თანამშრომლების დაპატიმრებები მიზნად ისახავს ხალხში შიშის ატმოსფეროს შექმნას, იმის ჩვენებას, რომ თვით მილიარდერი ივანიშვილი ვერ დაიცავს მათ, ვინც მასთან ითანამშრომლებს.

 

ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური კაპიტალი მასების მხარდაჭერაა, ხალხში მისი რეიტინგი ძალზე მაღალია. სწორედ ამის ეშინია ხელისუფლებას. ივანიშვილს შეუძლია (და უნდა განახორციელოს ეს!) მასობრივი მოძრაობის შექმნა, პუტინის „სახალხო ფრონტის“ მსგავსისა, რომელშიც ათასობით და ათიათასობით შევლენ საქართველოს მოქალაქეები. ხოლო ახალი მოძრაობის 200 ათასი წევრი, რაც სავსებით რეალურია, ავტომატურად ნიშნავს 200 ათას ხელმოწერას, და კანონის თანახმად, რეჟიმმა უნდა დანიშნოს რეფერენდუმი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე. ეს იქნებოდა ივანიშვილის ტრიუმფი და სააკაშვილის დასასრული, რის დაშვებაც, ამ უკანასკნელს, ბუნებრივია, არ სურს.

 

მთავარი კითხვა დღეს იმაში მდგომარეობს, რამდენად კარგად მოემზადა ივანიშვილი მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის, რამდენად სწრაფად და ენერგიულად იმოქმედებს იგი. ჯერჯერობით მხოლოდ სტანდარტული მიმართვები ისმის „საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპკორპუსის“ მისამართით, მისი ადვოკატის მხრიდან. ეს ბრძოლის არაეფექტური მეთოდია, უფრო სწორად, ბრძოლაზე ფაქტობრივი უარის თქმა, რაც არაერთხელ იქნა ნაცადი ოპოზიციური პარტიების მიერ, ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენამდე. მაგრამ თუკი ივანიშვილი კარგად მოემზადა, რაშიც ჩვენ უკვე სერიოზული ეჭვი შეგვეპარა, მან დაუყოვნებლივ უნდა შექმნას თავისი სახალხო მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით. იგი ხომ თავად გვპირდებოდა ახალი პარტიის შექმნას, მაგრამ ჯერ კიდევ პოლიტიკურ „მოღვაწეებთან“ შეხვედრებით შემოიფარგლება, რომელთა არსებობა ხალხს უკვე გადაავიწყდა.

 

მოქალაქეობის შეწყვეტა მას ახლა ნამდვილად შეუშლის ხელს. შესაძლო გზად გვესახება საკუთარი აქტივების ნაწილის გადაფორმება თავის უფროს ვაჟზე, რომელზეც ამჟამად ჯერ არაფერი არ არის ჩვენთვის ცნობილი. თუკი უტა ივანიშვილი ფლობს საქართველოს მოქალაქეობას, ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ხომ ტავად აღნიშნა ხაზგასმით, რომ გადაწყვეტილება, წავიდეს პოლიტიკაში, მნიშვნელოვანწილად მისი ვაჟის უტას განწყობამ განაპირობა.

 

ასე თუ ისე, ფორმალური იურიდიული გამოსავალი უნდა იქნეს ნაპოვნი უმოკლეს ვადებში. ადვოკატ ე.ბესელიას ნამდვილად დასჭირდება სხვა კარგი ადვოკატების, იურისტების დახმარება, რომლებიც საქართველოში უხვად არიან.

გულბაათ რცხილაძე