რატომ ალაპარაკდა პუტინი საქართველოს შესახებ

რუსული ტელერადიოკომპანიებისა და ბეჭდვითი მედიის მთავარ რედაქტორებთან ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და სავარაუდოდ, რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა, მოულოდნელად საქართველოზე ჩამოაგდო სიტყვა.

მოულოდნელად – იმიტომ, რომ პუტინის მიერ საქართველოს ხსენებამდე მისთვის არავის დაუსვამს შეკითხვა საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკასთან და კერძოდ, საქართველოსთან დაკავშირებით.

ციტატი:

„მე არ ვარ წინააღმდეგი, არ ვარ. გესმით, ადამიანები მოქმედებენ სრულიად განსხვავებული მოსაზრებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩვენ ყველას გვიყვარს მწერალი აკუნინი. იგი წერს ძალიან საინტერესო რამეებს (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესოა, მე მიყვარს რუსეთის ისტორია). ხდება ყოველივე ამის ეკრანიზაცია. იგი, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეთნიკური ქართველია. მე მესმის, რომ მას, შეიძლება, არ გაეზიარებინა რუსეთის ქმედებები კავკასიაში ცნობილი კრიზისული მოვლენების დროს, არსებითად კი საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული ბრძოლის დროს, როდესაც რუსეთი იძულებული გახდა, დაეცვა სამხრეთელი ოსები და ჩვენი მშვიდობისმყოფელები, რომლებსაც თავს დაესხნენ და ელემენტარულად, დახოცეს. ჩვენი ხალხის საკმაო რაოდენობა დახოცეს იქ. რა უნდა გაგვეკეთებინა? ხალხს, მათ შორის ჩვენთან, რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, დარწმუნებული ვარ აგრეთვე, ქართველების მნიშვნელოვან ნაწილს უშუალოდ საქართველოში, თავიანთ სამშობლოში, ესმით ჩვენი საქციელის მოტივები. მეტი რაღა დაგვრჩენოდა? ეს ჩვენ ხომ არ დაგვირღვევია საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში დაფიქსირებული შეთანხმებები! რა უნდა გაგვეკეთებინა? ეს, ჯერ ერთი.

 

მეორეც, მე ხომ არც მიფიქრია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მოვბრუნდებოდით, მაგრამ თქვენ იცით, რომ მუდმივად ხდება შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის თემაზე დისკუსია: აღნიშნული თემა მუდმივად დგას დღის წესრიგში. თქვენ იცით, ალექსეი, ჩვენთვის სულ ერთი არ არის, სად გამოჩნდება ეს სისტემები – ჩვენს საზღვრებთან ახლოს თუ უფრო შორს. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, თუკი ისინი განთავსდება ბოლოსდაბოლოს, საქართველოში, თუ არ განთავსდება. და რა, ჩვენ ჩვენი დამრტყმელი სისტემები საქართველოს ტერიტორიას უნდა დავუმიზნოთ? წარმოგიდგენიათ, რა საშინელება იქნება ეს? თუმცა გვაქვს კი გარანტია, რომ მსგავსი რამ არ მოხდება? არ გვაქვს! როდესაც ჩვენ ჩვენს ქართველ კოლეგებს ვეუბნებოდით, რომ ‘მოდით, გავაკეთოთ ესა და ეს’, ისინი ყველაფერზე უარს ამბობდნენ. გარდა ამისა კიდევ რაღაც აგრესუულ მოქმედებებს ახორციელებდნენ სამხრეთ ოსეთის მიმართ. ჩვენ კი რა უნდა გავაკეთოთ ასეთ ვითარებაში? ჩვენ მზად ვართ, ქართულ საზოგადოებრიობასთან ერთად ვეძებოთ გამოსავალი, თუკი ჩვენთან საუბარი სურთ. უნდა ითქვას, რომ ბევრს მართლაც სურს, მათ შორის, ქართულ ოპოზიციას, ისინი ხომ ჩვენთან ჩამოდიან: მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში, დიდ სამამულო ომში, დაღპული ქართველებისთვის ძეგლის საფუძველის ჩაყრაში, ასევე ამ ძეგლის გახსნაში. ამას ჩვენ ხომ რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოსახატავად ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებრიობის ნაწილისთვის ეს ამბები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ადამიანები აუცილებლად მიაქცევდნენ ამას ყურადღებას. ასევე ქართული დიასპორის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც აქ ცხოვრობს, სავსებით სწორად ესმის ჩვენი.

 

ჩვენ მზად ვართ, დისკუსია ვაწარმოოთ ამ და ყველა სხვა თემაზე, მათ შორის ეგრეთ წოდებულ არასისტემურ ოპოზიციასთან, რომელიც რაღაც სხვა მოსაზრებებით ხელმძღვანელობს“.

 

 

აშკარაა, რომ პუტინმა ერთგვარად ხელოვნურად წამოჭრა ქართული თემატიკა და იგი დაუკავშირა კერძო, ნაკლებად აქტუალურ საკითხს – მწერალ ბ.აკუნინის წარმომავლობას. თითქოს არანაირი საჭიროება ამაში არ იყო. მით უმეტეს, რომ თავად აკუნინი მაინცდამაინც არ ახდენს თავისი ეთნიკური წარმომავლობის აფიშირებას და არც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებებით გამოუჩენია თავი. მაგრამ ვინაიდან პრემიერი თავად შეეხო საქართველოს თემას, და თან საკმაოდ დაწვრილებით, ეს, ჩვენი აზრით, მეტყველებს შემდეგზე:

 

– კრემლში „როქის“ შემდეგ რუსეთი თანდათან გამოვა საქართველოს მიმართ უმოქმედობის მდგომარეობიდან და კვლავ დაიწყებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების წახალისებას დასუსტების პროცესში მყოფი სააკაშვილის ფონზე. როგორც ჩანს, რუსეთის ოფიციალურ წრეებში საქართველოში რეჟიმის შეცვლას რეალურად მიიჩნევენ;

 

– კრემლს არ დაუკარგავს რეალობის გრძნობა, ზოგიერთი რუსი ვაი-ექსპერტისგან განსხვავებით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მოსკოვის პრიორიტეტი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს, ხოლო საქართველოს უგულებელყოფა შეიძლება;

 

– საქართველო რუსეთის ლიდერის მიერ აღიქმება ძმურ ერად, რომლის წინააღმდეგ ქვემეხების და ტანკების მიმართვა ტრაგედიის ტოლფასია. 2008 წლის აგვისტოს ომს კი სავსებით სწორი და მისაღები შეფასება აქვს მიცემული – მაშინდელი რუსული სამხედრო ჩარევა წარმოადგენდა იძულებით ზომას, რომელიც არ იყო განპირობებული რუსების სურვილით, დაენაწევრებინათ და დაემცირებინათ საქართველო.